≡AAAAAAA | საღი აზრის ეკონომიკა | ← → |
გამომცემლის შტამპი
საღი აზრის ეკონომიკა
რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და ნაციონალური კეთილდღეობისთვის
რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და ნაციონალური კეთილდღეობისთვის
ადაპტირებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის
ჯეიმს დ. გვართნი
ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რიჩარდ ლ. სტრუპი
ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჩრდილოეთ კაროლინის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დვაიტ რ. ლი
სამხრეთ მეთოდისტური უნივერსიტეტი
სამხრეთ მეთოდისტური უნივერსიტეტი
ტაუნი ჰ. ფერარინი
ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტი
ჩრდილოეთ მიჩიგანის უნივერსიტეტი
ჯოსეფ პ. კალჰოუნი
ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რენდალ კ. ფილერი
ჰანტერ კოლეჯი და ქალაქ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მაგისტრატურის ცენტრი
ჰანტერ კოლეჯი და ქალაქ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მაგისტრატურის ცენტრი
„საღი აზრის ეკონომიკა: რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და ნაციონალური კეთილდღეობისთვის“. ავტორები: ჯეიმს დ. გვართნი, რიჩარდ ლ. სტრუპი, დვაიტ რ. ლი, ტაუნი ჰ. ფერარინი, ჯოსეფ პ. კალჰოუნი, რენდალ კ. ფილერი.
პირველად გამოქვეყნდა 2020 წელს.
Economic Fundamentals Initiative, 110 Jabez Street 1060, Newark, New Jersey NJ 07105, USA.
ადაპტირებულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის ჯეიმს დ. გვართნის, რიჩარდ ლ. სტრუპის, დვაიტ რ. ლის, ტაუნი ჰ. ფერარინის, ჯოსეფ პ. კალჰოუნის და რენდალ კ. ფილერის წიგნის „საღი აზრის ეკონომიკა: რა უნდა იცოდეს ყველამ პირადი და ნაციონალური კეთილდღეობისთვის“ მესამე რედაქციიდან.
საავტორო უფლება © „Economic Fundamentals Initiative“
ეს ნაშრომი ლიცენზირებულია საერთაშორისო ლიცენზიით Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 (CC BY-NC-ND 4.0). ლიცენზიის ტექსტის სანახავად გადადით ბმულზე: https://creativecommons.org/licenses/by-nc-nd/4.0/
ISBN 978-1-952729-18-8
წინასიტყვაობა
ჩვენ, ამ წიგნის ავტორებს სურვილი გვაქვს წარმატებული და სრულყოფილი ცხოვრება გქონდეთ. ასევე გვსურს თქვენ და ყველა სხვა ადამიანმა ისეთ გარემოში იცხოვროთ, რომელიც ყველას მისცემს შესაძლებლობას და წაახალისებს მაქსიმალურად მოახდინოს თავისი პოტენციალის რეალიზება. გვჯერა, რომ ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია, რომ ქვეყნის ლიდერებს და მოქალაქეებს ესმოდეთ ეკონომიკის ძირითადი პრინციპები. ეკონომიკური გადაწყვეტილებები და პოლიტიკები თითოეულ ჩვენგანზე მოქმედებენ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ხშირად ჩვენთვის ბოლომდე გაუაზრებელი ფორმით. ყოველთვის გვაკვირვებს პოლიტიკოსებისა და ამომრჩევლების ეკონომიკური უმეცრების დონე. ცუდი ეკონომიკა საშიშია ყველგან, თუმცა განსაკუთრებით გავრცელებული და დამაზიანებელია განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში. საღი აზრის ეკონომიკის პროექტის ძირითადი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონცეფციები.
იმის გამო, რომ დროს დიდი ფასი აქვს, წინამდებარე პუბლიკაცია ისეთი ფორმით შევადგინეთ, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა ახალი ტერმინების შესწავლის, ფორმულების დამახსოვრების ან რთული დეტალების დაზეპირების მოთხოვნები, რაც მხოლოდ პროფესიონალი ეკონომისტებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამის ნაცვლად ყურადღება გავამახვილეთ ეკონომიკის მართლაც მნიშვნელოვან ფუნდამენტალურ მოსაზრებებზე, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთესი არჩევნის გაკეთებაში, ჩვენი სულ უფრო რთული სამყაროს გაგებაში და ცხოვრებისგან მეტი სიამოვნების მიღებაში.
ეკონომიკაში თქვენი ცოდნის მიუხედავად, ეს წიგნი მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდით. შევეცადეთ ტექსტი ლაკონური, გააზრებული და მარტივად საკითხავი ყოფილიყო. როგორც წიგნის სათაურიდან ჩანს, გვჯერა, რომ ეკონომიკის ძირითადი პრინციპები მეტწილად საღ აზრზეა დაფუძნებული. ნაშრომში ეს პრინციპები მოქმედებაშია მოყვანილი, რითაც ხდება რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენების ახსნის უნარების დემონსტრირება.
ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ იმის გააზრებაში, თუ რატომ ყვავის ზოგიერთი ქვეყანა, ზოგი კი არა. განხილულია პოლიტიკური პროცესები და გამოკვლეულია სხვაობა ხელისუფლებისა და ბაზრის მიერ რესურსების გადანაწილებებს შორის. თვით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წამყვანი სტუდენტებიც კი ისარგებლებენ ჩვენს მიერ „ერთიანი სურათის“ შედგენის მცდელობით. შეგიძლიათ დროებით გვერდზე გადადოთ რთული ფორმულები, დახვეწილი მოდელები და ამ პროფესიისთვის დამახასიათებელი მათემატიკური მეთოდები და კონცენტრირება მოახდინოთ იმ ეკონომიკურ პრინციპებზე, რამაც უპირველესად მოგიზიდათ ეკონომიკაში.
მასალები ისეთი სახით არის შედგენილი, რომ ღრმა საძირკველი შეუქმნას, განსაკუთრებით იმ სტუდენტებს, რომლებიც ეკონომიკის სწავლას აღარ გააგრძელებენ, ასევე ფართო საზოგადოებას, რომელსაც სურს მეტი შეიტყოს იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი სამყარო მის ირგვლივ. წიგნი დააინტერესებს საშუალო სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტის არაეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტებს (მაგ. იურისტებს ან ჟურნალისტებს) და განსაკუთრებით ყველა მოქალაქეს.
იმის გამო, რომ წიგნზე საღი აზრის ეკონომიკა მომუშავე გუნდს სურს ეს მასალა პედაგოგებსაც გაუზიაროს, შეგვიძლია შემოგთავაზოთ სემინარების ჩატარება ჩვენი მასალების საუკეთესოდ გამოყენების თაობაზე. ამ ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.econfun.org.
ბერლინის კედლის დანგრევიდან ოცდაათი წლის შემდეგ, მრავალი ადამიანი აკვირდება გარდამავალი პროცესების ტემპს და მიმართულებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონის მოქალაქეები არ წამოეგონ „არალიბერალური დემოკრატიის“ ან „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ ცრუ დაპირებების ანკესს. ბევრი ადამიანი საკუთარ დროს, კარიერას და სიცოცხლესაც კი დებს სამსხვერპლოზე იმისათვის, რომ უზრუნველყოს პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება. ჩვენს წიგნს სწორედ ამ თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს ვუძღვნით.
ნაწილი 1: ეკონომიკის თორმეტი ძირითადი ელემენტი
თორმეტი ძირითადი ელემენტი
- სტიმულებს დიდი მნიშვნელობა აქვს: ცვლილებები სარგებელსა და ხარჯებში, პროგნოზირებად გავლენას იქონიებს გადაწყვეტილების მიღებაზე.
- არ არსებობს „უფასო სადილი“: საქონლის რაოდენობა შეზღუდულია და შესაბამისად ჩვენ არჩევანი უნდა გავაკეთოთ.
- გადაწყვეტილებების მიღება ზღვარზე ხდება: თუ გვსურს მაქსიმალური მივიღოთ ჩვენი რესურსებიდან, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ზღვრული სარგებელი გადააჭარბებს ზღვრულ დანახარჯს.
- ვაჭრობა ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს.
- ტრანზაქციის ხარჯი ხელს უშლის ვაჭრობას.
- ფასები აბალანსებენ მყიდველის და გამყიდველის არჩევანს.
- მოგება ხელს უწყობს საწარმოების პროდუქტიულობას, რაც ზრდის რესურსების ღირებულებას, მაშინ როდესაც ზარალი იწვევს რესურსების არაეფექტურად გამოყენებას და ამცირებს მათ ღირებულებას.
- ადამიანები შემოსავალს გამოიმუშავებენ სხვებისთვის ღირებული ნივთების შეთავაზების გზით.
- ცხოვრების მაღალი დონე არა მხოლოდ სამუშაო ადგილებიდან, არამედ ხალხისთვის ღირებული საქონლის და მომსახურების წარმოებიდან მოდის.
- ეკონომიკური პროგრესი უპირატესად ვაჭრობიდან, ინვესტიციიდან, საქმის კეთების უკეთესი გზებიდან და სანდო ეკონომიკური ინსტიტუტებიდან მოდის.
- საბაზრო ფასების „უხილავი ხელი“ მყიდველებს და გამყიდველებს ისეთი საქმიანობისკენ უბიძგებს, რომელიც ხელს უწყობს ზოგად კეთილდღეობას.
- ძალიან ხშირად უგულვებელყოფილია მოქმედების გრძელვადიანი შედეგები ან მეორადი ეფექტები.
შესავალი
ცხოვრება გადაწყვეტილებების მიღებაა, ხოლო ეკონომიკა შეისწავლის როგორ მოქმედებს მოტივაციის სტრუქტურები ამ გადაწყვეტილებების მიღებაზე და ჩვენი ცხოვრების ფორმირებაზე. გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ჩვენს განათლებას, იმას, თუ როგორ ვხარჯავთ და ვაბანდებთ სახსრებს, რას ვაკეთებთ სამსახურში და მრავალ სხვა პირად გადაწყვეტილებას, იმოქმედებს ჩვენს კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხზე. გარდა ამისა, ჩვენი, როგორც ამომრჩევლებისა და მოქალაქეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მოქმედებენ კანონებზე ან „თამაშის წესებზე“ და ეს წესები უზარმაზარ გავლენას ახდენენ ჩვენს თავისუფლებასა და კეთილდღეობაზე. გონივრული გადაწყვეტილების მისაღებად, როგორც ჩვენთვის, ისე - ზოგადად საზოგადოებისთვის, უნდა გვესმოდეს რამდენიმე ძირითადი პრინციპი იმისა, თუ როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას, რა არის მათი მოქმედებების მოტივაცია და როგორ მოქმედებს მათი ქმედებები მათ პირად და სხვების კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ეკონომიკა შეისწავლის ადამიანის მიერ გადაწყვეტილების მიღებას, აფასებს გადაწყვეტილებაზე მოქმედ ფაქტორებს და საზოგადოებების ფუნქციონირების შედეგებს.
ეკონომიკური აზროვნება მოიცავს მნიშვნელოვანი კონცეფციების თქვენი ფიქრის პროცესში ჩართვას. შემდეგ ნაწილში განხილულია ეკონომიკის გააზრებისთვის მნიშვნელოვანი თორმეტი კონცეფცია, ასევე რატომ იზრდება ზოგიერთი ქვეყანა და აღწევს შემოსავლის მაღალ დონეს მაშინ, როდესაც სხვები არ ვითარდებიან და ღარიბი რჩებიან. თქვენ შეისწავლით ისეთ საკითხებს, როგორიც არის ხარჯების ნამდვილი მნიშვნელობა, რატომ აქვს ფასებს მნიშვნელობა, როგორ უწყობს ვაჭრობა ხელს კეთილდღეობის ზრდას და რატომ განსაზღვრავენ ხალხისთვის ღირებული პროდუქტები ჩვენი ცხოვრების სტანდარტს. წიგნის შემდეგ თავებში ამ კონცეფციებს ასევე გამოვიყენებთ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში.
ელემენტი 1.1: მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს
ცვლილებები სარგებელსა და ხარჯებში, პროგნოზირებად გავლენას იქონიებს გადაწყვეტილების მიღებაზე.
მთლიანად ეკონომიკა ერთ მარტივ პრინციპს ეყრდნობა: ცვლილებები მოტივაციის სტრუქტურაში ადამიანის ქცევაზე პროგნოზირებადი გზით მოქმედებენ. მოტივაციაზე მოქმედებენ როგორც ფულადი, ისე - არაფულადი ფაქტორები. თუ ალტერნატიული პროდუქტზე მეტად ხარჯიანი გახდება, ნაკლებად შესაძლებელია, რომ ადამიანებმა არჩევანი მასზე შეაჩერონ. შესაბამისად, რომელიმე ალტერნატიული პროდუქტიდან მიღებული სარგებლის ზრდის შემთხვევაში, იზრდება იმის ალბათობაც, რომ ადამიანი ამგვარ პროდუქტზე შეაჩერებს არჩევანს. ეს მარტივი მოსაზრება, რომელსაც ზოგჯერ ეკონომიკის ძირითად პოსტულატს უწოდებენ, ძლიერი ინსტრუმენტია, რადგან ის თითქმის ყველაფერს შეესაბამება, რასაც ვაკეთებთ.
ნებისმიერი მოქმედების ხარჯის ზრდასთან ერთად, იკლებს ადამიანების მიერ მასზე არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა. დაფიქრდით ამ წინადადების არსზე. როდესაც შეხვედრაზე აგვიანებთ, სავარაუდოდ გზაზე მეგობართან არ შეისეირნებთ. ცოტა თუ ვინმე წავა პიკნიკზე ცივ და წვიმიან დღეს. მაღალი ფასები შეამცირებს გაყიდული ერთეულების რაოდენობას. კოლეჯში დასწრება ნორმალურზე დაბალი იქნება, სასკოლო არდადეგების დაწყებამდე ერთი დღით ადრე. ყველა შემთხვევაში ახსნა ერთნაირია: როდესაც მოქმედება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მასზე არჩევანს იშვიათად აჩერებენ.
მსგავსი ლოგიკით, თუ რომელიმე ვარიანტს მეტი სარგებელი მოაქვს, იზრდება იმის ალბათობაც, რომ ადამიანები ამ ვარიანტს შეარჩევენ. ქუჩაში მიმავალი ადამიანი ძირს დაგდებული ქაღალდის კუპიურის ასაღებად უფრო დაიხრება, ვიდრე ხურდისთვის. სტუდენტები მეტად დაესწრებიან და მეტ ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ ლექციაზე, რომელზეც საგამოცდო მასალა ისწავლება. კლიენტები მეტს შეიძენენ მაღაზიებიდან, რომლებიც დაბალ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს და ხელმისაწვდომ ადგილზე არიან განთავსებული. თანამშრომლები მეტად ბეჯითად და ეფექტურად მუშაობენ, როდესაც ამისთვის სათანადო ანაზღაურებას იღებენ. ყველა ეს შედეგი საკმაოდ პროგნოზირებადია და ისინი ასახავენ ეკონომიკის პოსტულატს „მოტივაციას დიდი მნიშვნელობა აქვს“.
ეს ძირითადი პოსტულატი ხსნის როგორ ცვლის ბაზრის ფასების ცვლილება მოტივაციას, რაც მოქმედებს მყიდველების და გამყიდველების მოქმედებების კოორდინაციაზე. თუ მყიდველებს სურთ იმ რაოდენობაზე მეტი საქონლის შეძენა, რა რაოდენობის გაყიდვაც უნდათ (ან შეუძლიათ) მწარმოებლებს, საქონლის ფასი მალევე მოიმატებს. ფასების ზრდასთან ერთად, გამყიდველებს მეტი სურვილი ექნებათ მოახდინონ ამ საქონლის მიწოდება, ხოლო მყიდველებს ნაკლებად ენდომებათ მათი შეძენა, სანამ მოთხოვნილი და მიწოდებული საქონლის რაოდენობა და ფასი ბალანსში არ მოვლენ. ამ მომენტში ფასი სტაბილიზირდება.
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველს სურს იმაზე მეტი საქონელი მიაწოდოს მყიდველს, ვიდრე ამ უკანაკნელს სურს იყიდოს? თუ გამყიდველი ვერ გაყიდის ყველა საქონელს არსებულ ფასად, მას მოუწევს ფასის დაკლება. ამასთან, დაბალი ფასი ხალხს წაახალისებს მეტი საქონლის ყიდვაზე, თუმცა ამავდროულად მწარმოებლებს აღარ ექნებათ მოტივაცია აწარმოონ ბევრი პროდუქტი, რადგან მათთვის ნაკლებად მომხიბვლელია პროდუქტის ნაკლებ ფასად წარმოება. და კვლავ, ფასების ცვლილება აბალანსებს მოთხოვნას მომხმარებლების მხრიდან და გამყიდველების მიერ მიწოდებულ რაოდენობას. ამ მომენტში ფასების ცვლილებაზე დამატებითი ზეწოლა აღარ არსებობს.(1)
მაგალითად, ცუდმა ამინდმა გამოიწვია ატმის ფასის ზრდა აშშ-ს ჯორჯიის შტატში 2014 წლის ზაფხულში, რამაც განაპირობა წინა წელთან შედარებით ფასების 180%-ით ზრდა. მიუხედავად ყველაფრისა, მომხმარებლებს ფასების მნიშვნელოვანი ზრდა არ გაუპროტესტებიათ. რატომ? როდესაც უფრო მაღალმა ფასებმა ატამი გააძვირა, მომხმარებლების უმრავლესობამ მარტივად ჩაანაცვლეს ატამი სხვა ხილით, მთლიანად ან ნაწილობრივ და ზამთრის მარაგად მსხლის ან კომშის ჯემის კეთება დაიწყეს.
გარდა ამისა, ატმის ფასის ზრდაზე იმოქმედეს არა მხოლოდ მყიდველებმა, არამედ გამყიდველებმაც. ატმის მიმწოდებელმა ფერმერებმა ახალი ხეები დარგეს. სხვა ფერმერებმა გაჩეხეს ვაშლის და მსხლის ბაღები და მათ ნაცვლად ატმის ხეები დარგეს. ორი წლის შემდეგ (როდესაც დარგულმა ხეებმა უკვე ნაყოფის მოცემა დაიწყეს), მიწოდების გაფართოებასთან ერთად ატმის ფასებმაც იკლო.
სტიმულები ასევე მოქმედებს პოლიტიკურ არჩევნებზეც. ნაკლები ალბათობაა იმის, რომ ადამიანი, რომელიც არჩევანს აკეთებს ხმის მიცემის ჯიხურში, განსხვავებულად იმოქმედებს სავაჭრო ცენტრში არჩევანის გაკეთებისას. უმეტეს შემთხვევაში ამომრჩევლები, სავარაუდოდ, იმ პოლიტიკურ კანდიდატებს და პოლიტიკებს დაუჭერენ მხარს, რომლებიც, მათი აზრით, ყველაზე მაღალ პირად სარგებელს მოუტანთ, ხარჯების გამოკლებით. ისინი ალბათ შეეწინააღმდეგებიან ისეთ პოლიტიკურ არჩევანს, რომლითაც მათი პერსონალური ხარჯები მოსალოდნელ სარგებელზე მაღალი იქნება. მაგალითად, ასაკიანი მოქალაქეები უმეტესად ეწინააღმდეგებიან ისეთ კანდიდატებს და წინადადებებს, რომლებიც მათი საპენსიო სარგებლის შემცირებას გამოიწვევენ. 2018 წელს რუსეთში გამართულ არჩევნებში პარტია „ერთიანი რუსეთის“ მიერ მიღებულ დაბალ მაჩვენებელზე მეტწილად იმოქმედა საპენსიო გადახდების კლების წინადადებამ. ამის მსგავსად, გამოკითხვებმა უჩვენა, რომ სტუდენტები მხარს უჭერენ კოლეჯის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო გრანტებს.
სტიმულების მნიშვნელობას გვერდს ვერ ავუვლით. მოტივაცია ადამიანის ბუნების ნაწილია. მას სოციალიზმშიც და კაპიტალიზმშიც დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთი პერიოდი ყოფილ საბჭოთა კავშირში, მინის საწარმოს ხელმძღვანელები და თანამშრომლები ანაზღაურებას იღებდნენ მათ მიერ წარმოებული ერთი ტონა მინის ფირფიტის წონის მიხედვით. იმის გამო, რომ მათი შემოსავალი მინის წონაზე იყო დამოკიდებული, ქარხნების უმეტესობა იმდენად სქელ მინებს აწარმოებდნენ, რომ მათში გახედვით რაიმეს დანახვა შეუძლებელი იყო. შედეგად, წესები ისე შეიცვალა, რომ ხელმძღვანელები ანაზღაურებას იღებდნენ წარმოებული ერთი კვადრატული მეტრი მინის რაოდენობის მიხედვით. ამ წესების მოქმედების პერიოდში, საბჭოთა ფირმებმა თხელი და მარტივად მტვრევადი მინის წარმოება დაიწყეს. ამის მსგავსად, როდესაც პოლონური ქარხნებისთვის ფეხსაცმლის რაოდენობის კონკრეტული კვოტა განისაზღვრა და წარმოებისთვის ძალიან მცირე რაოდენობით ტყავი გამოიყო, არავის გაკვირვებია, რომ ბაზარზე დიდი რაოდენობით საბავშვო ფეხსაცმელი გამოჩნდა.
ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ მოტივაციას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ მაშინ, თუ საქმე გვაქვს ხარბ და ეგოისტ ადამიანებთან. ეს არ არის სიმართლე. ადამიანები სხვადასხვა მიზეზით მოქმედებენ, ზოგი სიხარბის და ზოგიც - ქველმოქმედების გამო. ორივეს არჩევანზე - ეგოცენტრულზეც და ალტრუისტულზეც იმოქმედებს პირადი დანახარჯების და სარგებლის ცვლილება. მაგალითად, ხარბიც და ალტრუისტი ადამიანიც ამჯობინებენ ბავშვი პატარა ბასეინში გადაარჩინონ, ვიდრე დეტიფოსის ჩანჩქერისკენ(2) მიმავალ სწრაფ მდინარეში გადაეშვან მის გადასარჩენად. ასევე ორივე, მეტი ალბათობით, გაჭირვებაში მყოფ ადამიანს დაეხმარება ნაცვამი ტანსაცმლით, ვიდრე საკუთარი საუკეთესო სამოსით.
მიუხედავად იმისა, რომ ალბანელი მისიონერი დედა ტერეზა არავის დაუდანაშაულებია სიხარბეში, პირადმა ინტერესებმა ისიც აიძულა რეაგირება მოეხდინა მოტივაციაზე. როდესაც დედა ტერეზას ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერი დები“ ცდილობდა ქალაქ ნიუ-იორკში უსახლკაროთა თავშესაფარი გაეხსნა, ქალაქის მთავრობამ მისგან შენობაში ძვირადღირებული რემონტის ჩატარება მოითხოვა. ორგანიზაციამ საერთოდ უარი თქვა პროექტზე. ამ გადაწყვეტილებას არ შეუცვლია დედა ტერეზას ვალდებულებები ღარიბი ადამიანების მიმართ. ამის ნაცვლად, პროექტის გაუქმებამ გამოიწვია სტიმულების ცვლილება. მას შემდეგ, რაც ღარიბი ადამიანების დახმარების ღირებულება გაიზარდა ნიუ-იორკში, დედა ტერეზამ გადაწყვიტა, რომ მისი რესურსები უკეთეს სარგებელს მოიტანდა სხვა ტერიტორიებზე.(3) მოტივაციის სტრუქტურის ცვლილება მოქმედებს ყველას არჩევანზე, მიუხედავად სიხარბისა და მატერიალური მიზნებისა, ერთის მხრივ და თანამგრძნობი და ალტრუისტული მიზნებისა, მეორეს მხრივ, რაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს.
ელემენტი 1.2: უფასო სადილი არ არსებობს
საქონლის რაოდენობა შეზღუდულია, შესაბამისად, ჩვენ არჩევნის გაკეთება გვიწევს.

იმედი მაქვს დააფასებ, რომ ყველა „გასეირნება“ ჩემი ანაზღაურებადი დროის 175 აშშ დოლარი მიჯდება.
იმედი მაქვს დააფასებ, რომ შენი ერთადერთი მეგობარი ვარ.
Stu’s Views © 2004 Stu ყველა უფლება დაცულია www.STUS.com
ჩვენი პლანეტის ცხოვრებისეული რეალობაა ის, რომ პროდუქტიული რესურსები შეზღუდულია, ხოლო ადამიანების სურვილი საქონლისა და მომსახურების მიმართ ფაქტიურად შეუზღუდავია. გინდათ ახალი ტანსაცმელი ან მდიდრული იახტა, ან შვეიცარიის ალპებში დასვენება? რას იტყვით მეტი დრო რომ გქონდეთ დასვენების, გართობისა და მოგზაურობისთვის? ოცნებობთ თქვენი ახალთახალი „Porsche“-ს დაყენებას ოკეანის სანაპიროზე მდებარე თქვენი სახლის წინ? უმრავლესობა სიამოვნებით ვიქონიებდით ყოველივე ამას და სხვა ნივთებსაც! თუმცა ხელს რესურსების სიმწირე გვიშლის, მათ შორის შეზღუდული რაოდენობით თავისუფალი დრო.
იმის გამო, რომ არ შეგვიძლია ვიქონიოთ ყველაფერი, რაც გვსურს, იძულებული ვართ ალტერნატივებს შორის არჩევანი გავაკეთოთ. უფასო სადილი არ არსებობს. იმისათვის რომ ერთი საქმე ვაკეთოთ, ამისათვის მსხვერპლად უნდა გავიღოთ სხვა, ჩვენთვის ღირებული საქმიანობის შესრულების შესაძლებლობა. ამიტომ, ეკონომისტები ყველა ხარჯს ალტერნატიულ ხარჯს უწოდებენ.
მრავალი ხარჯი ფულით იზომება, თუმცა ესეც ალტერნატიული ხარჯებია. ფული, რომელსაც ერთ შენაძენზე ხარჯავთ არის ფული, რომელიც ხელმისაწვდომი არ არის სხვა საქონელზე ან მომსახურებაზე დასახარჯად. თქვენი შენაძენის ალტერნატიული ხარჯი თქვენთვის არის ყველა იმ ერთეულის ღირებულება, რომელზეც უარის თქმა გიწევთ, რადგან ფული უკვე ამ კონკრეტულ შენაძენზე დახარჯეთ. თუმცა, მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ არ გიწევთ ფულის დახარჯვა რაღაცის გასაკეთებლად, იმას არ ნიშნავს, რომ ამგვარი მოქმედება შეუფასებელია. თქვენ არ გიწევთ ფულის დახარჯვა გასასეირნებლად და ულამაზესი დაისის სანახავად, თუმცა არსებობს გასეირნების ალტერნატიული ხარჯიც. დრო, რომელსაც სეირნობაზე ხარჯავთ შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო რაღაც სხვა, თქვენთვის ღირებულის გასაკეთებლად, მაგალითად მეგობართან სტუმრობა ან წიგნის კითხვა.
ხშირად ამბობენ, რომ ზოგიერთი რამ იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ის ხარჯის გაუთვალისწინებლად უნდა გავაკეთოთ. ამგვარი განცხადება შესაძლოა ერთი შეხედვით გონივრულადაც ჟღერდეს და ასევე შესაძლებელია ეფექტური საშუალებაც იყოს იმისათვის, რომ ადამიანები წავახალისოთ ფული დახარჯონ ჩვენთვის ღირებული საქონლის ან მომსახურების შეძენაზე და იმისთვის, რაშიც გვინდა, რომ დაგვეხმარონ. ხარჯების უგულვებელყოფის არაგონივრულობა აშკარა ხდება მაშინ, როდესაც ვაღიარებთ, რომ ხარჯები არის უარყოფილი ალტერნატივების (ის ალტერნატიული შესაძლებლობები, რომელზეც უარი ვთქვით) ღირებულება. იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც ღირებულების გაუთვალისწინებლად იგივეა, რომ ჩვენ ეს საქმიანობა შევასრულოთ ალტერნატიული ვარიანტების ღირებულების გაუთვალისწინებლად. როდესაც არჩევანს ურთიერთგამომრიცხავ (მაგრამ თანაბრად მომხიბვლელ) ალტერნატივებს შორის ვაკეთებთ, ყველაზე ნაკლები ხარჯის მქონე ალტერნატივა საუკეთესო არჩევანია.
როგორც მომხმარებლის, ისე - მწარმოებლის არჩევანი ხარჯებს უკავშირდება. საქონლის ღირებულება, რომელიც მის ფასში აისახება, ჩვენ, მის მომხმარებლებს გვეხმარება პროდუქტის შეძენის სურვილის იმ ალტერნატიული პროდუქტის შეძენის სურვილთან შედარებაში, რომლის ყიდვაც შეგვიძლია. თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ ხარჯებს, ეს, სავარაუდოდ გამოიწვევს ჩვენი შემოსავლის გამოყენებას „არასწორი“ ნივთების შესაძენად, ანუ ჩვენ შევიძენთ ისეთ საქონელს და მომსახურებას, რომელთა ღირებულება ისეთი მაღალი არ არის, როგორც სხვა პროდუქტების ღირებულება, რომელთა ყიდვაც შეგვეძლო.
მწარმოებლებიც გასწევენ დანახარჯებს, იმ რესურსების ხარჯებს, რომლებიც პროდუქტის საწარმოებლად ან მომსახურების გასაწევად გამოიყენება. მაგალითად, სახლის ასაშენებლად გამოყენებული რესურსები - ხის მასალა, ფოლადი თუ გიფსოკარდონი, ამ რესურსებს იღებს სხვა ისეთი საქონლის წარმოებიდან, როგორიც არის მაგალითად საავადმყოფოები და სკოლები. რესურსებზე მაღალი ხარჯები იმაზე მიანიშნებს, რომ მათ აქვთ სხვა მაღალი შეფასების მქონე სარგებელი, სხვა ბაზრებზე მყიდველების და გამყიდველების შეფასებით. მოგებაზე ორიენტირებული ფირმები გაითვალისწინებენ ამგვარ სიგნალებს და შესაბამისად იმოქმედებენ, მაგალითად დაიწყებენ ნაკლებ ხარჯიანი შემცვლელი ვარიანტების მოძიებას. თუმცა, სახელმწიფო პოლიტიკებს შეუძლია ამგვარი სიგნალების უგულვებელყოფა. მათ შეუძლიათ გადასახადების ან სუბსიდიების დანერგვა, პოტენციური მხარდამჭერების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თავისუფალ და ღია ბაზრებზე წარმოქმნილი ფასების შემცირების გზით. თუმცა ამგვარი პოლიტიკა ასუსტებს საბაზრო მოტივაციის უნარს წარმართონ რესურსები იმ სფეროში, სადაც მათი ღირებულება მომხმარებლებისთვის ყველაზე მაღალი იქნება. ამის კლასიკურ მაგალითს შევხვდით 1991-1994 წლების საქართველოში. ხელისუფლებამ გაყინა პურის ფასები საბაზრო დონეზე დაბალი ოდენობით, რამაც წარმოქმნა მომხმარებლების უსასრულო რიგები. იმ დღეს, როდესაც გაუქმდა ფასების კონტროლი, უეცრად მაღაზიების დახლებზე გამოჩნდა საკმარისი რაოდენობით პროდუქტი, ხოლო რიგები გაქრა. მსგავსი ვითარება ისევ საქართველოში შეიქმნა 2006 წელს, როდესაც აფეთქდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის მომწოდებელი მილსადენი. ამ ინციდენტმა გასათბობ ნავთზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. „ფასის გაბერვის“ აღსაკვეთად, დაწესდა კონტროლი ნავთზე, რამაც ასევე წარმოქმნა გრძელი რიგები, სანამ ფასები არ გამოთავისუფლდა და შესაძლებელი გახდა მათი აწევა საბაზრო დონემდე.
პოლიტიკოსები, საჯარო მოხელეები და ლობისტები ხშირად საუბრობენ „უფასო განათლებაზე“, „უფასო სამედიცინო მომსახურებაზე“ ან „უფასო საცხოვრებელზე“, ამ ტერმინოლოგიას შეცდომაში შევყავართ. ეს მომსახურებები უფასო არ არის. თითოეული მათგანის საწარმოებლად მწირი რესურსებია საჭირო, რომლებიც შესაძლოა ალტერნატიული მეთოდით იქნას გამოყენებული. მაგალითად, განათლების გასავითარებლად საჭირო შენობები, შრომა და სხვა რესურსების სანაცვლოდ შესაძლებელია მეტი საკვების წარმოება, დასვენების დამატებითი ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვის მექანიზმების შექმნა ან სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება. განათლების ღირებულება არის იმ საქონლის ღირებულება, რომელზეც უარი უნდა ვთქვათ. ხელისუფლებას შეუძლია ხარჯების გადანაწილება, მაგრამ არ შეუძლია მათი აღმოფხვრა. როდესაც ხელისუფლებას სურს ადამიანების წახალისება იმისკენ, რომ მათ ფული საპენსიო ფონდში შეიტანონ, მასიური სარეკლამო პროგრამა ჩვეულებრივ არაეფექტურია, თუმცა მეტად ეფექტურია შემნახველ ანაბარზე გადავადებული გადასახადების გზით თანხების შეგროვება.
ალტერნატიული ხარჯი მნიშვნელოვანი კონცეფციაა. ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი დაკავშირებულია ალტერნატიულ ხარჯთან. ჩვენ ვცხოვრობთ მწირი რესურსების სამყაროში, შესაბამისად გვიწევს არჩევნის გაკეთება. ალტერნატიული ხარჯის გათვალისწინებით, უკეთესი წარმოდგენა გვექნება იმ სამყაროზე, რომელშიც ვცხოვრობთ. განვიხილოთ ალტერნატიული ხარჯის გავლენა დასაქმებულობაზე, შობადობაზე და მოსახლეობის ზრდაზე, სფეროებზე, რომლებზეც, მრავალი ადამიანის აზრით, ალტერნატიული ხარჯები არ უნდა მოქმედებდნენ.
ოდესმე თუ გიფიქრიათ, რატომ არსებობს უფრო მეტი ალბათობა იმისა, რომ ქალბატონებს მეტი განათლებით სახლს გარეთ დასაქმების უფრო მაღალი შანსი აქვთ, ვიდრე ნაკლებ განათლებულებს? ამის პასუხი ალტერნატიულ ხარჯს წარმოადგენს. რაც უფრო მეტად არის ქალბატონი განათლებული, მას მეტი ხელფასის მიღების შესაძლებლობა აქვს და, შესაბამისად, სახლში დარჩენა მისთვის მეტად ხარჯიანია. ეს მოსაზრება სტატისტიკური მონაცემებით მყარდება. 2014 წელს უკრაინაში 15-დან 64 წლამდე ასაკის უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებული ქალბატონების წილი სამუშაო ძალაში 70%-ზე მეტი იყო, არასრული უმაღლესი განათლების მქონე ქალბატონების წილი დაახლოებით 62%-თან და მხოლოდ სასკოლო განათლების მქონე ქალების 40%-თან შედარებით(4). ეკონომიკური თეორიის თანახმად, როდესაც სახლს მიღმა მუშაობა მეტად ხარჯიანია ქალისთვის, სულ უფრო ნაკლები ადამიანი გააკეთებს ამგვარ არჩევანს.
გამოსახულება 1: დასაქმებისა და მოსახლეობის თანაფარდობა სქესის მიხედვით (15-64 წლამდე მოსახლეობა) უკრაინაში, პროცენტული გამოსახულებით
წყარო: LFS 2014.
როგორ ფიქრობთ, რა ემართება შობადობის მაჩვენებელს ეკონომიკური მაჩვენებლების და ხელფასების ზრდის შემთხვევაში? სახლის საქმეებზე დახარჯული დრო ამცირებს შრომის ბაზარზე მუშაობის დროს. ხელფასების ზრდასთან ერთად, იზრდება ბავშვების ყოლის და დიდი ოჯახის რჩენის ალტერნატიული ხარჯები. შესაბამისად, ამის სავარაუდო შედეგია შობადობის კლება და მოსახლეობის ზრდის შენელება. ეს ანალიზი რეალურ სამყაროში აისახება. განვლილი ორი საუკუნის განმავლობაში ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ზრდას მალევე მოსდევს შობადობის მაჩვენებლის კლების და მოსახლეობის ზრდის ტემპის შენელების პროცესი. გარდა ამისა, ყველა ქვეყანაში ეს ვითარება ერთნაირად მიმდინარეობს. მიუხედავად ამ ქვეყნებს შორის არსებული დიდი კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და პოლიტიკურ-ორგანიზაციული განსხვავებებისა, ბავშვების ყოლასთან დაკავშირებულ უფრო მაღალ ალტერნატიულ ხარჯებს ყველა შემთხვევაში მსგავსი გავლენა აქვთ შობადობის მაჩვენებელზე.
ალტერნატიული ხარჯი ძლიერი ინსტრუმენტია და ამ წიგნში მას კიდევ ბევრჯერ შევეხებით. თუ ამ ინსტრუმენტს აზროვნების პროცესში გამოიყენებთ, ეს დაგეხმარებათ რეალურ სამყაროში მომხმარებლების, მწარმოებლების, ბიზნესმენების, პოლიტიკური მოღვაწეებისა და გადაწყვეტილებების მიმღები სხვა პირების ქცევების გააზრებაში. კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს კონცეფცია უკეთესი არჩევნის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
ელემენტი 1.3: გადაწყვეტილებები ზღვრული პრინციპით მიიღება
თუ გვსურს მაქსიმალური მივიღოთ ჩვენი რესურსებიდან, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი ზღვრული სარგებელი გადააჭარბებს ზღვრულ დანახარჯს.
თუ ვაპირებთ ჩვენი რესურსებიდან მაქსიმალურის მიღებას, უნდა ვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც უფრო მეტ სარგებელს გამოვიმუშავებთ, ვიდრე ხარჯს გავწევთ, და უარი ვთქვათ ამგვარ რესურსებზე, როდესაც ხარჯი სარგებელზე მეტია. გონივრული გადაწყვეტილების მიღების ეს პრინციპი ვრცელდება როგორც ფიზიკურ პირებზე, ისე ბიზნესებზე, საჯარო მოხელეებზე და მთლიანად საზოგადოებაზე.
თითქმის ყველა არჩევანი ზღვრული პრინციპით კეთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები თითქმის ყოველთვის დამატებითი სარგებლის მიღებას (ან მათი რაოდენობის შემცირებას) უკავშირდება და ისინი არ ხასიათდებიან პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი“. სიტყვა „დამატებითი“ „მარგინალურის“ ან „ზღვრულის“ სინონიმია. შესაძლოა დავსვათ შეკითხვა, „რა არის ერთი ან მეტი ერთეულის წარმოების ან შესყიდვის ზღვრული (ან დამატებითი) ხარჯი?“ ზღვრული პრინციპით მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა დიდ ან მცირე ცვლილებებს მოიცავდნენ. „კიდევ ერთი ერთეული“ შესაძლოა იყოს ახალი პერანგი, ახალი სახლი, ახალი ქარხანა და დროის ხარჯიც, როგორც ხდება-ხოლმე უნივერსიტეტის ან კოლეჯის სტუდენტებთან მიმართებაში, რომლებსაც სხვადასხვა აქტივობებს შორის უწევთ არჩევნის გაკეთება. ყველა ეს გადაწყვეტილება ზღვრული პრინციპით მიიღება, რადგან ისინი მოიცავენ დამატებითი ხარჯების და სარგებლის გააზრებას.
ზოგადად, ადამიანებს არ უწევთ „ყველაფერი ან არაფერი“ პრინციპით გადაწყვეტილების მიღება, მაგალითად ჭამის ან ტანსაცმლის ტარებას შორის არჩევნის გაკეთება. ამის ნაცლად, ისინი ზღვრულ სარგებელს (ოდნავ მეტი საკვები) ადარებენ ზღვრულ დანახარჯს (ოდნავ ნაკლები ტანსაცმელი ან ოდნავ ნაკლები სხვა პროდუქტი ან მომსახურება). გადაწყვეტილებების მიღებისას ადამიანები არ ახდენენ საკვების მთლიანი ღირებულების ტანსაცმლის მთლიან ღირებულებასთან შედარებას. ამის ნაცვლად ისინი მათ ზღვრულ ღირებულებებს ადარებენ ერთმანეთს. გარდა ამისა, ჩვენ ვარიანტებს ვირჩევთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ზღვრული სარგებელი აღემატება ზღვრულ დანახარჯებს.
რა თქმა უნდა ზოგიერთი საქონელი „დაუხარისხებელია“. მარტივია ოდნავ მეტი საკვების და ოდნავ პატარა საცხოვრებელი ობიექტის შეძენა, თუმცა ოჯახის დაგეგმვის დროს რთულია ნახევარი ბავშვის გათვალისწინება. ასეთ საქონელთან მიმართებაშიც კი გამოიყენება ზღვრული პრინციპი. მშობლებს შეუძლიათ მეტი ან ნაკლები ინვესტიცია განახორციელონ ბავშვის „ხარისხის გაუმჯობესებაში“ (ე.ი. ინვესტიცია დამატებით სასწავლო კურსებში, მუსიკალურ კლასებში და სხვ., რაც, მშობლების აზრით, გაზრდის ცხოვრებაში ბავშვის წარმატებას ან ბედნიერებას). მომხმარებლებს შეუძლიათ გააკეთონ ზღვრული არჩევანი შედარებით დაბალი ხარისხის მქონე ავტომობილებზე, როდესაც მათი ღირებულება მოიმატებს (ან არსებული ავტომობილი არ გაყიდონ). იმის გამო, რომ, ამერიკული კანონმდებლობით, საცხოვრებელი მისამართი განსაზღვრავს რომელ სკოლაში ისწავლიან ბავშვები, ოჯახებს განსაკუთრებული პრობლემები ექმნებათ. სახელმწიფო პოლიტიკა აიძულებს ბავშვებს იარონ მათ სახლთან ყველაზე ახლოს მდებარე სკოლაში და არ აძლევს მშობლებს საშუალებას თავად აირჩიონ სკოლა, სკოლის ხარისხის და მათი შვილების საჭიროებების გათვალისწინებით. კიდევ უფრო შეზღუდულია არჩევანი ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ჩინეთი, სადაც საცხოვრებლის ადგილმდებარეობა (და შესაბამისი სკოლები) განსაკუთრებულად კონტროლირდება ხელისუფლების მიერ.
ამის მსგავსად, ბიზნესმენი, რომელიც გეგმავს ახალი ქარხნის აშენებას, დაინტერესდება იმ ფაქტით, აღემატება თუ არა მისი ნაგებობის ზღვრული სარგებელი (მაგალითად, შემოსავალი დამატებითი გაყიდვებიდან) მის ზღვრულ დანახაჯებს (ახალი შენობის მშენებლობის ხარჯი). თუ არა, ბიზნესმენის და კომპანიისთვის უმჯობესია აღარ იფიქრონ ახალ ქარხანაზე.
ეფექტური პოლიტიკური მოქმედებებიც საჭიროებენ გადაწყვეტილების ზღვრული პრინციპით მიღებას. განვიხილოთ სახელმწიფო პოლიტიკა ეკოლოგიური დაბინძურების სფეროში. თუ ვიკითხავთ, რა რაოდენობის დაბინძურება უნდა იყოს ნებადართული, მრავალი ადამიანი გვიპასუხებს „არცერთი“ - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაბინძურების დონე ნულზე უნდა იყოს. კენჭისყრის კაბინაში მათ შესაძლოა ამგვარი არჩევანი გააკეთონ. მაგრამ ზრღვრული პრინციპით აზროვნება გვიჩვენებს, რომ ეს ძალიან არარაციონალური იქნებოდა.
როდესაც დაბინძურების ძალიან მაღალი დონეა, ჩვენ ვამბობთ, რომ ჰაერი გვახრჩობს - დაბინძურების დონის შემცირების ზღვრული სარგებელი სავარაუდოდ გადააჭარბებს დაბინძურების დონის შემცირების ზღვრულ დანახარჯს. დაბინძურების დონის კლებასთან ერთად, ზღვრული სარგებელიც - ჰაერის დამატებითი გაუმჯობესების ღირებულებაც იკლებს. სარგებელი მაინც არის, უფრო სუფთა ატმოსფერო (მაგალითად, ჩვენ შევძლებთ დავინახოთ შორს მყოფი მთები ან ვიცურაოთ სუფთა მდინარეში), მაგრამ ეს სარგებელი იმდენად ღირებული არ არის, როგორც ჩვენი ფილტვების დაცვა. რიგ შემთხვევაში, დაბინძურების გაქრობამდე, მისი აღმოფხვრის ზღვრული სარგებელი თითქმის ნულზე დავა.
დაბინძურების შემცირებისას, ზღვრული სარგებელი დაიწევს, ხოლო ზღვრული დანახარჯი მოიმატებს და ძალიან მაღალ დონეზე შენარჩუნდება, სანამ დაბინძურება მთლიანად არ აღმოიფხვრება. ზღვრული ხარჯი არის სხვა ნივთების ღირებულება, რომელიც დაბინძურების დონის ოდნავ შემცირებისთვის გაიხარჯა. როგორც კი უფრო სუფთა ატმოსფეროს ზღვრული ხარჯი გადააჭარბებს ზღვრულ სარგებელს, დაბინძურების დონის დამატებითი კლება ხარჯიანი იქნება. ის უბრალოდ ვერ გაამართლებს ხარჯს.
განვაგრძოთ საუბარი ეკოლოგიური დაბინძურების შესახებ. წარმოიდგინეთ შემდეგი ჰიპოთეტური სიტუაცია. დავუშვათ, რომ დაბინძურება იწვევს 100 მილიონი ევროს ოდენობით ზიანს, და მხოლოდ 1 მილიონი ევრო დაიხარჯა დაბინძურების დონის შესამცირებლად. ამ ინფორმაციის საფუძველზე, თქვენი აზრით, დაბინძურების შესამცირებლად ძალიან ცოტა კეთდება, თუ ძალიან ბევრი? უმეტესობა იტყვით, რომ ძალიან ცოტას ვხარჯავთ. ეს შესაძლოა სწორიც იყოს, თუმცა ეს მოცემული ინფორმაციიდან არ გამომდინარეობს.
100 მილიონი ევრო დაზიანებაში არის საერთო ზიანი, ხოლო 1 მილიონი ევროს ოდენობით ხარჯი დასუფთავების მთლიანი ხარჯია. ინფორმირებული გადაწყვტილების მისაღებად იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგ, უნდა ვიცოდეთ დასუფთავების ზღვრული სარგებელი და ამგვარი ქცევის ზღვრული დანახარჯი. თუ დაბინძურების დონის შესამცირებლად დამატებით 10 ევროს ხარჯი გამოიწვევს დაზიანების შეამცირებას 10 ევროზე მეტი ღირებულებით, ჩვენ მეტი უნდა დავხარჯოთ. ზღვრული სარგებელი აღემატება ზღვრულ დანახარჯს. თუმცა თუ დამატებითი 10 ევრო, რომელიც დაბინძურების დონის შემცირებაში დაიხარჯა, დაზიანებას მხოლოდ ერთი ევროს ღირებულებით შეამცირებდა, დამატებითი ეკოლოგიური ხარჯების გაწევა აღარ იქნება მიზანშეწონილი.
ადამიანები ჩვეულებრივ უგულვებელყოფენ ზღვრულ ანალიზს მათ კომენტარებში და არჩევნებში, თუმცა იშვიათად აკეთებენ ამას პირად მოქმედებებში. განვიხილოთ არჩევანი საკვებსა და დასვენებას შორის. როდესაც მთლიან სურათს ვუყურებთ, საკვები ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე დასვენება, რადგან ის ადამიანებს არსებობის საშუალებას აძლევს. როდესაც ადამიანები არიან ღარიბები და ცხოვრობენ ღარიბ ქვეყნებში, ისინი შემოსავლის უმეტეს ნაწილს კვების საკმარისი დონის უზრუნველყოფაში ხარჯავენ. ისინი ცოტა დროს უთმობენ (თუ აქვთ საერთოდ ამის დრო) გოლფის თამაშს, წყალზე სრიალს და სხვა სარეკრიაციო აქტივობებს.
ადამიანები რაც უფრო შეძლებულები ხდებიან, საკვების შეძენის ალტერნატიული ხარჯი იკლებს. მიუხედავად იმისა, რომ საკვები მაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სისულელე იქნებოდა მასზე კვლავ შემოსავლის დიდი ნაწილის ხარჯვა. დოვლათის უფრო მაღალ დონეზე, ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ზღვარზე, როდესაც ისინი გადაწყვეტილებას იღებენ იმის შესახებ, თუ როგორ დახარჯონ თითოეული დამატებითი ევრო - საკვები ბევრად ნაკლები ღირს, ვიდრე - დასვენება. რაც უფრო მდიდრდებოდნენ შვედები(5), ისინი მათი შემოსავლის უფრო ნაკლებ ნაწილს ხარჯავდნენ საკვებზე და უფრო დიდს - დასვენებაზე.
მარგინალიზმის კონცეფცია უჩვენებს, რომ სწორი გადაწყვეტილების მიღებას ზღვრული დანახარჯები და ზღვრული სარგებელი შეესაბამება. თუ ჩვენ გვსურს მაქსიმალური მივიღოთ ჩვენი რესურსებიდან, უნდა განვახორციელოთ მხოლოდ ის მოქმედებები, რომლითაც მიღებული ზღვრული სარგებელი უტოლდება ან აღემატება ზღვრულ დანახარჯებს. ხალხის და ქვეყნების კეთილდღეობა გაიზრდება, როდესაც მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში მარგინალიზმის იდეა იქნება გათვალისწინებული.
ელემენტი 1.4: ვაჭრობიდან მიღებული სარგებელი
ვაჭრობა ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს.
ვაჭრობას საფუძვლად ურთიერთსარგებელი უდევს. ადამიანები თანხმობას აცხადებენ სავაჭრო გარიგებაზე, რადგან ამით ისინი კეთილდღეობის გააუმჯობესებას მოელიან. ვაჭრობის მოტივაცია შეგვიძლია შემდეგი სახით შევაჯამოთ: „თუ რამე კარგს გამიკეთებთ, მეც კარგ რამეს გაგიკეთებ.“ ვაჭრობა წაუგებელი გარიგებაა. ეს ურთიერთსარგებლის მომტანი საქმიანობა ვაჭრობაში მონაწილე თითოეულ პირს საშუალებას აძლევს მაქსიმალური მიიღონ იქედან, რაც მათთვის ღირებულია. ვაჭრობიდან სარგებლის მიღების სამი ძირითადი წყარო არსებობს.
პირველი, ვაჭრობა საქონელს გადააადგილებს ადამიანებისგან, რომლებიც მათ ნაკლებად აფასებენ, იმ პირებთან, რომლებიც მათ მეტად აფასებენ. შესაბამისად, ვაჭრობას შეუძლია გაზარდოს საქონლის ღირებულება მაშინაც კი, თუ ახალი არაფერია წარმოებული. მაგალითად, როდესაც ბაზრობაზე ან ისეთ ონლაინ მაღაზიებში, როგორიც არის „Craigslist“ (ან market.ge-ის მსგავსი ადგილობრივი ვარიანტები) იყიდება მეორადი საქონელი, გადაცვლა არ ზრდის ხელმისაწვდომი საქონლის რაოდენობას (როგორც ეს ახალი პროდუქტების შემთხვევაში ხდება). ვაჭრობის პროცესში პროდუქტები იმ ადამიანებისკენ მიემართება, რომლებიც მათ მეტად აფასებენ. მყიდველიც და გამყიდველიც სარგებელს ნახულობენ. წინააღმდეგ შემთხვევაში სავაჭრო გარიგება არ შედგებოდა.
სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული პრიორიტეტები, ცოდნა და მიზნები აქვთ. პროდუქტი, რომელიც ფაქტიურად უსარგებლოა ერთი ადამიანისთვის, შესაძლოა ძალიან ღირებული იყოს მეორესთვის. ელექტრონული მოწყობილობის ტექნიკური შინაარსის წიგნი შესაძლოა არაფერს ნიშნავდეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერისთვის, თუმცა ასობით დოლარი უღირდეს ინჟინერს. იგივენაირად, ნახატი, რომელიც ინჟინერს ნაკლებად ადარდებს, შესაძლოა გაღმერთებული ჰქოდეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერს. ნებაყოფლობითი გადაცვლა, რომლითაც ელექტრონული ხელსაწყოს წიგნი გადადის ინჟინერზე და ნახატი - ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერზე, გაზრდის ორივე საქონლიდან გამომდინარე სარგებელს. ვაჭრობა აუმჯობესებს როგორც ადამიანების, ისე მთლიანად ერის კეთილდღეობას. თუმცა ქვეყნის კეთილდღეობას არა მხოლოდ ამ ქვეყანაში წარმოებული საქონლის და მომსახურების რაოდენობა განსაზღვრავს, არამედ ისიც, თუ როგორ ხდება მათი გადანაწილება.
მეორე, ვაჭრობა შესაძლებელს ხდის უფრო მსხვილ წარმოებას და მოხმარებას, რადგან ის თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს შესაძლებლობას მეტად სრულყოფილად მოვახდინოთ ჩვენი სპეციალიზაცია საქმიანობის განსაკუთრებით ეფექტურ სახეობაზე, სარგებლის და ხარჯების გათვალისწინებით. როდესაც ადამიანები სპეციალიზდებიან, მათ შეუძლიათ ეს პროდუქტები სხვებს მიჰყიდონ. მიღებული შემოსავალი შესაძლოა გამოყენებულ იქნას ისეთი ერთეულების შესაძენად, რომლებიც ბევრად ხარჯიანი იქნება წარმოებისას. ურთიერთგაცვლის საშუალებით, ადამიანები, რომლებიც ამგვარად არიან სპეციალიზირებული, აწარმოებენ უფრო დიდი რაოდენობით საქონელს და მომსახურებებს, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ეკონომისტები ამ პრინციპს განსაზღვრავენ, როგორც „ფარდობითი უპირატესობის კანონს“. ეს კანონი ვრცელდება ვაჭრობაზე ადამიანებს, საწარმოებს, რეგიონებს და ქვეყნებს შორის.
ფარდობითი უპირატესობის კანონს საფუძვლად საღი აზრი უდევს. თუ ვინმეს სურს პროდუქტი შემოგთავაზოთ იმაზე დაბალ ფასად, ვიდრე თქვენ დაგიჯდებოდათ ამგვარი პროდუქტის დამზადება (გაითვალისწინეთ, რომ ყველა ხარჯი ალტერნატიულ დანახარჯს წარმოადგენს), ასეთი ნივთის შეძენა ღირს. ამის შემდეგ შეგიძლიათ დრო და რესურსები დახარჯოთ იმაში, რომ თქვენ, როგორც დაბალ-ხარჯიანი საქონლის მწარმოებელმა, ამგვარი საქონელი მეტი რაოდენობით აწარმოოთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აწარმოეთ ის, რაც საუკეთესოდ გამოგდით, ხოლო დანარჩენი ყველაფერი იყიდეთ. შედეგად თქვენ და თქვენი სავაჭრო პარტნიორი მიიღებთ ურთიერთსარგებელს სპეციალიზაციიდან და ვაჭრობიდან, რაც უფრო დიდი რაოდენობით წარმოებას და მეტ შემოსავალს მოიტანს. ასევე პირიქით, ყველაფრის დამოუკიდებლად წარმოების მცდელობა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ თქვენ ხარჯავთ დროს და რესურსებს მრავალი პროდუქტის საწარმოებლად, რომლისთვისაც თქვენ მაღალ-ხარჯიანი მწარმოებელი ხართ. ეს გამოიწვევს წარმოების და შემოსავლის დაბალ დონეს.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ექიმების უმრავლესობა შესაძლოა კარგად ავსებდნენ პაციენტის ისტორიას და ნიშნავდნენ შეხვედრებს, ზოგადად, მათ ინტერესში შედის ამ მომსახურებების შესასრულებლად სხვა ადამიანის დაქირავება. ის დრო, რომელსაც ექიმები ისტორიების შევსებაში ხარჯავენ, შეეძლოთ პაციენტების გასინჯვაში დაეხარჯათ. იმის გამო, რომ პაციენტებთან დახარჯული დრო ბევრი ღირს, ისტორიების შევსების ალტერნატიული დანახარჯი ექიმებისთვის მაღალი იქნება. შესაბამისად, ექიმები თითქმის ყოველთვის მიიჩნევენ, რომ ისტორიების შესავსებად და სამართავად სხვა ადამიანის დაქირავება მომგებიანია. გარდა ამისა, როდესაც ექიმი სამედიცინო მომსახურების გაწევაშია სპეციალიზებული და ქირაობს ადამიანს, რომელსაც შედარებითი უპირატესობა აქვს ისტორიების შევსებაში, ხარჯი უფრო ნაკლები იქნება, ხოლო ერთობლივი გამოშვება კი სხვა შემთხვევასთან შედარებით უფრო მაღალი.
მესამე, ნებაყოფლობითი გადაცვლა კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს მსხვილმასშტაბიანი წარმოების მეთოდების მიღების გზით ერთ ერთეულზე უფრო დაბალი ხარჯები გასწიონ. ვაჭრობა ბიზნეს-კომპანიებისთვის შესაძლებელს ხდის გაყიდონ პროდუქცია ფართომასშტაბიან ბაზარზე ისე, რომ შესძლონ დაგეგმონ უფრო მსხვილი წარმოება და მიიღონ ისეთი წარმოების პროცესები, რომლებიც მაქსიმალურ ამონაგებს უზრუნველყოფენ მასშტაბის ეკონომიიდან, როგორც ეს 1989 წლის შემდეგ მოხდა მოლდოვადან საერთაშორისო ბაზარზე შეტანილ წვენებთან მიმართებაში. ამგვარი პროცესები ხშირად იწვევენ არსებითად დაბალ ხარჯს ერთ ერთეულზე და მნიშვნელოვნად ზრდიან გამოშვებას ერთ თანამშრომელზე. ვაჭრობის გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია. საბაზრო ძალები მუდმივად გადაანაწილებენ წარმოებას დაბალხარჯიან მწარმოებლებზე (და მაღალხარჯიანი მწარმოებლებისგან განცალკევებით). შედეგად, ღია ბაზრები პროდუქტებს და რესურსებს ანაწილებენ ისეთი ფორმით, რომ მოხდეს წარმოებული საქონლის და მომსახურების ღირებულების, რაოდენობის და მრავალფეროვნების მაქსიმალურად გაზრდა. ჩინეთი კონტროლირებული ეკონომიკის საუკეთესო მაგალითია. მას შემდეგ, რაც ქვეყანა გლობალურ სავაჭრო სისტემას შეუერთდა 1995 წელს, მის მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ ვაჭრობიდან მიღებული სიგნალებით და შედარებითი უპირატესობით, მილიარდობით ადამიანის (ჩინეთსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში) სიღარიბიდან გამოსაყვანად.
რთულია თანამედროვე სამყაროში ვაჭრობის მნიშვნელობის გაზვიადება. ვაჭრობა უმრავლესობას შესაძლებლობას გვაძლევს მოვიხმაროთ საქონლის და მომსახურების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე ჩვენ შევძლებდით გვეწარმოებინა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამდენად რთული იქნება საკუთარი სახლის მშენებლობა, ტანსაცმლის და საკვების წარმოება, რომ აღარაფერი ვთქვათ კომპიუტერებზე, ტელევიზორებზე, ჭურჭლის სარეცხ მანქანებზე, ავტომობილებსა და ტელეფონებზე? ჩამოთვლილი საქონლის მფლობელები ამ პროდუქტებს უმეტესად იმიტომ ფლობენ, რომ მათი ეკონომიკა ისეთი ფორმით არის მოწყობილი, რომ ადამიანებს შეუძლიათ თანამშრომლობა, სპეციალიზაცია და ვაჭრობაში მონაწილეობა. ქვეყნები, რომლებიც ხელს უშლიან ადგილობრივ ან საერთაშორისო ვაჭრობას, ამცირებენ მათი მოქალაქეების უნარს მიიღონ სარგებელი ვაჭრობიდან და მეტად შეძლებული ცხოვრებით იცხოვრონ. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ გლობალური ეკონომიკის დინამიკური ხასიათი ნებისმიერ ქვეყანაში დროთა განმავლობაში დასაქმებულობაზე მოქმედებს. ეკონომისტები თითქმის ერთხმად თანხმდებიან, რომ ამ პროცესებზე ხელისუფლების სწორი რეაქცია იქნება თანამშრომლებისთვის ახალ სამსახურებში გადასვლის შესაძლებლობების შექმნა და არა იმპორტის შეზღუდვა.
ელემენტი 1.5: ტრანზაქციურ დანახარჯებს მნიშვნელობა აქვს
ტრანზაქციის ხარჯი ხელს უშლის ვაჭრობას.
ნებაყოფლობითი სავაჭრო გარიგება ხელს უწყობს თანამშრომლობას და გვეხმარება სასურველის მეტი რაოდენობით მიღებაში. თუმცა, თვითონ ვაჭრობის პროცესიც ხარჯიანია. პოტენციური სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში, ვაჭრობის პირობების მოლაპარაკებებსა და სავაჭრო გარიგების დახურვაში იხარჯება დრო, ძალისხმევა და სხვა რესურსები. ამგვარად დახარჯულ რესურსებს ტრანზაქციის ხარჯი ეწოდება და ისინი ხელს უშლიან სიმდიდრის დაგროვებას. ისინი ზღუდავენ ჩვენს პროდუქტიულობის შესაძლებლობებს და ურთიერთსასარგებლო ვაჭრობიდან მიღებული სარგებლის რეალიზაციას.
ტრანზაქციის ხარჯი ზოგჯერ მაღალია ისეთი ფიზიკური დაბრკოლებების გამო, როგორიც არის ოკეანეები, მდინარეები და მთები, რომლებიც ართულებენ პროდუქტების მომხმარებლებამდე მიწოდების პროცედურას. გზებში ინვესტიციას და ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების გაუმჯობესებას შეუძლია ეს ტრანზაქციის ხარჯი შეამციროს. სხვა შემთხვევაში ამგვარი ხარჯი შესაძლოა ძალიან მაღალი იყოს, ინფორმაციის ნაკლებობის გამო. მაგალითად, შესაძლოა გსურთ კლასში დავალებული ეკონომიკური შინაარსის წიგნის მეორადი ეგზემპლარის შეძენა, მაგრამ არ იცით, ვის აქვს და ვის სურს გაყიდოს ამგვარი წიგნი თქვენთვის მისაღებ ფასად. თქვენ უნდა მოძებნოთ ადამიანი, რომელსაც სურს მის მიერ გამოყენებული წიგნის გაყიდვა: ის დრო და ენერგია, რომელსაც ამგვარ ძიებაში დახარჯავთ, თქვენი ტრანზაქციის ხარჯის შემადგენელი ნაწილია. სხვა შემთხვევებში, ტრანზაქციის ხარჯი მაღალია ისეთი მარეგულირებელი ბარიერების გამო, როგორიც არის გადასახადები, ლიცენზირების მოთხოვნები, სამთავრობო რეგულაციები, ფასის კონტროლი, ტარიფები, ან იმპორტთან დაკავშირებით საიმპორტო კვოტები. მიუხედავად იმისა, ამგვარი ბარიერები ფიზიკურია, საინფორმაციო თუ პოლიტიკური, მაღალი ტრანზაქციის ხარჯი ამცირებს ვაჭრობიდან პოტენციურ შემოსულობას.
ადამიანები, რომლებიც სხვებს ეხმარებიან ვაჭრობის ორგანიზებასა და ოპტიმალური არჩევნის გაკეთებაში, ამცირებენ ტრანზაქციის დანახარჯებს და ხელს უწყობენ ეკონომიკურ პროგრესს. ამგვარი სპეციალისტები, რომლებსაც ზოგჯერ შუამავლებს უწოდებენ, არიან წიგნის მაღაზიები კამპუსებში, უძრავი ქონების აგენტები, აქციების ბროკერი, ავტომობილების დილერები და სხვადასხვა სახის მერჩანტები. ბევრ ადამიანს სჯერა, რომ შუამავლები ზრდიან საქონლის და მომსახურების ფასს და ამავდროულად არანაირი სარგებელი მოაქვთ. ეს რომ სიმართლე იყოს, ადამიანები არ ისარგებლებდნენ ამგვარი მომსახურებებით. ტრანზაქციის ხარჯი ხელს უშლის ვაჭრობას, ხოლო შუამავლები ამცირებენ ამგვარ დანახარჯებს. ამიტომაც აფასებენ ადამიანები შუამავლების მიერ გაწეულ მომსახურებას.
მაგალითად, სურსათით მოვაჭრე შუამავალია. (რა თქმა უნდა, დღეს უზარმაზარი სუპერმარკეტები მრავალი ადამიანის საქმიანობას მოიცავს, მაგრამ ერთობლიობაში მათი მომსახურებები საშუამავლოა). დაფიქრდით იმ დროსა და ძალისხმევაზე, რომელიც დაიხარჯებოდა ერთი კერძის მომზადებაში, თუ მომხმარებლებს მოუწევდათ პირდაპირ ფერმერებთან ურთიერთობა ბოსტნეულის შესაძენად, ან ციტრუსის მომყვანებთან შეთანხმება ხილის შეძენის თაობაზე, მერძევეებთან - რძის ან ყველის და რანჩოს მფლობელებთან ან მეთევზეებთან - ხორცის ან თევზის საყიდლად. სასურსათო მაღაზიები თავად ურთიერთობენ მათთან მომხმარებლების ნაცვლად, საქონელს მოსახერხებელ სავაჭრო ადგილმდებარეობაზე ათავსებენ და უზრუნველყოფენ საიმედო რაოდენობით მარაგებს. სათანადოდ ფუნქციონირებადი ბაზრებით, სურსათის მაღაზიების და სხვა შუამავლების მომსახურებები მნიშვნელოვნად ამცირებენ ტრანზაქციის დანახარჯებს და პოტენციურ მყიდველებს და გამყიდველებს უმარტივებენ ვაჭრობიდან სარგებლის მიღების პროცედურას. ეს მომსახურებები ზრდიან ვაჭრობის მოცულობას და ხელს უწყობენ ეკონომიკურ პროგრესს.
მოგვიანებით განვიხილავთ, როგორ შეიძლება წარმოიქმნას ბაზრები არასრულყოფილი კონკურენციით, მაგალითად იმ შემთხვევებში, როდესაც ხელისუფლება ან ტექნოლოგია მონოპოლიურ პრივილეგიას აძლევს ერთ ადამიანს ან კომპანიას. ერთი მომწოდებლის ან მონოპოლიის არსებობის საფრთხე განსაკუთრებით კარგად ჩანს სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსებთან მიმართებაში, შემთხვევებში, როდესაც კონკრეტული ქვეყანა არის ბუნებრივი აირის ან ნავთობის ერთადერთი მიმწოდებელი.
ბოლო წლებში ტექნოლოგიამ შეამცირა უამრავი სავაჭრო გარიგების ტრანზაქციის ხარჯი. სენსორულ ეკრანზე თითის ერთი გასმით მყიდველებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია თითქმის ყველა პროდუქტის პოტენციური გამყიდველის შესახებ. აპლიკაციები ყოველდღიურად გამოიყენება ფილმების, ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო საქონლის შესაძენად, სასტუმროს ნომრის საპოვნელად, მნიშვნელოვან კონცერტზე ან დიდ საფეხბურთო მატჩზე დასწრების ბილეთების საყიდლად და ტაქსის შესაკვეთადაც კი. ტრანზაქციის ხარჯის ამგვარმა შემცირებამ გაზარდა ვაჭრობის მოცულობა და უფრო მაღალ დონეზე ასწია ცხოვრების სტანდარტები.
ელემენტი 1.6: ფასები ბალანსს ქმნის
ფასები აბალანსებენ მყიდველის და გამყიდველის არჩევანს.
საბაზრო ფასები გავლენას ახდენს როგორც მყიდველების, ისე - გამყიდველების არჩევანზე. როდესაც საქონლის ფასების ზრდა აძვირებს პროდუქტს მყიდველებისთვის, ისინი, ჩვეულებრივ, ნაკლებს შეიძენენ. შესაბამისად, არსებობს ნეგატიური დამოკიდებულება საქონლის ან მომსახურების ფასსა და მოთხოვნილ რაოდენობას შორის. ამ ნეგატიურ ურთიერთობას „მოთხოვნის კანონი“ ეწოდება.
გამყიდველებისთვის, ამ პროდუქტის ფასის ზრდა დამატებით შემოსავალს წარმოქმნის, რომელიც მათ სულ უფრო მეტი პროდუქტის მიწოდების სურვილს უღვივებს. ამგვარად, არსებობს დადებითი დამოკიდებულება საქონლის ფასსა და მწარმოებლების მიერ მიწოდებულ რაოდენობას შორის. ამგვარ დადებით ურთიერთობას „მიწოდების კანონი“ ეწოდება.
მოთხოვნის კანონი იმდენად უნივერსალურია, რომ ეკონომისტები ათწლეულების მანძილზე უშედეგოდ ეძებდნენ მნიშვნელოვან გამონაკლისს. თუმცა, საჭიროა გვახსოვდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიწოდების კანონი თითქმის ყოველთვის მუშაობს, მისთვის მაინც არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, კოლეჯის სტუდენტი მუშაობს (თავისი შრომის შეთავაზებას ახდენს) სწავლის ღირებულების გადასახდელად. ახლა წარმოიდგინეთ, რომ მისი ანაზღაურება (მისი შრომის გაყიდვის ფასი) აიწევს. თუ ეს მას საშუალებას მისცემს დაფაროს სასწავლებლის ხარჯები უფრო ნაკლებსაათიანი მუშაობით, მან შესაძლოა გადაწყვიტოს ნაკლებად იმუშაოს, სწავლისთვის მეტი დროის დასათმობად.
ფასების, მოთხოვნილ ხარისხსა და მიწოდებულ რაოდენობას შორის დამოკიდებულების ილუსტრირებისთვის ეკონომისტები ხშირად გრაფიკებს იყენებენ. ამ დროს საქონლის ფასი ვერტიკალურ Y-ღერძზე განთავსდება, ხოლო რაოდენობა ერთ ერთეულ დროში (მაგალითად, კვირა, თვე ან წელი) ჰორიზონტალურ - X-ღერძზე. მაგალითად ავიღოთ ნაყინი, ხოლო ვალუტად - ქართული ლარი (GEL). მე-2 გამოსახულება გვიჩვენებს მოთხოვნისა და მიწოდების კლასიკურ გრაფიკს. მოთხოვნის მრუდი მიუთითებს ნაყინის სხვადასხვა რაოდენობაზე, რომელსაც მომხმარებლები შეიძენენ ალტერნატიულ ფასად. მიაქციეთ ყურადღება მოთხოვნის მრუდის დაღმავალ მარჯვენა მიმართულებას, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ მომხმარებლები მეტ ნაყინს შეიძენენ ფასების კლების პარალელურად. ეს არის მოთხოვნის კანონის გრაფიკული გამოსახულება.
მიწოდების მრუდი მიუთითებს ნაყინის სხვადასხვა რაოდენობაზე, რომლის სხვადასხვა ფასში მიწოდებაზე არიან მწარმოებლები თანახმა. როგორც მე-2 გამოსახულებაშია ნაჩვენები, მრუდი მარჯვენა აღმავალი მიმართულებით მიდის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მწარმოებლებს სურვილი ექნებათ უფრო მეტი პროდუქტი მიაწოდონ უფრო მაღალ ფასად. მიწოდების მრუდი წარმოადგენს მიწოდების კანონის გრაფიკულ გამოსახულებას.
გამოსახულება 2: მოთხოვნა, მიწოდება და წონასწორობის ფასი
ახლა რეალურად მნიშვნელოვან საკითხზე გადავიდეთ: ჩვენს მაგალითში ფასი მიემართება ნიშნულზე - 5 ლარი ერთ ლიტრ ნაყინზე, რომელიც მოთხოვნილ რაოდენობას მიწოდებულ რაოდენობას გაუტოლებს. 5 ლარის ოდენობით წონასწორობის ფასით, ქართველ მომხმარებლებს ექნებათ სურვილი შეიძინონ 15 ათასი ლიტრი ნაყინი დღეში, იგივე რაოდენობით, რამდენის მიწოდებაც სურთ ნაყინის მწარმოებლებს. ფასები ახდენენ ნაყინის მომხმარებლების და მწარმოებლების არჩევნის კოორდინირებას და აბალანსებენ მათ.
თუ ფასი 5 ლარზე მაღალია - მაგალითად 7,5 ლარი - მწარმოებლებს მსურველების რაოდენობაზე მეტი ნაყინი ექნებათ. 7,5 ლარად მწარმოებელები ვერ შესძლებენ გაყიდონ იმდენივე ერთეული, რამდენიც სურთ. მარაგები მოიმატებს და ზედმეტი რაოდენობით მიწოდება აიძულებს რამდენიმე მწარმოებელს ფასების კლებას, ზედმეტი მარაგების შემცირების მიზნით. ფასების კლება გაგრძელდება, სანამ არ მოხდება 5-ლარიანი წონასწორობის ფასის მიღწევა. ეს მარტივად დასანახია, ვიდრე შემთხვევა, როდესაც ფასი წონასწორობის ფასზე მაღალი იქნება, საბაზრო ძალები ფასს წონასწორობისკენ დასწევს.
შესაბამისად, თუ ნაყინის ფასი 5 ლარზე ნაკლებია, მაგალითად 2,5 ლარი - მომხმარებლებს იმაზე მეტი რაოდენობით პროდუქციის შეძენის სურვილი გაუჩნდებათ, ვიდრე მწარმოებლებს ენდომებათ მიწოდება. ეს ახდენს ზედმეტი მოთხოვნის გენერირებას და ბაზრის ფასს აიძულებს გაიზარდოს, სანამ ის არ დაუბრუნდება 5-ლარიან წონასწორობის დონეს. მყიდველების და გამყიდველების არჩევანი ერთმანეთს დაემთხვევა მხოლოდ ფასების წონასწორობის დროს და ბაზრის ფასი ამ დონისკენ გადაადგილდება.
აუქციონის სისტემა eBay-ზე ახდენს მოთხოვნისა და მიწოდების ფუნქციონირების დემონსტრირებას ისეთ პირობებში, რომელიც ბევრისთვის ნაცნობია. eBay-ზე გამყიდვლები მიუთითებენ სათადარიგო ფასს - მინიმალურ ფასს, რომლის მიღებაც სურთ საქონელში; მყიდველებს შეჰყავთ მაქსიმალური ფსონები - მაქსიმალური ფასი, რომლის გადახდაც სურთ ამგვარ ნივთში. აუქციონების მართვის სისტემა მოახდენს მყიდველების სახელით ფსონის დადებას წინასწარ დადგენილი ბიჯით. ფსონების დადების პროცედურა გრძელდება მანამდე, სანამ არ ამოიწურება აუქციონის ვადა, ან მყიდველი არ დააჭერს ღილაკს „იყიდე ახლა“ და დაეთანხმება პროდუქტის დადგენილი ფასით შეძენას. სავაჭრო გარიგება შედგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მყიდველი გამყიდველის მინიმალურ მოთხოვნილ ფასზე მაღალ ფსონს გააკეთებს. ასეთ შემთხვევაში, სავაჭრო გარიგება შედგება და ორივე - მყიდველიც და გამყიდველიც სარგებელს ნახავენ.
სხვა ბაზრებზე მოთხოვნისა და მიწოდების ძალები eBay-ს ონლაინ მაღაზიის მსგავსად მოქმედებენ, თუმცა ოდნავ ნაკლებად აშკარა ფორმით. მოთხოვნის მრუდის სიმაღლე მიუთითებს მაქსიმალურ ფასს რომლის გადახდაც სურს მომხმარებელს საქონლის დამატებით ერთეულისთვის, ხოლო მიწოდების მრუდის სიმაღლე უჩვენებს მინიმალურ ფასს, რომლითაც მწარმოებლებს სურთ დამატებითი ერთეულის მიწოდება. სანამ ფასი იმყოფება მომხმარებლის მიერ გადასახდელი სასურველი თანხის მაქსიმალურ ოდენობას და გამყიდვლის მინიმალურ შეთავაზებულ ფასს შორის, ადგილი აქვს პოტენციურ სარგებელს სავაჭრო გარიგებიდან. გარდა ამისა, როდესაც მიღწეულია წონასწორობის ფასი, განხორციელდება გარიგებიდან ყველა პოტენციური სარგებელი.
ამგვარად მომხმარებლები, როგორ წესი ყიდულობენ მხოლოდ ისეთ ერთეულებს, რომლებსაც ისინი ფაქტიურ ფასზე მეტად აფასებენ. ამის მსგავსად, მწარმოებლები მხოლოდ იმ ერთეულებს მიაწოდებენ, რომლებიც შესაძლოა აწარმოონ ფასზე ნაკლები ღირებულებით. წონასწორობის ფასის შემთხვევაში, ერთეულები იწარმოება და იყიდება მანამდე, სანამ საქონლის ღირებულება მომხმარებლებისთვის აღემატება მის საწარმოებლად საჭირო რესურსების ხარჯს. დასკვნა: საბაზრო ფასები არა მხოლოდ აბალანსებენ მოთხოვნისა და მიწოდების მოცულობებს, არამედ ასევე მიანიშნებენ მწარმოებლებს მიაწოდონ ის საქონელი, რომელიც მომხმარებლებისთვის იმაზე მეტად ღირებულია, ვიდრე ამგვარი საქონლის წარმოების ხარჯი. ეს ნებისმიერ ბაზარს ეხება.
ჩვენ დინამიურ სამყაროში ვცხოვრობთ. დროთა განმავლობაში მოხდება ცვლილებები, რომლებიც თავის მხრივ შეცვლიან საქონლის და მომსახურების მოთხოვნას და მიწოდებას. ისეთი ფაქტორები, როგორიც არის მომხმარებლის შემოსავალი, შესაბამისი საქონლის ფასები, მომავალში ფასების ზრდის მოლოდინი და ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებელთა რაოდენობა, იმოქმედებს ბაზარზე საქონლის მოთხოვნაზე. ცვლილება ნებისმიერ ამ ფაქტორში შეცვლის იმ საქონლის რაოდენობას, რომლის შეძენის სურვილიც მომხმარებლებს სხვადასხვა ფასის შემთხვევაში ექნებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცვლილებები ამ ფაქტორებში გამოიწვევს მოთხოვნის ცვლილებას, გადაადგილებას მთლიანი მოთხოვნის მრუდში. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ განსხვავება მოთხოვნის ცვლილებასა (გადაადგილება მთლიან მოთხოვნის მრუდში) და მოთხოვნილი რაოდენობის ცვლილებას (საქონლის ფასის ცვლილების შედეგად გამოწვეული მოძრაობა მოთხოვნის მრუდის გაყოლებით) შორის. (მნიშვნელოვანი შენიშვნა სტუდენტებისთვის: მოთხოვნის ცვლილებისა და მოთხოვნილი რაოდენობის ცვლილების ერთმანეთში არევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომაა ეკონომიკაში. გარდა ამისა, ეკონომიკის ლექტორებს ძალიან უყვართ შეკითხვების დასმა ამ თემასთან დაკავშირებით. ჭკვიანი სტუდენტები ამ ინფორმაციას ითვალისწინებენ.)
მე-3 გამოსახულებაზე ნაჩვენებია საქონლის საბაზრო ფასებზე მოთხოვნის ზრდის გავლენა. წარმოიდგინეთ, რომ ადგილი აქვს მომხმარებლების შემოსავლის ზრდას ან გაყინული იოგურტის, ნაყინის ერთგვარი შემცვლელის ფასის მატებას. ეს ცვლილებები გაზრდის მოთხოვნას ნებისმიერი ფასის ნაყინზე, რაც იწვევს მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას D1-დან D2-მდე. შედეგად, უფრო ძლიერი მოთხოვნა ნაყინის წონასწორობის ფასს ზემოთ ასწევს 5 ლარიდან 7 ლარამდე. ახალ მაღალ წონასწორობის ფასად, მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი რაოდენობა კვლავ ბალანსში მოვა მწარმოებლების მიერ მოწოდებულ რაოდენობასთან. უნდა აღინიშნოს, რომ მოთხოვნის ზრდა (გადაადგილება მთლიან მოთხოვნის მრუდეში) გამოიწვევს მიწოდებული რაოდენობის ზრდას 15 ათასიდან 20 ათასამდე; ეს არის მოძრაობა არსებული მიწოდების მრუდის გაყოლებაზე.
მომხმარებლის შემოსავლის კლება ან გაყინული იოგურტის დაბალი ფასები საწინააღმდეგო ეფექტს იწვევს. ეს ცვლილებები ამცირებენ ნაყინზე მოთხოვნას (მოთხოვნის მრუდის მარცხნივ გადაადგილება), დაბლა წევენ ფასს და ამცირებენ წონასწორობის მოცულობას.
გამოსახულება 3: მოთხოვნის ზრდა იწვევს უფრო მაღალ ფასებს
მოდით დავუბრუნდეთ ბაზრის მიწოდებების მხარეს. ცვლილება ფაქტორებში, რომლებიც თავის მხრივ ცვლიან საქონლის მიწოდების ერთი ერთეულის ღირებულებას, გამოიწვევს მთლიანი მიწოდების მრუდის გადაადგილებას. ცვლილებები, რომლითაც მცირდება ერთი ერთეულის ფასი (მაგალითად, ტექნოლოგიის გაუმჯობესება ან საქონლის წარმოებაში გამოყენებული რესურსების უფრო დაბალი ფასები), გამოიწვევს მთლიანი მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას. და პირიქით, ცვლილებები, რომლებიც აძვირებენ საქონლის წარმოებას, როგორიც არის უფრო მაღალი ფასები საჭირო ინგრედიენტებზე ან მწარმოებლებზე დაკისრებული უფრო მაღალი გადასახადები შეამცირებს მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს მიწოდების მრუდის მარცხნივ გადაადგილებას.
დავუშვათ, რომ იზრდება ნაყინის წარმოებაში გამოყენებული ინგრედიენტების - ნაღებისა და რძის ფასები. რა სახის გავლენა ექნება ამ რესურსების ფასის შემცირებას ნაყინის მიწოდებასა და საბაზრო ფასზე? თუ თქვენი პასუხია ის, რომ მიწოდება გაიზრდება, ხოლო საბაზრო ფასი დაიწევს, თქვენ მართალი ხართ. მე-4 ნახატში ეს საკითხი გამოსახულია მოთხოვნისა და მიწოდების კონტექსტში. ნაღებზე და რძეზე დაბალი ფასები შეამცირებს ნაყინის ერთ ერთეულზე წარმოების ხარჯს, რაც გამოიწვევს მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას (S1-დან S2-მდე). შედეგად, ნაყინის წონასწორობის ფასი შემცირდება 5-დან 3 ლარამდე. ახალ დაბალ ფასად მოთხოვნილი რაოდენობა გაიზრდება და კვლავ გაუტოლდება დღეში მიწოდებული 20 ათასი ლიტრის მოცულობას. შენიშვნა: მიწოდების ზრდამ (მთლიანი მრუდის გადაადგილება) შეამცირა ნაყინის ღირებულება და გაზარდა მოთხოვნილი რაოდენობა - მოძრაობა არსებული მოთხოვნის მრუდის გაყოლებაზე. თუ წარმოიქმნება ცვლილებები, რომლებიც გაზრდიან ნაყინის წარმოების ხარჯს (მაგალითად, ინგრედიენტებზე უფრო მაღალი ფასები), შედეგი განსხვავებული იქნება: მიწოდების კლება (გადაადგილება მარცხნივ), ნაყინის ფასის ზრდა და გაყიდული რაოდენობის შემცირება.
გამოსახულება 4: მიწოდების ზრდა იწვევს უფრო დაბალ ფასებს
ბაზრის ამგვარი ცვლილებები მომენტალურად არ ხორციელდება. მომხმარებლებს და მწარმოებლებს დრო დასჭირდებათ ახალ პირობებზე მოსარგებად. ფაქტიურად, დინამიურ სამყაროში ცვლილების პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. ცვლილებების გავლენას მოთხოვნასა და მიწოდებაში, ასევე ფაქტორებში, რომლებიც განსაზღვრავენ მრუდების გადაადგილებას, ბაზრის მექანიზმების გააზრებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. მოთხოვნისა და მიწოდების ანალიზს კიდევ ბევრჯერ შევხვდებით ამ წიგნში.
ელემენტი 1.7: მოგება პროდუქტიულობის მაჩვენებელია
მოგება ხელს უწყობს საწარმოების პროდუქტიულობას, რაც ზრდის რესურსების ნაყოფიერებას, მაშინ როდესაც ზარალი იწვევს რესურსების არაეფექტურად გამოყენებას და ამცირებს მათ ღირებულებას.
საწარმოები ყიდულობენ ბუნებრივ რესურსებს, შრომას, კაპიტალს და სამეწარმეო ნიჭს. ეს პროდუქტიული რესურსები შემდეგ საქონლად და მომსახურებად ტრანსფორმირდება და მომხმარებლებზე იყიდება. საბაზრო ეკონომიკაში მწარმოებლებს მოუწევთ რესურსების ალტერნატიულ წარმოებაში გამოყენებისგან გამიჯვნა, რადგან რესურსების მფლობელები მათ ისეთ ფასებად შესთავაზებენ, რომლებიც არ იქნება მათი ნებისმიერ სხვა მომხმარებელზე მიყიდვით გამომუშავებულზე ნაკლები. საქონლის ან მომსახურების მიწოდებაზე მწარმოებლის ალტერნატიული ხარჯი გაუტოლდება რესურსების სხვა პოტენციური სარგებლობისგან გამიჯვნაში მოთხოვნილ ხარჯს.
მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს წარმოების ალტერნატიულ ხარჯსა და ხარჯის სტანდარტული ბუღალტრული დათვლის მეთოდებს შორის. ბუღალტრები ფირმის წმინდა შემოსავლის დაანგარიშებაზე არიან ორიენტირებული, რაც ოდნავ განსხვავდება ეკონომიკური მოგებისგან. წმინდა შემოსავლის დაანგარიშებაში არ გათვალისწინდება კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივების ალტერნატიული დანახარჯი.
ბუღალტრები არ ითვალისწინებენ ალტერნატიულ ხარჯს, ეკონომისტებისგან განსხვავებით.(6) შედეგად, ეკონომისტების შეფასების საფუძველზე, კომპანიის წმინდა შემოსავალი გადააფასებს მოგებას. ეკონომისტები ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ კომპანიის საკუთრებაში არსებული აქტივები შესაძლოა სხვა ფორმით იყოს გამოყენებული. ალტერნატიული ხარჯის დაფარვა თუ არ მოხდება, რესურსები სხვა ფორმით იქნება გამოყენებული.
კომპანიის მოგება შესაძლოა განისაზღვროს შემდეგი ფორმით:
მოგება = მთლიანი შემოსავალი - მთლიანი ხარჯი
მარტივად, კომპანიის მთლიანი შემოსავალი არის ყველა გაყიდული საქონლის სარეალიზაციო ფასი (P) გამრავლებული ყველა გაყიდული საქონლის რაოდენობაზე (Q). მოგების მისაღებად, კომპანიამ უნდა მოახდინოს მეტი შემოსავლის გენერირება მისი პროდუქტების რეალიზაციიდან, ვიდრე საქონლის საწარმოებლად საჭირო რესურსების ალტერნატიული დანახარჯი. ამგვარად, კომპანია გამოიმუშავებს მოგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შესწევს უნარი აწარმოოს ისეთი საქონელი ან მომსახურება, რომელსაც მომხმარებლები აფასებენ იმ რესურსების ღირებულებაზე მეტად, რომლებიც საჭიროა ამგვარი პროდუქტების საწარმოებლად.
მომხმარებლები არ შეიძენენ საქონელს, თუ მათთვის ამგვარი საქონლის ღირებულება მისი ფასის ტოლფასი ან მასზე მეტი არ იქნება. თუ მომხმარებლებს ექნებათ იმაზე მეტის გადახდის სურვილი, ვიდრე წარმოების ხარჯია, მწარმოებლის მიერ რესურსების ალტერნატიული სარგებლობისგან გამიჯვნის გადაწყვეტილება მომგებიანი იქნება. მოგება არის რესურსების უფრო მეტად ღირებულად გარდაქმნის ჯილდო.
საწარმოს ხელმძღვანელები ისეთ საქონელს და მომსახურებას აწარმოებენ, რომლებიც მოგებას წარმოქმნიან. თუმცა, ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც მოსალოდნელია. ზოგჯერ ბიზნეს-კომპანიები ვერ ახერხებენ მათი პროდუქტების გაყიდვას ისეთ ფასად, რომ მოხდეს ამგვარ პროდუქციაზე გაწეული ხარჯების დაფარვა. ზარალი წარმოიშვება მაშინ, როდესაც გაყიდვიდან მიღებული მთლიანი შემოსავალი საქონლის ან მომსახურების წარმოებაში გამოყენებული რესურსების ალტერნატიულ ხარჯზე ნაკლებია. ზარალი არის ისეთი საქონლის და მომსახურების მწარმოებელ კომპანიებზე დაკისრებული ჯარიმა, რომლებსაც მომხმარებლები მათი წარმოებისთვის საჭირო რესურსებზე ნაკლებად აფასებენ. ზარალი იმაზე მეტყველებს, რომ კონკრეტული რესურსები სხვა პროდუქტების წარმოებაში უკეთესად იქნება გამოყენებული.
დავუშვათ, რომ ბულგარეთში (როდესაც ქვეყნის ვალუტა ბულგარული ლევი (BGN) იყო), პერანგის მწარმოებელს თვეში ათასი პერანგის წარმოებისა და ბაზარზე განთავსებისთვის შენობის და საჭირო მანქანა-დანადგარების იჯარაში, მუშახელის, ნაჭრის, ღილების და სხვა მასალების შეძენაში თვეში 20 000 ლევი ეხარჯებოდა. თუ მწარმოებელი ერთ პერანგს 22 ლევად გაყიდის, 1000 პერანგის რეალიზაციიდან შემოსავლის სახით ის 22 000 ლევის, ან 2 000 ლევის ოდენობით მოგებას მიიღებს. პერანგის მწარმოებელმა შექმნა სიმდიდრე - თავისთვის და მისი მომხმარებლისთვის. წარმოების ღირებულებაზე მეტი ფასის გადახდის სურვილით, მომხმარებლები აღმოაჩენენ, რომ ისინი პერანგებს იმაზე მეტად აფასებენ, ვიდრე ამგვარი პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო რესურსებს. მწარმოებლის მოგება არის ჯილდო რესურსების ღირებულების ზრდისთვის, მათი მეტად მაღალი შეფასების მქონე პროდუქტად გადაქცევის გზით.
მეორეს მხრივ, თუ პერანგებზე მოთხოვნა იკლებს და პროდუქტი მხოლოდ 17 ლევად გაიყიდება, მწარმოებელი 17 000 ლევის გამოიმუშავებს და თვეში 3 000 ლევის დაკარგავს. ზარალი წარმოიქმნება იმის გამო, რომ მწარმოებლის მოქმედებებმა შეამცირა გამოყენებული რესურსების ფასეულობა. პერანგები (საბოლოო პროდუქტი) მომხმარებლებისთვის იმაზე ნაკლებად ფასეულია, ვიდრე სხვა პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა დამზადდეს ამგვარი რესურსებისგან. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მომხმარებლებმა ყოველთვის იციან, რომ პერანგის დამზადებისთვის გამოყენებული რესურსები მეტად ღირებული იქნებოდა, თუ მათ რომელიმე სხვა პროდუქტად გადავაქცევდით. თუმცა მათი კომბინირებული არჩევანი ამ ინფორმაციას აწვდის მწარმოებლებს, ზარალის შემცირებისთვის ღონისძიებების განხორციელების მოტივაციასთან ერთად.
საბაზრო ეკონომიკაში, საწარმოების ზარალი და ბიზნესის წარუმატებლობა თანმიმდევრულად მუშაობენ ერთ შედეგზე - საქმიანობის არაეფექტურობის შეწყვეტა, როგორიც არის პერანგების წარმოება, რომლის ხარჯები აღემატება მათ თვითღირებულებას. ზარალი და საქმიანობის წარუმატებლობა რესურსებს გადაანაცვლებს სხვა საქონლის წარმოებისკენ, რომლებიც მეტად ფასდება. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ საქმიანობის წარუმატებლობა ხშირად მტკივნეულია მისი მფლობელებისთვის, ინვესტორებისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის, ყოველივე ამას დადებითი მხარეც აქვს: ისინი გამოათავისუფლებენ რესურსებს, რომლებიც შესაძლოა წარემართოს სიმდიდრის შემქმნელ პროექტებზე.
მოსახლეობის ცხოვრების დონე იზრდება, თუ მათი რესურსებით - მიწა, შენობები, შრომა და სამეწარმეო ნიჭი - იწარმოება ღირებული საქონელი და მომსახურებები. ნებისმიერ კონკრეტულ დროს ხელმისაწვდომია პოტენციური საინვესტიციო პროექტების ვირტუალურად შეუზღუდავი რაოდენობა. ამ ინვესტიციებიდან ზოგიერთი გაზრდის რესურსების ღირებულებას მათი საქონლად და მომსახურებად ტრანსფორმირების გზით, რომელსაც მომხმარებლები თვითღირებულებაზე მაღალ ფასად აფასებენ. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ პროგრესს. სხვა ინვესტიციები შეამცირებენ რესურსების ღირებულებას და შეამცირებენ ეკონომიკურ პროგრესს. თუ ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალური მივიღოთ ხელმისაწვდომი რესურსებიდან, პროექტები, რომლებიც ღირებულებას ზრდიან, წინ უნდა წამოიწიოს, ხოლო პროექტებმა, რომლებშიც ნაკლებად პროდუქტიულად გამოიყენება რესურსები, უკან უნდა დაიხიოს. სწორედ ამას აკეთებს მოგება-ზარალი.
ჩვენ ვცხოვრობთ ცვალებადი გემოვნებების და ტექნოლოგიების, არასრულყოფილი ცოდნის და გაურკვევლობებით სავსე სამყაროში. ბიზნესის მფლობელები ვერ იქნებიან დარწმუნებული იმაში, თუ როგორი იქნება მომავალში საბაზრო ფასები ან წარმოების მომავალი ხარჯები. მათი გადაწყვეტილებები მოლოდინებს ეფუძნება. თუმცა საბაზრო ეკონომიკის ჯილდო-ჯარიმის სტრუქტურა ნათელია. წარმატებული იქნებიან ის მეწარმეები, რომლებსაც სწორედ განსაზღვრავენ და ეფექტურად აწარმოებენ მომხმარებლებისთვის მომხიბვლელ საქონელს და მომსახურებებს და მათ ყიდიან თვითღირებულებაზე მაღალ ფასად. და პირიქით, მეწარმეები, რომლებიც რესურსებს არაეფექტურად ანაწილებენ სფეროებში, სადაც დაბალი მოთხოვნა არსებობს, განიცდიან ზარალს და ფინანსურ სირთულეებს.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი აკრიტიკებს საქმიანობის წარუმატებლობას, რომელიც საბაზრო პროცესებს ახლავს თან, წახალისებისა და დასჯის სწორედ ეს სისტემა დევს საბაზრო წარმატების საფუძველში. საინტერესოა, რომ მეწარმეების უმრავლესობა, რომლებიც თავდაპირველად წარუმატებლები იყვნენ, შემდგომში ძალიან წარმატებული ბიზნესმენები ხდებიან. ამის მაგალითი სტივ ჯობსია. „Apple“-იდან წასვლის შემდეგ 1985 წელს, ჯობსმა დააფუძნა კომპანია „neXT“, რომელიც, მისი აზრით, პერსონალური კომპიუტერების შემდგომ თაობას აწარმოებდა. კომპანია ძლივს ირჩენდა თავს. თუმცა ჯობსმა გამოცდილებიდან გაკვეთილი მიიღო. ის „Apple“-ში დაბრუნდა 1997 წელს და მალე „iPhone“, „iPad“ და სხვა ინოვაციური პროდუქტი შექმნა, რომლებმაც ბაზარზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.
დასკვნა აშკარაა: მოგება ინვესტიციებს წარმართავს წარმატებული პროექტების მიმართულებით, რომლებიც ხელს უწყობენ ეკონომიკურ პროგრესს, მაშინ, როდესაც ზარალს რესურსები არაეფექტური პროექტებისკენ მიჰყავთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ეკონომიკურ სისტემებს, რომლებიც კარგად ვერ ასრულებენ ამ ფუნქციას, სავარაუდოდ სტაგნაცია, ან მეტად რთული მდგომარეობა ემუქრებათ.
ელემენტი 1.8: შემოსავალი წარმოიქმნება სხვებისთვის სარგებლის მოტანით
ადამიანები შემოსავალს გამოიმუშავებენ სხვებისთვის ღირებული ნივთების შეთავაზების გზით.
ყველა ადამიანი ერთმანეთისგან ბევრი თვისებით განსხვავდება - მათი საწარმოო უნარების, პრეფერენციების, სპეციალიზებული უნარების, მოსაზრებების და რისკებზე წასვლის სურვილით. ეს განსხვავებები მოქმედებენ ადამიანების შემოსავალზე, რადგან ისინი მოქმედებენ იმ საქონლის და მომსახურების ღირებულებაზე, რომლის შეძენაც სურთ და შეუძლიათ სხვებს შესთავაზონ.
საბაზრო ეკონომიკაში ადამიანების უმრავლესობა, რომელიც მაღალ შემოსავალს გამოიმუშავებენ, ამგვარად იქცევიან იმის გამო, რომ ისინი სხვებს სთავაზობენ ისეთ ნივთებს, რომლებსაც თავად თვითღირებულებაზე მეტად აფასებენ. თუ ეს ადამიანები არ უზრუნველყოფენ ღირებულ საქონელს ან მომსახურებას, კომპანიები (და არაპირდაპირ მომხმარებლები) არ გადაუხდიან მათ ასე გულუხვად. მორალი შემდეგია: თუ გსურთ მაღალი შემოსავალი გამოიმუშაოთ, უკეთესად უნდა გაიანგარიშოთ, როგორ გააკეთოთ რაღაც, რაც სხვებს დიდად დაეხმარება. მეორეს მხრივ, თუ არ შეგიძლიათ ან არ გსურთ დაეხმაროთ სხვებს მათთვის ღირებული ფორმით, თქვენი შემოსავალი დაბალი იქნება.
ეს პირდაპირი კავშირი სხვების დახმარებასა და შემოსავლის მიღებას შორის თითოეულ ჩვენთაგანს გვაძლევს ძლიერ მოტივაციას შევიძინოთ უნარები, განვივითაროთ ნიჭი და დავხვეწოთ ისეთი ჩვევები, რომლებიც დაგვეხმარება სხვებს შევთავაზოთ ღირებული საქონელი და მომსახურებები. კოლეჯის სტუდენტები დიდ ხანს სწავლობენ, უძლებენ სტრესს და გასწევენ ფინანსურ ხარჯს სწავლის გადასახადის სახით, რათა გახდნენ ექიმები, პედაგოგები, ბუღალტრები და ინჟინრები. სხვა ადამიანები გადიან ტრენინგებს, სერტიფიცირების კურსებს და იღებენ გამოცდილებას, რაც დაეხმარება მათ გახდნენ ელექტრიკოსები, ტექნიკური მომსახურების გამწევები ან ვებ-გვერდების დიზაინერები. სხვა ადამიანები ახორციელებენ ინვესტიციებს და იწყებენ საქმიანობებს. რატომ აკეთებენ ამას ადამიანები?
რიგ შემთხვევაში ადამიანები მოტივირებული არიან მსოფლიოს გაუმჯობესების ძლიერი პირადი სურვილით. თუმცა - და ეს ძალიან მნიშვნელოვანია - იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც არ ადარდებთ მსოფლიო და რომელთა სტიმული უმეტესად შემოსავლის მიღებაა, ძლიერი მოტივაცია ექნებათ განივითარონ ისეთი უნარები და განახორციელონ ის ქმედებები, რომლებიც სხვებისთვის ღირებულია. მაღალი შემოსავალი მოდის ისეთი საქონლის და მომსახურების შეთავაზებიდან, რომლებიც სხვებისთვის ღირებულია. ადამიანებს, რომლებიც დიდი სიმდიდრის გამომუშავებას ცდილობენ, ძლიერი მოტივაცია ექნებათ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რა სურთ სხვებს. იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც მსოფლიოს გაუმჯობესება სურთ, სჭირდებათ ინფორმაცია განათლებისა და იმ უნარების შესახებ, რომელთა შეძენაც შეუძლიათ და რომლებიც მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლაში დაეხმარება მათ. ამგვარი ინფორმაცია ზოგადად სხვადასხვა საქმიანობაში შემოსავლის მიღების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ მაღალი შემოსავლის მქონე პირები სხვების ექსპლოატაციას უნდა ეწეოდნენ. თუმცა ის ადამიანები, რომლებიც მაღალ შემოსავალს იღებენ კარგად ფუნქციონირებად ბაზარზე, როგორც წესი ამას აკეთებენ სხვებისთვის ისეთი პროდუქტების შეთავაზებით, რომლებიც მათთვის ღირებულია და რომლისთვისაც მათ ფულის გადახდა სურთ. ლერი ფეიჯი და სერგეი ბრინი მილიარდელები გახდნენ იმიტომ, რომ მომხმარებლებმა მიიჩნიეს, რომ Google მეტად ემსახურება მათ მოთხოვნებს, ვიდრე Yahoo! ან Ask Jeeves. პოპულარული მომღერლებიც შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ. ბიონსე და ტეილორ სვიფტი უზარმაზარ შემოსავალს იღებენ, რადგან მილიონობით ადამიანს მოსწონს მათი მუსიკა. საზოგადოების როლი მდგომარეობს თამაშის "წესების" სამართლიანობის უზრუნველყოფაში და სხვებისთვის მაღალი მარჟით გამარჯვების ხელშეწყობაში რადგანაც მათ თამაში კარგად გამოსდით. პრობლემები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც საზოგადოება მოძველებულ ტექნოლოგიებზეა კონცენტრირებული და უჭირს მისი ჩანაცვლება. ეს იწვევს საჯარო პოლიტიკურ განხილვებს, რასაც მივყავართ ვიღაცის პოლიტიკური ინტერესების დაცვამდე და არა გონივრული ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებამდე.
მეწარმეები წარმატებას უმეტესად იმით აღწევენ, რომ მილიონობით მომხმარებელი მათ მიერ წარმოებულ პროდუქტებს მომხიბვლელად მიიჩნევს. აწ გარდაცვლილი სემ ვოლტონი, „Walmart“-ის მაღაზიათა ქსელის დამფუძნებელი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა შეერთებულ შტატებში, რადგან მან დაიანგარიშა, როგორ შეიძლებოდა დიდი რაოდენობით სასაქონლო-მატერიალური მარაგების ეფექტურად მართვა და ამერიკის პატარა ქალაქებში ფასდაკლებით ბრენდული საქონლის გაყიდვა. „Microsoft“-ის თანადამფუძნებლები ბილ გეითსი და პოლ ალენი მილიარდერები გახდნენ ისეთი პროდუქტების ნაკრების შემუშავებით, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა პერსონალური კომპიუტერების ეფექტურობა და თავსებადობა. მილიონობით მომხმარებელმა, რომლებსაც არაფერი სმენიათ ვოლტონის, გეითსისა თუ ალენის შესახებ, სარგებელი ნახეს ამ ადამიანების ნიჭით და მათ მიერ შექმნილი პროდუქტების გამოყენებით. ამ მამაკაცებმა უამრავი ფული გამოიმუშავეს იმიტომ, რომ ისინი მრავალ ადამიანს დაეხმარნენ.
„კარგი კაპიტალისტების“ მოცემული მაგალითები შეგვიძლია მოვიძიოთ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც. შესაძლოა ბილ გეითსივით ცნობილი არ არის, მაგრამ ჩეხმა პროგრამისტმა პაველ ბაუდიშმა შექმნა ანტივირუსული პროგრამა „Avast“, რომელმაც პოპულარობა მოიხვეჭა კიბერუსაფრთხოების სფეროში და რამდენიმე მილიარდი დოლარი მოუტანა თავად პაველს. პოლონელმა მექანიკოსმა ზბიგნევ სოსნოვსკიმ ველოსიპედების მწარმოებელი გაკოტრებამდე მისული სახელმწიფო კომპანია წელიწადში 1 მილიონი ველოსიპედის მწარმოებელ ბრენდად - „Kross“ აქცია. დაგუგლეთ „Talking Tom Cat“ და იპოვით საბავშვო ვიდეოების ძალიან პოპულარულ ნაკრებს, რომლებიც ახალგაზრდა სლოვენიელმა წყვილმა - იზო და სამო ლოგინებმა შექმნეს და მიჰყიდეს ჩინელ მეწარმეს მილიარდ დოლარზე მეტ ფასად.
ელემენტი 1.9: ღირებულება შემოსავალს და სიმდიდრეს ქმნის
ცხოვრების მაღალი სტანდარტების წყაროს ქმნის ადამიანებისთვის ღირებული საქონლის და მომსახურების წარმოება, და არა სამუშაო ადგილები.
მოხმარება წარმოადგენს ყველა წარმოების ერთადერთ მიზანს და არსს; მეწარმის ინტერესი კი გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ იმ დონემდე, რაც აუცილებელია მომხმარებელთა ინტერესთა დასაცავად.
როგორც ადამ სმიტმა 240 წლის წინ აღნიშნა, მოხმარება ყველა წარმოების მიზანია. თუმცა მოხმარება წარმოებამდე მხოლოდ ლექსიკონებში გვხვდება. შემოსავალი და ცხოვრების სტანდარტები ვერ გაიზრდება ადამიანებისთვის ღირებული საქონლის და მომსახურების წარმოების გაუზრდელად.
უდავოდ, ადამიანებისთვის ღირებული საქონლის განადგურება საზოგადოების კეთილდღეობას გააუარესებს. ეს მტკიცებულება იმდენად აშკარაა, რომ ამაზე საუბარი სულელურადაც კი ჟღერს. თუმცა ზოგჯერ მიიღება პოლიტიკები მცდარ იდეაზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც საქონლის განადგურება საზოგადოებას სარგებელს მოუტანს. 1933 წელს შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო სასოფლო-სამეურნეო რეგულირების აქტი (AAA) მარაგების შემცირების და ამგვარად სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ფასების კლების აღკვეთის მიზნით. „ახალი კურსის“ პოლიტიკის ფარგლებში, ფედერალურმა მთავრობამ ფერმერებს აუნაზღაურა ხვნის ხარჯები მათი ბამბის, ხორბლის, სიმინდისა და სხვა მოსავლის პროპორციულად. კარტოფილის მომყვანმა ფერმერებმა მიიღეს კომპენსაცია იმისათვის, რომ მოეხდინათ კარტოფილის საღებავით დაშხეფვა, რათა პროდუქტი ადამიანის მიერ მოსახმარებლად შეუსაბამო ყოფილიყო. ჯანმრთელი საქონელი, ცხვარი და ღორები დაიკლა და დაიმარხა მასიურ სასაფლაოზე, რათა ეს პროდუქტი ბაზარზე არ მოხვედრილიყო. მხოლოდ 1933 წელს AAA-ს ფარგლებში ექვსი მილიონი გოჭი დაიკლა. უზენაესმა სასამართლომ კანონი არაკონსტიტუციურად ცნო 1936 წელს, თუმცა მანამდე მან მილიონობით ღირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი წაართვა ამერიკელ მომხმარებელს. გარდა ამისა, ამ კანონის შეცვლილი ფორმების საფუძველზე, დღესაც კი შეერთებული შტატების მთავრობა განაგრძობს სხვადასხვა ფერმერების წარმოების შეზღუდვას. მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანების პოლიტიკური მოთხოვნები, რომლებიც სარგებელს იღებენ ამგვარი პოლიტიკებიდან, გარკვეულწილად გასაგებია, ეს პროგრამები ამსხვრევენ ღირებულ რესურსებს და ერს აღარიბებენ.
შეერთებული შტატები არ არის მარტო პოლიტიკური წნეხის გამოყენებით ფერმერების „მხარდაჭერაში“, რაშიც გადასახადის გადამხდელების და მომხმარებლების უზრმაზარი თანხები იხარჯება. ევროკავშირის „ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაც“ ევროკავშირის ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სადავო ნაწილია.
სასოფლო მეურნეობა არ წარმოადგენს სუბსიდირების ერთადერთ ობიექტს. შეერთებულ შტატებში 2009 წელს მოქმედი პროგრამა „ნაღდი ფული ჯართად ქცეულ მანქანაში“ კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები კეთილდღეობის შექმნას პროდუქტიული აქტივების, ამ შემთხვევაში - მეორადი ავტომობილების განადგურებით. ამ პროგრამის ფარგლებში, ავტო დილერები იღებდნენ დაახლოებით 3 500 და 4 500 აშშ დოლარს ძველი ავტომობილების განადგურებაში, რომლებიც შემდეგ თანხის დამატებით ახალ ავტომობილებზე გადაიცვლებოდა. დილერები ვალდებული იყვნენ გაენადგურებინათ ავტომობილის ძრავები ნატრიუმის სილიკატის ხსნარით, შემდეგ თავად ავტომობილი დაეჭეჭყათ და გაეგზავნათ ჯართის საყრელზე, რითაც იმას უზრუნველყოფდნენ, რომ მომავალი გამოყენებისთვის ამგვარი ავტომობილების დეტალებიც არ იქნებოდა ხელმისაწვდომი. ამ პროგრამის მხარდამჭერები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებისთვის ახალი ავტომობილების შეძენის სურვილის გაჩენის გზით, ეს პროგრამა ეკონომიკურ ზრდას შეუწყობდა ხელს. თუმცა ახალი ავტომობილები მეორადებზე ძვირი ღირს და მიწოდების შემცირების გამო მეორად ავტომობილებზე ფასმა იმატა. შედეგად, მომხმარებლები მეტს ხარჯავდნენ ავტომობილებზე (როგორც ახალზე, ისე - მეორადებზე) და შესაბამისად სხვა საგნებზე დასახარჯად ნაკლები თანხა იყო ხელმისაწვდომი. ამგვარად, პროგრამამ „ნაღდი ფული ჯართად ქცეულ მანქანაში“ ვერ გაამართლა და ვერ შესძლო მთლიანი მოთხოვნის სტიმულირება. ფაქტობრივად, გადასახადის გადამხდელებმა 3 მილიარდი დოლარი დახარჯეს ახალი მანქანების შეძენის სუბსიდიებზე, ამასთან განადგურდა დაახლოებით 700 000 მეორადი ავტომობილი მთლიანი ღირებულებით მიახლოებით 2 მილიარდი აშშ დოლარი. სუბსიდირებას იღებდნენ ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ახალი ავტომობილების შეძენის ფინანსური შესაძლებლობა, ხოლო ღარიბი ადამიანები, რომლებიც მეორად ავტომობილებზე იყვნენ დამოკიდებული - წაგებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პროგრამის დასრულების შემდეგ, ახალი ავტომობილების რეალიზაციის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო. გერმანიამ დანერგა ძველი ავტომობილების უტილიზაციის საკუთარი პროგრამა, რომელიც ქვეყნის გადასახადის გადამხდელებს 7 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა, რაც შეერთებულ შტატებში გატარებულ მსგავს პროგრამებზე დახარჯულს 2-ჯერ აღემატება.
მსგავსი პროგრამები არსებობდა აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთსა და სლოვაკეთშიც. რუმინეთში პროგრამის „Rabla“ („ჯართი“) ფარგლებში 525 000-ზე მეტი ავტომობილი, რვა და მეტწლიანი ასაკით, განადგურდა 1 500 ევრომდე ღირებულების ვაუჩერების მისაღებად. პროგრამა 2005-დან 2015 წლამდე მოქმედებდა და ადამიანს შეეძლო სამი ძველი ავტომობილის გადაცვლის სანაცვლოდ ვაუჩერების აღება, რომლის გადაცვლაც შემდეგ ერთ ახალ მანქანაზე შეიძლებოდა.
თუ ავტომობილების განადგურება კარგი იდეაა, რატომ არ ვთხოვთ მფლობელებს მათი ავტომობილების განადგურებას ყოველ წელს? დაფიქრდით რა რაოდენობით ახალი ავტომობილის გაყიდვას გამოიწვევდა ეს. ყველა ეს პროგრამა ეკონომიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. თქვენ შესაძლოა კონკრეტული მწარმოებლების დახმარება მათი პროდუქტების შეზღუდულობის გაზრდით შეგიძლიათ, თუმცა ვერ შესძლებთ მთლიანობაში მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, სამომხმარებლო ღირებულების მქონე რეალიზებადი საქონლის განადგურების გზით.
განადგურების კიდევ უფრო მეტად დახვეწილი ფორმა მოიცავს ხელისუფლების მოქმედებებს, რომლებიც ზრდიან სხვადასხვა საქონლის მიღების ალტერნატიულ ხარჯს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები 30 მილიარდ დოლარს ხარჯავენ წელიწადში თევზჭერის წახალისების სუბსიდიებში, რომელთა 60% პირდაპირ უწყობს ხელს არამდგრად, დესტრუქციულ ან თვით უკანონო პრაქტიკასაც კი. ამგვარი მეთოდებით განპირობებული ბაზრის წონასწორობის დარღვევა თევზჭერის ინდუსტრიაში ქრონიკული არარაციონალური მართვის ძირითად მიზეზს წარმოადგენს, რაც, მსოფლიო ბანკის დაანგარიშებით, მსოფლიო ეკონომიკას 2012 წელს 83 მილიარდი აშშ დოლარი დაუჯდა. გარდა ამისა, მდიდარ ქვეყნებზე, (კერძოდ იაპონია, შეერთებული შტატები, საფრანგეთი და ესპანეთი) ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან ერთად, მსოფლიო მასშტაბით თევზჭერის ინდუსტრიის სუბსიდიების 70% მოდის. შედეგად უამრავ საზოგადოებას, რომელიც თევზჭერაზეა დამოკიდებული, უწევს სუბსიდირებულ კონკურენტებთან ბრძოლა. ამასთან საფრთხე ექმნება მილიონობით ადამიანის საკვები პროდუქტების უსაფრთხოებას, რადგან სხვადასხვა ქვეყნის სამეწარმეო ფლოტები აცარიელებენ მათ საოკეანო მარაგებს. განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღო დასავლეთ აფრიკამ, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის თევზაობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. 90-იანი წლებდან დაწყებული, რაც უცხო ქვეყნის ხომალდებმა, მეტწილად ევროკავშირიდან და ჩინეთიდან, დასავლეთ აფრიკის ნაპირებთან ინდუსტრიული მასშტაბის თევზაობა დაიწყეს, მრავალი ადგილობრივი მეთევზისთვის შეუძლებელი გახდა საკუთარი ოჯახების გამოკვება.
პოლიტიკოსებს და სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების მომხრეებს უყვართ მათ მიერ დაფინანსებული სამუშაო ადგილებით ტრაბახი და პროგრამიდან მიღებული სარგებლის გაზვიადება. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკური განათლება. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმება ხშირად სიმდიდრის შექმნის საშუალებად მოიაზრება, უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ მეტი სამუშაო ადგილი არ აუმჯობესებს ჩვენს ეკონომიკურ კეთილდღეობას, არამედ ის სამსახურები, რომლებიც აწარმოებენ ხალხისთვის ღირებულ საქონელს და მომსახურებებს. როდესაც ვივიწყებთ ამ ელემენტარულ ფაქტს, ადამიანები ხშირად ტყუვდებიან და იღებენ პროგრამებს, რომლებიც ამცირებენ, არათუ ქმნიან სიმდიდრეს.
სამუშაო ადგილების ხელოვნურად შექმნაზე ყურადღების გამახვილება უკიდურესად არასწორია. დიდმა ფრანგმა ეკონომისტმა ფრედერიკ ბასტიამ განმარტა გატეხილი ფანჯრის ილუზიის არამართებულობა მის ესეში: „Ce qu’on voit et ce qu’on ne voit pas“ („რა ჩანს და რა არ ჩანს“, 1850):
გინახავთ განრისხებული ვაჭარი ჯეიმს გუდფელოუ, როდესაც მას უდარდელმა შვილმა მაღაზიის ვიტრინა დაუმსხვრია? თუ ასეთ სცენას წაესწარით, ბევრი თქვენთაგანი უდავოდ იქნებით იმ ფაქტის შემსწრე, რომ ყველა მაყურებელი, თუნდაც ოცდაათი მათგანი, ერთსულოვნად შეეცდება დაამშვიდოს უიღბლო გამყიდველი შემდეგი სიტყვებით: „ზოგი ჭირი მარგებელია. ყველას უნდა ცხოვრება, და რა დაემართებოდა მინის ხელოსანს, შუშებს რომ არავინ ამტვრევდესო?“მისამძიმრების ამგვარი ფორმა მოიცავს ერთ დიდ თეორიას, რომელიც კარგად აიხსნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ის სარკისებრი სიზუსტით ასახავს მეორე თეორიას, რომლითაც, საუბედუროდ, ხელმძღვანელობს ჩვენი ეკონომიკური დაწესებულებების უმრავლესობა.დავუშვათ, რომ დაზიანების შეკეთება ექვსი ფრანკი ღირს და თქვენ ამბობთ, რომ ინციდენტის წყალობით მინის ხელოსანი მიიღებს ექვს ფრანკს - რომ ეს წაახალისებს ექვსი ფრანკის ღირებულების ვაჭრობას - კარგით, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თქვენ კარგად აზროვნებთ. მინის ხელოსანი მოდის, ასრულებს დავალებას, იღებს თავის ექვს ფრანკს, იწმენდს ხელებს და გულში ლოცავს გამყიდვლის შვილს, რომელმაც ფანჯარა დაამსხვრია. ეს ის არის, რაც ზედაპირზე ჩანს.თუმცა, მეორეს მხრივ, თქვენ შესაძლოა მიხვიდეთ დასკვნამდე, რომ კარგია ფანჯრების მსხვრევა - ეს ახდენს ფულის ბრუნვის სტიმულირებას და მხარს უჭერს მთლიანობაში ინდუსტრიის განვითარებას... მაიძულებთ რომ დაგიყვიროთ, „აი, მანდ გაჩერდით! თქვენი თეორია მხოლოდ იმას ითვალისწინებს, რაც ზედაპირზე ჩანს; მასში არ არის გათვალისწინებული ის, რაც არ ჩანს.“ არ ჩანს, რომ მაღაზიის მფლობელმა დახარჯა ექვსი ფრანკი ერთ პროდუქტზე და უკვე ვეღარ დახარჯავს ამ ფულს სხვა რამის შეძენაში.არ ჩანს, რომ თუ მას არ მოუწევდა ფანჯრის მინის გამოცვლა, ის გამოცვლიდა, მაგალითად, მის გაცვეთილ ფეხსაცმელს ან თავის ბიბლიოთეკას დამატებით წიგნს შემატებდა. მოკლედ, ის თავის ექვს ფრანკს სხვა გზით დახარჯავდა, რაც აღარ მოხდება ამ ინციდენტის გამო.(7)
ბასტიას სწორედ გადააქვს ჩვენი ყურადღება სიმდიდრეზე, და არა წარმოებაზე. ახალ წარმოებაზე მოთხოვნის შექმნა უკვე არსებული ღირებული აქტივების განადგურების გზით არ არის საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესების ეფექტური საშუალება.
ელემენტი 1.10: პროგრესის მრავალი წყარო არსებობს
ეკონომიკური პროგრესი უპირატესად ვაჭრობიდან, ინვესტიციიდან, საქმის კეთების უკეთესი გზებიდან და სანდო ეკონომიკური ინსტიტუტებიდან მოდის.
ეკონომიკის შესავალი დონის პირველ ლექციაზე, ხშირად ვატყობინებთ სტუდენტებს, რომ დასაქმებულები ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის შეერთებული შტატები, დღეს ერთ ადამიანზე აწარმოებენ და გამოიმუშავებენ თითქმის ოცდაათჯერ მეტს, ვიდრე 1750 წელს. ამის შემდეგ მათ აზრს ვეკითხებით ასეთი საკითხის შესახებ: „რატომ გახდნენ დასაქმებულები უფრო მეტად პროდუქტიულები დღეს, ვიდრე ორნახევარი საუკუნის წინ იყვნენ?“ ცოტა ხნით დაფიქრდით, როგორ უპასუხებდით ამ შეკითხვას.
ჩვეულებრივ, ჩვენი სტუდენტები სამ მიზეზს ასახელებენ: პირველი ის, რომ დღევანდელი მეცნიერული ცოდნა და ტექნოლოგიური განვითარებები ბევრად სცდება 1750 წლისას. მეორე - ჩვენ გვაქვს მეტად კომპლექსური მანქანა-დანადგარები და ქარხნები, ბევრად უკეთესი სავალი გზები და კომუნიკაციის მრავალფეროვანი სისტემები. და ბოლოს, სტუდენტები ჩვეულებრივ ახსენებენ, რომ 1750 წელს ადამიანები და ოჯახები თავად აწარმოებდნენ მათ მიერ მოხმარებულ პროდუქტებს, მაშინ, როდესაც დღეს ჩვენ ასეთ ნივთებს სხვებისგან ვყიდულობთ.
პრინციპში, სტუდენტები სწორ განმარტებას იძლევიან, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მათ მცირეოდენი საბაზისო ცოდნა აქვთ ან საერთოდ არ აქვთ ეკონომიკის ცოდნა. ისინი აღიარებენ ტექნოლოგიების, კაპიტალის (საწარმოო აქტივების) და ვაჭრობის მნიშვნელობას. მათი პასუხები ამყარებენ ჩვენს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეკონომიკა არის „საღი აზრის მეცნიერება“.
ჩვენ უკვე გავუსვით ხაზი, ვაჭრობიდან მიღებულ სარგებელს და ტრანზაქციის ხარჯების შემცირებას, როგორც ეკონომიკური პროგრესის წყაროს. ეკონომიკური ანალიზი ეკონომიკური ზრდის სამ სხვა წყაროს გამოჰყოფს, ესენია: ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში და საწარმოო აქტივებში, ტექნოლოგიების გაუმჯობესება და ეკონომიკური ორგანიზაციის გაუმჯობესება.
პირველი, ინვესტიცია ფიზიკურ კაპიტალში (როგორიც არის ინსტრუმენტები, მანქანა-დანადგარები და შენობები) და ადამიანურ კაპიტალში (დასაქმებულთა განათლება, უნარ-ჩვევები, გადამზადება და გამოცდილება) ხელს უწყობს საქონლის და მომსახურების წარმოებას. ინვესტიციების ეს ორი სახეობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. დასაქმებულებს მეტის წარმოება შეუძლიათ, თუ ისინი მუშაობენ მეტს და იყენებენ უკეთეს მანქანა-დანადგარებს. ხის მჭრელი მეტს გამოიმუშავებს, თუ ის ჯაჭვურ და არა ხელის ხერხს იყენებს. მსგავსად, მძღოლს სატვირთო მანქანით მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია, ვიდრე ურემში შებმული ხარით.
მეორე, ტექნოლოგიის გაუმჯობესება (აზროვნების გამოყენება ახალი პროდუქტების და წარმოების ნაკლებ ხარჯიანი მეთოდების გამოსაგონებლად) ეკონომიკურ პროგრესს უწყობს ხელს. 1750 წლის შემდეგ, ორთქლზე მომუშავე ძრავმა, შემდგომში კი შიდა წვის ძრავმა, ელექტროენერგიამ და ბირთვულმა ენერგიამ ჩაანაცვლეს ადამიანის და პირუტყვის ძალა, როგორც ენერგიის ძირითადი წყარო. ავტომობილებმა, ავტობუსებმა, მატარებლებმა და თვითმფრინავებმა ჩაანაცვლეს ცხენები და მარხილები (და ფეხით სიარული), როგორც ტრანსპორტირების მთავარი საშუალებები. ტექნოლოგიური გაუმჯობესებები განაგრძობენ ჩვენი ცხოვრების სტილის ცვლილებას. შეაფასეთ პერსონალური კომპიუტერების, მიკროტალღური ღუმელების, მობილური ტელეფონების, ციფრული ტელევიზიის, გულზე შუნტირების და თეძოს ძვლის შეცვლის ოპერაციების, ავტომობილის კონდიციონერების და თვით ავტოფარეხის პულტზე მოქმედი კარების გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში ამ პროდუქტების გამოგონებამ და განვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი მუშაობის, თამაშის თუ გართობის წესი. მათ გააუმჯობესეს ჩვენი კეთილდღეობა.
მესამე, ეკონომიკური ორგანიზაციის გაუმჯობესება ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ეკონომიკურ ორგანიზაციაში ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანის საქმიანობის ორგანიზების მეთოდებს და იმ წესებს, რომლის საფუძველზეც მოქმედებენ ისინი - ეს არის ხშირად დაუფასებული ან უგულვებელყოფილი ფაქტორები. რამდენად უმარტივდება ხალხს სავაჭრო გარიგებაში ჩართვა ან ბიზნესის ორგანიზება? ქვეყნის სამართლებრივი სისტემა დიდწილად განსაზღვრავს მოქალაქეების მიერ ვაჭრობის, ინვესტირების და ეკონომიკური თანამშრომლობის დონეს. ეკონომიკური პროგრესის არსებითი შემადგენელი ნაწილია სამართლებრივი სისტემა, რომელიც იცავს მოქალაქეებს და მათ საკუთრებას, ადგენს სამართლიან ხელშეკრულებებს და ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს. ამის გარეშე, შეიქმნება ინვესტიციის დეფიციტი და შეფერხდება ვაჭრობა და ინოვაციური იდეების გავრცელება. ამ წიგნის მეორე თავში უფრო დეტალურად არის განხილული სამართლებრივი სტრუქტურის მნიშვნელობა და ეკონომიკური ორგანიზაციის სხვა ელემენტები.
ინვესტიციები და ტექნოლოგიის გაუმჯობესებები თავისთავად არ ხდება. ისინი ასახავენ იმ მეწარმეების მოქმედებებს, რომლებიც რისკებზე მიდიან მოგების მიღების მიზნით. არავინ იცის, რა იქნება მომდევნო ინოვაციური აღმოჩენა ან რომელი საწარმოო ტექნოლოგია შეამცირებს დანახარჯებს. გარდა ამისა, მეწარმეები ხშირად მოულოდნელ ადგილას ამოყოფენ ხოლმე თავს. ამგვარად, ეკონომიკური პროგრესი დამოკიდებულია სისტემაზე, რომელიც სხვადასხვა ადამიანს ეხმარება საკუთარი იდეების გამოცდაში, იმის გასაგებად, არიან თუ არა ისინი მომგებიანი, და ის ამავდროულად აგვარიდებს რესურსების არაპროდუქტიულ პროექტებში გაფლანგვას.
ამ პროგრესის მისაღწევად, ბაზრები უნდა იყოს ღია ისე, რომ ყველა ადამიანს თავისუფლად შეეძლოს საკუთარი ინოვაციური იდეის გამოცდა. ახალი პროდუქტის ან ტექნოლოგიის მქონე მეწარმე ცდილობს მიიღოს მხოლოდ საკმარისი რაოდენობით ინვესტორების მხარდაჭერა პროექტის დასაფინანსებლად. იმისათვის, რომ მეწარმეებს და მათ ინვესტორებს შეეძლოთ თავისი რესურსების ეფექტური გადანაწილება, აუცილებელია კონკურენციის უზრუნველყოფა: მათმა იდეებმა უნდა გაიარონ „გამოცდა პრაქტიკაში“ იმ მომხმარებლებთან, რომლებიც გადაწყვეტენ შეიძინონ თუ არა პროდუქტი ან მომსახურება თვითღირებულებაზე მაღალ ფასად. ამ გარემოში მომხმარებლები არიან საბოლოო მოსამართლეები და ნაფიცი მსაჯულები. თუ მომხმარებლები არ შეაფასებენ ინოვაციურ პროდუქტს ან მომსახურებას ისეთ ფასად, რომელიც დაფარავს ყველა ხარჯს, ის ბაზარზე ვერ გადარჩება. სახელმწიფოს ამოცანაა უზრუნველყოს, რომ ახალ და უკეთეს პროდუქტებს კონკურენციის უნარი ჰქონდეთ, და თავად არ გადაწყვიტოს, რომელ პროდუქტს უნდა მიენიჭოს უპირატესობა.
ელემენტი 1.11: „უხილავი ხელი“ სარგებლიანობა
საბაზრო ფასების „უხილავი ხელი“ მყიდველებს და გამყიდველებს ისეთი საქმიანობისკენ უბიძგებს, რომელიც ხელს უწყობს ზოგად კეთილდღეობას.
ადამიანები მუდმივად ფიქრობენ, როგორ შეიძლება მაქსიმალურად სარგებლიანად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული კაპიტალი. ამ მომენტში ისინი საკუთარ და არა საზოგადოების სარგებელზე ფიქრობენ. თუმცა საკუთარ სარგებელზე ფიქრი ჩვეულებრივ, და აუცილებლადაც კი გამოიწვევს ადამიანის მიერ ისეთი საქმიანობის შერჩევას, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა საზოგადოებისთვის. ის მხოლოდ საკუთარ სარგებელს ეძებს, ამასთან ამ და სხვა შემთხვევებშიც ის „უხილავ ხელს“ მიჰყავს შედეგთან, რომელიც საერთოდ არ იყო მის განზრახვაში.(8)
საკუთარი ინტერესი ძლიერი მოტივაციაა. დიდი ხნის წინ ადამ სმიტმა აღნიშნა, რომ „უხილავი ხელის“ მიერ მართვის დროს, საკუთარი ინტერესების მქონე ადამიანებს ძლიერი მოტივაცია ექნებათ განახორციელონ ის ქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ საზოგადოების ან ერის ზოგად კეთილდღეობას. „უხილავი ხელი“, რომელზეც სმიტი საუბრობს, ფასთა სისტემაა. ადამიანი „მხოლოდ საკუთარ სარგებელს ეძებს“, თუმცა საბაზრო ფასების „უხილავი ხელი“ მას წარმართავს სხვების მიზნების ხელშეწყობისკენ, რაც კეთილდღეობის ზრდას იწვევს.
„უხილავი ხელის“ პრინციპის გაგება მრავალ ადამიანს უჭირს. არსებობს ბუნებრივი ტენდენცია, რომ მოწესრიგებული შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ხელმძღვანელი პირი ან ცენტრალური მმართველობის მითითებები. ადამ სმიტი ამტკიცებდა, რომ საკუთარი სარგებლისკენ სწრაფვა ქმნის მოწესრიგებულ საზოგადოებას, რომელშიც მოთხოვნები ყოველდღიურად კმაყოფილდება ცენტრალიზებული დაგეგმვის გარეშე. ეს წესრიგი წარმოიშვება იმიტომ, რომ ბაზრის ფასები ახდენენ საკუთარი ინტერესების მქონე ადამიანების მოქმედებების კოორდინაციას მაშინ, როდესაც სახეზეა კერძო საკუთრება და თავისუფლება სავაჭრო გარიგების პროცესში. ერთი სტატისტიკური მონაცემი - კონკრეტული საქონლის ან მომსახურების მიმდინარე საბაზრო ფასი - ღირებული ინფორმაციაა მყიდველებისა და გამყიდველებისთვის, სხვა ადამიანების ქცევის და პრიორიტეტების გათვალისწინებით გადაწყვეტილებების მიღებისა და კოორდინაციისთვის. საბაზრო ფასები ასახავენ მილიონობით მომხმარებლების, მწარმოებლებისა და რესურსების მომწოდებლების არჩევანს. ისინი ასახავენ ინფორმაციას მომხმარებლების პრიორიტეტების, ხარჯების და ვადებთან, ადგილმდებარეობასთან და ვითარებებთან - ანუ იმ ინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, რომლებიც ნებისმიერ მსხვილ ბაზარზე სცდებიან ადამიანის ან სახელმწიფო უწყების აზროვნებას.
ოდესმე თუ გიფიქრიათ, რატომ გხვდებათ სუპერმარკეტების დახლებზე ზუსტად იმ რაოდენობის რძე, პური, ბოსტნეული თუ სხვა საქონელი, რამდენიც საჭიროა გასაყიდად, მაგრამ ეს რაოდენობა იმდენად ბევრი არასოდეს არის, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი გაფუჭდეს ან ამაოდ დაიკარგოს? როგორ ხდება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე წარმოებული მაცივრები, ავტომობილები და სენსორული პლანშეტები ხელმისაწვდომია თქვენს ადგილობრივ მაღაზიაში მიახლოებით იმავე რაოდენობით, რამდენის ყიდვაც სურთ მომხმარებლებს? სად არის ტექნიკური სახელმძღვანელო ბიზნესებისთვის, რომელშიც განხილული იქნება, როგორ შეიძლება ამგვარი მდგომარეობის მიღწევა? რა თქმა უნდა, სახელმძღვანელო არ არსებობს. პასუხი იმალება საბაზრო ფასების „უხილავ ხელში“. ის უბიძგებს საკუთარი ინტერესების მქონე ადამიანებს თანამშრომლობისკენ და მათ გადაწყვეტილებებს ათანხმებს ფასის სიგნალების მეშვეობით, რომლებიც აღწერილია ელემენტში 1.6.
1974 წელს ნობელის პრემიის ლაურეატმა ფრიდრიჰ ჰაიეკმა ბაზრის სისტემას „სასწაული“ უწოდა, რადგან მხოლოდ ერთ მაჩვენებელს - საქონლის საბაზრო ღირებულებას - შეუძლია იყოს იმდენი ინფორმაციის მატარებელი, რამდენიც საჭიროა მყიდველებისა და გამყიდველებისთვის გადაწყვეტილების მისაღებად, რაც, თავის მხრივ, ორივეს ეხმარება სასურველის მიღებაში.(9) პროდუქტის საბაზრო ფასი ასახავს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით და მილიონობით სხვადასხვა ადამიანის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლებმაც არც კი იციან ერთმანეთის მოქმედებები. თითოეული პროდუქტის თუ მომსახურებისთვის, ბაზარი მოქმედებს როგორც ინდიკატორების შემქმნელი უზარმაზარი კომპიუტერული ქსელი, რომელიც ბაზრის ყველა მონაწილეს აწვდის საჭირო ინფორმაციას და ამავდროულად ამგვარ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოქმედების მოტივაციას.
არცერთ ადამიანს და სახელმწიფოს შეუძლია მიიღოს ან გაითვალისწინოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ათასობით განსხვავებული საქონლის და მომსახურების მილიონობით მომხმარებელს და მწარმოებელს სჭირდება იმისათვის, რომ მოახდინონ მათი ქმედებების კოორდინაცია ისე, როგორც ამას ბაზარი აკეთებს. გარდა ამისა, საბაზრო ფასები ამგვარ ინფორმაციას სისტემატიზირებული ფორმით მოიცავენ. ისინი მწარმოებლებს და მომსახურების მიმწოდებლებს წარმართავენ ისეთი საქონლის წარმოებისკენ, რომლებსაც ყველაზე მეტად აფასებენ მომხმარებლები (წარმოების დანახარჯების გათვალისწინებით). არავის მოუწევს ფერმერს აიძულოს მოიყვანოს ვაშლი, ან უთხრას სამშენებლო კომპანიას ააშენოს სახლები, ან მოსთხოვოს დურგალს სკამების დამზადება. როდესაც სხვადასხვა პროდუქტის ფასები მიუთითებენ, რომ მომხმარებლები მათ აფასებენ მათი წარმოების დანახარჯებზე მეტ ფასად, მწარმოებლები საკუთარი სარგებლის ძიებაში მოახდენენ ამგვარი პროდუქტების მიწოდებას.
ასევე საჭირო არ იქნება ვინმესთვის მწარმოებლებს შეახსენოს მოიძიონ ან გამოიყენონ წარმოების იაფი მეთოდები. საბაზრო ფასების „უხილავი ხელით“ წარმოქმნილი საკუთარი ინტერესი მათ მისცემს მოტივაციას გამონახონ რესურსების საუკეთესო კომბინაცია და ხარჯ-ეფექტური წარმოების მეთოდები. იმის გამო, რომ დაბალი დანახარჯები მაღალ მოგებაზე მეტყველებენ, ყველა მწარმოებელი შეეცდება ხარჯების შემცირებას და ხარისხის მატებას. ფაქტიურად, კონკურენცია ვირტუალურად უბიძგებს მათ ამის გაკეთებისკენ.
თანამედროვე ეკონომიკაში, საბაზრო ფასების „უხილავი ხელიდან“ წარმოქმნილი საკუთარი ინტერესებით გამოწვეული კონკურენცია მართლაც საოცარია. მომავალში, როდესაც სასიამოვნო სადილს მოიწყობთ, დაფიქრდით ყველა იმ ადამიანზე, რომელმაც მის განხორციელებაში წვლილი შეიტანა. სავარაუდოდ არცერთი მათგანი - ფერმერიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლამდე და სურსათის მაღაზიის გამყიდველამდე - იყო მოტივირებული ეფიქრა იმაზე, რომ თქვენ სასიამოვნო საჭმელი მოგემზადებინათ მაქსიმალურად იაფად. თუმცა საბაზრო ფასები მათი და თქვენი ინტერესების ჰარმონიზაციას ახდენს. ფერმერები, რომლებიც ძროხის ან ინდაურის საუკეთესო ხორცს აწარმოებენ უფრო მაღალ ფასს იღებენ, სატვირთო მანქანის მძღოლები და სასურთო მაღაზიის გამყიდვლები მეტ ფულს გამოიმუშავებენ, თუ მათი პროდუქტები ახალ და კარგ მდგომარეობაში მიეწოდებათ მომხმარებლებს და ა.შ. ამასთან ყველა მათგანი დაბალი ფასის პრინციპს იცავს. ათობით ათას ადამიანს, რომელთა უმრავლესობასაც ვერასოდეს შევხვდებით, თავისი წვლილი შეაქვთ იმაში, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შევძლოთ იმაზე მეტი საქონლის მოხმარება, ვიდრე თავად შეგვიძლია ვაწარმოოთ. გარდა ამისა, „უხილავი ხელი“ ისე ჩუმად და ავტომატურად მოქმედებს, რომ უმეტეს შემთხვევაში არასათანადოდ ფასდება უთვალავი საქონლის და მომსახურების შეკვეთა, თანამშრომლობა და ხელმისაწვდომობა. მიუხედავად იმისა, რომ ის დაუფასებელია, საკუთარი ინტერესის და „უხილავი ხელის“ კომბინაცია მაინც ძლიერი ძალაა ეკონომიკური პროგრესისთვის.
ელემენტი 1.12: გაუთვალისწინებელი შედეგები პრობლემებს წარმოქმნის
ძალიან ხშირად უგულვებელყოფილია მოქმედების გრძელვადიანი შედეგები ან მეორადი ეფექტები.
1946 წელს, ჰენრი ჰეზლიტმა, ცნობილმა ეკონომისტმა ჟურნალისტმა, დაწერა წიგნი სახელწოდებით „ეკონომიკა ერთ გაკვეთილში“. ეს ეკონომიკური სახელმძღვანელო, ფრანგი ფრედერიკ ბასტიას 1850 წელს გამოქვეყნებულ სტატიაზეა დაფუძნებული (ეს ნაშრომი განხილულია ელემენტში 1.9), რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაშრომია ეკონომიკურ სფეროში.
გავიხსენოთ ბასტიას პატარა ბიჭის ისტორია, რომელმაც მაღაზიის მფლობელის ვიტრინა ჩაამსხვრია ბურთით. შედეგად, მაღაზიის მფლობელმა დაიქირავა მინის ოსტატი ფანჯრის შესაკეთებლად. ამ ვითარების მოწმეებმა, რომლებიც მინის ოსტატის ხილულ დასაქმებულობას ადევნებდნენ თვალს, აღნიშნეს, რომ გატეხილი ფანჯარა კარგია, რადგან ამის წყალობით მინის ხელოსანმა სამუშაო იშოვა. თუმცა, ჰეზლიტის აზრით, ეს არასწორი მოსაზრებაა, რადგან ის უგულვებელყოფს მეორად ეფექტებს.
მაღაზიის მფლობელს ფული რომ არ დაეხარჯა ფანჯრის შეკეთებაში, ის ფულს სხვა რამეში დახარჯავდა; მაგალითად, შეიძენდა ახალ ფეხსაცმელს, ტანსაცმელს ან სხვა ნივთს. თუ ფანჯარა არ ჩატყდებოდა, დასაქმებულობა წარმოების ამ სხვა სფეროებში მეტად მაღალი იქნებოდა და საზოგადოებას დარჩებოდა ფანჯარაც და მაღაზიის მფლობელის მიერ შეძენილი ნივთებიც. მეორადი ეფექტების გათვალისწინების შემთხვევაში, აშკარა ხდება, რომ წყალდიდობები, გრიგალი და ცუდად დაგეგმილი პოლიტიკა აზიანებს საზოგადოებას და ხელს არ უწყობს წმინდა დასაქმებულობის გაფართოებას. მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დამსხვრეულის აღდგენა დასაქმების მაჩვენებლებს ზრდის და კარგია ეკონომიკისთვის, „დამსხვრეული ფანჯრის ილუზია“ ეწოდება. ამგვარ შეკეთების დროს გამოყენებული რესურსები უნდა ამცირებდეს საზოგადოების უნარს, აწარმოოს სხვა ღირებული საქონელი ან მომსახურება. იხილეთ ელემენტი 1.9, ამ მცდარი შეხედულების რამდენიმე მაგალითისთვის.
ჰეზლიტის ერთი გაკვეთილი ის იყო, რომ ეკონომიკური წინადადების ანალიზის დროს ადამიანმა:
„...უნდა გამოავლინოს არა მხოლოდ უშუალო შედეგები, არამედ შედეგები გრძელვადიან პერსპექტივაში; არა მხოლოდ პირველადი, არამედ მეორადი შედეგებიც და არა მხოლოდ გავლენა ერთ კონკრეტულ ჯგუფზე, არამედ გავლენა ყველაზე ერთად.“(10)
ჰეზლიტს სჯერა, რომ ამ გაკვეთილის გამოყენების შეუძლებლობა ეკონომიკური ხარვეზის ყველაზე გავრცელებული წყაროა. ის ბევრს წერდა ეკონომიკის შესახებ მე-20 საუკუნის 30-იანი წლების დიდი დეპრესიის პერიოდში და იცოდა, რომ, განსაკუთრებით პოლიტიკაში, ხდება პოლიტიკის მოკლევადიანი სარგებლის გათვალისწინება, მაშინ როდესაც გრძელვადიანი, ხშირად გაუთვალისწინებელი შედეგები იგნორირებული რჩება.
მოდით განვიხილოთ სამი მაგალითი, რომლებიც ახდენენ მეორადი ეფექტების პოტენციური მნიშვნელობის ილუსტრირებას. ბენზინის მოხმარების კლების გზით ავტომობილის გამონაბოლქვებით ჰაერის დაბინძურების შემცირების მცდელობებში, საქართველოს მთავრობამ ახალი აქციზის გადასახადი დააწესა, რომელიც მიმართული იყო ძლიერი ძრავის მქონე მოძველებულ ავტომობილებზე. იქედან გამომდინარე, რომ საქართველო დაბალ-შემოსავლიანი ქვეყანაა, მოთხოვნა ყოველთვის მაღალი იყო ძველ ავტომობილებზე, სიიაფის გამო (გასაყიდი მეორადი ავტომობილების 91% 2006 წლამდე იყო წარმოებული). ახალი გადასახადი, რომელშიც მცურავი შკალა გამოიყენებოდა, 2017 წლის იანვრიდან შევიდა ძალაში. მაგალითად, საბაჟო მოსაკრებელი აქციზს გადასახადთან ერთად 2002 წელს გამოშვებულ ავტომობილზე 1,5-ლიტრიანი ძრავით 3 731 ლარი ჯდებოდა, თუმცა იმავე წელს გამოშვებული 2,5-ლიტრიანი ძრავის მქონე ავტომობილის საბაჟო მოსაკრებელი და აქციზის გადასახადი ერთად 6 219 ლარი იყო, ხოლო 3,5-ლიტრიანი ძრავით - 8 706 ლარი. ამასთან, საგადასახადო პოლიტიკის ცვლილებამ გამოიწვია ადამიანების მოტივირება დაბალი სიმძლავრის ძრავების მქონე ავტომობილების შეძენაზე. ჩნდება კითხვა, იყო ეს რეგულაცია გონივრული პოლიტიკა? როგორი იყო მისი სრული გავლენა, მათ შორის მეორადი ეფექტები?
იმის გამო, რომ ახალი ქართული აქციზის გადასახადის პოლიტიკის ძალაში შესვლიდან მცირე დროა გასული, ჩვენ უნდა შევხედოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, სადაც ასევე გატარდა მსგავსი პოლიტიკები საწვავის მოხმარების შესამცირებლად. მონაცემები უჩვენებს, რომ ადამიანები მეტს დადიან მანქანით, რადგან მსუბუქი ავტომობილის საწვავის გამოყენების ეფექტურობის მატება ამცირებს მათი ექსპლოატაციის ხარჯებს. ეს, თავის მხრივ, ზრდის მოძრაობის გადატვირთულობას და იწვევს საწვავის მოხმარების იმაზე ნაკლებად შემცირებას, ვიდრე რეგულაციით იყო დაგეგმილი. გარდა ამისა, ავარიის შემთხვევაში, უფრო მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდნენ, ვერ უზრუნველყოფენ მგზავრების ისეთ დაცვას, როგორც უფრო მძიმე, დიდ ძრავიანი ავტომობილები, რომლებიც მათ ჩაანაცვლეს. შესაბამისად, შედეგი შესაძლოა იყოს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვალების და დაზიანების ზრდა. მეორადი ეფექტების გათვალისწინებით, საწვავის გამოყენების ეფექტური ხარჯვის რეგულაციები შესაძლოა ბევრად ნაკლებად გონივრულად ჩაითვალოს, ვიდრე ეს პირველი შეხედვით ჩანს.
მსგავსი გაუთვალისწინებელი შედეგები ასევე შეგვხვდა მანქანის ღვედების გამოყენების კანონმდებლობის მიღების შემდეგ. ბრიტანეთის ტრანსპორტირების დეპარტამენტმა აღმოაჩინა, რომ მძღოლებისა და წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრის მიერ ღვედების ტარების კანონის ძალაში შესვლიდან 20 თვის შემდეგ, წინა სავარძლებზე მჯდომთა გარდაცვალების მაჩვენებელმა 656-ით იკლო. თუმცა, იმავე პერიოდში გაიზარდა ფეხით მოსიარულეთა (77), მოტოციკლის მძღოლების (63) და უკანა სავარძელზე მჯდომ მგზავრთა (69) სიკვდილიანობის მაჩვენებელი,(11) რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმ ფაქტით, რომ ღვედის მატარებელი მძღოლები ბევრად დაცულად გრძნობდნენ თავს ტარებისას და მათი ტარების სტილი უფრო მეტად სახიფათო გახდა.
სავაჭრო შეზღუდვები ქვეყნებს შორის ასევე მნიშვნელოვანი მეორადი ეფექტებია. უცხოურ საქონელზე სატარიფო და საიმპორტო კვოტის მხარდამჭერები თითქმის ყოველთვის უგულვებელყოფდნენ მათი პოლიტიკების მეორად ეფექტებს. ტარიფები და კვოტები შესაძლოა თავდაპირველად იცავდნენ ქვეყნის დასაქმებულებს, რომლებიც მსგავს პროდუქტებს უფრო მაღალ ფასად აწარმოებენ, თუმცა შედეგად მოულოდნელ მეორად შედეგებს მივიღებთ.
განვიხილოთ ევროკავშირის ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP), რომელიც იყენებს კვოტებს და ტარიფებს უცხოეთში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციის შეზღუდვაზე და ახდენს წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას პირდაპირ ევროკავშირის ბიუჯეტიდან. „CAP შეიქმნა ისეთი ფორმით, რომ ადამიანებს შესძლებოდათ მიეღოთ კარგი საკვები პროდუქტები ხელმისაწვდომ ფასებად, ხოლო ფერმერებს სამართლიანი შემოსავალი მიეღოთ,“ ვკითხულობთ ამ პოლიტიკის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად მიძღვნილ დოკუმენტში(12). მთლიანობაში, CAP-ის ფარგლებში გადახდილმა სუბსიდიებმა ევროკავშირის ბიუჯეტის ერთ-მესამედზე მეტი შეადგინა. ამ პოლიტიკის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის სამეურნეო და კვების სექტორები დაახლოებით 8%-ით ნაკლები იქნებოდა CAP-ის გარეშე,(13) და რომ ამგვარად ისინი „გადაარჩენენ“ სამუშაო ადგილებს და ზრდიან დასაქმების მაჩვენებლებს. უდავოდ, ეს სექტორი უფრო დიდია, ვიდრე ის სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ რას ვიტყვით მეორად ეფექტებზე?
CAP-ის დანახარჯები ავიწროებენ სხვა შესაძლო გამოყენების ვარიანტებს ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში და ხელს უშლიან ევროკავშირის სახსრების სხვა საზოგადოებრივი საქონლის საქმიანობებზე გამოყოფას. ევროპული კომისიის თანახმად, სუბსიდიები ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეს წელიწადში 100 ევროზე მეტი უჯდება. ამას გარდა, ტარიფები და კვოტები ადგილობრივ ფასებს უფრო მაღალ დონეზე ინარჩუნებენ, ვიდრე კონკურენტული მსოფლიო ფასები,(14) შესაბამისად, ევროკავშირის მომხმარებლებს ბევრად მეტის გადახდა უწევთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებში. ოჯახები, ფაქტიურად ორჯერ იხდიან საჭმლის ფულს: პირველად, როდესაც ისინი მაღაზიაში პროდუქტებში იხდიან მაღალ ფასს, სასოფლო-სამეურნეო სექტორის პროტექციონიზმის გამო და მეორე, ისინი იხდიან გადასახადებს სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიებისთვის. ამასთან, ტარიფები და კვოტები არაპირდაპირ მოქმედებენ სხვა ფირმებზეც, რომლებიც საკვებ პროდუქტებს აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დამუშავების გზით. მაგალითად, საფრანგეთში 2007 წელს CAP-მა 1,5%-ით შეამცირა წარმოების ზომა, ხოლო მსხვილი მომსახურების სექტორმა მისი შრომის და კაპიტალის მხოლოდ 0,1%-ის კონტრიბუცია განახორციელა სხვა სექტორებში, რომლებმაც სარგებელი მიიღეს CAP-ისგან. CAP-ის გაუქმება შეამცირებდა კაპიტალის (მიწა და აღჭურვილობა) ღირებულებას, რაც ასევე დაეხმარებოდა იმ მეურნეობებსაც, რომლებიც არ იღებენ მხარდაჭერას CAP-ისგან. ამასთან, CAP ამცირებს სატყეო მეურნეობის მასშტაბსაც, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სხვა საქმიანობების პირდაპირი კონკურენტია. (საფრანგეთში CAP-მა დაახლოებით 3,6%-ით შეამცირა სატყეო მეურნეობისთვის განკუთვნილი ტერიტორიები). გარდა ამისა, ტარიფებისა და კვოტების გამო, არა-ევროკავშირის ქვეყნები ნაკლებ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს ყიდიან ევროკავშირის ბაზრებზე, რითაც მცირდება მათ მიერ ევროკავშირში ექსპორტირებული საქონლის შეძენის უნარი და მცირდება დასაქმებულობის მაჩვენებელი სექტორებში, რომლებიც ამ გაყიდვებს კარგავენ.
თუ CAP-ის მსგავსი ვაჭრობის შეზღუდვის მეორადი ეფექტები მხედველობაში იქნება მიღებული, ნათელი ხდება, რომ ევროკავშირში აღარ გაიზრდება დასაქმების დონე და წარმოების ზოგადი მოცულობა. მეტი სამსახური იქნება პრივილეგირებულ ინდუსტრიებში, მაგრამ დასაქმების ნაკლები დონე სხვაგან. ვაჭრობის შეზღუდვები კი არ ზრდიან, არამედ გადაანაწილებენ დასაქმებულობას. თუმცა, ისინი, ვინც მეორად ეფექტებს არ ითვალისწინებენ, ამას ვერც კი ამჩნევენ.
მეორადი ეფექტები მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის პრობლემა არ არის. მათ შესაძლოა გამოიწვიონ მოულოდნელი შედეგები ადამიანებისთვისაც. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ დასავლეთ ვირჯინიაში პირველი კლასის მასწავლებლის ბოლოდროინდელი გამოცდილება. მისი მოსწავლეები მუდმივად კარგავდნენ ფანქრებს. ამიტომ პედაგოგმა გადაწყვიტა, ბავშვებისთვის მიეცა მოტივაცია და დაპირდა მათ, რომ ყოველი ფანქრის ნარჩენში 10 ცენტს გადაუხდიდა იმ იმედით, რომ ბავშვები ყველა ღონეს იხმარდნენ ფანქარი შეენახათ, სანამ ბოლომდე არ გახარჯავდნენ. მისდა სამწუხაროდ, მოსწავლეები ფანქრის სათლელ აპარატთან დადგნენ რიგში და იმაზე სწრაფად აბარებდნენ მასწავლებელს ფანქრის ნარჩენს, ვიდრე მასწავლებელი მათ ანაზღაურებას შესძლებდა. აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ!
ნაწილი 2: ეკონომიკური პროგრესის შვიდი მთავარი წყარო

ელემენტები:
- სამართლებრივი სისტემა: ეკონომიკური პროგრესის საფუძველია სამართლებრივი სისტემა, რომელიც იცავს კერძო საკუთრებას და უზრუნველყოფს კონტრაქტების მიუკერძოებლად შესრულებას.
- კონკურენტული ბაზრები: კონკურენცია ხელს უწყობს რესურსების ეფექტიან გამოყენებას და უზრუნველყოფს სტიმულს ინოვაციური გაუმჯობესებისათვის.
- შეზღუდვები სამთავრობო რეგულაციებზე: მარეგულირებელი პოლიტიკა, რომელიც ამცირებს გაცვლას და ზღუდავს კონკურენციას, აფერხებს ეკონომიკურ პროგრესს.
- კაპიტალის ეფექტიანი ბაზარი: მისი პოტენციალის რეალიზებისთვის, ხალხს უნდა ჰქონდეს კაპიტალის სიმდიდრის მწარმოებელ პროექტებზე მიმართვის მექანიზმი.
- გონივრული მონეტარული პოლიტიკა: სტაბილური მონეტარული პოლიტიკა აუცილებელია ინფლაციის კონტროლისთვის, ინვესტიციების ეფექტიანი განაწილებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისთვის.
- დაბალი საგადასახადო განაკვეთები: ადამიანები უფრო მეტს აწარმოებენ, როდესაც უფრო მეტი გამომუშავებული თანხის შენარჩუნება შეუძლიათ. მთავრობის ხარჯებისა და დეფიციტის კონტროლი (ფისკალური პოლიტიკა) გადამწყვეტია ეკონომიკური სტაბილურობისა და ზრდისთვის.
- თავისუფალი ვაჭრობა: ადამიანები უფრო მაღალ შემოსავლებს აღწევენ, როდესაც თავისუფალნი არიან ივაჭრონ სხვა ქვეყნებში.
შესავალი
რობერტ ლუკასი, 1995 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკაში, ამბობს: „როდესაც ეკონომიკურ ზრდაზე დაიწყებთ ფიქრს, ძნელია სხვა რამეზე იფიქრო.“(16) რატომ აკეთებენ ლუკასი და მრავალი სხვა ეკონომისტი აქცენტს ეკონომიკურ ზრდაზე? რეალური გამოშვების ზრდა აუცილებელია რეალური შემოსავლის ზრდისთვის. ზრდის გარეშე შეუძლებელია შემოსავლის და ცხოვრების სტანდარტის უფრო მაღალი დონის მიღწევა.
ბოლო ორასი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით დასავლეთში, ეკონომიკურმა ზრდამ ცხოვრების დონე აამაღლა და ცხოვრების ხანგრძლივობა და ხარისხი გააუმჯობესა. თუმცა ეს პერიოდი განსაკუთრებულია. კაცობრიობის თითქმის მთელი ისტორიის მანძილზე ეკონომიკური ზრდა უკიდურესად იშვიათი იყო. 1800 წლამდე მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი კვირაში ორმოცდაათი, სამოცი და სამოცდაათი საათის განმავლობაში შრომობდა, რათა მიეღო საარსებო მინიმუმისთვის საკმარისი საკვები და თავშესაფარი. ეს იყო მუდმივი ბრძოლა გადარჩენისთვის და ბევრი აგებდა მას. 1800 წელს, ცხოვრების დონე დიდად არ განსხვავდებოდა ათასი ან თუნდაც ორი ათასი წლით ადრე ძველი რომის ცხოვრების დონისგან.
კაცობრიობის ისტორიის უიმედო ეკონომიკურ პერიოდში ცვლილებები დაახლოებით ორასი წლის წინ დაიწყო. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ეკონომისტი აწ გარდაცვლილი ანგუს მედისონი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც ეკონომიკური ზრდის და სიცოცხლის ხანგრძლივობის ისტორიული მონაცემების წამყვანი სპეციალისტი. მე-5 სურათზე წარმოდგენილია მისი შეფასებით წლიური შემოსავლის დონეები ერთ სულ მოსახლეზე ბოლო ათასი წლის განმავლობაში. 1990 წლის დოლარის კურსის მიხედვით, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში 667 დოლარს შეადგენდა 1820 წელს, ხოლო 450 დოლარს 1000 წელს.(17) შესაბამისად, 800 წელიწადში, ერთ სულზე შემოსავლის დონე მხოლოდ 50%-ით გაიზარდა. დასავლეთ ევროპასა და მის მემკვიდრეებს - შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია, რომლებიც ზოგადად დასავლეთად მოიხსენიებიან შედარებით უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ, რადგან ამ რეგიონში შემოსავლები დაახლოებით გასამმაგდა 426 დოლარიდან 1000 წელს 1202 დოლარამდე 1820 წელს. მაგრამ დასავლეთსაც კი დაახლოებით ხუთასი წელი დასჭირდა შემოსავლის გასაორმაგებლად.
ახლა შევხედოთ, თუ რა მოხდა 1820 წლის შემდეგ. ბოლო ორასი წლის განმავლობაში შეიმჩნევა მძლავრი ეკონომიკური ზრდა. 2003 წლისთვის მსოფლიოში შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე 6516 დოლარი შეადგინა, რაც 1820 წლის მაჩვენებელს ათჯერ აღემატება. დასავლეთში, 2003 წლისთვის შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე 23 710 დოლარი შეადგინა, რაც ოცჯერ აღემატება 1820 წლის მაჩვენებელს. ამრიგად, თუ საუკუნეების განმავლობაში შემოსავლის დონე საარსებო მინიმუმის ტოლფასი იყო, ბოლო ორასი წლის განმავლობაში რეალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ცამდე ავარდა.
გამოსახულება 5: მშპ ერთ სულ მოსახლეზე (1990 დოლარი)
წყარო: ანგუს მედისონი, მსოფლიო ეკონომიკის კონტურები, ახ. წ. 1–2030: ნარკვევები მაკროეკონომიკური ისტორიიდან (ოქსფორდი: ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2007წ).
სიცოცხლის ხანგრძლივობის სქემაც მსგავსი იყო. მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობა 1000-დან 1820 წლამდე პერიოდში 24-დან 26 წლამდე, 1900 წელს კი 31 წლამდე გაიზარდა, 2003 წელს კი 64 წლამდე ავარდა. დასავლეთში სიცოცხლის ხანგრძლივობა 24-დან 36 წლამდე გაიზარდა 1000-დან 1820 წლამდე პერიოდში, თუმცა 2003 წლისთვის მან 76 წელს მიაღწია.
როგორც ისტორია გვაჩვენებს, ეკონომიკური ზრდა ავტომატურად არ ხდება. რატომ იზრდება ზოგი ქვეყანა და აღწევს შემოსავლის მაღალ დონეს, ზოგი კი სტაგნაციას განიცდის? რომელი ინსტიტუტები და პოლიტიკური მიდგომები უწყობს ხელს ზრდას და ცხოვრების მაღალ სტანდარტს? ეს ნაწილი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებს შეისწავლის.(18)
თუმცა, მანამდე აუცილებელია მშპ-ის გაზომვის შესახებ ერთ საკითხზე ყურადღების გამახვილება, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან დაკავშირებით. ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი განსაზღვრება „საბოლოო საქონლისა და მომსახურებების გამოშვების ღირებულება" მთელ რიგ რთულ საკითხებს მოიცავს. თავისუფალ ბაზარზე ნავაჭრი საქონლისა და მომსახურების ღირებულების დადგენა მარტივია. მაგრამ რა ხდება ფასის კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და მომსახურების შემთხვევაში? იგი უნდა შევაფასოთ ადამიანების მიერ რეალურად გადახდილი ღირებულებით, ან რასაც ისინი თავისუფალი ბაზრის პირობებში გადაიხდიდნენ? უნდა გავითვალისწინოთ თუ არა რიგებში დახარჯული დრო? რა ხდება ისეთი გამოშვების შემთხვევაში, რომელიც არ იყიდება? როგორ უნდა შეფასდეს ახალწვეული ჯარისკაცების შრომა? რამდენად კარგად შეუძლია სტატისტიკურ სამსახურს გაზომოს ჩრდილოვანი (ნაცრისფერი ან შავი) ბაზრის გამოშვება? თუ მე სახლში ვაცხობ პიცას, ყველის ღირებულება ჩაითვლება, მაგრამ არ ჩაითვლება ჩემი სამზარეულოში დახარჯული დრო. მეორეს მხრივ, თუ მე რესტორანში ვყიდულობ პიცას მშპ შრომასაც მოიცავს. თუ დავუშვებთ, რომ თქვენ შეფ-მზარეულს არ ჩამოუვარდებით ცხობაში, ეს იდენტური პიცა გამოდის.
მშპ-ის და დაკავშირებული ფასთა ცვლილებების გაზომვის სირთულე კომუნიზმის კოლაფსის შემდგომი წლების გააზრებას ართულებს. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყნის წარმოების მოცულობაში დიდი ვარდნა ფიქსირდება - მიუხედავად ამისა, ეს მაჩვენებლები არ ასახულა მოქალაქეთა რეალურ გამოცდილებაზე.(19)
ელემენტი 2.1: სამართლებრივი სისტემა
ეკონომიკური წინსვლის საფუძველია სამართლებრივი სისტემა, რომელიც იცავს კერძო საკუთრებას და კონტრაქტებს მიუკერძოებლად აღასრულებს.

[A] კერძო საკუთრების რეჟიმი, მატერიალური ტვირთის მხრივ, ადამიანებს საკუთარ ქმედებებზე აკისრებს პასუხისმგებლობას. ამგვარი სისტემა უზრუნველყოფს, რომ ადამიანებმა საკუთარი ქმედებების შედეგები იწვნიონ. საკუთრება ღობეებს აღმართავს, მაგრამ ის ასევე სარკეების გარემოცვას ქმნის, რომლებიც ჩვენი საკუთარი ქცევის შედეგებს ასახავს.(20)
სამართლებრივი სისტემა საკუთრების უფლებების დაცვისა და ხელშეკრულებების შესრულების საფუძველს უზრუნველყოფს. როგორც 1-ლი ნაწილის მე-4 ელემენტში განვიხილეთ, ვაჭრობით საქონელი იმ ადამიანებისკენ მიედინება, ვინც მათ უფრო აფასებს. ვაჭრობა, სპეციალიზაციისა და ფართომასშტაბიანი წარმოების მეთოდებიდან მიღებული უპირატესობის შედეგად, უფრო მსხვილი გამომუშავების შესაძლებლობას იძლევა. ვაჭრობის თანმხლები გაურკვევლობის შესამცირებლად, სამართლებრივმა სისტემამ უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მიუკერძოებელი აღსრულება. ეს ზრდის გაცვლის მოცულობას და ვაჭრობით მიღებულ სარგებელს და ამით ხელს უწყობს ეკონომიკურ წინსვლას.
კარგად განსაზღვრული და სათანადოდ აღსრულებული საკუთრების უფლებები ვაჭრობით მიღებული სარგებლის რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. საკუთრება ფართო ცნებაა. იგი გულისხმობს, როგორც შრომითი მომსახურებების, ასევე ფიზიკური აქტივების, შენობებისა და მიწის ფლობას. კერძო საკუთრება სამ თვისებას ატარებს: (1) ექსკლუზიური სარგებლობის უფლება; (2) სამართლებრივი დაცვა დამრღვევებისგან ე. ი. ვინც ცდილობს გამოიყენოს ან ბოროტად ისარგებლოს საკუთრებით მესაკუთრის თანხმობის გარეშე; და (3) სხვისთვის გადაცემის (გაყიდვის ან ჩუქების) უფლება.
კერძო მესაკუთრეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, თუ როგორ გამოიყენებენ მათ საკუთრებას, მაგრამ ისინი პასუხს აგებენ საკუთარ ქმედებებზე. ადამიანები, რომლებიც თავის საკუთრებით სარგებლობისას არღვევენ სხვის საკუთრების უფლებებს, ექვემდებარებიან იმავე სამართლებრივ ძალებს, რომელიც მათ საკუთრებას იცავს. მაგალითად, კერძო საკუთრების უფლებები მიკრძალავს თქვენი ავტომობილის საქარე მინას ურო ვესროლო, რადგან ამით მე ავტომობილზე თქვენს საკუთრების უფლებას დავარღვევ. ავტომობილზე თქვენი საკუთრების უფლება მიზღუდავს მე და ნებისმიერ სხვას თქვენი ნებართვის გარეშე მის გამოყენებას (ან ბოროტად სარგებლობას). მსგავსად, ჩემი საკუთრების უფლება უროზე და სხვა საკუთრებაზე გიზღუდავთ თქვენ და ნებისმიერ სხვას მის ნებართვის გარეშე გამოყენებას.
კერძო საკუთრების მნიშვნელოვანი თვისებაა მისგან მომდინარე სტიმულები. არსებობს ოთხი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას და წინსვლას მკაფიოდ განსაზღვრული კერძო საკუთრების უფლებების თანმხლები სტიმულები.
პირველი, კერძო საკუთრება ადამიანებს ძლიერ მოტივაციას უქმნის მოუარონ და იზრუნონ მათ საკუთრებაში არსებულ ნივთებზე. თუ კერძო მესაკუთრე ვერ მოუვლის მის საკუთრებას ან მის ბოროტად გამოყენებას ან დაზიანებას დაუშვებს, იგი დადგება უარყოფითი შედეგის წინაშე, რაც საკუთრების ღირებულების შემცირებას გულისხმობს. მაგალითად, თუ თქვენ ავტომობილს ფლობთ, ეს გაძლევთ სტიმულს, რომ შეცვალოთ ზეთი, რეგულარულად შეამოწმოთ ავტომობილი და იზრუნოთ სალონზე. რატომ ხდება ასე? თუ არ იზრუნებთ ამაზე, ავტომობილის ღირებულება თქვენთვის და პოტენციური მომავალი მფლობელებისთვის შემცირდება. თუ ავტომობილი გამართულია, მას მეტი ფასი ექნება თქვენთვის და სხვებისთვის, ვინც შეიძლება თქვენგან იყიდოს ის. მესაკუთრისთვის, საბაზრო ფასი ამართლებს ასეთ გულმოდგინებას. კარგი მოვლა ფასდება, ხოლო ცუდი ჯარიმდება აქტივის ღირებულების შემცირებით.
შედარებისთვის, როდესაც საკუთრებას სხვა ფლობს (მაგ. მთავრობა ან ადამიანების დიდი ჯგუფი - სოციალისტურ ეკონომიკებში ამას „ხალხის მიერ ფლობა“ ერქვა), მცირდება თითოეული მომხმარებლის სტიმული იზრუნოს მასზე. მაგალითად, თუ საცხოვრებელი სახელმწიფოს ეკუთვნის, ადამიანს ან მესაკუთრეთა მცირე ჯგუფს არ გააჩნია ფინანსური მოტივი იზრუნოს მასზე, რადგან ისინი არ გაწევენ საკუთრების ღირებულების შემცირების ხარჯებს და არც მისი გაუმჯობესებით ისარგებლებენ. სწორად ამიტომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებლები, კერძო სახლებთან შედარებით ხშირად ცუდად მოვლილი და უვარგისია. ეს ასეა, როგორც კაპიტალისტურ ქვეყნებში, სადაც ბაზარი საზღვრავს ფასს, ისე სოციალისტურ ქვეყნებში, სადაც ასე არ ხდება. დაუდევრობა ზრუნვის, მოვლისა და შეკეთებისას იმ სუსტ სტიმულებზე მეტყველებს, რომელიც თან ახლავს სახელმწიფო საკუთრებას, კერძო საკუთრებაში არსებული სხვა აქტივების მოქმედი ბაზრების პირობებშიც კი. საბჭოთა პერიოდში გავრცელებული გამონათქვამი ამ პრობლემას კარგად ასახავდა: „ის, რაც ყველასია, არავისია“.
თავად კერძო საკუთრების არარსებობა იმდენად არ იწვევს პრობლემებს, რამდენადაც განსხვავებული ინტერესები საკუთრების მომხმარებლებსა და იმ ჯგუფსა თუ ინდივიდს შორის, რომელიც ბოროტად გამოყენების ხარჯებს ფარავს. იგივე პრობლემა დგას საიჯარო ბაზარზე, სადაც კერძო მფლობელი განსხვავდება მომხმარებლისგან. სწორედ ამიტომ, საიჯარო ხელშეკრულებებში ხშირად მოცემულია ვრცელი პირობების ჩამონათვალი იმაზე, თუ როგორ შეიძლება და არ შეიძლება საკუთრების გამოყენება. აღმოსავლეთ ევროპაში გარდამავალ პერიოდამდე ხშირად შეხვდებოდით გაფუჭებულ ლიფტებს, გადამწვარ ნათურებსა და ბინძურ კიბეებს, დიდებულად მოწესრიგებულ ბინებში შესვლამდე, რადგან ხალხი ზრუნავდა საკუთარ საცხოვრებელზე, მაგრამ არა საერთო ფართზე. გარდამავალ ეტაპზე, მთავარი საკითხი საცხოვრებელი სახლების საკუთრების უფლების მინიჭება გახდა. აშკარა იყო, რომ კორპუსები კერძო საკუთრება უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვისი საკუთრება? ბოლო წლებში აშენებული სახლებისა და ბინებისთვის პასუხი მარტივი იყო - მაცხოვრებლებისთვის დაბალ ფასად მიყიდვა ან გადაცემა. მაგრამ სხვა საქმე იყო ძველი შენობები, რომლებიც კომუნისტებმა ხელისუფლებაში მოსვლისას ჩამოართვეს მფლობელებს. საკუთრება უნდა გადაცემოდათ მათ, ვინც ამჟამად ცხოვრობდა სახლში, თუ მათ (ან მათ მემკვიდრეებს), ვისაც ეს საკუთრება „მოპარეს"? ჩეხებმა გადაწყვიტეს საკუთრების ძველი მფლობელებისთვის დაბრუნება (რესტიტუცია), თუმცა არსებულ მაცხოვრებლებს მიეცათ დარჩენის საშუალება, რაც საიჯარო გადასახადის კონტროლს ექვემდებარებოდა. ეს მიდგომა რამდენიმე აშკარა პრობლემას უკავშირდებოდა, რადგან მფლობელები ვერ იღებდნენ საკუთრების მოვლისთვის საჭირო შემოსავლებს და ამასთან არ შეეძლოთ მის საბაზრო ფასად გაყიდვა.
მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, რასაც მოგვიანებით განვიხილავთ, დაზღვევა ასევე ქმნის „არასწორად გამოყენების" სტიმულს. ამ ცნებას მორალური საფრთხე ეწოდება, როდესაც ადამიანმა, რომელიც წყვეტს, თუ როგორ გამოიყენოს აქტივი იცის, რომ სხვა გადაიხდის უარყოფითი შედეგის ხარჯებს. მძღოლები, რომლებმაც იციან, რომ სადაზღვევო კომპანია ავტომობილის მოპარვის ხარჯებს აანაზღაურებს, ნაკლებ სიფრთხილეს იჩენენ გაჩერების ადგილის შერჩევისას ან ავიწყდებათ მანქანის ჩაკეტვა. მოთხილამურეები ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე ნაკლებად გარისკავენ სახიფათო ფერდობებზე სრიალს.
მეორე, კერძო საკუთრება უბიძგებს ადამიანებს ისე გამოიყენონ და განავითარონ მათი საკუთრება, რომ ის სხვებისთვისაც ღირებული ხდება. თუ ისინი ისე ისარგებლებენ და განავითარებენ საკუთრებას, რომ იგი სხვებისთვისაც მიმზიდველი გახდეს, საკუთრების საბაზრო ღირებულება გაიზრდება. განსხვავებით, სხვებისთვის ნაკლებ მოსაწონი ცვლილებები, განსაკუთრებით თუ საქმე კლიენტებს ან პოტენციურ მომავალ მყიდველებს ეხებათ, ამცირებს საკუთრების ღირებულებას.
კერძო საკუთრება ასევე მოქმედებს პიროვნულ განვითარებაზე. როდესაც ადამიანებს შეუძლიათ მათი შრომის ნაყოფის შენარჩუნება, მათ ძლიერი სტიმული ამოძრავებთ გააუმჯობესონ საკუთარი უნარები, უფრო გულმოდგინეთ და ჭკვიანურად იმუშაონ. ასეთი ქცევა მათ შემოსავალს გაზრდის. რატომ არიან მზად უნივერსიტეტის სტუდენტები იმეცადინონ მრავალი საათი და უმაღლესი განათლების ხარჯები დაფარონ? პასუხი შრომითი მომსახურების კერძო საკუთრებაა. რადგან ისინი საკუთარ შრომაზე საკუთრების უფლებას ფლობენ, შესაბამისად მათი მომავალი შემოსავლები უფრო მაღალი იქნება ცოდნისა და უნარების შეძენის შემთხვევაში, რადგან სხვებისთვის ისინი უფრო ღირებულნი იქნებიან.
მსგავსად, კერძო საკუთრება მიწის, შენობებისა და სხვა ფიზიკური აქტივების მფლობელებს აძლევს მისი სარგებლობის, დაცვისა და განვითარების სტიმულს, ისე რომ აქტივები სხვებისთვისაც სასარგებლო ხდება. ამასთან, ვინც ამას ვერ შეძლებს მოუწევს აქტივების გაუფასურების ხარჯები იტვირთოს. განვიხილოთ საბინადრო კომპლექსის მესაკუთრე, რომელსაც არ აღელვებს მანქანის გასაჩერებელი ადგილების, მოსახერხებელი სამრეცხაოს, სავარჯიშო დარბაზის ან მიმზიდველი გაზონისა და საცურაო აუზის არსებობა კომპლექსის ტერიტორიაზე. თუ მომხმარებლები ჩამოთვლილს სათანადოდ აფასებენ (მათი წარმოების ხარჯებთან შედარებით) ბინის მეპატრონეს ძლიერი სტიმული ექნება უზრუნველყოს ეს ყველაფერი. რატომ? მომხმარებლები მზად იქნებიან უფრო მაღალი იჯარა გადაიხადონ ისეთ ბინებში, რომელსაც კეთილმოწყობილი საშუალებები ექნება. შესაბამისად, ბინის მესაკუთრე, რომელიც მსგავს სიკეთეებს უზრუნველყოფს შეძლებს მისი კლიენტების კეთილდღეობა გააუმჯობესოს და საკუთარი შემოსავლებიც გაზარდოს (ისევე როგორც საბინაო კომპლექსის საბაზრო ღირებულება). შედარებისთვის, ბინის მესაკუთრეები, რომლებიც დაჟინებით უგულებელყოფენ კლიენტების სურვილებს, ნახავენ, რომ მათი შემოსავალები და კაპიტალის (მათი ბინების) ღირებულება შემცირდება.
საინტერესოა, რომ კერძო საკუთრება პროდუქტიულობაზე გავლენას სოციალისტურ ქვეყნებშიც კი ახდენს. საბჭოთა კავშირში სოფლის მეურნეობა ამის თვალსაჩინო მაგალითია. კომუნისტური რეჟიმის პირობებში, ოჯახებს უფლება ჰქონდათ შეენარჩუნებინათ ან გაეყიდათ მათ მიერ წარმოებული საქონელი მცირე კერძო ნაკვეთებზე, რომელთა ზომა ნახევარ ჰექტარზე ნაკლები იყო. ეს კერძო ნაკვეთები მთლიანი დამუშავებული მიწის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენდა; დანარჩენი 98 პროცენტი უზარმაზარი, კოლექტიურ საკუთრებაში არსებული მეურნეობები იყო, სადაც მიწა და გამოშვება სახელმწიფოს ეკუთვნოდა. საბჭოთა პრესის ცნობით, საბჭოთა სოფლის მეურნეობის გამოშვების მთლიანი ღირებულების დაახლოებით ერთი მეოთხედი კერძო მეურნეობის მცირე ნაწილზე მოდიოდა. ეს მიუთითებს, რომ კერძო ნაკვეთებზე გამოშვება ერთ ჰექტარზე დაახლოებით თექვსმეტჯერ აღემატებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მეურნეობებისას.
სახელმწიფოს საკუთრებიდან კერძო საკუთრებაზე ასეთი მოკრძალებული გადასვლაც კი შთამბეჭდავ შედეგებს იწვევს. 1978 წელს ჩინეთის კომუნისტურმა მთავრობამ დაიწყო დე ფაქტო პოლიტიკა, რომლითაც ფერმერებს კოლმეურნეობებში განსაზღვრულ კვოტაზე მეტი ოდენობით მოყვანილი ბრინჯის შენარჩუნება შეეძლოთ სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაცვლად. შედეგად პროდუქტიულობა მყისიერად გაიზარდა, რადგან ფერმერებს ეფექტიანი წარმოების სტიმული ჰქონდათ. კვოტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფერმერებს ნებადართული ჰქონდათ შეენარჩუნებინათ მათ მიერ წარმოებული დამატებითი პროდუქცია. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობა უგულებელყოფდა ოფიციალურ პოლიტიკას ამგვარი „პრივატიზაციის“ სასარგებლოდ, ეს პრაქტიკა ელვისებურად გავრცელდა, გამოიწვია სოფლის მეურნეობის პროდუქციის სწრაფი ზრდა, ხოლო ფერმერებს ეკონომიკის არასასოფლო სექტორებში გადასვლის საშუალება მისცა.(21)
მესამე, კერძო საკუთრება მფლობელებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს მათი ქონების გამოყენების შედეგად სხვებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. სასამართლოები აღიარებენ და აღასრულებენ საკუთრების უფლებით მინიჭებულ უფლებამოსილებას, მაგრამ ისინი ასევე აღასრულებენ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ უფლებამოსილებას თან ახლავს. კერძო საკუთრება კონტროლს პასუხისმგებლობასთან აკავშირებს. მფლობელებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ ზუსტად იმიტომ, რომ მათ კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა აქვთ. თავის მხრივ, ეს ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფს ძლიერ სტიმულს, გამოიყენონ თავიანთი საკუთრება პასუხისმგებლობით და მიიღონ ზომები სხვებისთვის ზიანის მიყენების ალბათობის შესამცირებლად.
განვიხილოთ შემდეგი მაგალითები. ხმელი ხის პატრონს აქვს ხის მანამდე მოჭრის სტიმული, სანამ იგი მეზობლის სახლს დაეცემა. ძაღლის პატრონებს აქვთ ძაღლის დაბმის ან ალიკაპის გაკეთების სტიმული, თუ იმის დიდი ალბათობაა, რომ მათ სხვებს უკბინონ. ავტომობილის მფლობელს უფლება აქვს მართოს ავტომობილი, მაგრამ პასუხს აგებს იმ შემთხვევაში, თუ მუხრუჭების გაუმართაობის გამო იგი ზიანს მიაყენებს სხვის ქონებას. ანალოგიურად, ქიმიური კომპანია აკონტროლებს მის პროდუქტებს, მაგრამ ზუსტად ამავე მიზეზით, იგი სამართლებრივად პასუხისმგებელია ზიანის ანაზღაურებაზე, ქიმიკატების არასწორად მოხმარებისთვის.
მეოთხე, კერძო საკუთრება ხელს უწყობს რესურსების მომავლისთვის შენარჩუნებას, ისევე როგორც გონივრულ განვითარებას. რესურსის გამოყენებამ შეიძლება შემოსავალი წარმოქმნას, რაც ასახავს ამჟამინდელი მომხმარებლების სურვილებს, რომელთაც სჭირდებათ ის, რასაც ეს რესურსი უზრუნველყოფს. მაგრამ საკუთრების უფლების წყალობით მომავალ მომხმარებლებსაც აქვთ ხმა. რესურსის, დავუშვათ, სატყეო ნაკვეთის ან პატარა ტყის მფლობელი გადაწყვეტილების წინაშე დგას ხეების მოსავალი ახლა აიღოს თუ მოგვიანებით. მოგვიანებით ხე-ტყის მასალა უფრო ღირებული იქნება? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ზრდასრული ხეების მოსალოდნელი ღირებულება უფრო მეტი იქნება დღეს მოჭრილ ხეებთან შედარებით? გადააჭარბებს, თუ არა ხეების ახლა მოჭრიდან მიღებული ღირებულება მათი შენარჩუნების და სამომავლო გამოყენებისთვის დაცვის ხარჯებს? თუ ასეა, მესაკუთრეს აქვს ტყის შენარჩუნების სტიმული ანუ იგი თავს არიდებს რესურსის ახლა გამოყენებას, რათა უზრუნველყოს მისი ხელმისაწვდომობა ღირებულების გაზრდის მომენტისთვის.
კერძო მესაკუთრეები იგებენ შენარჩუნებით, როდესაც მოხმარებული რესურსის მომავალი ღირებულება აღემატება მის ამჟამინდელ ღირებულებას. ეს მართალია, მაშინაც კი, თუ ამჟამინდელი მფლობელი ფიზიკურად ვერ ისარგებლებს წარმოქმნილი სარგებლით. დავუშვათ, რომ სამოცდახუთი წლის მეტყევე რგავს დუგლასის სოჭს, რომელსაც ჩვეულებრივ ორმოცდაათი წელი სჭირდება მოსავლის ოპტიმალური დონის მისაღწევად. რამდენად აქვს მოხუც მეტყევეს ხეების შენარჩუნების სტიმული მომავალში მოხმარებისთვის? კერძო საკუთრების უფლებით პასუხი აშკარად დადებითია. თუ ხეების ზრდა მომავალი შემოსავლის ზრდის წყაროა, ისევე როგორც ალტერნატიული ინვესტიციები, ფერმერი იგებს ხეების სამომავლოდ შენარჩუნებით. კერძო საკუთრების პირობებში, ფერმერის მიწის საბაზრო ღირებულება გაიზრდება ხეების ზრდასთან და მოსალოდნელი მოსავლის დღის მოახლოებასთან ერთად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხეები მეპატრონის ცხოვრებაში არ მოიჭრება, მას ყოველთვის ექნება შესაძლებლობა ღირებულების ზრდის ხარჯზე მომგებიანად გაყიდოს ხეები (მიწით ან მის გარეშე).
საუკუნეების განმავლობაში პესიმისტები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებს ხეები, მნიშვნელოვანი მინერალები ან ენერგიის სხვადასხვა წყაროები მალე გამოგველევა. ისევ და ისევ ისინი ცდებოდნენ, რადგან მათ უგულებელყვეს კერძო საკუთრების როლი. ასეთ აპოკალიპტურ პროგნოზებზე დაფიქრებით ბევრის სწავლა შეიძლება. მეთექვსმეტე საუკუნის ინგლისში წარმოიშვა შიში, რომ მალე ამოიწურებოდა ხე-ტყის მარაგი, რომელიც გათბობისთვის ფართოდ გამოიყენებოდა. ხე-ტყის მასალაზე მომატებულმა ფასებმა, მისი კონსერვაცია წაახალისა და ხელი შეუწყო ნახშირის აღმოჩენასა და უკეთეს მოხმარებაში ინვესტირებას. ხე-ტყის კრიზისი მალევე გაქრა.
მაშინაც კი თუ კონკრეტული რესურსი არ არის ვინმეს საკუთრება, სხვა კერძო საკუთრებაში არსებული რესურსების ბაზარი ხშირად პრობლემებს გადაჭრის. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში, შეერთებულ შტატებში საშინელი პროგნოზები კეთდებოდა, რომ ვეშაპის ქონის მარაგები, რომელიც იმ დროს ხელოვნური განათების ძირითად საწვავს წარმოადგენდა, სადაცაა ამოიწურებოდა. ვეშაპები არავის საკუთრება იყო და მათზე ღია ზღვებში ჭარბად ნადირობდნენ. თუ ერთი ვეშაპებზე მონადირე მარცხს განიცდიდა, წარმოიქმნებოდა შესაძლებლობა, რომ უახლოეს მომავალში ვინმე სხვა შეძლებდა ამას. ვეშაპის ქონის ფასები გაიზარდა, კერძო საკუთრების უფლებების არ არსებობიდან გამომდინარე არ არსებობდა ვეშაპის სამომავლოდ შენახვის სტიმული. არავინ ზღუდავდა ვეშაპებზე ნადირობას მიუხედავად იმისა, რომ ვეშაპების პოპულაცია მკვეთრად იკლებდა.
მიუხედავად ამისა, ვეშაპის ქონზე მაღალმა ფასებმა გააძლიერა შემცვლელი ენერგიის წყაროების აღმოჩენისა და განვითარების სტიმული. თუ მეწარმეები შეძლებდნენ უფრო იაფი ენერგიის წყაროს განვითარებას, ისინი მნიშვნელოვან შემოსავალს მიიღებდნენ. დროთა განმავლობაში, ამან გამოიწვია ნავთობპროდუქტების კომერციულად მომგებიანი წყაროების აღმოჩენა, შედარებით იაფი ნავთის განვითარება, შედეგად კი ვეშაპის ქონზე ფასის ვარდნა, ვეშაპებზე ნაკლები ნადირობა და ამით ვეშაპების ქონის კრიზისის დასრულება.
მოგვიანებით, როდესაც ხალხი ნავთობპროდუქტებზე გადავიდა, გაჩნდა პროგნოზები, რომ ეს რესურსიც ამოიწურებოდა. 1914 წელს სამთომოპოვების ბიუროს ცნობით, აშშ-ში ნავთობის მთლიანი მარაგი ექვს მილიარდ ბარელზე ნაკლები იყო, რასაც ახლა შეერთებული შტატები ყოველ ორმოც თვეში ერთხელ აწარმოებს. 1926 წელს ნავთობის კონსერვაციის ფედერალურმა საბჭომ დაადგინა, რომ აშშ-ს ნავთობის მხოლოდ შვიდი წლის სამყოფი მარაგი ჰქონდა. მოგვიანებით, 1970-იან წლებში საკმაოდ გავლენიანმა რომის კლუბმა დააფინანსა კვლევა, სადაც მსგავსი პროგნოზები გაკეთდა მსოფლიოსთვის.
კერძო საკუთრებიდან მომდინარე მოტივაციის სტრუქტურის გაგება აადვილებს იმის დანახვას, თუ რატომ არ ახდა რესურსების ამოწურვის აპოკალიფტური პროგნოზები. კერძო საკუთრებაში არსებული რესურსების სიმწირის ზრდასთან ერთად, ასევე მატულობს მისი ფასიც. ფასის ზრდა მომხმარებლებს, მწარმოებლებს, ნოვატორებსა და ინჟინრებს აძლევს სტიმულს (1) დაზოგონ რესურსის პირდაპირი მოხმარება (მაგ. შუქის ჩაქრობა, როცა ოთახში არავინაა ან სვიტერის ჩაცმა გათბობის ჩართვის ნაცვლად, ავტომობილების და დანადგარების დახვეწა მომხმარებლებისა და მწარმოებლებისთვის); (2) უფრო გულმოდგინედ ეძებონ შემცვლელები (როგორიცაა ავტობუსები ავტომობილების ნაცვლად ან ქარის, წყლის ან ატომური ენერგია ნავთობის ნაცვლად); და (3) შეიმუშაონ დიდი რაოდენობით რესურსის აღმოჩენისა და მოპოვების ახალი მეთოდები (როგორიცაა ჰორიზონტალური ბურღვა და ფენების ჰიდრავლიკური გარღვევა). დღესდღეობით ამ ძალებმა განკითხვის დღე კიდევ უფრო გადაავადეს და ჩვენ გვაქვს ყველა მიზეზი ვირწმუნოთ, რომ კვლავაც ასე მოხდება კერძო საკუთრებაში არსებული რესურსების შემთხვევაში. თუ ამ განსხვავების ცხადად დანახვა გსურთ, განვიხილოთ განსხვავება ძროხასა და ამერიკულ კამეჩს შორის. ზომითა და ხორცის ღირებულებით ამაზე უფრო მსგავს ორ ცხოველს ვერ შეხვდებით. და მაინც საერთო საკუთრებაში მყოფ კამეჩებზე ნადირობამ თითქმის გადაშენებამდე მიიყვანა ისინი და წარმოშვა დეფიციტი, რასაც ვერავინ იტყვის კერძო საკუთრებაში მყოფ ძროხებზე.(22)
სამართლებრივი სისტემა, რომელიც საკუთრების უფლებებს იცავს და კონტრაქტებს მიუკერძოებლად აღასრულებს, წარმოადგენს საფუძველს ვაჭრობით მიღებული მოგების, კაპიტალის ფორმირებისა და რესურსების განვითარებისთვის, რაც ეკონომიკური ზრდის წყაროა. და პირიქით დაუცველი საკუთრების უფლებები, ხელშეკრულებების საეჭვო აღსრულება და სამართლებრივი ფავორიტიზმი ძირს უთხრის როგორც ინვესტიციებს, ასევე რესურსების პროდუქტიულ გამოყენებას.
ისტორიის განმავლობაში ადამიანებმა გამოსცადეს საკუთრების სხვა ფორმები, როგორიცაა ფართომასშტაბიანი კოოპერატივები, სოციალიზმი და კომუნიზმი. მკაცრი კულტურული ჰარმონიის მქონე პატარა სოფელზე მეტ მასშტაბებში ეს მცდელობები წარუმატებელიდან კატასტროფულამდე შედეგების მომტანი იყო. დღეისათვის ჩვენ არ ვიცით რაიმე ინსტიტუციური მოწყობა, რომელიც ინდივიდებს ისეთივე თავისუფლებასა და სტიმულს აძლევს, ემსახურონ სხვებს რესურსების პროდუქტიულად და ეფექტიანად გამოყენებით, როგორც კერძო საკუთრება კანონის უზენაესობის ფარგლებში.
„კანონის უზენაესობაზე“ აპელირება კრიტიკული მნიშვნელობისაა. საკუთრების უფლებები ვერ იქნება შეუზღუდავი. საზოგადოებები აწესებენ წესებს („იმოძრავეთ გზის მარჯვენა მხარეს“ ან „იქონიათ სახანძრო სიგნალიზაცია სახლში“), რათა ერთი პირის მიერ უფლებების განმტკიცებამ სხვებს არ მიაყენოს ზიანი. ნობელის პრემიის ლაურეატმა ეკონომისტმა რონალდ კოუზმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბაზრებს შეუძლიათ მიაღწიონ იგივე შედეგს, მაგრამ როდესაც ეს ბევრ ადამიანზე მოქმედებს, საზოგადოებრივი წესები ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს.
ელემენტი 2.2: კონკურენტული ბაზრები
კონკურენცია რესურსების ეფექტიან გამოყენებას უწყობს ხელს და წარმოადგენს ინოვაციების სტიმულს.

კონკურენცია სამრეწველო ეფექტიანობის უწყვეტი გაუმჯობესების ხელშემწყობი ფაქტორია. იგი მწარმოებლებს უბიძგებს შეამცირონ საწარმოო დანახარჯები და შეკვეცონ ხარჯები, რათა კონკურენტებზე დაბალ ფასად გაყიდონ პროდუქცია. იგი გაცხრილავს მათ, ვისაც მაღალი დანახარჯები აქვს და შესაბამისად წარმოებას მათ ხელში მოაქცევს, ვინც დაბალი დანახარჯებით აწარმოებს.(23)
კონკურენციას ადგილი აქვს, როდესაც ბაზარი ღიაა და ალტერნატიულ გამყიდველებს თავისუფლად შეუძლიათ ბაზარზე შემოსვლა. კონკურენცია საბაზრო ეკონომიკის სასიცოცხლო ენერგიის წყაროა. კონკურენტი ფირმები შესაძლოა ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ ან თუნდაც გლობალურ ბაზრებზე ოპერირებდნენ. კონკურენტული პროცესები თითოეულ მათგანს აიძულებს ეფექტიანად იმოქმედოს და მომხმარებელთა არჩევანს მოერგოს. კონკურენცია არაეფექტიან მწარმოებლებს განდევნის. ის ფირმები, რომლებიც ვერ ახერხებენ მომხმარებლებისთვის ხარისხიანი საქონლის მიმზიდველ ფასებში შეთავაზებას, განიცდიან ზარალს და საბოლოოდ კოტრდებიან. წარმატებულ კონკურენტებს უწევთ აჯობონ მოწინააღმდეგე ფირმებს. მათ ამის გაკეთება სხვადასხვა მეთოდებით შეუძლიათ, მათ შორის პროდუქტის ხარისხის, სტილის, მომსახურების, ხელსაყრელი მდებარეობის, რეკლამისა და ფასის საშუალებით, მაგრამ მათ თანმიმდევრულად უნდა შესთავაზონ ფასთან მიმართებით მინიმუმ ისეთივე ღირებულება, როგორსაც კონკურენტები სთავაზობენ.
რა მიზეზით არ უმატებს ფასს, არ ყიდის უხარისხო პროდუქციას ან არ უწევს ცუდ მომსახურებას „მაკდონალდსი“, „კარფური“, „ამაზონი“, „ჯენერალ მოტორსი“ ან ნებისმიერი სხვა კომერციული ფირმა? პასუხი კონკურენციაა. თუ „მაკდონალდსი“ ვერ შეძლებს მიმზიდველ ფასად, ღიმილით შესთავაზოს გემრიელი სენდვიჩი მომხმარებელს, ხალხი „ბურგერ კინგ“-ს, „ვენდის“-ს, „საბვეი“-ს, „ტაკო ბელ“-სა და სხვა კონკურენტებს მიუბრუნდება. უმსხვილესი ფირმებიც კი წააგებენ მცირე სტარტაპებთან, თუ ეს უკანასკნელნი შეძლებენ მომხმარებლებს უკეთესი და უფრო იაფი პროდუქცია შესთავაზონ. ისეთი მსხვილი ფირმებიც კი, როგორიცაა „ფიატი“, „ტოიოტა“, „ჯენერალ მოტორსი“ და „ფორდი“ დაკარგავენ კლიენტებს „ჰონდა“-ს, „ჰიუნდაი“-ს, „ფოლცვაგენ“-ის და სხვა ავტომწარმოებლების სასარგებლოდ, სულ მცირედითაც რომ ჩამორჩნენ კონკურენტულ ფასად სასურველი ავტომობილის მიწოდებაში.
კონკურენცია ფირმებს ძლიერ სტიმულს აძლევს განავითარონ უკეთესი პროდუქტები და აღმოაჩინონ წარმოების დაბალხარჯიანი მეთოდები. რადგან ტექნოლოგიები და ფასები მუდმივად იცვლება, არავინ იცის ზუსტად, თუ რა პროდუქტი გახდება მომხმარებლებისთვის სასურველი ან წარმოების რომელი ტექნიკა შეამცირებს მაქსიმალურად ერთეულზე დანახარჯებს. კონკურენცია პასუხის პოვნაში გვეხმარება. საცალო ვაჭრობაში სოციალური ქსელების საშუალებით მარკეტინგი უდიდესი მოფიქრებაა სავაჭრო ცენტრების შემდეგ? თუ ეს მორიგი ოცნებაა, რომელიც საბოლოოდ კვამლივით გაიფანტება? პასუხს კონკურენცია გასცემს, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე განსხვავებული იქნება და დროთა განმავლობაში შეიცვლება.
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეწარმეებს თავისუფლად შეუძლიათ ინოვაციების დანერგვა. მათ მხოლოდ ინვესტორების (საკუთარი თავის ჩათვლით) მხარდაჭერა სჭირდებათ, რომლებიც მზად არიან დააბანდონ შესაბამისი სახსრები. ამისთვის მათ ცენტრალური ხელისუფლების, საკანონმდებლო უმრავლესობის ან ბიზნეს კონკურენტების ნებართვა არ სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, კონკურენცია მეწარმეებსა და მათ მხარდამჭერ ინვესტორებს მკაცრ პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან მათმა იდეებმა რეალურ სამყაროში, სადაც ყველაფერს მომხმარებლები წყვეტენ, გამოცდას უნდა გაუძლოს. თუ მომხმარებლები ინოვაციას იმდენად აფასებენ, რომ უღირთ მისი ხარჯების დაფარვა, ახალი ბიზნესი მოგებას ნახავს და წარმატებით განვითარდება. მაგრამ თუ მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტი მის ფასზე ნაკლები ღირებულების იქნება, ბიზნესი იზარალებს და წარუმატებელი იქნება. მომხმარებლები ბიზნესის სფეროში ინოვაციებისა და საწარმოო ეფექტურობის შესახებ განსჯისას უზენაესი მოსამართლისა და ნაფიც მსაჯულთა როლს ასრულებენ.
ახალი პროდუქტის წარმოდგენისას ისინი, როგორც წესი ფასისა და ხარისხის პროგნოზირებად ურთიერთკავშირს აფასებენ. თავდაპირველად, ახალი პროდუქტი როგორც წესი ძვირადღირებულია და მას ფარდობითად მცირე რაოდენობის, უმეტესად მაღალი შემოსავლების მქონე მომხმარებელი იძენს. ეს მომხმარებლები საკმაოდ მაღალ ფასს იხდიან, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა პირველებმა ისარგებლონ ახალი პროდუქტით, რადგან ადრეულ ეტაპზე, როგორც წესი, პროდუქტის ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე მოგვიანებით, როდესაც მწარმოებლები გამოცდილებას შეიძენენ, ხოლო ფასები, წარმოების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, მაღალი იქნება. ეს პირველი მყიდველები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ: ისინი უზრუნველყოფენ პროდუქტის საწყისი ხარჯების დაფარვას და შესაძლებლობას აძლევენ მეწარმეებს შეიძინონ გამოცდილება, რომელიც მათ მომავალში ხარისხის გაუმჯობესებასა და ერთეული საწარმოო ხარჯების შემცირებაში დაეხმარება. ამასთან, საბაზრო სტიმულები უბიძგებს მათ ამისაკენ. დროთა განმავლობაში მეწარმეები პოულობენ პროდუქტის ხელსაყრელ ფასად შეთავაზების გზებს და უფრო და უფრო მეტი მომხმარებლისთვის ხდიან მას ხელმისაწვდომს.
მობილური ტელეფონები თვალსაჩინოდ ასახავს ფასისა და ხარისხის ამ სქემას. როდესაც თავდაპირველად 1980-იანი წლების ბოლოს, მობილური ტელეფონები ბაზარზე შემოვიდა, ისინი დაახლოებით 4000 დოლარი ღირდა, აგურის ზომის იყო და სატელეფონო ზარების გარდა სხვა ფუნქცია არ ჰქონდა. დროთა განმავლობაში, მათი ზომა შემცირდა, ინფორმაციის დამუშავების სიმძლავრე და ფუნქციები გაიზარდა, ხოლო ფასი დავარდა. დღეს, მათი შეძენა საწყის ფასთან შედარებით ბევრად უფრო იაფადაა შესაძლებელი, ხოლო ყველა ტიპის მომხმარებელთა უმრავლესობა მას აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევს.
მრავალმა პროდუქტმა მსგავსი გზა გამოიარა, მათ შორის ავტომობილები, ტელევიზორები, კონდიციონერები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, მიკროტალღური ღუმელები და პერსონალური კომპიუტერები. თავდაპირველად ბაზარზე შემოტანისას ყველა მათგანი ძვირადღირებული იყო, მაგრამ მეწარმეებმა მიაკვლიეს ეკონომიური წარმოების და ხარისხის გაუმჯობესებისა გზებს, რის მეშვეობითაც მომხმარებელთა უმეტესი ნაწილისთვის პროდუქტი ხელმისაწვდომი გახადეს. როდესაც მეწარმეებისა და კონკურენტული პროცესების როლზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ფასისა და ხარისხის ურთიერთკავშირის სქემა.
თუ მწარმოებლებს კონკურენტულ გარემოში გადარჩენა სურთ, ისინი ვერ იქნებიან თვითკმაყოფილნი. თანამედროვეობის წარმატებულმა პროდუქტმა შეიძლება ვერ ჩააბაროს ხვალინდელი დღის კონკურენციის გამოცდა. კონკურენტულ ბაზარზე წარმატების მიღწევისთვის, მეწარმეებს კარგად უნდა გამოსდიოდეთ ახალი, გაუმჯობესებული იდეების პროგნოზირება, გამოვლენა და სწრაფი ათვისება.
კონკურენციის წყალობით სწრაფად ხდება ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურისა და კომპანიის ზომის გამოვლენა, რომელიც ერთეულის წარმოების ან მომსახურების ფასის მაქსიმალურად შემცირების საშუალებას იძლევა. სხვა ეკონომიკური სისტემებისგან განსხვავებით, საბაზრო ეკონომიკა არ აწესებს, თუ რომელ კომპანიებს შეუძლიათ ერთმანეთისთვის კონკურენციის გაწევა. დაშვებულია ბიზნესის ორგანიზების ნებისმიერი ფორმა. ბაზარზე თავისუფლად შეუძლიათ შესვლა ინდ. მეწარმეებს, პარტნიორობებს, კორპორაციებს, თანამშრომელთა საკუთრებაში არსებულ კომპანიებს, სამომხმარებლო კოოპერატივებს, სათემო ბიზნეს ორგანიზაციებს ან ნებისმიერი სხვა ფორმის ბიზნესს. წარმატებისთვის მან მხოლოდ ერთი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს: ხარჯ-ეფექტურობა. თუ მეწარმე სუბიექტი, იქნება ეს კორპორაცია თუ თანამშრომელთა საკუთრებაში არსებული კომპანია, ხარისხიან პროდუქტს მიმზიდველ ფასებში აწარმოებს, იგი მოგებას ნახავს და წარმატებას მიაღწევს. მაგრამ თუ მისი ორგანიზაციული სტრუქტურა მაღალხარჯიანია ბიზნესის ორგანიზების სხვა ფორმებთან შედარებით, რომლებიც მსგავსი ხარისხის პროდუქტს აწარმოებენ, კონკურენცია მას ბაზრიდან განდევნის. რა თქმა უნდა, კონკურენცია ასევე უზრუნველყოფს სხვადასხვა ხარისხის პროდუქციის თანაარსებობას, იმ პირობით, რომ არსებობს მომხმარებელი, რომელსაც ურჩევნია ხარისხისა და ფასის განსხვავებული თანაფარდობა. „მერსედეს“-ს შეუძლია ავტომობილების (მაღალ ფასად) გაყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე არსებობს დაბალფასიანი „ფოლკსვაგენი“. მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ გერმანული „ვარტბურგ“-ის მარკის ავტომობილები და რუსული „ჟიგულ“-ის მარკის ავტომობილები ვერ გადარჩებოდნენ საბაზრო ძალებში რაიმე ფორმით ჩარევის გარეშე, რაც გავრცელებული პრაქტიკა იყო კომუნისტურ ქვეყნებში, სადაც საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებიდან იმპორტი იკრძალებოდა ან მაღალი ტარიფებით იბეგრებოდა.
კონკურენტული პროცესები ასევე განსაზღვრავს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ფირმების ზომას. ზოგიერთ სექტორში, როგორიცაა მაგალითად, თვითმფრინავების და ავტომობილების წარმოება კომპანიებისთვის აუცილებელია მსხვილი ზომა მასშტაბის ეკონომიის უპირატესობით სრულად სარგებლობისთვის. ერთი ავტომობილის წარმოება უკიდურესად ხარჯიანი იქნებოდა, მაგრამ როდესაც მუდმივი დანახარჯები მრავალ ათას ერთეულზე ნაწილდება, ერთი ავტომობილის წარმოების ხარჯები მცირდება. ბუნებრივია, მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ ფორმებს, რომელთაც საქონლის ეკონომიურად წარმოება და დაბალ ფასებში გაყიდვა შეუძლიათ. ასეთ დარგებში, მცირე ფირმები ვერ შეძლებენ ეფექტურ კონკურენციას და მხოლოდ მსხვილი ფირმები გადარჩებიან.
თუმცა სხვა სექტორებში, მცირე ზომის ფირმები, რომლებიც ხშირად ინდივიდუალური მეწარმეების ან პარტნიორობების სახითაა წარმოდგენილი უფრო ხარჯ-ეფექტური იქნება. როდესაც მომხმარებლები აფასებენ პერსონალიზებულ მომსახურებას და ინდივიდუალიზებულ პროდუქტებს, მცირე ფირმები უფრო მოწინავე პოზიციებს დაიკავებენ, ხოლო მსხვილ ფირმებს გაუჭირდებათ კონკურენციის გაწევა. ეს უფრო მიესადაგება იურიდიული და სამედიცინო მომსახურების, გურმანული რესტორნების, სილამაზის სალონებისა და სპეციალიზებული ბეჭდვის ბაზრებს. შესაბამისად, ამ ბაზრებზე, როგორც წესი უპირატესად მცირე ფირმებია წარმოდგენილი.
რამდენად პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, კონკურენციით ნაკარნახები პირადი ინტერესები ეკონომიკური წინსვლის მამოძრავებელი ძალაა. პროდუქტებს, ტექნოლოგიებს, ორგანიზაციულ მეთოდებს და ბიზნეს სუბიექტებს შორის დინამიური კონკურენცია იწვევს არაეფექტიანი კომპანიების გამოდევნას და მუდმივად უკეთესი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების აღმოჩენისა და დანერგვისკენ უბიძგებს. როდესაც ახალი მეთოდები აუმჯობესებს ხარისხს ან/და ამცირებს ხარჯებს, ისინი სწრაფად ვითარდება და ხშირად საქმის წარმოების ძველ მეთოდებს ანაცვლებს.
ისტორიაში მრავლადაა ამის მაგალითები. ავტომობილებმა ჩაანაცვლეს ცხენები და ურიკები. სუპერმარკეტებმა ჩაანაცვლეს საოჯახო სასურსათო მაღაზიები. სწრაფი კვების ქსელებმა, როგორიცაა „მაკდონალდსი“ უმეტესწილად ჩაანაცვლეს ადგილობრივი სასადილოები. „კარფური“, „მეტრო ქეში“ და „ქერი“ სწრაფად იზრდებიან, ხოლო სხვა საცალო მოვაჭრეები სუსტდებიან ან კოტრდებიან კიდეც. დისკ-პლეერები, რომელმაც თავის დროზე კასეტები და მაგნიტოფონები ჩაანაცვლა, MP3-თა და აიპოდით ჩანაცვლდა. პერსონალურმა კომპიუტერებმა საბეჭდი მანქანები, ხოლო სმართფონებმა ნაკლებ მობილური კომპიუტერული მოწყობილობები ჩაანაცვლეს. ასეთი მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება. დიდი ეკონომისტი ჯოზეფ შუმპეტერი ამ დინამიურ კონკურენციას „შემოქმედებით განადგურებას“ უწოდებდა, რომელიც მისი აზრით ეკონომიკური წინსვლის ბირთვს წარმოადგენდა.
კონკურენცია აძლიერებს პიროვნულ ინტერესს და მას ჩვენს სამსახურში აყენებს საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლებით. როგორც ადამ სმიტმა აღნიშნა მის წიგნში „ხალხთა სიმდიდრე“:
არა ყასბის, ლუდის მხდელის ან მეპურის კეთილგანწყობილებისაგან მოველით ჩვენ ჩვენს სადილს, არამედ მათ მიერ მათი საკუთარი ინტერესების დაცვისაგან. ჩვენ მივმართავთ არა მათ ჰუმანობას, არამედ მათ ეგოიზმს, და მათ არასოდეს არ ველაპარაკებით ჩვენს საჭიროებაზე, არამედ მათს სარგებლობაზე.(24)
ერთად აღებული, კერძო საკუთრება და კონკურენტული ბაზრები წარმოადგენს კოოპერაციული ქცევისა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების საფუძველს. კერძო საკუთრების უფლებების მკაფიოდ განსაზღვრისა და აღსრულების პირობებში, მწარმოებლები დგებიან რესურსის გამოყენების ალტერნატიული ხარჯის წინაშე. ამავდროულად, ფასები ღია და კონკურენტულ ბაზრებზე მწარმოებლებს ძლიერ მოტივაციას უქმნის შეინარჩუნონ დაბალი ხარჯები, დააკმაყოფილონ მომხმარებელთა სურვილები და მიაკვლიონ უკეთეს პროდუქტებს და საქმის კეთების უკეთეს გზებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონკურენცია არ ნიშნავს აუცილებლად ყველაფრის ბიზნესის სასარგებლოდ გადაწყვეტას. ფაქტობრივად, ბიზნესებს არ მოსწონთ კონკურენცია და ისინი, როგორც წესი, ლობირებენ მათი დაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას. ისინი ხშირად ისწრაფვიან პოტენციური კონკურენტების ბაზარზე შესვლის ბარიერების აღმართვისკენ. როდესაც ჩვენ გადავალთ რეგულაციებისა და პოლიტიკური პროცესების ანალიზზე, ისევ და ისევ შევხვდებით იმის მაგალითებს, თუ როგორ ცდილობს ბიზნესი ბაზრებზე კონკურენციის შემცირებას. მართლაც, ოლიგარქების პრობლემა, რომლებიც გარკვეული საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე დომინირებენ ფართოდ გავრცელებულია პოსტკომუნისტურ ეკონომიკებში.
ელემენტი 2.3: გონივრული და შეზღუდული რეგულაცია
მარეგულირებელი პოლიტიკა, რომელიც ამცირებს გაცვლას და ზღუდავს კონკურენციას აფერხებს ეკონომიკურ პროგრესს.
როგორც უკვე აღინიშნა, კონკურენტული ბაზრებით მართული ვაჭრობიდან მიღებული მოგება ხელს უწყობს ეკონომიკურ პროგრესს და სოციალურ თანამშრომლობას. ბიზნესების მიერ მხარდაჭერილი სამთავრობო რეგულაციები სავაჭრო ბარიერების და ბაზარზე შესვლის შეზღუდვის მნიშვნელოვანი წყაროა. რეგულაციები ძირითადად სამი გზით ზღუდავს გაცვლას და ბაზრების კონკურენტუნარიანობას.
პირველი, რეგულაციები ხშირად ზღუდავს ბაზარზე შესვლას. მრავალ ქვეყანაში არსებობს რეგულაციები, რომლებიც ართულებს ბაზარზე შესვლას და სხვადასხვა ბიზნესში თუ საქმიანობაში კონკურენციის გაწევას. ასეთ ქვეყნებში ბიზნესის დაწყების ან მომსახურების მიწოდებისთვის საჭიროა ლიცენზიის მიღება, დოკუმენტების შევსება და სხვადასხვა უწყებებიდან ნებართვის მოპოვება, რომლებიც ადასტურებს თქვენს კვალიფიკაციას, საკმარის სახსრებს და სხვა მარეგულირებელი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ზოგიერთმა თანამდებობის პირმა შეიძლება უარი გითხრათ ნებართვაზე, თუ არ გადაუხადეთ ქრთამი ან მათ პოლიტიკურ ხაზინაში ხარკი არ გაიღეთ. ხშირად, ფეხზე მყარად მდგარ და პოლიტიკურად გავლენიან ბიზნესებს წარმატებით შეუძლიათ თქვენს მიერ ნებართვის მოპოვებას წინააღმდეგობა გაუწიონ.
ერნანდო დე სოტო მის მამხილებელ წიგნში „კაპიტალის საიდუმლო“ გვამცნობს, რომ 1990-იანი წლების მიწურულს პერუს ქალაქ ლიმაში, დღეში 6 საათით მომუშავე ადამიანთა ჯგუფს 289 დღე დასჭირდა, რათა დაეკმაყოფილებინა ტანსაცმლის მცირე საწარმოს გახსნისთვის აუცილებელი რეგულაციები. (მის ადრეულ წიგნში, „სხვა გზა“ მან გამოაშკარავა, რომ გადახდილი იქნა 10 ქრთამი, რომელთაგან ორი ლეგალურად მუშაობის ნებართვის მოსაპოვებლად იყო აუცილებელი). ეკონომიკური საღი აზრის უბრალო გაგების ძალის მაგალითში მსგავს დაყოვნებებისადმი მიპყრობილი ყურადღებით, ბოლო წლებში ბიზნესის დაწყების ბიუროკრატიული ბარიერები მასიურად შემსუბუქდა, რაც შესაძლოა პროფესორი დე სოტოს ნაშრომისადმი ფართო ყურადღებით იყო განპირობებული. მსოფლიო ბანკის ცნობით ბიზნესის დაფუძნებისთვის საჭირო დროის საშუალო გლობალური მაჩვენებელი 2005 წელს 51 დღიდან 2018 წელს 20 დღემდე შემცირდა. დრო მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქვეყნებში შემოსავლის ყველა დონეზე და მსოფლიოს ყველა რეგიონში, გარდა ჩრდილოეთ ამერიკისა, სადაც ის უცვლელად 3,5 დღის ისედაც მცირე მაჩვენებელზე დარჩა. გასაკვირი არაა, რომ რეიტინგში ბოლო ადგილს ვენესუელა იკავებს, სადაც ბიზნესის დაფუძნებას 230 დღე სჭირდება. პირველ ადგილზე იყო ახალი ზელანდია და საქართველო, სადაც პროცესის დასრულება ნახევარ დღეში შეიძლება.(25) პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ბიზნესის გახსნისთვის საჭირო ყველაზე გრძელი დრო ბოსნია და ჰერცეგოვინაში იყო, რომელიც 80 დღეს უტოლდებოდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა დიდი წინსვლა განიცადეს ბიზნესის გახსნის გამარტივების მხრივ, რასაც რეგიონში საშუალოდ 14 დღე სჭირდება, აღმოსავლეთ აზიის 23 დღიან და ლათინურ ამერიკის 28 დღიან მაჩვენებლებთან შედარებით.
მეორე, რეგულაციები, რომლებიც კანონის უზენაესობასა და ხელშეკრულების თავისუფლებას პოლიტიკური ავტორიტეტით ცვლის, ძირს უთხრის ვაჭრობით მიღებულ სარგებელს. რამდენიმე ქვეყანას ახასიათებს ისეთი კანონების მიღება, რომლებიც პოლიტიკურ ადმინისტრაციას მნიშვნელოვან დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს. მაგალითად, 1980-იან წლებში გუატემალას საბაჟო მოხელეებს შეეძლოთ ტარიფების გაუქმება, თუ ეს მათი აზრით „ეროვნულ ინტერესებს“ ემსახურებოდა. ასეთი კანონმდებლობა სახელმწიფო მოხელეებისთვის ქრთამის აღების ღია მოწოდებაა. ეს ქმნის მარეგულირებელ ბუნდოვანებას და ბიზნესის საქმიანობას უფრო ხარჯიანსა და ნაკლებად მიმზიდველს ხდის, განსაკუთრებით პატიოსანი ადამიანებისთვის. რეგულირების საყოველთაო მხარდაჭერა ხშირად გამომდინარეობს სუფთა გარემოს დამკვიდრების ან მომხმარებლებისთვის არაკეთილსინდისიერი ბიზნეს ოპერატორებისგან დაცვის უზრუნველყოფის სურვილიდან. რეგულაციებმა შეიძლება პოზიტიური როლი შეასრულონ ამ სფეროებში. თუმცა აქაც კანონი უნდა იყოს ზუსტი, ერთმნიშვნელოვანი და არადისკრიმინაციული. სხვა შემთხვევაში ეს იქნება დაბრკოლებები ვაჭრობით სარგებლის მიღების გზაზე.
რეგულაციები ხშირად ეხმარება ზოგიერთ ბიზნესს კონკურენტების შეზღუდვით. იმის გამო, რომ ამგვარი რეგულაციები რამდენიმე პირისთვის სარფიანია, მათ დამატებითი ხარჯები აქვთ დაწესებული: ბიზნესი, შრომითი ორგანიზაციები და სხვა სპეციალურ ინტერესთა ჯგუფები შეეცდებიან მათი წევრებისთვის პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენის მცდელობით მოიპოვონ უპირატესობა. ზოგიერთი ლობისტი პოლიტიკოსი და მარეგულირებელი დაბრკოლებებს ქმნის ან აძლიერებს, ხოლო სხვები (ვისაც ყველაზე მეტი ზიანი ადგება) ლობირებენ მათი გავლენის შემცირებას. ყველა მხარისთვის ნებისმიერი საკითხის ლობირება მაღალკვალიფიციური ადამიანების დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რომლებიც სხვათა პროდუქტიულობის შემამცირებელი პოლიტიკიდან პოლიტიკური უპირატესობების მოპოვების ნაცვლად შეიძლება სიმდიდრის გამომუშავებაზე მუშაობდნენ. ძალისხმევას, რომელზეც ღირებული რესურსები იხარჯება და რომელიც შესაძლოა მომგებიანი იყოს კერძო პირის ან კომპანიისთვის, თუმცა არა საზოგადოებისთვის, ეწოდება გამორჩევის ძიება, რაც ხშირად რეგულაციების შედეგია.
მესამე, ფასის კონტროლის დაწესება ასევე ახშობს ვაჭრობას. ზოგჯერ მთავრობები საბაზრო დონეზე მაღალ ფასებს აწესებენ. მაგალითად, ზოგიერთი მთავრობა სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებისთვის კონკრეტული მინიმალური ფასის გადახდას ითხოვს. დაწესებული მაღალი ფასის პირობებში მყიდველები იმაზე ნაკლებს იძენენ, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეიძენდნენ. ზოგიერთი მთავრობა ასევე ადგენს საბაზროზე დაბალ ფასებს, როგორც ეს ვნახეთ იჯარის ფასის კონტროლის და რეგულირებული ელექტროენერგიის ტარიფის შემთხვევაში. წარმოებული და გაყიდული ერთეულის მხრივ მნიშვნელობა არ აქვს ფასის კონტროლი გაზრდის თუ შეამცირებს ფასებს. ორივე შემთხვევაში მცირდება ვაჭრობის მოცულობა და წარმოებისა და გაცვლიდან მიღებული მოგება.
მინიმალურ ხელფასზე დადგენილი ტარიფები მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული ფასის კონტროლის ფორმაა. მინიმალური ხელფასის ტარიფი ადგენს ფასის ქვედა ზღვარს, რომელიც ზოგიერთი მუშახელის საათობრივ ანაზღაურებას (და სამსახურს) საბაზრო დონეზე მაღლა სწევს. ეს ამჟამად მწვავე თემაა ჩრდილოეთ მაკედონიაში, ისევე როგორც ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, 2017 წელს წლიური მინიმალური ხელფასი (ფასების დონის განსხვავებების გათვალისწინებით) მერყეობდა 7 700 აშშ დოლარიდან ლატვიაში 22 600 დოლარამდე ნიდერლანდებში.
ეკონომიკის ძირითადი პოსტულატი ამბობს, რომ უფრო მაღალი მინიმალური ხელფასი შეამცირებს დაბალკვალიფიციური მუშახელის დასაქმებას. არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა დასაქმების მაჩვენებლის შემცირებასთან დაკავშირებით, თუმცა ემპირიული მტკიცებულებები მნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მინიმალური ხელფასის ყოველი 10 პროცენტიანი ზრდა დასაქმებას 1-2 პროცენტით ამცირებს. იმის გამო, რომ ხელფასის ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმების მაჩვენებლის შემცირებას, უფრო მაღალი მინიმალური ხელფასი თითქმის ყოველთვის გაზრდის დაბალკვალიფიციური მუშახელის მთლიან შემოსავლებს. უფრო მაღალი მინიმალური ხელფასის მომხრეები თვლიან, რომ უფრო მაღალი ჯამური შემოსავალი ამართლებს დასაქმების შედარებით პატარა შემცირებას.
მაღალი მინიმალური ხელფასის მრავალი მომხრე ასევე თვლის, რომ ეს სიღარიბის დონეს შეამცირებს. ერთი შეხედვით, ეს სიმართლე ჩანს, მაგრამ მონაცემების შესწავლით ნათელია, რომ ეს საეჭვოა. არსებობს რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რის გამოც ეს ასეა. მაგალითისთვის ავიღოთ შეერთებული შტატების მონაცემები. მინიმალური ხელფასის მქონე დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი - დაახლოებით 80 პროცენტი - სიღარიბის ზღვარს ზემოთ შემოსავლების მქონე საოჯახო მეურნეობების წევრები არიან; მესამედი საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობის წევრია. მინიმალურ ხელფასზე მომუშავე მუშახელის ნახევარი 16-დან 24 წლამდე ასაკისაა და მათი უმეტესობა ნახევარ განაკვეთზე მუშაობს. მინიმალური ხელფასის მქონე ყოველი 7 მუშაკიდან მხოლოდ 1 (დაახლოებით 15 პროცენტი) არის ძირითადი შემომტანი ერთი ან მეტი ბავშვის მყოლე ოჯახისთვის. ამრიგად, მინიმალური ხელფასის მქონე ტიპიური მუშაკი არის მარტოხელა, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ახალგაზრდა, რომლის შემოსავალი მეორადი მნიშვნელობისაა სიღარიბის ზღვარზე მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობისთვის. მეორე, უფრო მაღალ მინიმალურ ხელფასს თან ახლავს არასასურველი შედეგები. დამსაქმებლები მიიღებენ ზომებს, რათა გააკონტროლონ (ან აანაზღაურონ) უფრო მაღალი სახელფასო ხარჯები. ეს მოიცავს სამუშაო საათების შემცირებას, ტრენინგის ნაკლებ შესაძლებლობებს, ნაკლებად მოსახერხებელ სამუშაო გრაფიკს და ნაკლებ ბენეფიტებს. გარდა ამისა, მინიმალურ ხელფასზე მომუშვე ბევრი მუშაკი ასევე იმ პროდუქციის მომხმარებელია, რომელზეც გავლენას ახდენს უფრო მაღალი მინიმალური ხელფასი. ამ მუშაკებს უფრო მაღალი ფასების გადახდა მოუწევთ საქონელზე, როგორიცაა სწრაფი კვება, ისევე როგორც სხვა დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებს, როგორიცაა პენსიონერები. ამრიგად, მინიმალური ხელფასის მქონე მუშაკთა რეალური ანაზღაურება იმაზე ნაკლებ გაიზრდება, ვიდრე მინიმალური ხელფასით იყო განსაზღვრული.(26) და ბოლოს, შეერთებულ შტატებში ღარიბი ოჯახების ნახევარზე მეტს არ ჰყავს შრომით ბაზარზე დასაქმებული წევრი, შესაბამისად, მაღალი მინიმალური ხელფასი მათ არ დაეხმარება.
ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მინიმალური ხელფასის შესახებ მტკიცებულებები არაერთგვაროვანია, მაგრამ აჩვენებს ტენდენციას, რომ მინიმალური ხელფასები, რომლებიც საკმარისად მაღალია გავლენის მოსახდენად, ზრდის ხელფასებს ფორმალურ ეკონომიკაში, მუშაკთა დიდი რაოდენობის არაფორმალურ სექტორში განდევნის ხარჯზე, სადაც შემოსავალები უფრო დაბალი და ცვალებადია.
დაბალკვალიფიციურ მუშაკებზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მისი გავლენა მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. სამუშაო გამოცდილება ახალგაზრდა მუშაკებს საშუალებას აძლევს გახდნენ თავდაჯერებულები, შეიძინონ კარგი სამუშაო ჩვევები, უნარები და დამოკიდებულება, რაც მათ მომავალი დამსაქმებლებისთვის უფრო მეტად ღირებულს გახდის. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც არ აქვს საშუალო სასკოლო განათლება და ვისაც არასრული განათლება აქვს მიღებული. თუ ეს ახალგაზრდები ვერ შეძლებენ დამსაქმებლებისთვის საკუთარი ღირებულების დამტკიცებას და დასაქმების ადგილზე უნარების განვითარებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი შეძლებენ კარიერულ კიბეზე ასვლასა და მომავალში უფრო მაღალი შემოსავლის მიღწევას.
სამუშაო გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების განვითარების მნიშვნელობა ფართოდ აღიარებულია უმაღლესი განათლების მქონე მუშაკებისთვის. მაგალითად, უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად არაანაზღაურებად სტაჟირებას გადიან ანუ ნულოვანი ხელფასით მუშაობენ სამთავრობო უწყებებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებში გამოცდილების მისაღებად, რაც ხელს შეუწყობს მომავალი შემოსავლების მიღებას. მართლაც, შეერთებული შტატების კონგრესის წევრები ხშირად აქვეყნებენ არაანაზღაურებად სტაჟირებას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სადაც უთითებენ, თუ რა სამუშაო გამოცდილებას შეიძენს ადამიანი ამ საწყის სამუშაო ადგილზე. მიუხედავად ამისა, ბევრი მათგანი მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის დაწესებას, რაც გაჭირვებულ ახალგაზრდებს სამუშაო გამოცდილების შეძენისა და სამუშაოზე სწავლის შესაძლებლობას უზღუდავს, რომელიც ხელს შეუწყობდა სამომავლო დასაქმების პერსპექტივებს. დაბალკვალიფიციურ ახალგაზრდებზე ამ არასასურველ გავლენას ეკონომისტების გარდა თითქმის ყველა უგულებელყოფს. მიუხედავად ამისა, ეს მინიმალური ხელფასის მნიშვნელოვანი არასასურველი მეორადი ეფექტია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდა ადამიანების გრძელვადიან დასაქმებაზე, განსაკუთრებით მათზე, ვისაც არასრული განათლება აქვს.
რეგულაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე. მრავალი ქვეყანა აწესებს რეგულაციებს, რომლებიც ერევიან და ზიანს აყენებენ კონტრაქტის ან ნებაყოფლობითი ხელშეკრულებების გამოყენებას სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით. ამის მაგალითია სამსახურიდან გათავისუფლების რეგულაციები. მთელი რიგი ევროპული ქვეყნების დამსაქმებლებს, ვისაც სამუშაო ძალის შემცირება სურთ, ავალდებულებს (1) მოიპოვონ ნებართვა პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან; (2) ერთი თვით ადრე წინასწარ შეატყობინონ დასაქმებულებს; და (3) განაგრძონ რამდენიმე თვის განმავლობაში გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა.
მსგავსი რეგულაციები შესაძლოა ერთი შეხედვით მუშაკთა ინტერესებს ემსახურებოდეს, მაგრამ აუცილებელია მეორადი ეფექტების გათვალისწინება. რეგულაციები, რომლებიც აძვირებს მუშაკის გათავისუფლებას ასევე აძვირებს მათ დაქირავებასაც. გათავისუფლებასთან დაკავშირებული მაღალი დანახარჯების გამო დამსაქმებლები თავს შეიკავებენ დამატებით მუშაკების დაქირავებისგან. შედეგად, შრომის ბაზარზე შესვლის მსურველებს გაუჭირდებათ სამსახურის პოვნა და დასაქმების ზრდა შენელდება. ეს მოხდა ევროპულ ქვეყნებში, სადაც შრომის ბაზრის შემზღუდველი რეგულაციები უფრო მკვეთრად გამოხატულია, ვიდრე შეერთებულ შტატებში. ძირითადად მსგავსი რეგულაციების გამოა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების, როგორიცაა იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი, უმუშევრობის დონე მინიმუმ 4 ან 5 პროცენტული მაჩვენებლით მეტია შეერთებულ შტატებზე ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში.(27) ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში სტივ ჰანკეს მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2010-2015 წლებში ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც მინიმალური ხელფასი დადგენილია, უმუშევრობის დონე 50 პროცენტით მეტი იყო, ევროკავშირის იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ასეთი რეგულაცია არ მოქმედებს.
პოსტსაბჭოთა რუსეთი საინტერესო ლაბორატორიას წარმოადგენს მინიმალური ხელფასის შედეგების შესასწავლად. 2007 წელს ქვეყანამ გააორმაგა ფედერალური მინიმალური ხელფასი (და კიდევ უფრო გაზარდა ის ზოგიერთ რეგიონში). შედეგები ცხადყოფს, რომ ამან გამოიწვია ახალგაზრდების დასაქმების შემცირება და არაფორმალური ეკონომიკის ზრდა.(28)
მიუხედავად იმისა, რომ დაქირავებისა და სამსახურიდან გათავისუფლების წესები, როგორც წესი, ნაკლებად შემზღუდველია შეერთებულ შტატებში, ევროპასთან შედარებით, პროფესიული ლიცენზირება შრომის ბაზრის მთავარი შეზღუდვაა როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში. ამერიკის შეერთებულ შტატებში პროფესიული ლიცენზირების უმეტესი ნაწილი შტატების დონეზე ხდება. ლიცენზიის მისაღებად აუცილებელია გადასახადის გადახდა, რომელიც მოკრძალებული თანხიდან გადაჭარბებულამდე მერყეობს, 6-დან 12 თვემდე სასწავლო კურსების გავლა და გამოცდების ჩაბარება.
ჯერ კიდევ 1970 წელს, ამერიკელთა 15 პროცენტზე ნაკლები მუშაობდა ისეთ პროფესიაში, რომელიც ლიცენზირებას საჭიროებდა. დღეს ეს მაჩვენებელი თითქმის 30 პროცენტია და ის კვლავ იზრდება. გასული საუკუნის 80-იან წლებში, 800 პროფესია დაექვემდებარა ლიცენზირებას სულ მცირე ერთ შტატში. ამჟამად, ლიცენზირების, აღსრულებისა და რეგულირების საბჭოს თანახმად, ლიცენზირებას ექვემდებარება 1 100-ზე მეტი პროფესია. ბოლო კვლევების თანახმად, ევროკავშირის მუშაკთა დაახლოებით 22 პროცენტი ექვემდებარება პროფესიულ სალიცენზიო მოთხოვნებს, ხოლო გერმანია 33 პროცენტით ლიდერობს. თუმცა წევრ ქვეყნებში ასეთი მოთხოვნების რაოდენობა და გავლენა მნიშვნელოვნად განსხვავდება. შეფასებით დადგენილია, რომ ევროკავშირში ლიცენზირების შედეგად დასაქმება შესაბამის დარგებში 2015 წელს დაახლოებით 700 000 სამუშაო ადგილით შემცირდა. იგივე კვლევით დადგინდა, რომ ბაზარზე არსებულზე მაღალი ხელფასის დაწესება, შეზღუდულ ლიცენზირებასთან ერთად, ხელს უწყობს შემოსავლების უთანასწორობას ევროკავშირის ქვეყნებში.(29)
ლიცენზირების მომხრეები ამტკიცებენ, რომ აუცილებელია მომხმარებლების დაცვა უხარისხო და პოტენციურად სახიფათო პროდუქტებისგან. მაგრამ ლიცენზიები დადგენილია მრავალ პროფესიაში, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან ან მომხმარებლის დაცვასთან.(30) მაგალითად, შეერთებულ შტატებში ერთი ან მეტი შტატი მოითხოვს ლიცენზირებას შემდეგ პროფესიაში სამუშაოდ: ინტერიერის დიზაინერი, ვიზაჟისტი, ფლორისტი, ნაწნავების სპეციალისტი, შამპუნის სპეციალისტი, დიეტოლოგი, კერძო დეტექტივი, მწვრთნელი, გიდი, სასმენი აპარატების მონტაჟისტი, დამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი, კუბოების გამყიდველი, ქრცვინის მომშენებელი და ხელის გულზე მკითხავიც კი. ლიცენზირების მოთხოვნა იშვიათად მომდინარეობს მომხმარებელთა ჯგუფებისგან. ამის ნაცვლად, ის თითქმის ყოველთვის წარმოიშობა იმ ადამიანებისგან, ვინც უკვე მუშაობს ამ პროფესიით. ეს ეკონომისტებისთვის გასაკვირი არ არის, რადგან ამჟამინდელი მომწოდებლები ლიცენზირების ძირითადი ბენეფიციარები არიან.
ადამიანებს ხშირად შეუძლიათ სამუშაო ადგილზე და სხვა გამოცდილ მუშაკებთან მუშაობით შეიძინონ უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა მრავალ ლიცენზირებულ პროფესიაში მაღალ დონეზე მუშაობისთვის. სალიცენზიო მოთხოვნები ამ პირებს უკრძალავს ამ გზით უნარების განვითარებას და სასურველი კარიერის გაყოლას. ლიცენზირება, განსაკუთრებით თუ იგი მოითხოვს ხანგრძლივ ფორმალურ ტრენინგს და მაღალ მოსაკრებლებს აწესებს, ამცირებს მიწოდებას და ზრდის ლიცენზირებული პრაქტიკოსის მიერ მოწოდებული საქონლისა და მომსახურების ფასს. ისინი, ვინც უკვე დასაქმებულია ლიცენზირებულ პროფესიაში, იგებენ მომხმარებლებისა და არალიცენზირებული პოტენციური მწარმოებლების ხარჯზე. არალიცენზირებული მწარმოებლების დასაქმების შესაძლებლობები მცირდება და ვაჭრობიდან პოტენციური მოგება იკარგება.
სერტიფიცირება ლიცენზირების მიმზიდველ ალტერნატივას წარმოადგენს. სერტიფიცირებით, მთავრობას შეუძლია მომწოდებლებს მოსთხოვოს მომხმარებლებისთვის მათი განათლების, ტრენინგისა და სხვა კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, არჩეულ სფეროში საქმიანობის აკრძალვის გარეშე. თავისი შინაარსით, სერტიფიცირებით ინფორმაცია მომწოდებლების კვალიფიკაციის შესახებ ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლებისთვის, მათი არჩევანის შეზღუდვის გარეშე. ამასთან, ეს საშუალებას მისცემს პრაქტიკოსებს განავითარონ და აჩვენონ საკუთარი კომპეტენცია, ხოლო მომხმარებლებს კვლავ ექნებათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის აუცილებელი ინფორმაცია.
რეგულაციები ხშირად პრობლემების გადაჭრის მარტივ გზად გვეჩვენება. გსურთ უფრო მაღალი ხელფასი? გაზარდეთ მინიმალური ხელფასი. გსურთ უმუშევრობის დაბალი მაჩვენებელი? მიიღეთ კანონები, რომელიც აძნელებს მუშაკთა გათავისუფლებას. გსურთ უფრო მაღალი შემოსავალები პროფესიაში? შეზღუდეთ ბაზარზე დემპინგური კომპანიები. აქ ერთი პრობლემაა: ეს გამარტივებული პოლიტიკა არ აძლიერებს წარმოებას და უგულებელყოფს მეორად ეფექტებს. ჩვენი ცხოვრების სტანდარტი პირდაპირ კავშირშია იმ საქონლისა და მომსახურების წარმოებასთან, რომელსაც ხალხი აფასებს. ორმხრივად ხელსაყრელი ვაჭრობა და კონკურენტუნარიანი ბაზრები ხელს უწყობენ რესურსების ეფექტურ გამოყენებას და საქმის კეთების უკეთესი გზების აღმოჩენას. ისინი გვეხმარებიან რესურსებიდან უფრო მეტი ღირებულების მიღებაში. ამრიგად, მარეგულირებელი პოლიტიკა, რომელიც დაბრკოლებებს ქმნის ვაჭრობისა და ბაზრებზე შესვლის გზაზე, თითქმის ყოველთვის იქნება კონტრპროდუქტიული. თუ ქვეყანას ზრდა და განვითარება სურს, მან უნდა შეამციროს რეგულაციები, რომლებიც ზღუდავს ვაჭრობას და ბაზრების კონკურენტუნარიანობას.
ელემენტი 2.4: ეფექტიანი სასესხო კაპიტალის ბაზრები
საკუთარი პოტენციალის რეალიზაციისთვის ქვეყანას უნდა ჰქონდეს მექანიზმი, რომელიც კაპიტალს სიმდიდრის შემქმნელ პროექტებზე მიმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოების მიზანს მოხმარება წარმოადგენს, ხშირად საჭირო ხდება პირველ რიგში რესურსების მანქანების, მძიმე ტექნიკისა და შენობების შესაქმნელად გამოყენება, რომელთა საშუალებითაც შემდეგ შესაძლებელია სასურველი სამომხმარებლო საქონლის წარმოება. სხვა სიტყვებით, ინვესტიცია ზრდის მომავალ მოხმარებას, მაგრამ ეს მოითხოვს დღევანდელ მოხმარებაზე უარის თქმას. კაპიტალის დაბანდება — გრძელვადიანი რესურსების მშენებლობა და განვითარება, რომლებიც მიზნად ისახავს მომავალში უფრო მეტი სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების წარმოებას, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციური წყაროა. მაგალითად, ადგილობრივი პიცერიის მიერ საინვესტიციო საქონლის, როგორიცაა ღუმელის შეძენა ხელს შეუწყობს მისი მომავალი გამოშვების გაზრდას.
რესურსები (როგორიცაა შრომა, მიწა და მეწარმეობა), რომლებიც გამოიყენება ამ საინვესტიციო საქონლის წარმოებისთვის, მიუწვდომელი იქნება სამომხმარებლო საქონლის წარმოებისთვის. თუ ჩვენ მოვიხმართ ყველაფერს, რასაც ვაწარმოებთ, რესურსი აღარ იქნება ხელმისაწვდომი ინვესტიციისთვის. ამიტომ, ინვესტიცია დანაზოგს მოითხოვს ე. ი. მიმდინარე მოხმარების შემცირებას, რათა სახსრები სხვა რამისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. იქნება ეს ინვესტორი თუ ინვესტორის დამფინანსებელი, მათ დასჭირდებათ დანაზოგის შექმნა ინვესტიციის დასაფინანსებლად. დანაზოგი ინვესტიციის პროცესის განუყოფელი ნაწილია.
თუმცა, ყველა საინვესტიციო პროექტი არ არის პროდუქტიული. საინვესტიციო პროექტი გააძლიერებს ქვეყნის სიმდიდრეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციიდან დამატებითი გამოშვების ღირებულება აღემატება დანახარჯს. სხვა შემთხვევაში, პროექტი კონტრპროდუქტიულია და ამცირებს სიმდიდრეს. ინვესტიციები ვერასოდეს იქნება სრულყოფილად პროგნოზირებადი, ამიტომ ყველაზე პერსპექტიული საინვესტიციო პროექტებიც კი ზოგჯერ ვერ შეძლებენ სიმდიდრის გაზრდას. ეკონომიკური წინსვლის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებისთვის, ქვეყანას უნდა ჰქონდეს მექანიზმი, რომელიც მოიზიდავს დანაზოგებს და მიმართავს მათ ინვესტიციებში, რომელთაც სიმდიდრის შექმნის ყველაზე მეტი შანსი გააჩნიათ.
საბაზრო ეკონომიკაში კაპიტალის ბაზარი ასრულებს ამ ფუნქციას. ფართო განსაზღვრებით, ის მოიცავს აქციების, ობლიგაციების და უძრავი ქონების ბაზრებს. ფინანსური ინსტიტუტები, როგორიცაა საფონდო ბირჟები, ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ერთობლივი ფონდები და საინვესტიციო ფირმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კაპიტალის ბაზრის საქმიანობაში.
კერძო ინვესტორები, როგორიცაა მცირე ბიზნესის მფლობელები, კორპორატიული აქციონერები და ვენჩურული კაპიტალისტები რისკავენ საკუთარი სახსრების კაპიტალის ბაზარზე განთავსებით. მაგრამ ინვესტორები ზოგჯერ შეცდომებს უშვებენ. ზოგჯერ ისინი წამოიწყებენ პროექტებს, რომლებიც წამგებიანი აღმოჩნდება. ინვესტორები, რომ არ იყვნენ გარისკვისთვის მზად, ბევრი ახალი იდეა გამოუცდელი და ბევრი ღირებული, მაგრამ სარისკო პროექტი განუხორციელებელი დარჩებოდა.
განვიხილოთ მეწარმეობის, რისკის აღების და კაპიტალის ბაზრის როლი ინტერნეტ-სერვისების განვითარებაში. 1990-იანი წლების შუა პერიოდში სერგეი ბრინი (ემიგრანტი რუსეთიდან) და ლარი პეიჯი კალიფორნიის სტენფორდის უნივერსიტეტის ასპირანტები იყვნენ. ისინი მუშაობდნენ კვლევით პროექტზე, რომლის მიზანი იყო ინტერნეტში ძიების გამარტივება. ისინი სამეწარმეო წარმატების საეჭვო კანდიდატებად გამოიყურებოდნენ. მაგრამ, 1998 წელს ბრინმა და პეიჯმა დააფუძნეს Google Inc., ბიზნესი, რომელიც უზრუნველყოფს უფასო ინტერნეტ მომსახურებას და შემოსავალს რეკლამის საშუალებით ქმნის. მათ მიერ შემუშავებული მძლავრი ინტერნეტ საძიებო სისტემა ყოველდღიურად მილიონობით ადამიანისა და ბიზნესის პროდუქტიულობას ზრდის. ისინი გამდიდრდნენ და 2018 წლისთვის Google 85 000-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს (მათ შორის მისი მშობლიური კომპანია Alphabet) და ერთ-ერთი პოპულარული ბრენდია. გასულ ათწლეულში სხვა ინტერნეტ-კომპანიებმა, როგორიცაა eBay და Amazon, ასევე მიიღეს მოგება და მნიშვნელოვან ზრდას მიაღწიეს.
მაგრამ უამრავი სხვა ინტერნეტ სტარტაპის გამოცდილება საკმაოდ განსხვავებული იყო. ბევრი ინტერნეტ კომპანია, როგორიცაა Broadband Sports და eVineyard, გაკოტრდა, რადგან მათი შემოსავალი არასაკმარისი იყო ხარჯების დასაფარად. ამ ფირმების დიდი იმედები არ განხორციელდა.
გაურკვევლობის სამყაროში, არასწორი ინვესტიციები ის აუცილებელი ფასია, რომელიც უნდა გადავიხადოთ ახალი ტექნოლოგიებისა და პროდუქტების ნაყოფიერი ინოვაციებისათვის. ამგვარი კონტრპროდუქტიული პროექტები უნდა დროულად ამოვიცნოთ და შევაჩეროთ. საბაზრო ეკონომიკაში კაპიტალის ბაზარი ასრულებს ამ ფუნქციას. თუ ფირმა განაგრძობს დანაკარგების მიღებას, საბოლოოდ ინვესტორები შეწყვეტენ პროექტს და შეაჩერებენ ფულის გაფლანგვას.
ცვლილებების ტემპისა და სამეწარმეო ნიჭის მრავალფეროვნების გათვალისწინებით, კაპიტალის განაწილების შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო ცოდნა ბევრად აღემატება ნებისმიერი ცალკეული ლიდერის, სამრეწველო დაგეგმვის კომიტეტის ან სამთავრობო უწყების შესაძლებლობებს. კაპიტალის კერძო ბაზრის გარეშე, არ არსებობს მექანიზმი, რომლის იმედიც შეიძლება გვქონდეს საინვესტიციო თანხების მუდმივად სიმდიდრის შემქმნელ პროექტებში მიმართვის მხრივ.
რატომ? როდესაც საინვესტიციო სახსრები გამოიყოფა მთავრობის და არა ბაზრის მიერ, ფაქტორების სულ სხვა ნაკრები მოქმედებს. საშუალო საბაზრო შემოსავლიანობაზე მეტად პოლიტიკური გავლენა განსაზღვრავს იმას, თუ რომელი პროექტები განხორციელდება. ბევრად უფრო მეტი ალბათობა იქნება ისეთი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისას, რომლებიც ამცირებენ და არ ქმნიან სიმდიდრეს. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ასევე მიკერძოებულია ძველის შენარჩუნების ნაცვლად ახალი პროექტების მხარდაჭერის მხრივ. ახალ მაგისტრალზე ლენტის გაჭრა ბევრად უფრო თვალსაჩინოა, ვიდრე დაგებულ ასფალტზე ხვრელების შეკეთება.
საბჭოთა პერიოდში ცენტრალიზებულად დაგეგმილი სოციალისტური ეკონომიკის გამოცდილება ამ საკითხს ასახავს. ოთხი ათწლეულის განმავლობაში (1950–1990) ინვესტიციების მაჩვენებლები ამ ქვეყნებში ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში. ცენტრალური ხელისუფლება ეროვნული გამოშვების დაახლოებით ერთ მესამედს კაპიტალურ ინვესტიციებზე გამოყოფდა. ინვესტიციების ამ მაღალმა მაჩვენებლებმაც კი ვერ შეძლეს ცხოვრების დონის გაუმჯობესება, რადგან პოლიტიკური და არა ეკონომიკური მოსაზრებებით განისაზღვრებოდა პროექტების დაფინანსება. რესურსები ხშირად ეკონომიკურად არაპრაქტიკულ პროექტებზე იხარჯებოდა და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერები უპირატესობას ანიჭებდნენ ინვესტიციებს მაღალი პოლიტიკური ხილვადობით („პრესტიჟი“). ორი მაგალითი ამ არასწორ გადანაწილებას თვალსაჩინოს ხდის. სტალინი მოითხოვდა თეთრი ზღვის არხის მშენებლობას, მაგრამ სრულად არაგონივრული გრაფიკის გამო არხი საკმარისად ღრმა არ აღმოჩნდა მის გამოსაყენებლად. ხრუშჩოვის კამპანიით, რომელიც მიზნად ისახავდა ყაზახეთს ხორბალი ამერიკული და კანადური პრერიების დონეზე ეწარმოებინა, აშენდა უზარმაზარი სარწყავი სქემები, რამაც საბოლოოდ გაანადგურა არალის ზღვა(31).
ინვესტიციების არასწორმა მიმართვამ და დინამიურ ცვლილებებთან შეუსაბამობამ საბოლოოდ ამ ქვეყნების უმეტესობაში სოციალიზმის ჩამოშლა გამოიწვია.
საბინაო დაფინანსებისთვის მთავრობის მიერ კრედიტის გამოყოფის აშშ-ის ბოლოდროინდელი გამოცდილება ასევე გვაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ მუშაობს კაპიტალის პოლიტიკური განაწილება. 1968 და 1970 წლებში, ფედერალური ეროვნული იპოთეკური ასოციაცია და ფედერალური საბინაო სესხების იპოთეკური კორპორაცია, საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ფენი მეი“ და „ფრედი მაკი“, კონგრესმა დანიშნა, როგორც მთავრობის მიერ დაფინანსებული კორპორაციები. ფიქრობდნენ, რომ ისინი გააუმჯობესებდნენ კაპიტალის ბაზრის ფუნქციონირებას და სახლის დაფინანსებას უფრო ხელმისაწვდომს გახდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ „ფენი მეი“ და „ფრედი მაკი“ კერძო ბიზნესები იყვნენ, ინვესტორებმა ჩათვალეს, რომ მათ მიერ თანხების მოსაზიდად გამოშვებული ობლიგაციები ნაკლებად სარისკო იყო, რადგან მათ მხარს უჭერდა მთავრობა. შედეგად, „ფენი მეიმ“ და „ფრედი მაკმა“ შეძლეს თანხების დაახლოებით ნახევარი პროცენტული პუნქტით უფრო იაფად სესხება, ვიდრე კერძო ფირმებმა. ეს მათ უზარმაზარ უპირატესობას ანიჭებდა მეტოქეებთან შედარებით და ისინი მრავალი წლის განმავლობაში ძალიან მომგებიანი კომპანიები იყვნენ.
მაგრამ მთავრობის დაფინანსებამ ასევე მათი პოლიტიზირება გამოიწვია. პრეზიდენტმა დირექტორთა საბჭოში რამდენიმე წევრი დანიშნა. „ფენი მეი-“სა და „ფრედი მაკ“-ის ხელმძღვანელობა კონგრესის საკვანძო ლიდერებზე მსხვილ პოლიტიკურ შემოწირულობებს გასცემდა. ისინი ასევე ხშირად იღებდნენ კონგრესის თანამშრომლებს მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე, რომლებიც შემდეგ ლობირებდნენ თავიანთ ყოფილ უფროსებს მთავრობაში. მათი ლობისტური საქმიანობა ლეგენდარული იყო. 1998-დან 2008 წლამდე პერიოდში „ფენი მეი“-მ 79,5 მილიონი, ხოლო „ფრედი მაკ“-მა 94,9 მილიონი დოლარი დახარჯა კონგრესში სპეციალური შეღავათებისა და მათი პრივილეგირებული სტატუსის შენარჩუნების ლობირებაზე.(32)
„ფენი მეი“ და „ფრედი მაკი“ თავად არ ქმნიდნენ იპოთეკას; ანუ ისინი პირდაპირ არ გასცემდნენ სესხს იმ ადამიანებზე, ვინც სახლს ყიდულობდა. ამის ნაცვლად, ისინი შეისყიდიდნენ იპოთეკურ სესხებს მეორად ბაზარზე, სადაც ბანკებისა და სხვა კრედიტორების მიერ შექმნილი იპოთეკები იყიდება. იმის გამო, რომ მათ უფრო იაფ სახსრებზე ჰქონდათ წვდომა, შეეძლოთ უამრავი იპოთეკური სესხის შეძენა. 90-იანი წლების შუა პერიოდში მთავრობის მიერ დაფინანსებული ეს ორი საწარმო იპოთეკური სესხების დაახლოებით 40 პროცენტს ფლობდა. მათი დომინირება მეორად ბაზარზე კიდევ უფრო მაღალი იყო. 2008 წელს გადახდისუუნარობის დადგომამდე ათი წლის განმავლობაში, „ფენი მეი“—მ და „ფრედი მაკ“-მა ბანკებისა და სხვა იპოთეკური ორგანიზაციების მიერ გაყიდული იპოთეკური სესხების 80 პროცენტზე მეტი შეიძინეს.
როდესაც, „ფენი მეი“ და „ფრედი მაკი“ კონგრესში ლობირებდნენ და იღებდნენ შეღავათებს, კონგრესის წევრები ამასობაში მათ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებდნენ, მათ შორის, დაბალ და საშუალო შემოსავლის მქონე მსესხებლებისთვის სახლის შესაძენად იპოთეკური სახსრების უფრო ადვილად ხელმისაწვდომობისთვის. კონგრესის ადრინდელ დირექტივებზე რეაგირებისას, საბინაო და ურბანული განვითარების დეპარტამენტმა დაადგინა, რომ 1996 წლისთვის „ფენი მეი“-სა და „ფრედი მაკ“-ის მიერ დაფინანსებული იპოთეკური სესხების 40 პროცენტი საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებზე უნდა მოსულიყო. ეს მაჩვენებელი 2000 წლისთვის 50 პროცენტამდე, ხოლო 2008 წლისთვის 56 პროცენტამდე გაიზარდა. ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „ფენი მეი“—მ და „ფრედი მაკ“-მა დაიწყეს მეტი ისეთი იპოთეკური სესხის მიღება, რომელსაც მცირე ან ნულოვანი პირველადი გადასახადი ჰქონდა. მათ ასევე არსებითად გაზარდეს იპოთეკური სესხების ის წილი, რომლებიც ცუდი საკრედიტო ისტორიის მქონე ე.ი. სუბსტანდარტულ მსესხებლებზე იყო გაცემული. მეორად ბაზარზე დომინირების გამო, მათმა სასესხო პრაქტიკამ დიდი გავლენა მოახდინა იპოთეკური კრედიტორების მიერ მიღებულ სასესხო სტანდარტებზე. აცნობიერებდნენ რა უფრო სარისკო სესხების „ფენი მეი“-სა და „ფრედი მაკ“-ისთვის გადაცემის შესაძლებლობას, საკრედიტო ორგანიზაციები ნაკლებად იყვნენ მოტივირებულნი შეესწავლათ მსესხებლების კერდიტუნარიანობა ან მათ მიერ სესხის გადახდის უნარი. ბოლოს და ბოლოს, „ფენი მეი“-სა და „ფრედი მაკ“-ისთვის იპოთეკის მიყიდვით რისკი მათზეც გადადიოდა.
როგორც მე-6 ილუსტრაცია გვიჩვენებს, სუბსტანდარტული იპოთეკური სესხების წილი (მათ შორის არასრული დოკუმენტაციით გახანგრძლივებული) ახალ იპოთეკურ სესხებში 1994 წელს 4,5 პროცენტიდან 13,2 პროცენტამდე გაიზარდა 2000 წელს, ხოლო 2006 წელს მთლიანი იპოთეკური სესხების 33,6 პროცენტი შეადგინა. იმავე პერიოდში, ტრადიციული სესხები, რომლისთვისაც მსესხებლები ვალდებულნი არიან, სულ მცირე, 20 პროცენტიანი პირველადი შენატანი გააკეთონ, მთლიანი სესხების ორი მესამედიდან ერთ მესამედამდე შემცირდა. დეფოლტისა და ჩამორთმევის მაჩვენებლები სუბსტანდარტული სესხებისთვის შვიდიდან - ათჯერ აღემატება სტანდარტულ მსესხებლებზე გაცემული ტრადიციული სესხების მაჩვენებლებს. როგორც მოსალოდნელი იყო, სუსტი საკრედიტო ისტორიის მქონე პირებზე გაცემული სესხების მზარდმა წილმა გამოიწვია მაღალი დეფოლტისა და ჩამორთმევის მაჩვენებლები.
კონგრესი და პრეზიდენტების ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციები მხარს უჭერდნენ ამ მარეგულირებელ პოლიტიკას და საკუთრებაში არსებული სახლების თავდაპირველი ზრდისთვის დამსახურება მიიწერეს. ვინაიდან პოლიტიკამ შეარყია იპოთეკური სესხის აღების სტანდარტები, რის გამოც კრედიტი სარისკო მსესხებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა, პირველი შედეგები დადებითად გამოიყურებოდა. საბინაო მოთხოვნა გაიზარდა, საცხოვრებელ სახლებზე ფასები 2001–2005 წლებში ავარდა და სამშენებლო ინდუსტრიის ბუმი შეიქმნა.
ილუსტრაცია 6: სუბსტანდარტული იპოთეკური სესხების წილი საერთო მაჩვენებელში, 1994-2007
წყარო: 1994–2000 წლების მონაცემები აღებულია: ედვარდ მ. გრამლიჩი, საბინაო პოლიტიკის ფინანსური მომსახურების მრგვალი მაგიდის ყოველწლიური შეხვედრა, ჩიკაგო, ილინოისი, 2004 წლის 21 მაისი. 2002–2007 წლების მონაცემები მიღებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის საბინაო კვლევების ერთობლივი ცენტრიდან, ქვეყნის განსახლების მდგომარეობა, 2008, https://www.jchs.harvard.edu/research-areas/reports/state-nations-housing-2008. არასრული დოკუმენტაციისა და გადამოწმების მქონე სესხები, ცნობილი როგორც Alt-A სესხები, შედის სუბსტანდარტული სესხების კატეგორიაში. კვლევების თანახმად, Alt-A სესხების უმეტესი ნაწილი სუბსტანდარტულ მსესხებლებზე გაიცემოდა.
მაგრამ ხელოვნურად შექმნილი საბინაო ბუმი არ იყო მდგრადი. 2004–2005 წლებისთვის, იპოთეკური სესხის დაახლოებით ნახევარი სუბსტანდარტული (არასრული დოკუმენტაციის ჩათვლით) ან საოჯახო მოძრავი ქონებით იყო უზუნველყოფილი. როგორც კი ფასები გათანაბრდა და შემდეგ 2006 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მათი ვარდნა, ბანქოს სახლი დაინგრა. მყისიერად დაიწყო ჩამორთმევისა და იპოთეკური დეფოლტის მაჩვენებლების მატება. ეს ყველაფერი რეცესიამდე მოხდა, რომელიც 2007 წლის დეკემბრამდე არ დაწყებულა. რა თქმა უნდა, საბინაო სექტორის კოლაფსი საბოლოოდ გავრცელდა დანარჩენ ეკონომიკაზე და უიმედო იპოთეკურმა სესხებმა უზარმაზარი ფინანსური პრობლემები წარმოშვა საბანკო და საფინანსო სფეროში, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2008 წლის ზაფხულისთვის, „ფენი მეი“ და „ფრედი მაკი“ გადახდისუუნაროები იყვნენ. მათი საქმიანობა მთავრობამ გადაიბარა და ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ოდენობის უიმედო ვალი შერჩათ ხელში.
ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის პოლიტიკამ ასევე შეუწყო ხელი 2008–2009 წლების დიდ რეცესიას, როგორც ამას შემდეგ ელემენტში განვიხილავთ. მაგრამ ერთი რამ ცხადია: კრედიტის პოლიტიკური განაწილება და საკრედიტო სტანდარტების თანმდევი მარეგულირებელი ეროზია ფინანსური კაპიტალის ისეთ პროექტებზე მიმართვის მიზეზი გახდა, რომლებიც არასოდეს უნდა განხორციელებულიყო. სახლის ბევრი მყიდველი მოტივირებული იყო შეეძინა იმაზე მეტი საცხოვრებელი, ვიდრე შეეძლო, და ეს გახდა საბინაო ბუმის და შემდგომი ვარდნის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი, ისევე როგორც რეცესიის გამომწვევი მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ სპეციფიკა განსხვავებული იყო, შეერთებული შტატები არ იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასწორმა სამთავრობო პოლიტიკამ კრიზისი შექმნა საბინაო ბაზარზე 2010 წლამდე. 2007-2010 წლებში ირლანდიაში სახლების საშუალო ფასი დაახლოებით 35 პროცენტით შემცირდა, ხოლო დუბლინში ნახევარით ან მეტით. „ირლანდიის საბინაო ბუშტის“ გახეთქვის შემდეგ, გარე ექსპერტების, მათ შორის კანადისა და ფინეთის ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირების შეფასებით, ბაზარი გადახურდა ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ განსაზღვრული დაბალი საპროცენტო განაკვეთების, ირლანდიის მთავრობის ხარჯების მასიური ზრდის, რაც ქონების გადასახადის მოსალოდნელზე მაღალი შემოსავლით იყო განპირობებული, და, განსაკუთრებით, მთავრობის პოლიტიკის შედეგად, რომელიც სახლის შეძენას წაახალისებდა, მისი ფასის 100 პროცენტის იპოთეკური სესხით დაფარვის დაშვებით, ისევე როგორც შეერთებულ შტატებში. კორუფციამ ასევე ითამაშა თავისი როლი.(33) ანალოგიურმა პოლიტიკამ ესპანეთში ზუსტად იგივე შედეგი შექმნა იმავე პერიოდის განმავლობაში.
მთავრობების მნიშვნელოვანი ჩარევისას ინვესტიციების განაწილებას აუცილებლად ახასიათებს ფავორიტიზმი, ინტერესთა შეუთავსებლობა, შეუსაბამო ფინანსური ურთიერთობები და კორუფციის სხვადასხვა ფორმა. როდესაც ამ ტიპის მოქმედებები სხვა ქვეყნებში ხდება, მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კრონი კაპიტალიზმს. ისტორიულად, მთავრობა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სხვა ქვეყნებში ინვესტიციების განაწილების საქმეში, ვიდრე შეერთებულ შტატებში, მაგრამ საინვესტიციო სახსრების საბინაო სექტორისთვის გამოყოფის ამერიკული გამოცდილება აჩვენებს, რომ კრონი კაპიტალიზმი აშშ-შიც ხდება. სახელწოდების მიუხედავად, კაპიტალის პოლიტიკური განაწილება დიდ ხარჯებს აკისრებს მოქალაქეებს.
ელემენტი 2.5: მონეტარული სტაბილურობა
სტაბილური მონეტარული პოლიტიკა არსებითი მნიშვნელობისაა ინფლაციის კონტროლის, ინვესტიციების ეფექტიანი განაწილებისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისთვის.
ფული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის. რაც მთავარია, ფული არის გაცვლის საშუალება. იგი ამცირებს ტრანზაქციურ დანახარჯებს, რადგან ის უზრუნველყოფს საერთო დენომინაციას, რომელშიც შესაძლებელია ყველა საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადაყვანა. ეკონომისტები ფულის ამ თვისებას „გაცვლის საშუალებად“ მოიხსენიებენ. ჩვენ უკვე განვიხილეთ შრომის დანაწილების სარგებელი. მაგრამ მაინც წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც ადამიანები საქონელს პირდაპირ სხვა საქონელზე ცვლიან, რასაც ბარტერული სისტემა ეწოდება. რამდენი ვაშლი გაუტოლდება ერთ ძროხას? როგორ მოახდენდით გაცვლას, ვინმეს რომ ჰქონდეს ძროხის მხოლოდ ერთი მესამედის შესაძენად საკმარისი ვაშლი?
ფული საშუალებას აძლევს ადამიანებს ისარგებლონ ისეთი რთული გაცვლებით, რომლებიც დროთა განმავლობაში ხდება, მაგალითად, სახლის ან ავტომობილის ყიდვა-გაყიდვა, რაც გულისხმობს შემოსავლის მიღებას ან ნასყიდობის ფასის გადახდას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ფული ასევე უზრუნველყოფს მსყიდველობითი უნარის მომავალი გამოყენებისათვის შენახვას. ეს ფინანსური სახსრების ინვესტიციებისთვის დაგროვების საშუალებას იძლევა, რაც პროდუქტიულობისა და ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელია. ეკონომისტები ფულის ამ ფუნქციას „დაგროვების საშუალებას“ უწოდებენ. ფული ასევე „ანგარიშის ერთეულია“, რომელიც აძლიერებს ადამიანების შესაძლებლობას თვალყური ადევნონ სარგებელს და ხარჯებს, მათ შორის, დროის სხვადასხვა პერიოდისთვის. ფულის გარეშე თითქმის შეუძლებელია დროთა განმავლობაში სარგებელისა და ხარჯების შედარება. ეს შედარება საშუალებას აძლევს ადამიანებს უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღონ იმის შესახებ, თუ როდის დახარჯონ და როდის დაზოგონ და რა შეიძინონ და რა არ შეიძინონ.
ამასთან, ფულის პროდუქტიული წვლილი პირდაპირ კავშირშია მისი ღირებულების სტაბილურობასთან. ამ მხრივ, ფული იგივეა ეკონომიკისთვის, რაც ენა კომუნიკაციისთვის. მკაფიოდ განსაზღვრული მნიშვნელობის მქონე სიტყვების გარეშე, როგორც მომხსენებლის, ისე მსმენელისთვის, კომუნიკაცია რთული იქნებოდა. ასეა ფულის შემთხვევაშიც. თუ ფულს არ ექნება სტაბილური და პროგნოზირებადი ღირებულება, მსესხებლებს და გამსესხებლებს გაუჭირდებათ სესხის პირობებზე ურთიერთშეთანხმება და დანაზოგი და ინვესტიცია დამატებით რისკებთან იქნება დაკავშირებული. იგივე შეიძლება ითქვას დროში განაწილებულ გარიგებებზე (მაგალითად, სახლის ან ავტომობილის ყიდვა) რომლებიც დამატებით გაურკვევლობასთან იქნება ასოცირებული. როდესაც ფულის ღირებულება არასტაბილურია, ბევრი პოტენციურად სასარგებლო გაცვლა არ ხორციელდება და სპეციალიზაციის, ფართომასშტაბიანი წარმოებისა და სოციალური თანამშრომლობის შედეგად მიღებული მოგება მცირდება.
მონეტარული არასტაბილურობის მიზეზი საიდუმლო როდია. სხვა საქონლის მსგავსად, ფულის ღირებულება განისაზღვრება მიწოდებისა და მოთხოვნის მიხედვით. როდესაც ფულის მიწოდება უცვლელია ან ნელი, სტაბილური ტემპით იზრდება, ფულის მსყიდველუნარიანობა შედარებით სტაბილურია. ამის საპირისპიროდ, როდესაც ფულის მიწოდება სწრაფად იზრდება საქონლისა და მომსახურების მიწოდებასთან შედარებით, ფულის ღირებულება იკლებს და ფასები იზრდება. ეს არის ინფლაცია. ეს ხდება მაშინ, როდესაც მთავრობები ბეჭდავენ ან სესხულობენ ფულს ცენტრალური ბანკიდან ხარჯების დაფარვის მიზნით.
მუდმივ ინფლაციას ერთი წყარო აქვს: ფულის მიწოდების სწრაფი ზრდა. ფულის მიწოდება არის ქვეყნის ვალუტის მთლიანი თანხის, საჩეკო ანაბრების და გადახდის მსგავსი წყაროების ერთობლიობა(34), ეკონომიკის ზრდაზე უფრო სწრაფად ხდება, საქონელსა და მომსახურებაზე ფასები გაიზრდება.
ილუსტრაცია 7: მონეტარული ზრდა და ინფლაცია, 1990-2014 წლები
ფულის მიწოდების ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი (%) | ინფლაციის საშუალო წლიური მაჩვენებელი (%) | |
ფულის მიწოდების ნელი ზრდა | ||
შვედეთი | 3 | 2.3 |
შეერთებული შტატები | 3 | 2.1 |
შვეიცარია | 3.4 | 1.1 |
სინგაპური | 3.5 | 1.4 |
გაერთიანებული სამეფო | 5.5 | 2.7 |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | 6.4 | 3.6 |
კანადა | 7.5 | 2.1 |
ფულის მიწოდების სწრაფი ზრდა | ||
ნიგერია | 22.6 | 23.2 |
ურუგვაი | 23 | 23.4 |
მალავი | 26.7 | 23.4 |
განა | 29 | 24.5 |
ვენესუელა | 37.6 | 34 |
რუსეთის ფედერაცია | 41.4 | 39.3 |
რუმინეთი | 46.1 | 53.1 |
თურქეთი | 48.4 | 41.7 |
ფულის მიწოდების ჰიპერზრდა | ||
უკრაინა | 140.4 | 276.8 |
ზიმბაბვე | 164.8 | 165.3 |
წყარო: მსოფლიო ბანკი (WB), 2015 წელი, მსოფლიო განვითარების მაჩვენებლები (WDI) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, საერთაშორისო ფინანსური სტატისტიკა (წლიური).
შენიშვნა: განასა და ვენესუელას მონაცემები 1990–2013 წლებისთვის არის მოცემული. მონაცემები რუსეთისთვის 1994–2014 წლებს მოიცავს, ხოლო უკრაინის მონაცემები 1993–2014 წლებს. არ არსებული მონაცემების შემთხვევაში, ისინი განახლებულ იქნა ქვეყნის წყაროებიდან: 1990-2008 წლების კანადის მონაცემები აღებულია მსოფლიო ბანკიდან, ხოლო 2009–2014 წლების მონაცემები კანადის ცენტრალური ბანკიდან. ზიმბაბვეს მონაცემები 1990–2007 წლებს მოიცავს და მსოფლიო ბანკის 2009 წლის მსოფლიო განვითარების ინდიკატორების ანგარიშიდანაა.
მე-7 ილუსტრაცია ასახავს კავშირს ფულის მიწოდების ზრდასა და ინფლაციას შორის. მიაქციეთ ყურადღება, რომ იმ ქვეყნებს, სადაც ფულის მიწოდება დაბალი წლიური ტემპით ხდებოდა 1990-2014 წლებში ინფლაციის უფრო დაბალი მაჩვენებლები ჰქონდათ (7,5 პროცენტი ან ნაკლები). ეს ეხებოდა მაღალშემოსავლიან დიდ ქვეყნებს, როგორიცაა შეერთებული შტატები და კანადა, ისევე როგორც მცირე ზომის ქვეყნებს, როგორიცაა შვედეთი, სინგაპური და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
როდესაც ქვეყანაში ფულის მიწოდების ზრდის ტემპი უფრო სწრაფად ვითარდებოდა, ინფლაციის მაჩვენებლების ზრდაც ჩქარდებოდა. 1990–2014 წლებში, ნიგერიაში, ურუგვაიში, მალავიში, განაში, ვენესუელაში, რუსეთის ფედერაციაში, რუმინეთსა და თურქეთში ფულის მიწოდება ყოველწლიურად იზრდებოდა 20-დან 50 პროცენტამდე. მიაქციეთ ყურადღება, თუ როგორ განიცდიდნენ ეს ქვეყნები მონეტარული ზრდის ტემპის მსგავს წლიური ინფლაციის მაჩვენებლებს.
უკიდურესად მაღალი მონეტარული ზრდის ტემპები (100 პროცენტი და მეტი) იწვევს ჰიპერინფლაციას, როგორც უკრაინასა და ზიმბაბვეში. ამ ქვეყნებში ფულის მიწოდების ტემპის ზრდასთან ერთად, ინფლაციის მაჩვენებლების ზრდაც შეინიშნება.
როგორც მე-7 ილუსტრაციაში ჩანს, არსებობს მჭიდრო კავშირი სწრაფ მონეტარულ ექსპანსიასა და ინფლაციის მაღალ მაჩვენებლებს შორის დროის ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში გაზომვისას. ისტორიულად, ეს კავშირი ერთ-ერთი ყველაზე თანმიმდევრული ურთიერთობაა მთელ ეკონომიკაში.(35)
მაღალი ინფლაციის მქონე ქვეყნები, ასევე ხშირად განიცდიან ინფლაციის მაჩვენებლების რყევას. ინფლაციის ცვალებადი მაჩვენებლები მუდმივ მაღალ მაჩვენებლებზე კიდევ უფრო მეტად ართულებს მომავლის დაგეგმვას, რაც ძირს უთხრის კეთილდღეობას. როდესაც ფასები ერთ წელს 20 პროცენტით იზრდება, მეორე წელს 50 პროცენტით, ხოლო შემდეგ 15 პროცენტით და ა. შ., ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს არ შეუძლია შეიმუშაოს გონივრული გრძელვადიანი გეგმები. ეს გაურკვევლობა კაპიტალური ინვესტიციების პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას სარისკოს და ნაკლებად მიმზიდველს ხდის. ინფლაციის დონის მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება სწრაფად გადააქციოს სხვაგვარად მომგებიანი პროექტი ეკონომიკურ კატასტროფად. ამ გაურკვევლობების მოგვარების ნაცვლად, მრავალი გადაწყვეტილების მიმღები პირი თავს იკავებს კაპიტალდაბანდებების და სხვა გარიგებების განხორციელებისგან, რომლებიც გრძელვადიან ვალდებულებებს მოიაზრებს. ზოგიერთს ბიზნესი და საინვესტიციო საქმიანობა უფრო სტაბილური გარემოს მქონე ქვეყნებში გადააქვს. შედეგად, ვაჭრობის, ბიზნესის საქმიანობისა და კაპიტალის ფორმირების შედეგად მიღებული პოტენციური მოგება იკარგება.
უფრო მეტიც, როდესაც მთავრობები ინფლაციურ პოლიტიკას ახორციელებენ, ხალხი ნაკლებ დროს დახარჯავს პროდუქციის წარმოებაზე და მეტს საკუთარი სიმდიდრის დაცვაზე. რადგან ინფლაციის დონის მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება ადამიანის სიმდიდრე გაანადგუროს, ისინი მწირ რესურსებს საქონლისა და მომსახურების წარმოების ნაცვლად ინფლაციის საწინააღმდეგო ქმედებებზე მიმართავენ. ბიზნესის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა მიერ ფასების ცვლილების პროგნოზირების უნარი უფრო ღირებულია, ვიდრე წარმოების მართვისა და ორგანიზების უნარი. როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი გაურკვეველია, ბიზნესი თავს არიდებს გრძელვადიანი კონტრაქტების დადებას, ბევრ საინვესტიციო პროექტს შეაჩერებს და რესურსებსა და დროს ნაკლებ პროდუქტიულ საქმიანობებზე მიმართავს. იმ იმედით, რომ მათი ფასები ინფლაციასთან ერთად გაიზრდება, სახსრები მიმართული იქნება ოქროს, ვერცხლის და ხელოვნების ნიმუშების შეძენაზე, ვიდრე უფრო პროდუქტიულ ინვესტიციებზე, როგორიცაა შენობები, მანქანები და ტექნოლოგიური კვლევები. იმის გამო, რომ რესურსები პროდუქტიულიდან ნაკლებ პროდუქტიულ საქმიანობაზეა მიმართული, ეკონომიკური პროგრესი ნელდება.
ეკონომიკური წინსვლა ასევე ფერხდება, როდესაც მონეტარული პოლიტიკის შემქმნელები მუდმივად ფულის მასის ზრდიდან შეკვეცაზე გადადიან და პირიქით, როდესაც მონეტარული ხელისუფლება სწრაფად აფართოებს ფულის მიწოდებას, თავდაპირველად, ფულის მასის ზრდის მონეტარული პოლიტიკა განაპირობებს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, მიმდინარე ინვესტიციების სტიმულირებას და ხელოვნური ეკონომიკური ბუმის შექმნას. ამასთან, ბუმი არ იქნება მდგრადი. თუ ექსპანსიონისტური მონეტარული პოლიტიკა გაგრძელდება, ეს გამოიწვევს ინფლაციას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს გადაწყვეტილების მიმღებთა მიერ უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებას. ამით, საპროცენტო განაკვეთები იზრდება, რაც ხელს უშლის კერძო ინვესტიციებს და ეკონომიკას რეცესიაში აგდებს. ამრიგად, მონეტარული ძვრები ფულადი მასის ზრდასა და შემცირებას შორის წარმოქმნის ეკონომიკურ არასტაბილურობას და ეკონომიკას ერთი უკიდურესობიდან მეორეში აგდებს. მონეტარული პოლიტიკის ეს სქემა ასევე გაურკვევლობას ქმნის, ანელებს კერძო ინვესტიციებს და ამცირებს ეკონომიკური ზრდის ტემპს.
რა შეიძლება იყოს ფულის მიწოდებაზე პასუხისმგებელი პირების (მონეტარული ხელისუფლება) ექსპანსიურ და შემზღუდავ რეჟიმებს შორის ხტუნვის მიზეზი? გაითვალისწინეთ, რომ, ფულის მიწოდების სწრაფი გაფართოების შემდეგ მოსალოდნელია არამდგრადი ეკონომიკური ბუმი. თუ მონეტარული ხელისუფლება პოლიტიკური ლიდერების კონტროლს ან გავლენას განიცდის, რომელთა ინტერესები შეიძლება იყოს არჩევნების წინ სწორედ ასეთი ბუმის შექმნა, იმ იმედით, რომ მათ ხელახლა აირჩევენ გარდაუვალ რეცესიამდე.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პოლიტიკური ბიზნეს-ციკლები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიმჩნევა, გარდამავალ ეკონომიკებში განსხვავებული ურთიერთობაა. როგორც ყოველთვის, პოლიტიკის სტაბილურობა მნიშვნელოვანია ბიზნესის ნდობის მოსაპოვებლად და, შესაბამისად, ინვესტიციებისა და გაფართოებისთვის. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არჩევანი საბაზრო ეკონომიკის რეფორმის განსხვავებულ გზებს შორის უნდა გაეკეთებინათ. ზოგი ქვეყანა თანმიმდევრული და ადრეული რეფორმატორი იყო (მაგალითად ესტონეთი), ხოლო დანარჩენ ქვეყნებში ხელისუფლებაში ყოფილი კომუნისტები (უზბეკეთი) იყვნენ. ამრიგად, ქვეყნებმა სხვადასხვა ტიპის რეფორმები განსხვავებული ტემპით განახორციელეს, რომელთაგან ზოგი სხვებზე უკეთესია. ამასთან, ყველა მათგანში ეკონომიკურ მოთამაშეებს შეეძლოთ დაყრდნობოდნენ თანმიმდევრულ პოლიტიკას და მომავალი ამ პოლიტიკის შესაბამისად დაეგეგმათ. ამის საწინააღმდეგოდ, იმ ქვეყნებში, რომლებიც არათანმიმდევრულ და ცვალებად პოლიტიკას აწარმოებდნენ, ხშირად დასახული რეფორმებიდან გადაუხვევდნენ (მაგალითად, ბულგარეთი და უკრაინა) არჩევნებამდე იზრდებოდა გაურკვევლობა იმის შესაბამისად, თუ ვინ შექმნიდა ახალ მთავრობას. პოლიტიკური ბიზნეს-ციკლი უკუქცევადი იყო, არჩევნებამდე ახასიათებდა ზრდის ნელი ტემპი, ხოლო პოლიტიკური გაურკვევლობა დაბალ ინვესტიციებს იწვევდა.(36)
ცუდი მონეტარული პოლიტიკა ნაწილობრივ მაინც პასუხისმგებელია ეკონომიკურ წარმატება თუ წარუმატებლობაზე 1990-იან წლებში კომუნიზმიდან საბაზრო ეკონომიკებზე გარდამავალ ქვეყნებში. ყველა ეკონომიკა განიცდიდა წარმოების აშკარა უზარმაზარ ვარდნას და საბაზრო ეკონომიკის შექმნისთვის იბრძოდა. უკრაინაში, 1990-1994 წლებში, არსებული მშპ 48 პროცენტზე მეტით შემცირდა.(37) უკრაინის მთავრობამ ამ შოკს მასიური რუბლის კრედიტების გაცემით უპასუხა, რითაც აფინანსებდა სუბსიდიებს მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში. ბიუჯეტის უზარმაზარი დეფიციტი მონეტიზირდა, რაც ნიშნავს, რომ დეფიციტი უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ (NBU) უბრალოდ ფულის ბეჭდვით დაიფარა, რათა მთავრობას შეძლებოდა დავალიანებების დაფარვა. 1992 წლის თებერვალსა და მარტში ფულადი ბაზა ყოველთვიური 50 პროცენტით გაიზარდა. ჰიპერინფლაციამ 1992 წელს 2730 პროცენტს მიაღწია, ხოლო 1993 წელს 10 155 პროცენტს. საერთო ჯამში, ყოფილი საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად შექმნილი თოთხმეტი ქვეყნიდან ათ მათგანში გარკვეულ დროს დაფიქსირდა ჰიპერინფლაცია (ფულის მიწოდების მსგავსი გადაჭარბებული პოლიტიკის გამო), ისევე როგორც პოლონეთში, იუგოსლავიასა და ბულგარეთში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანახმად, მხოლოდ ომით დაზარალებულ სომხეთს ჰქონდა უკრაინაზე მაღალი ინფლაცია(38). უკრაინის ეროვნული ბანკი, რომელიც პარლამენტის დაქვემდებარებაში იყო, მიხვდა თავის შეცდომას და შეაჩერა კრედიტების გაცემა. 1994 წლის ივლისში ყოველთვიური ინფლაცია 2,1 პროცენტამდე დაეცა. პარლამენტი უკმაყოფილო იყო უკრაინის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით და 1994 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკი იძულებული გახდა კვლავ გაეცა დიდი კრედიტები (ე.ი. განეხორციელებინა ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა). კრედიტების გაცემის შედეგად ინფლაცია 1994 წლის ოქტომბერში 23 პროცენტამდე გაიზარდა. საბჭოთა ეკონომიკის დაშლის პროცესით გამოწვეული რეცესიები კიდევ უფრო გაღრმავდა ამ ეპოქის მონეტარული პოლიტიკით.
ილუსტრაცია 8: ფულის მიწოდების ზრდა და ინფლაცია, 1992-94 წლები
წყარო: დიაგრამა აღებულია პუბლიკაციიდან უკრაინის მონეტარული განვითარების ისტორია (2006), ალექსანდრ პეტრიკი, უკრაინის ეროვნული ბანკი, გვ.7. მონაცემთა წყარო: უკრაინის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტი, საკუთარი გათვლები.
მონეტარული სტაბილურობა იმ გარემოს მნიშვნელოვანი შემადგენელია, რომელიც ეკონომიკურ წინსვლას განაპირობებს. მონეტარული სტაბილურობის გარეშე, კაპიტალდაბანდებებისა და დროში გაწელილი სხვა გაცვლითი ურთიერთობების შედეგად მიღებული პოტენციური მოგება მცირდება და ქვეყნის მოსახლეობა ვერ ახერხებს მისი სრული პოტენციალის გამოვლენას.
ელემენტი 2.6: გონივრული ფისკალური პოლიტიკა
ადამიანები უფრო მეტს აწარმოებენ, როდესაც გამომუშავებულის მეტი ნაწილის შენარჩუნება შეუძლიათ.
გადასახადები ყველა ადამიანის შრომით იფარება. თუ ეს გადასახადები გადაჭარბებულია, ისინი აისახება გაჩერებულ ქარხნებში, გადასახადების გამო გაყიდულ ფერმებში და მშიერი ხალხის ურდოებში, რომლებიც ქუჩებში გამოეფინებიან და ამაოდ ეძებენ სამუშაოს.

„შემიძლია გასული წლის გადასახადებისგან განვთავისუფლდე ცუდი ინვესტიციის გამო?“
როდესაც გადასახადის მაღალი განაკვეთით სახელმწიფო შემოსავლის დიდ წილს იღებს, მუშაობისა და რესურსების პროდუქტიული გამოყენების სტიმული იკლებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზღვრული საგადასახადო განაკვეთი. ეს არის დამატებითი შემოსავლის წილი, რომელიც იბეგრება შემოსავლის ნებისმიერ მოცემულ დონეზე. ზღვრული საგადასახადო განაკვეთები სხვადასხვა ქვეყანაში იცვლება. მაგალითად, 2015 წელს შეერთებულ შტატებში, თუ გადასახადის გადამხდელი, რომლის დასაბეგრი შემოსავალი 60 000 აშშ დოლარს შეადგენს დამატებით 100 დოლარს მიიღებს, მას ამ 100 დოლარიდან ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით 25 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება 25 პროცენტიანი ზღვრული საგადასახადო განაკვეთი. ზღვრული საგადასახადო განაკვეთი რუმინეთში 16 პროცენტია, პოლონეთში 32 პროცენტი, თუ გადასახადის გადამხდელი შემოსავლის სახით 20 000 ევროზე მეტს იღებს; ხოლო საფრანგეთში 45% -მდეა 152 260 ევროზე მეტი შემოსავლისთვის.
ზღვრული საგადასახადო განაკვეთების ზრდასთან ერთად, იკლებს ადამიანების მიერ გამომუშავებული დამატებითი შემოსავლების წილი. მაგალითად, 25 პროცენტიანი ზღვრული საგადასახადო განაკვეთით, ფიზიკურ პირებს შეუძლიათ დაიტოვონ 75 ევრო, თუ დამატებით 100 ევროს მიიღებენ. თუ ზღვრული საგადასახადო განაკვეთი 40 პროცენტამდე გაიზრდება, გადასახადის გადამხდელს შემოსავლებში 100 ევროს ნამატიდან მხოლოდ 60 ევროს დატოვება შეუძლია.
არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთი ამცირებს გამოშვებასა და შემოსავალს. პირველი, მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთები აფერხებს სამუშაო ძალისხმევას და ამცირებს შრომის პროდუქტიულობას. როდესაც ზღვრული საგადასახადო განაკვეთები 55 ან 60 პროცენტამდე იზრდება, ფიზიკურ პირებს დამატებითი შემოსავლის ნახევარზე ნაკლების შენარჩუნება შეუძლიათ. როდესაც ხალხს არ აქვს უფლება შეინარჩუნოს მიღებული შემოსავალი, ისინი ხშირად არ გამოიმუშავებენ ბევრს. ზოგი, ვისი მეუღლეც დასაქმებულია დატოვებს სამუშაო ძალას. სხვები უბრალოდ ნაკლებ საათს იმუშავებენ, ადრე გავლენ პენსიაზე ან იმუშავებენ უფრო ხანგრძლივი შვებულების მქონე სამსახურებში ან უფრო სასურველი ადგილმდებარეობით. სხვები უმუშევრობის შემთხვევაში სამუშაოზე დათანხმებისას უფრო პრეტენზიულები იქნებიან, უარს იტყვიან საცხოვრებლის შეცვლაზე სამუშაოს დაწყების ან ხელფასის მომატების სანაცვლოდ ან დაივიწყებენ პერსპექტიული, მაგრამ სარისკო ბიზნესის წამოწყების შესახებ. გადასახადის მაღალმა განაკვეთებმა შეიძლება ქვეყნის ყველაზე პროდუქტიული მოქალაქეებიც კი აიძულოს დაბალი გადასახადების მქონე ქვეყანაში გადასვლა. ასეთი ტენდენციები შეამცირებს არსებული შრომითი ძალის ზომას და პროდუქტიულობას, რაც გამოშვების შემცირებას გამოიწვევს.
რა თქმა უნდა, ადამიანთა უმეტესობა ზღვრული საგადასახადო განაკვეთის ზრდის საპასუხოდ დაუყოვნებლივ არ დატოვებს სამუშაოს ან ნაკლებად გულმოდგინედ არ იმუშავებს. ადამიანი, რომელმაც წლები დახარჯა კონკრეტული პროფესიის სწავლაზე, ალბათ გააგრძელებს მუშაობას და შრომას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ იგი ასაკობრივად შემოსავლის მიღების პიკშია. მაგრამ ბევრი ახალგაზრდისთვის, ვისაც დიდი ინვესტიციები სპეციალიზებულ სწავლაში ჯერ არ ჩაუდია მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთი, დემოტივატორი იქნება. ამრიგად, მაღალი საგადასახადო განაკვეთების ზოგიერთი უარყოფითი გავლენა შრომით ძალისხმევაზე მრავალი წლის განმავლობაში პროდუქტიულობის შემცირებით იგრძნობა.
მაღალი საგადასახადო განაკვეთები ასევე განაპირობებს ზოგიერთის ისეთ საქმიანობაზე გადასვლას, სადაც ისინი ნაკლებად პროდუქტიულები არიან, თუმცა არ უწევთ გადასახადების გადახდა. მაგალითად, მაღალი გადასახადები ზრდის დახელოვნებული მხატვრების ხარჯებს, რის გამოც შეიძლება თქვენ საკუთარი სახლის თავად ხატვა გადაწყვიტოთ, მიუხედავად იმისა, რომ საამისო უნარები არ გაგაჩნიათ. მაღალი საგადასახადო განაკვეთების გარეშე, პროფესიონალი მხატვარი შეასრულებდა სამუშაოს ისეთ ფასად, რომლის გადახდასაც თქვენ შეძლებდით, ხოლო თქვენ დროს თქვენთვის უფრო შესაფერის საქმიანობას დაუთმობდით. ეს ფუჭი ხარჯვა და ეკონომიკური არაეფექტიანობა გადასახადის დამახინჯებული სტიმულების შედეგია.
მეორე, მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთი შეამცირებს კაპიტალის ფორმირების დონეს და ეფექტიანობას. გადასახადის მაღალი განაკვეთები უცხოურ ინვესტიციებს აფრთხობს, ხოლო ადგილობრივ ინვესტორებს აიძულებს საინვესტიციო პროექტები უცხოეთში ეძებონ, სადაც გადასახადები და წარმოების ხარჯები უფრო დაბალია, ვიდრე სამშობლოში. ეს ამცირებს ინვესტიციებს და საწარმოო აღჭურვილობის ხელმისაწვდომობას, რაც ეკონომიკური ზრდის საწვავია. ადგილობრივი ინვესტორები ფულს იმ პროექტებში დააბანდებენ, რომლებიც მიმდინარე შემოსავლის დაბეგვრას თავიდან ააცილებს, და თავს აარიდებენ ისეთ პროექტებს, რომელთაც უფრო მაღალი უკუგების განაკვეთი, მაგრამ ნაკლები გადასახადების თავიდან აცილების ბენეფიტი აქვთ. ეს საგადასახადო თავშესაფრები საშუალებას აძლევს პირადი სარგებელი ნახონ პროექტებიდან, რომლებიც არ ზრდის რესურსების ფასეულობას. ისევ მწირი კაპიტალი იკარგება და რესურსები ყველაზე პროდუქტიულ პროექტებს არ ხმარდება.
მესამე, მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთები ფიზიკურ პირებს უბიძგებს მოიხმარონ გადასახადიდან გამოქვითვადი საქონელი იმ საქონლის ნაცვლად, რომელიც არ ექვემდებარება დაქვითვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი შეიძლება უფრო სასურველი იყოს. როდესაც შესყიდვები დაქვითვადია, ფიზიკური პირები, რომლებიც მათ ყიდულობენ, არ იხდიან მის სრულ ღირებულებას, რადგან გადასახადები რომელსაც სხვა შემთხვევაში გადაიხდიდნენ ამცირებს ხარჯს. როდესაც ზღვრული საგადასახადო განაკვეთი მაღალია, გადასახადიდან გამოქვითვადი ხარჯები შედარებით იაფი ხდება.
1970-იან წლებში ბრიტანული წარმოების ძვირადღირებული ავტომობილის „Rolls-Royce“-ის გაყიდვები ამ საკითხის ნათელ მაგალითს იძლევა. ამ ეპოქაში, დიდ ბრიტანეთში დიდ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის ზღვრული განაკვეთები 98% იყო. ბიზნესის მფლობელს, რომელიც ამ საგადასახადო განაკვეთს იხდიდა, შეეძლო ავტომობილის შეძენა გადასახადიდან გამოქვითვადი ბიზნესის ხარჯის სახით. ამიტომაც რატომ არ იყიდდა ეგზოტიკურ, უფრო ძვირ ავტომობილს? შესყიდვა მფლობელის მოგებას მანქანის ფასით - დავუშვათ 100 000 ფუნტი სტერლინგით შეამცირებდა, მაგრამ მეპატრონე მისი მოგებიდან მაინც მხოლოდ 2 000 ფუნტს მიიღებდა, რადგან 98 პროცენტიანი ზღვრული საგადასახადო განაკვეთი 100 000 ფუნტს 2 000-მდე შეამცირებდა. ფაქტობრივად, მთავრობა იხდიდა მანქანის ხარჯების 98 პროცენტს (დაკარგული საგადასახადო შემოსავლით). როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ გადასახადის ზედა ზღვრული მაჩვენებელი 70 პროცენტამდე შეამცირა, „Rolls-Royces“-ის გაყიდვები დაეცა. განაკვეთის შემცირების შემდეგ, 100 000 ფუნტიანი მანქანა ახლა ბიზნესის მფლობელს არა 2 000, არამედ 30 000 ფუნტი სტერლინგი უჯდებოდა. დაბალი ზღვრული განაკვეთით მდიდარი ბრიტანელებისთვის „Rolls-Royce“-ის შეძენა ბევრად გაძვირდა რასაც მათ შესყიდვების შემცირებით უპასუხეს.
მაღალი ზღვრული განაკვეთები ხელოვნურად ამცირებს პირად ხარჯს, მაგრამ არა საზოგადოების დანახარჯს იმ ნივთებზე, რომლებიც გადასახადიდან გამოქვითვადია ან შეიძლება ბიზნესის ხარჯად ჩაითვალოს. როგორც მოსალოდნელია, მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთის პირობებში გადასახადის გადამხდელები მეტს ხარჯავენ გადასახადიდან გამოქვითვად საქონელზე, როგორიცაა ოფისები, ჰავაის ბიზნეს კონფერენციები, კორპორატიული წვეულებები და კომპანიის ავტომობილები. რადგან ამგვარი გადასახადიდან გამოქვითვადი ხარჯები ამცირებს მათ გადასახადებს, ადამიანები ხშირად ყიდულობენ საქონელს, რომელსაც არ იყიდდნენ მათ სრულ ღირებულებას რომ იხდიდნენ. ფულის ფლანგვა და არაეფექტიანობა მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთის და მის შედეგად წარმოქმნილი უკუღმართი სტიმულების თანაპროდუქტია.
განსაკუთრებით მაღალი საგადასახადო განაკვეთების შემცირება როგორც წესი ზრდის მეტის გამომუშავების და რესურსების გამოყენების ეფექტიანობის გაუმჯობესების სტიმულს. საქართველოს მთავრობამ 2005- 2008 წლებში საგადასახადო კანონმდებლობის რადიკალური ცვლილებები განახორციელა. 2004 წელს არსებული 21 სხვადასხვა საგადასახადო განაკვეთი 2005 წელს 6-მდე შემცირდა. 2009 წლიდან, საერთო გადასახადები (საშემოსავლო გადასახადი და სოციალური გადასახადი ერთად) შემცირდა სოციალური გადასახადის გაუქმებით და პირად შემოსავალზე დარიცხული გადასახადის (საშემოსავლო გადასახადი) ერთიანი განაკვეთის დაწესებით. ზღვრული საშემოსავლო გადასახადი 32-დან 20 პროცენტამდე შემცირდა.
ზემოთ განხილული შემაკავებელი ეფექტების გამო მრავალი ეკონომისტი მხარს უჭერდა „გადასახადის ფიქსირებულ განაკვეთს“, რომლის პირობებში, გარკვეულ მინიმალურ შემოსავალზე მაღლა ზღვრული საგადასახადო განაკვეთი ყველა შემოსავლის დონისთვის ერთია. თუ დაუბეგრავი მინიმუმი საკმარისად მაღალია, შემოსავლის პროცენტული ზრდის შედეგად გადახდილი რეალური გადასახადები ნიშნავს, რომ ოჯახები მდიდრდებიან. ბევრი პოსტსაბჭოთა მთავრობა ლიდერობდა ფიქსირებულ გადასახადებზე გადასვლის მხრივ, მათ შორის რუსეთი, საქართველო, სლოვაკეთი და სერბეთი. პროგნოზები დასტურდება კვლევებით, რომლებიც აჩვენებს, რომ ამგვარი პოლიტიკა ამცირებს არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის წილს, რასაც ჩრდილოვანი ან იატაკქვეშა ეკონომიკა ეწოდება.
ამის საპირისპიროდ, გადასახადების მნიშვნელოვან ზრდას შეიძლება დამანგრეველი გავლენა ჰქონდეს ეკონომიკაზე. დიდი დეპრესიის პერიოდის შეერთებული შტატების საგადასახადო პოლიტიკა ამას თვალნათლივ აჩვენებს. 1932 წელს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით, რესპუბლიკელი ჰუვერის ადმინისტრაციამ და დემოკრატიულმა კონგრესმა მიიღეს მშვიდობიანი დროის ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთი შეერთებული შტატების ისტორიაში. პირადი შემოსავლის ყველაზე დაბალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთი 1,5 პროცენტიდან 4 პროცენტამდე გაიზარდა. სკალაზე ყველაზე მაღალი შემოსავლებისთვის უმაღლესი ზღვრული საგადასახადო განაკვეთი 25 პროცენტიდან 63 პროცენტამდე გაიზარდა. არსებითად, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები ერთ წელიწადში გაორმაგდა! გადასახადის ამ უზარმაზარმა ზრდამ შინამეურნეობების გადასახადების შემდგომი შემოსავალები და ფულის შოვნის, მოხმარების, დაზოგვისა და ინვესტიციების სტიმული შეამცირა. შედეგები კატასტროფული იყო. 1932 წელს რეალური გამოშვება 13 პროცენტით შემცირდა, რაც დიდი დეპრესიის პერიოდში ერთწლიანი უდიდესი შემცირება იყო. უმუშევრობა 1931 წლის 15,9 პროცენტიდან 1932 წელს 23,6 პროცენტამდე გაიზარდა.
სულ რაღაც ოთხი წლის შემდეგ, რუზველტის ადმინისტრაციამ 1936 წელს კვლავ გაზარდა გადასახადები ყველაზე მაღალ ზღვრულ განაკვეთამდე 79 პროცენტამდე. ამრიგად, 1930-იანი წლების მეორე ნახევარში მაღალშემოსავლიან პირებს თითოეული დამატებით ნაშოვნი დოლარიდან მხოლოდ 21 ცენტის შენარჩუნება შეეძლოთ. (შენიშვნა: საინტერესოა ამ ელემენტის დასაწყისში წარმოდგენილი კანდიდატი რუზველტის სიტყვების შედარება მისი პრეზიდენტობის პერიოდში გატარებულ საგადასახადო პოლიტიკასთან). რამდენიმე სხვა ფაქტორმა, მათ შორის ფულის მიწოდების უზარმაზარმა შემცირებამ და სატარიფო განაკვეთების დიდმა ზრდამ, ხელი შეუწყო დიდი დეპრესიის სიმძიმესა და ხანგრძლივობას. მაგრამ ისიც ცხადია, რომ როგორც ჰუვერის, ისე რუზველტის ადმინისტრაციების მიერ გადასახადების ზრდამ უდიდესი როლი ითამაშა ამერიკის ისტორიის ამ ტრაგიკულ თავში.
მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთების დემასტიმულირებელი გავლენა არ არის მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე პირების პრობლემა. შედარებით დაბალი შემოსავლის მქონე მრავალ ადამიანს ასევე ტვირთად აწევს ფარული მაღალი ზღვრული საგადასახადო განაკვეთები, რაც დამატებითი გადასახადების და შემოსავლის გადაცემის პროგრამებიდან დაკარგული ბენეფიტების ერთიანობითაა განიპირობებული. მაგალითად, ჩათვალეთ, რომ ინდივიდუალური შემოსავალი 20 000 ევროდან 30 000 ევრომდე იზრდება და, შედეგად, მიღებული შემოსავლები საშემოსავლო და სახელფასო გადასახადის სახით დამატებით 30 პროცენტით იბეგრება. გარდა ამისა, შემოსავლის ზრდის გამო, ადამიანი ბენეფიტების სახით სოციალური პროგრამებიდან მიღებულ 5 000 ევროს კარგავს. მას უწევს 80 პროცენტის გადახდა ფარული ზღვრული საგადასახადო განაკვეთის სახით! ოცდაათი პროცენტი მოდის უფრო მაღალი გადასახადის განაკვეთზე, ხოლო დამატებით 50 პროცენტი დაკარგულ ბენეფიტებზე.
ამ მდგომარეობში მყოფ ადამიანებს დამატებით გამომუშავებული 10 000 ევროდან, მხოლოდ 20 პროცენტს დატოვება შეუძლიათ. ცხადია, ეს მნიშვნელოვნად ამცირებს მათ სტიმულს მიიღონ მეტი შემოსავლები და ართულებს შემოსავლის კიბეზე ასვლას. ჩვენ ამ საკითხს მე-3 ნაწილის მე-8 ელემენტში დავუბრუნდებით, როდესაც სიღარიბის მაჩვენებელზე ტრანსფერული პროგრამების გავლენას განვიხილავთ.
დასკვნის სახით, ეკონომიკური ანალიზი აჩვენებს, რომ გადასახადის მაღალი განაკვეთები, მათ შორის ფარული განაკვეთები, რომლებიც ბენეფიტების გაცემის დანაკარგს ასახავს, ამცირებს პროდუქტიულ საქმიანობას, აფერხებს როგორც დასაქმებას, ასევე ინვესტიციებს და ხელს შეუწყობს რესურსების უსარგებლო გამოყენებას. ისინი ხელს უშლიან კეთილდღეობასა და შემოსავლის ზრდას. უფრო მეტიც, ეკონომიკური სისუსტის პერიოდში გადასახადების დიდმა ზრდამ შეიძლება დამანგრეველი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაზე.
რა თქმა უნდა, გადასახადის დაბალი განაკვეთები არ ნიშნავს გადასახადების სრულ გაუქმებას. როგორც ამას ქვემოთ მე-3 ნაწილში განვიხილავთ, არსებობს ლეგიტიმური მიზეზები, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ისეთი საქონლისა და მომსახურების მიწოდება, რომლის მიწოდებაც ბაზრისთვის რთულია. სტიმულების გავლენის და არასასურველი შედეგების გათვალისწინების შემდეგ საზოგადოებები ასევე თავისუფალნი არიან მათ არჩევანში გადაწყვიტონ, რომ საჭიროა საგადასახადო და ხარჯვითი პოლიტიკის გამოყენება შემოსავლის განაწილების შესაცვლელად. დაბოლოს, როგორც ამას მე-3 ნაწილში განვიხილავთ, ბევრ ეკონომისტს მიაჩნია, რომ ეკონომიკური საქმიანობის თანდაყოლილი ვარიაციების შემცირებაში გადასახადებსა და სახელმწიფო ხარჯვას თავისი როლი აკისრია (ე. წ. ფისკალური პოლიტიკა).
რა თქმა უნდა, საგადასახადო ტვირთი ბევრად უფრო სცდება აკრეფილი სახსრების გავლენას (განსაკუთრებით როდესაც ეს სახსრები პროდუქტიულობის ზრდაზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ინვესტიციებზე იხარჯება). საქმე იქამდეც კი მიდის, რომ მაღალი საგადასახადო ტვირთი უბიძგებს კომპანიებს ჩრდილოვან ეკონომიკაში საქმიანობისკენ, სადაც ისინი სავარაუდოდ არაეფექტიან მცირე ზომას შეინარჩუნებენ საგადასახადო ორგანოების მიერ აღმოჩენის თავიდან აცილების მიზნით. გარდა ამისა, რაც უფრო ფართო და რთულია საგადასახადო სისტემა, მით მეტი დრო და ფული უნდა დახარჯონ ფირმებმა საგადასახადო შესაბამისობის დაცვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ რთულ საკითხებზე ინდექსების შექმნა ყოველთვის რთული, ხოლო შედეგები საეჭვოა, მსოფლიო ბანკის მიერ შედგენილი საგადასახადო ტვირთის რეიტინგი მისი „ბიზნესის კეთების“ ინდექსის ნაწილის სახით (რომელიც მოიცავს საგადასახადო განაკვეთებსაც და სირთულეს), ინტუიციურად სწორად გამოიყურება.(39) 2019 წლისთვის ყველაზე ხელსაყრელ საგადასახადო გარემოს მქონე ქვეყნების სიაში წარმოდგენილი იყვნენ მოსალოდნელი კანდიდატები, როგორიცაა ჰონგ კონგი,(40) სინგაპური, ახალი ზელანდია, ირლანდია და ფინეთი (პლუს სპარსეთის ყურის მცირე სახელმწიფოები, სადაც ნავთობის შემოსავლები თითქმის არ იბეგრება). ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე კანდიდატებიც მოსალოდნელი იყო, მათ შორის ვენესუელა, სომალი, ბოლივია, ჩადი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. პოსტკომუნისტურ ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთის მქონე სისტემები გვხვდება ესტონეთში (მე-12 ადგილი), საქართველოში (14-ე), ლატვიასა (16-ე) და ლიეტუვაში(18-ე). გარდამავალი ეკონომიკის მქონე საშუალო ქვეყანა 67-ე ადგილს იკავებს, დაახლოებით საბერძნეთის დონეზე, რაც ნამდვილად არ არის მისაბაძი მოდელი. თუ პოსტკომუნისტური ქვეყნები შეძლებენ საგადასახადო ტვირთის შემცირებას ბალტიისპირეთის ლიდერების და საქართველოს დონეზე, ზრდის ტემპები აშკარად გაიზრდება.
ელემენტი 2.7: თავისუფალი ვაჭრობა
ადამიანები უფრო მაღალ შემოსავლებს აღწევენ, როდესაც თავისუფლად შეუძლიათ ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან.
თავისუფალი ვაჭრობა უბრალოდ გულისხმობს ადამიანების შესაძლებლობას იყიდონ და გაყიდონ საკუთარი სურვილისამებრ. დამცავ ტარიფებს ისეთივე ძალად იყენებენ, როგორც ესკადრონების ბლოკადას და მათი მიზანი ერთია - ვაჭრობის აღკვეთა. ამ ორს შორის განსხვავება იმაშია, რომ ესკადრონების ბლოკადა არის საშუალება, რომლითაც ქვეყნები ცდილობენ მტრების ვაჭრობას ხელი შეუშალონ; დამცავი ტარიფებით კი ქვეყნები ცდილობენ საკუთარი ხალხის მიერ ვაჭრობას შეუშალონ ხელი.(41)
საერთაშორისო ვაჭრობის პრინციპები ძირითადად იგივეა, რაც ნებისმიერ ნებაყოფლობით გაცვლას უდევს საფუძვლად. როგორც შიდა ვაჭრობის შემთხვევაში, საერთაშორისო ვაჭრობაც აძლევს საშუალებას თითოეულ სავაჭრო პარტნიორს აწარმოოს და მოიხმაროს მეტი საქონელი და მომსახურება, ვიდრე ეს სხვაგვარად იქნებოდა შესაძლებელი. არსებობს სამი მიზეზი, თუ რატომ არის ეს ასე.
პირველ რიგში, თითოეულ ქვეყანაში ხალხი სარგებელს ნახავს, თუ შეეძლება ვაჭრობის საშუალებით ადგილობრივად წარმოების ფასზე უფრო იაფად შეიძინოს პროდუქტი ან მომსახურება. რესურსების განაწილება ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. საქონელი, რომლის წარმოებაც ძვირია ერთ ქვეყანაში, შეიძლება ეკონომიური იყოს მეორე ქვეყანაში. მაგალითად, თბილი, ტენიანი კლიმატის მქონე ქვეყნები, როგორიცაა ბრაზილია და კოლუმბია, უპირატესობას პოულობენ ყავის წარმოებაში სპეციალიზაციით. ზომიერ კონტინენტურ კლიმატურ პირობებში, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, ჩვენ ვხედავთ სპეციალიზაციას ღვინის დაყენებასა და ხილის ბაღებში, ხოლო ციმბირი მოცვის ექსპორტს ეწევა. კანადასა და ავსტრალიაში, სადაც მიწა უხვია, ხოლო მოსახლეობა მეჩხერი, ხალხი სპეციალიზებულია ისეთი პროდუქტების წარმოებაზე, რომლებიც მიწის დიდ ფართობებს მოითხოვს, როგორიცაა ხორბალი, მარცვლეული და საქონლის ხორცი. იაპონია, სადაც მიწა მწირია, ხოლო სამუშაო ძალა მაღალკვალიფიციური, სპეციალიზირდება ისეთი საგნების წარმოებაზე, როგორიცაა კამერები, ავტომობილები და ელექტრონული პროდუქტები. ვაჭრობა საშუალებას აძლევს თითოეულ სავაჭრო პარტნიორს გამოიყენოს თავისი რესურსი, რათა აწარმოოს და გაყიდოს ის, რაც კარგად გამოსდის, ნაცვლად ისეთი რამის წარმოებისა რაც ძვირი უჯდება. სპეციალიზაციისა და ვაჭრობის შედეგად, მთლიანი გამოშვება იზრდება და თითოეულ ქვეყანაში ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე ეს სხვაგვარად შესაძლებელი იქნებოდა.
მეორე, საერთაშორისო ვაჭრობა საშუალებას აძლევს ადგილობრივ მწარმოებლებს და მომხმარებლებს ისარგებლონ მასშტაბის ეკონომიით, რომელიც დამახასიათებელია მრავალი მსხვილი მასშტაბის ოპერაციისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე ქვეყნებისათვის. საერთაშორისო ვაჭრობით, ადგილობრივ მწარმოებლებს უფრო დიდი რაოდენობის წარმოება და შესაბამისად, ერთეულზე დაბალი დანახარჯების მიღწევა შეუძლიათ, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა, მხოლოდ შიდა ბაზრისთვის რომ აწარმოებდნენ. მაგალითად, ვაჭრობა ტექსტილის მწარმოებლებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კოსტა რიკა, გვატემალა, ტაილანდი და ვიეტნამი საშუალებას აძლევს ისარგებლონ ფართომასშტაბიანი წარმოების უპირატესობებით. მათ რომ საზღვარგარეთ გაყიდვა არ შეეძლოთ, ერთეულზე დანახარჯები გაცილებით მეტი იქნებოდა, რადგან შიდა ტექსტილის ბაზრები ძალიან მცირეა ამ ინდუსტრიის მსხვილი, დაბალდანახარჯიანი ფირმების მხარდასაჭერად. ხოლო საერთაშორისო ვაჭრობით, ამ ქვეყნების ტექსტილის ფირმებს შეუძლიათ დიდი რაოდენობით აწარმოონ და გაყიდონ და ეფექტური კონკურენცია გასწიონ მსოფლიო ბაზარზე.
საერთაშორისო ვაჭრობა ასევე საშუალებას აძლევს ადგილობრივ მომხმარებლებს ისარგებლონ საზღვარგარეთის მსხვილი მწარმოებლებისგან შეძენით. მაგალითად, თვითმფრინავების საპროექტო და საინჟინრო უზარმაზარი ხარჯების გათვალისწინებით, არც ერთ ქვეყანას არ აქვს საკმარისად დიდი საშინაო ბაზარი, რომელიც თუნდაც ერთი თვითმფრინავის მწარმოებელს საშუალებას მისცემს სრულყოფილად მოახდინოს ფართომასშტაბიანი წარმოების ეკონომია. საერთაშორისო ვაჭრობით, „Boeing“-სა და „Airbus“-ს ბევრი თვითმფრინავის გაყიდვა შეუძლიათ უფრო დაბალი დანახარჯით. შედეგად, ყველა ქვეყანაში მომხმარებელს შეუძლია ფრენა მსხვილი მწარმოებლებისგან ეკონომიურ ფასად შეძენილი თვითმფრინავებით.
მესამე, საერთაშორისო ვაჭრობა ხელს უწყობს კონკურენციას ადგილობრივ ბაზრებზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინოს უფრო მრავალფეროვანი საქონელი დაბალ ფასებში. უცხოეთიდან კონკურენცია ადგილობრივ მწარმოებლებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ეს აიძულებს მათ გააუმჯობესონ პროდუქციის ხარისხი და შეამცირონ ხარჯები. ამავდროულად, უცხოეთიდან ხელმისაწვდომი საქონლის მრავალფეროვნება მომხმარებელს ბევრად უფრო ფართო არჩევანს აძლევს, ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა საერთაშორისო ვაჭრობის გარეშე.
მთავრობები ხშირად აწესებენ რეგულაციებს, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობას აფერხებს. ეს შეიძლება იყოს ტარიფები (გადასახადები იმპორტირებულ საქონელზე), კვოტები (იმპორტირებული საქონლის ოდენობის შეზღუდვა), გაცვლითი კურსის კონტროლი (ადგილობრივი ვალუტის ღირებულების ხელოვნური შემცირება იმპორტის შესაფერხებლად და ექსპორტის წასახალისებლად), ან ბიუროკრატიული რეგულაციები იმპორტიორების ან ექსპორტიორების მიმართ. ყველა ასეთი სავაჭრო შეზღუდვა ზრდის ტრანზაქციის ხარჯებს და ამცირებს გაცვლიდან მიღებულ მოგებას. როგორც ჰენრი ჯორჯმა აღნიშნა ამ ელემენტის დასაწყისში მოყვანილ ციტატაში, სავაჭრო შეზღუდვები სამხედრო ბლოკადას ჰგავს, რომელსაც ქვეყანა საკუთარ ხალხზე აწესებს. როგორც მტრის მიერ დაწესებული ბლოკადა ზიანს აყენებს ერს, სავაჭრო შეზღუდვების სახით დაწესებული ბლოკადა იგივენაირად მოქმედებს.
უნდა ჩაითვალოს თუ არა ქვეყანა თავისუფალი ვაჭრობის მხარდამჭერად? თუ ადგილობრივ სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებში ყველანაირი პროდუქტია, შეიძლება გონივრული ჩანდეს დაშვება, რომ ქვეყანა მხარს უჭერს თავისუფალ ვაჭრობას - მაგრამ ყოველთვის შეიძლება ეს არ იყოს სიმართლე. მაგალითად, საშუალო ტარიფი უკრაინაში ყველა სამრეწველო პროდუქტზე 10 პროცენტს აჭარბებს, ხოლო სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე 20 პროცენტამდეა. სხვა პროდუქციის იმპორტი კიდევ უფრო ფერხდება, შაქარი 50 პროცენტით იბეგრება, ხოლო მზესუმზირის ზეთი 30 პროცენტით. ბულგარეთში სატარიფო განაკვეთები იმპორტზე არაევროკავშირის ქვეყნებისთვის 5-დან 45 პროცენტამდე მერყეობს. შეერთებული შტატები კვოტებს რძის პროდუქტებზე, შაქარზე, ეთანოლზე, ბამბაზე, საქონლის ხორცზე, კონსერვირებულ თინუსზე და თამბაქოზე აწესებს. იმპორტი, რომელიც კვოტას აჭარბებს იმდენად მაღალ ტარიფებს ექვემდებარება, რომ ეს აკრძალვას უტოლდება.
ტარიფების გარდა, ქვეყნებმა შეიძლება დააწესონ კვოტები (იმპორტირებულ საქონელზე რაოდენობრივი შეზღუდვები) ან საერთოდ აკრძალონ პროდუქტები სხვა ქვეყნებიდან ან კონკრეტულად რომელიმე ქვეყნიდან. ტარიფები, კვოტები და აკრძალვები შეიძლება სავაჭრო პოლიტიკისგან განსხვავებული მიზნებით იყოს გამოყენებული. მაგალითად, რუსეთმა თითქმის ყველა სოფლის მეურნეობის იმპორტი აკრძალა ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ნორვეგიიდან უკრაინასთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ პოლიტიკური დავების საპასუხოდ. 2018 და 2019 წლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა გამოიყენა სატარიფო პოლიტიკა ჩინეთთან დავის დროს.
არაეკონომისტები ხშირად ამტკიცებენ, რომ იმპორტის შეზღუდვებმა შეიძლება სამუშაო ადგილები შექმნას. როგორც 1-ლი ნაწილის მე-9 ელემენტში განვიხილეთ, მნიშვნელოვანია წარმოების ღირებულება და არა სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები, რომ მაღალი შემოსავლის მიღების გზა იყოს, ჩვენ მარტივად შევძლებდით იმდენი სამუშაო ადგილის შექმნას, რამდენსაც მოვისურვებდით. ყველა შევძლებდით ერთ დღეს ორმოს გათხრაზე, მეორე დღეს კი მათ ამოვსებაზე გვემუშავა. ყველა დასაქმებული, მაგრამ ასევე უკიდურესად ღარიბიც ვიქნებოდით, რადგან ამგვარი სამუშაოების შედეგად არ გაჩნდებოდა საქონელი და მომსახურება, რომელსაც ხალხი აფასებს.
იმპორტის შეზღუდვებმა შესაძლოა დასაქმების გაფართოება გამოიწვიოს, რადგან შეზღუდვებით დაცული ინდუსტრიები შეიძლება გაიზარდოს ან მინიმუმ სტაბილურობა შეინარჩუნონ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები მთლიან დასაქმებას გააფართოვებს. გაიხსენეთ პირველი ნაწილის მე-12 ელემენტში განხილული მეორადი ეფექტები. როდესაც ქვეყანა ტარიფებს, კვოტებსა და სხვა ბარიერებს აღმართავს, რომლებიც ზღუდავს უცხოელების მიერ ამ ქვეყანაში გაყიდვის შესაძლებლობას, ეს ამავდროულად ამცირებს უცხოელების შესაძლებლობას თავად შეიძინონ საქონელი და მომსახურებები. ქვეყანაში იმპორტი ერთდროულად სხვა ქვეყნების ხალხებს მსყიდველობით უნარს აძლევს, რაც აუცილებელია იმპორტიორი ქვეყნის მიერ ექსპორტირებული საქონლისა და მომსახურებების შესაძენად ან ინვესტიციების განსახორციელებლად. ამრიგად, იმპორტის შეზღუდვები არაპირდაპირი გზით ექსპორტსაც ამცირებს. საექსპორტო ინდუსტრიებში გამოშვება და დასაქმება შემცირდება, რაც დაცულ ინდუსტრიაში ნებისმიერ „გადარჩენილ“ სამუშაო ადგილს დააკომპენსირებს.(42)
სავაჭრო შეზღუდვები არც ქმნის და არც ანადგურებს სამუშაო ადგილებს;(43) შეზღუდვები ხელოვნურად მიმართავს მუშახელს და სხვა რესურსებს ისეთი წარმოებისკენ, რომლებიც სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მაღალი დანახარჯებით იწარმოება. გამოშვება და დასაქმება იკლებს იმ დარგებში, სადაც ქვეყნის რესურსები ყველაზე მეტად პროდუქტიულია - სფეროები, სადაც მის ფირმებს წარმატებული კონკურენციის გაწევა შეეძლებოდათ მსოფლიო ბაზარზე რომ არა შეზღუდვების გავლენა. ამრიგად, შრომა და სხვა რესურსები მაღალი პროდუქტიულობის მქონე სფეროებიდან გადადის იმ დარგებში, სადაც ეს დაბალია. ამგვარი პოლიტიკა ამცირებს ქვეყნის გამოშვებასა და შემოსავლების დონეს.
ბევრს სჯერა, რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნების მუშებს არ შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ უცხოელებს, რომლებიც ზოგჯერ დღეში 2 ან 3 დოლარს გამოიმუშავებენ. ეს მოსაზრება არასწორია და მომდინარეობს მაღალი ხელფასის წყაროსა და შედარებითი უპირატესობის კანონის მცდარი გაგებიდან. მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მუშახელი კარგი განათლებით, მაღალი დონის უნარებით გამოირჩევიან და დიდი რაოდენობით კაპიტალურ აღჭურვილობასთან მუშაობენ. ეს ფაქტორები განაპირობებს მათ მაღალ პროდუქტიულობას, რაც მათი მაღალი ანაზღაურების წყაროა. დაბალანაზღაურებად ქვეყნებში, როგორიცაა ბურუნდი და ეთიოპია, ხელფასებიც დაბალია სწორედ დაბალი პროდუქტიულობის გამო. იმ ფაქტმა, რომ უკრაინელების საშუალო შემოსავალი ოცდახუთჯერ აღემატება ბურუნდიელებისას, ხელი არ უნდა შეუშალოს უკრაინელებს მიირთვან ფინჯანი ბურუნდიული ყავა.
თითოეულ ქვეყანას ყოველთვის ექნება ისეთი რამ, რასაც ის სხვაზე უკეთესად აკეთებს. როგორც მაღალი ასევე დაბალი ანაზღაურების მქონე ქვეყნები სარგებელს ნახავენ, თუ შეეძლებათ ყურადღება გაამახვილონ საკუთარი რესურსების ისეთ პროდუქტიულ საქმიანობაზე მიმართვაზე, რაც შედარებით უკეთ გამოსდით. თუ მაღალანაზღაურებად ქვეყანას შეუძლია უცხოელი მწარმოებლებისგან პროდუქტის უფრო დაბალ ფასად იმპორტი, ადგილობრივ წარმოებასთან შედარებით მაშინ ამ პროდუქტის შემოტანას აზრი აქვს. ნაკლები რესურსი იქნება გადანაწილებული იმ წარმოებაზე, რომელთა მოწოდება ადგილობრივად მხოლოდ მაღალი დანახარჯებითაა შესაძლებელი და მეტი იმ საქონლისა და მომსახურების წარმოებაზე, რომლის მიწოდება ადგილობრივ მწარმოებლებს დაბალი დანახარჯებით შეუძლიათ.(44) ვაჭრობა საშუალებას მისცემს მუშახელს, როგორც მაღალ, ასევე დაბალანაზღაურებად ქვეყნებში უფრო მეტი გამოშვება აწარმოონ, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. თავის მხრივ, პროდუქტიულობის უფრო მაღალი დონე ორივეს შემთხვევაში მაღალ ხელფასს გამოიწვევს.
რა მოხდება უცხოელ მწარმოებლებს მომხმარებლისთვის ისეთი იაფი პროდუქტის მიწოდება(45) რომ შეეძლოთ, რასაც ადგილობრივი მწარმოებლები კონკურენციას ვერ გაუწევდნენ? გონივრული საქციელი იქნებოდა ეკონომიური საქონლის მიღება და შიდა რესურსების სხვა წარმოებაზე მიმართვა. გახსოვდეთ, რომ ჩვენი ცხოვრების დონეს განსაზღვრავს საქონლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობა და არა სამუშაო ადგილები. ფრანგმა ეკონომისტმა ფრედერიკ ბასტიატმა დრამატულად გაუსვა ხაზი ამ საკითხს 1845 წლის სატირში: „მესანთლეთა პეტიცია“. პეტიცია, ვითომდა საფრანგეთის დეპუტატთა პალატის სახელზე იყო დაწერილი სანთლების, ფარნების და სხვა პროდუქტების ფრანგი მწარმოებლების მიერ, რომლებიც შიდა განათების მიმწოდებლები იყვნენ. პეტიციის ავტორები ჩიოდნენ, რომ სინათლის ადგილობრივი მწარმოებლები „გადამთიელი მეტოქისგან გაუსაძლისი კონკურენციის წნეხის ქვეშ იყვნენ, რომელიც მათთან შედარებით სინათლის წარმოებისას იმდენად უფრო მომგებიან მდგომარეობაში იყო, რომ მათი ეროვნული ბაზარი სრულად გაანათა, თანაც გასაოცრად დაბალ ფასად. სადაც კი იგი თავს იჩენდა, მათი ვაჭრობა სრულად ჩერდებოდა – მომხმარებლები მისკენ ისწრაფვოდნენ და ფრანგული წარმოება, რომელსაც უთვალავი სიკეთე მოჰქონდა სრულად დაკნინებული იყო.“
რა თქმა უნდა, ეს კონკურენტი მზე იყო და მომჩივანები ითხოვდნენ დეპუტატებს მიეღოთ კანონი, რომელიც ფანჯრების, ჟალუზების და სხვა ღიობების დახურვას დაავალდებულებდა ყველას, რათა მზის შუქს არ შეეღწია შენობებში. პეტიცია გრძელდება განათების ინდუსტრიის იმ პროფესიების ჩამონათვალით, სადაც დასაქმების დიდი ზრდა მოხდება, თუ აიკრძალება მზის შიდა განათებისთვის გამოყენება. ბასტიატის აზრი ამ სატირაში ნათელია: რამდენადაც სულელური არ უნდა იყოს პეტიციაში შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება, არა ნაკლები სისულელეა კანონმდებლობა, რომელიც ამცირებს დაბალფასიანი საქონლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას, ადგილობრივი მწარმოებლების „გადარჩენის“ და დასაქმების ხელშესაწყობად.
ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტრანსპორტირების ხარჯები დაეცა და სავაჭრო ბარიერები შემცირდა. სავაჭრო ბარიერების შემცირება ყველაზე მეტად გამოხატულია დაბალშემოსავლიან ქვეყნებში. 1980 წელს ღარიბი, ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისათვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო 20% ან მეტი სატარიფო განაკვეთის დაწესება. ბევრი ასევე აწესებდა გაცვლითი კურსის კონტროლს, რაც მოქალაქეებისთვის ართულებდა იმპორტის შესაძენად საჭირო უცხოურ ვალუტაზე წვდომას. დღეს სიტუაცია მკვეთრად განსხვავებულია. გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან დაწყებული, მრავალმა ნაკლებად განვითარებულმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, შეამცირა ტარიფები, შეამსუბუქა გაცვლითი კურსის კონტროლი და მოხსნა სხვა სავაჭრო ბარიერები. შედეგად, საერთაშორისო ვაჭრობა სწრაფად გაიზარდა.
საერთაშორისო ვაჭრობის ზრდამ შესაძლებლობა მისცა მსოფლიოს მიეღწია უფრო დიდი გამოშვებისა და მოხმარების უფრო მაღალი დონისთვის, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სწრაფად გაიზარდა ბევრ ნაკლებად განვითარებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიის მრავალრიცხოვან ქვეყნებში. განსაკუთრებით ღარიბებმა ისარგებლეს თავისუფალი ვაჭრობით. მსოფლიოში უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების რიცხვი 1980-დან 2015 წლამდე 1,1 მილიარდზე მეტით შემცირდა, ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 40%-დან 10%-ზე ნაკლებზე ჩამოვიდა. დღეს განვითარებადი ქვეყნებიდან დანარჩენ მსოფლიოში ექსპორტირებული პროდუქციის დაახლოებით ორი მესამედი ნულოვან ტარიფებს ექვემდებარება.
გარდა ამისა, საერთაშორისო ვაჭრობის ზრდამ შეამცირა შემოსავლის სხვაობა მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ნაკლებად განვითარებული ქვეყნები უფრო სწრაფ ზრდას აჩვენებენ, ვიდრე მაღალშემოსავლიანი განვითარებული ქვეყნები. უფრო მეტიც, შემოსავლის ზრდა განსაკუთრებით სწრაფია ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის მესამედი ცხოვრობს. შედეგად, შემოსავლის განაწილება მსოფლიოში უფრო და უფრო თანაბარი ხდება, განსაკუთრებით 2000 წლიდან.(46)
ამასთან, ვაჭრობის გაფართოების გავლენა შემოსავლის განაწილებაზე ხშირად განსხვავებულია მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, კანადა, იაპონია და დასავლეთ ევროპის ქვეყნები. როგორც მოსალოდნელია მაღალშემოსავლიანი ქვეყნები აექსპორტებენ საქონელს, რომელიც უფრო მაღალკვალიფიციურ, კარგად განათლებულ სამუშაო ძალას მოითხოვს, ხოლო არათანაზომიერად დიდი რაოდენობით შემოაქვთ დაბალკვალიფიციური შრომით წარმოებული საქონელი. ამრიგად, ვაჭრობამ შეიძლება გაზარდოს მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალაზე დაბალკვალიფიციურთან შედარებით. რამდენადაც ეს ასეა, მაღალკვალიფიციური მუშახელის შემოსავალი დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშახელთან შედარებით გაიზრდება, რაც შიდა შემოსავლის უთანასწორო განაწილებას გაზრდის. ბოლო ათწლეულების განმავლობაში შემოსავლების უთანასწორობა თითქმის ყველა მაღალშემოსავლიან ქვეყანაში გაიზარდა და საერთაშორისო ვაჭრობის ზრდა შესაძლოა ამის ხელშემწყობი ფაქტორი იყოს.
ამჟამად, როგორც ჩანს, საერთაშორისო ვაჭრობისადმი მტრული განწყობა იზრდება რამდენიმე მაღალშემოსავლიან ქვეყანაში. წამყვანმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა სხვადასხვა სახის სავაჭრო ბარიერებისკენ მოუწოდეს, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნებიდან იმპორტთან მიმართებით შეზღუდვების მხრივ. შემოსავლების გაზრდილი უთანასწორობა და დაბალი კვალიფიკაციის და განათლების მქონე მუშაკების შემოსავლების ნელი ზრდა ხელს უწყობს ამ მტრულ განწყობას. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი გადამწყვეტი მნიშვნელოვანი ფაქტორი: კარგად ორგანიზებული ინტერესების პოლიტიკური ძალა. სავაჭრო შეზღუდვები კონკრეტულ მწარმოებლებსა და მათი რესურსების მომწოდებლებს ასარგებლებს, მათ შორის ზოგიერთ მუშაკს, სხვა დარგების მომხმარებლებისა და მომწოდებლების ხარჯზე. როგორც წესი, ის დარგები, რომლებიც მთავრობას უცხოელი მეტოქეებისგან დაცვისკენ მოუწოდებენ, კარგად არიან ორგანიზებულნი და მათი შემოსავლები კონცენტრირებული და ძალზე თვალსაჩინოა, ხოლო მომხმარებლები, მუშაკები და სხვა რესურსების მომწოდებლები, ძირითადად, ცუდად ორგანიზებულნი არიან და მათი სარგებელი საერთაშორისო ვაჭრობიდან საკმაოდ გაფანტულია. მოსალოდნელია, რომ ორგანიზებულ ინტერესებს უფრო მეტი პოლიტიკური გავლენა ექნებათ (შემოწირულობებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის სხვა ფორმების სახით), რაც პოლიტიკოსებს ძლიერ სტიმულს მისცემს, დააკმაყოფილონ მათი მოსაზრებები.
გარდა ამისა, ადვილია იმ ზიანის დანახვა, რომელიც ადგებათ ფოლადის წარმოებაში მომუშავე მუშებს, რომლებიც კარგავენ სამსახურს ფოლადის საზღვარგარეთ უფრო იაფად წარმოების და თავისუფალი იმპორტირების გამო. ამის საპირისპიროდ, ბევრად ნაკლებად თვალსაჩინოა თავისუფალი ვაჭრობით მიღებული სარგებელი. სავაჭრო შეზღუდვების შემთხვევაში, ჯანსაღი ეკონომიკური აზროვნება ხშირად ეწინააღმდეგება გამარჯვებულ პოლიტიკურ სტრატეგიას.
ისტორია აჩვენებს, რომ ვაჭრობის მიმართ მზარდი მტრული დამოკიდებულება პოტენციურად საშიშია. 1920-იანი წლების ბოლოს ეკონომიკის შენელებასთან ერთად, ვაჭრობის მიმართ მსგავსი მტრული დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ამან შეერთებულ შტატებში 1930 წელს სმუთ-ჰაულის ტარიფის კანონპროექტის მიღება გამოიწვია. ამ კანონმდებლობით ტარიფები 50 პროცენტზე მეტად გაიზარდა დაახლოებით 3 200 იმპორტირებულ პროდუქტზე. პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი, სენატორი რიდ სმუტი, კონგრესმენი უილის ჰოული და კანონპროექტის სხვა მომხრეები ფიქრობდნენ, რომ მაღალი ტარიფები ხელს შეუწყობდა ეკონომიკის სტიმულირებას და სამუშაო ადგილების შენაჩუნებას. როგორც ჰოულიმ თქვა, „მე მინდა დავინახო ამერიკელი მუშაკები, რომლებიც მუშაობენ ამერიკული საქონლის წარმოებაზე ამერიკული მოხმარებისთვის.“(47)
მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკა შესანიშნავად ჟღერდა, შედეგები მკვეთრად განსხვავებული იყო. ტარიფის ზრდამ უცხოელები გააღიზიანა და სამოცმა ქვეყანამ საპასუხოდ უფრო მაღალი ტარიფები დააწესა ამერიკულ პროდუქტებზე. შეერთებულ შტატებში საერთაშორისო ვაჭრობა და ასევე გამოშვება დაეცა. 1932 წლისთვის აშშ-ის ვაჭრობის მოცულობა კანონპროექტამდე არსებულის ნახევრამდე შემცირდა. სავაჭრო მოგება დაიკარგა, ფედერალური მთავრობის სატარიფო შემოსავლები ფაქტობრივად დაეცა, წარმოება და დასაქმება შემცირდა, ხოლო უმუშევრობის დონე გაიზარდა. სმუთ-ჰაულის კანონპროექტის მიღებისას უმუშევრობა 7,8 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მხოლოდ ორი წლის შემდეგ იგი 23,6 პროცენტამდე გაიზარდა. სააქციო ბაზარი, რომელმაც 1929 წლის ოქტომბრის დანაკარგები თითქმის დაიბრუნა სმუთ-ჰოულის მიღებამდე, მისი მიღებიდან რამდენიმე თვეში ჩავარდა.
ათასზე მეტმა ეკონომისტმა მოაწერა ხელი პრეზიდენტ ჰუვერის სახელზე ღია წერილს, რომლითაც ისინი სმუთ-ჰაულის მავნე ზემოქმედების შესახებ აფრთხილებდნენ და თხოვდნენ, არ მოეწერა ხელი კანონმდებლობისთვის. მან უარყო მათი თხოვნა, მაგრამ ისტორიამ მათი გაფრთხილებების სისწორე დაადასტურა. სხვა ფაქტორებმა, როგორიცაა ფულის მიწოდების მკვეთრი შემცირება და გადასახადების უზარმაზარი ზრდა, როგორც 1932, ასევე 1936 წლებში ასევე წვლილი შეიტანეს დიდ დეპრესიაში. მაგრამ სმუთ-ჰოულის სავაჭრო კანონპროექტი ასევე იყო იმ ეპოქის ტრაგიკული მოვლენების ძირითადი მიზეზი.
განმეორდება ისტორია? იმედია არა, მაგრამ 1930-იანი წლების გამოცდილება მიუთითებს, რომ არაინფორმირებულმა პოლიტიკურმა რიტორიკამ და ვაჭრობისადმი მტრობამ შეიძლება კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
თუ ომის შემდგომ პერიოდში საერთაშორისო ვაჭრობის გავლენას შევხედავთ აშკარაა, რომ დასავლეთ ევროპის ღიაობამ გავლენა მოახდინა ორივე მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის სიჩქარეზე და მოცულობაზე. კონტრასტი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთ ევროპაში ეკონომიკური არასტაბილურობის ათწლეულსა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ათწლეულში დამყარებულ ეკონომიკურ აღდგენას შორის საოცარია და მჭიდრო კავშირშია სავაჭრო პოლიტიკის განსხვავებებთან(48). პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკურ რესტრუქტურიზაციას არ გააჩნდა რაიმე ინსტიტუციური მექანიზმი, რომელიც ხელს შეუწყობდა სავაჭრო ბარიერების შემცირებას, რომლებიც ომის დროს წარმოიშვა და შემდეგ ფესვები გაიდგა. 1945 წელს გერმანიის დანებებიდან სულ რაღაც ორი წლის შემდეგ, ოცდასამმა ქვეყანამ დაამყარა გენერალური ხელშეკრულება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ (GATT), რომლითაც ტარიფების შემცირების შესახებ სავალდებულო შეთანხმებები შედგა. ომის დასრულებიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ, დასავლეთ ევროპის ყველა დიდმა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა სამ ცალკე მოლაპარაკებაში, რომლითაც გაფართოვდა GATT-ის წევრობა და კიდევ უფრო შემცირდა იმპორტის ტარიფები. GATT-ის მთავარი მიღწევა იყო ტარიფების ფართო შემცირება ჟენევის მოლაპარაკებების პირველ რაუნდში 1947 წელს. ტარიფების სწრაფი შემცირება წარმოდგენილია მე-9 ილუსტრაციაში(49).
ილუსტრაცია 9: ტარიფის საშუალო დონე შერჩეულ ქვეყნებში (%)
1913 | 1925 | 1927 | 1931 | 1952 | |
ბელგია | 9 | 7 | 11 | 17 | არ შეესაბამება |
საფრანგეთი | 14 | 9 | 23 | 38 | 19 |
გერმანია | 12 | 15 | 24 | 40 | 16 |
იტალია | 17 | 16 | 27 | 48 | 24 |
ნიდერლანდები | 2 | 4 | არ შეესაბამება | არ შეესაბამება | არ შეესაბამება |
გაერთიანებული სამეფო | არ შეესაბამება | 4 | არ შეესაბამება | 17 | 17 |
შეერთებული შტატები | 32 | 26 | არ შეესაბამება | არ შეესაბამება | 16 |
შენიშვნა: ყველა წელი არ არის შედარებადი.
წყაროები: 1913 და 1925 წლების გამოთვლები აღებულია ერთა ლიგადან, ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების (GATT) მონაცემების მიხედვით (1953), გვ. 62 და ასევე 1952 წლის ამავე შეთანხმების გაანგარიშებით. 1927 და 1931 წლების სატარიფო მონაცემებისთვის იხ. Liepmann (1938), გვ. 415; გაერთიანებული სამეფოს 1932 წლის მონაცემებისთვის იხ. Kitson and Solomou (1990), გვ. 65-6.
ილუსტრაციები 10 და 11(50) გვიჩვენებს ორი ომის შემდეგ ექსპორტის მოცულობისა და რეალური შემოსავლის ზრდას დასავლეთ ევროპის ხუთი ძირითადი ქვეყნისთვის - საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და გაერთიანებული სამეფოსთვის.
ილუსტრაცია 10: ექსპორტის მოცულობა I და II მსოფლიო ომების შემდეგ (დასავლეთ ევროპის ხუთი ეკონომიკა)
ილუსტრაცია 11: რეალური გამოშვება პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ (დასავლეთ ევროპის ხუთ ქვეყანაში)
ევროპის რეგიონული და საერთაშორისო ვაჭრობის სამთავრობო შეზღუდვებისაგან გათავისუფლებამ საშუალება მისცა ეკონომიკას, ესარგებლა სპეციალიზაციით შედარებითი უპირატესობის შესაბამისად და ამით უფრო სწრაფად გაფართოებულიყო.
ნაწილი 2 დასკვნითი მოსაზრებები
ინსტიტუტებისა და პოლიტიკის მნიშვნელობა
ბოლო წლებში არსებითად ჭარბობს სამეცნიერო კვლევები, რომლებიც მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ეკონომიკური ინსტიტუტები და პოლიტიკა ეკონომიკური ზრდისა და განვითარების ძირითადი განმსაზღვრელია. ეკონომიკური ინსტიტუტებით ვგულისხმობთ სამართლებრივ მოთხოვნებს, რეგულაციებს, ტრადიციებსა და ჩვეულებებს, რომლებიც ქმნიან ჩარჩოს, რომელშიც მოქმედებს ეკონომიკა. მათ შორისაა კონსტიტუციური მანდატები, სამართლებრივი პროცესები, წესები, რომლებიც არეგულირებს გაცვლას და ფულადი შეთანხმებების სტრუქტურას. ეკონომიკური პოლიტიკა განისაზღვრება, როგორც უფრო კონკრეტული პოლიტიკური ქმედებები, რომელთა შეცვლა ინსტიტუციებზე უფრო სწრაფად შეიძლება.
სამეცნიერო სფერო, რომელიც ეკონომიკურ ზრდაზე, განვითარებაზე და საქმიანობაზე ინსტიტუტებისა და პოლიტიკის გავლენას აანალიზებს, ცნობილია, როგორც ახალი ინსტიტუციური ეკონომიკა. ინსტიტუტები და პოლიტიკა, რომლებიც ხელს უწყობენ პროდუქტიულ ქმედებებს და ხელს უშლიან მტაცებლურ ქცევას, განიხილება, როგორც ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის საკვანძო ელემენტი. მრავალი ეკონომიკური კვლევით შესწავლილ იქნა კომუნიზმიდან გადასვლის შედეგად წარმოქმნილი ინსტიტუციის ხარისხის გაუმჯობესება და დადგინდა, რომ ქვეყნები, რომლებიც უფრო სწრაფად მიიწევდნენ წინ კარგი ინსტიტუტების შექმნის გზაზე, ზოგადად ბევრად უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობით გამოირჩეოდნენ.(51)
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს გარკვეული მსჯელობა იმ ინსტიტუტების შესახებ, რომლებიც ყველაზე შესაფერისია სწრაფი ზრდის მისაღწევად, არსებობს მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომ საკუთრების უფლებები, ღია ბაზრები, მონეტარული სტაბილურობა და მინიმალური სავაჭრო შეზღუდვები ცენტრალური მნიშვნელობისაა ინსტიტუციონალური გარემოს ჩამოყალიბებაში. ამ ნაწილში აღწერილი პუნქტები ასახავს ახალ ინსტიტუციონალურ ეკონომიკას.
რამდენად მნიშვნელოვანია ინსტიტუციები და პოლიტიკა? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა ქვეყნის ინსტიტუტებისა და პოლიტიკის შედარება. 1980-იანი წლების შუა პერიოდიდან, კანადაში, ვანკუვერში მდებარე ფრეიზერის ინსტიტუტმა, რიგ პარტნიორებთან ერთად, წარმოადგინა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სახელწოდებით „მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება (EFW)“. ამჟამად ეს ინდექსი მსოფლიოში ინსტიტუტების ქსელის მიერ ქვეყნდება. იგი ზომავს, თუ რამდენად შეესაბამება ქვეყნის ინსტიტუტები და პოლიტიკა ეკონომიკურ თავისუფლებას. იგი მოიცავს მთავრობის ზომას, სამართლებრივ სისტემასა და საკუთრების უფლებებს, ჯანსაღ ფულს, ვაჭრობის თავისუფლებას და მარეგულირებელ გარემოს. ინდექსი აერთიანებს 42 ცალკეულ კომპონენტს და შეფასებას დაახლოებით 160 ქვეყნისთვის უზრუნველყოფს, რომელთაგან ზოგი მათგანი ჯერ კიდევ 1980 წლიდან ითვლება, ხოლო სხვები დაემატა მონაცემების ხელმისაწვდომობასთან ერთად.
მრავალი თვალსაზრისით, EFW ინდექსი ასახავს ამ წიგნის წინა განყოფილებებში აღწერილ ელემენტებს. EFW მაღალი რეიტინგის მისაღწევად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს კერძო საკუთრების დაცვა, კონტრაქტების მიუკერძოებლად შესრულება და სტაბილური მონეტარული გარემო. მან ასევე უნდა შეინარჩუნოს დაბალი გადასახადები, თავი შეიკავოს ბარიერების შექმნისგან როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვაჭრობაში და უფრო სრულყოფილად დაეყრდნოს ბაზრებს, ვიდრე სახელმწიფო ხარჯებსა და რეგულაციებს საქონლისა და რესურსების გამოყოფისთვის. თუ ეს ინსტიტუციური და პოლიტიკური ფაქტორები ნამდვილად მოქმედებს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მუდმივად მაღალი EFW რეიტინგის მქონე ქვეყნებმა ბევრად უკეთესი შედეგი უნდა აჩვენონ, ვიდრე მუდმივად დაბალი შეფასების მქონე ქვეყნებმა.
მე-12 ილუსტრაცია წარმოადგენს 2017 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლისა და მისი ბოლოდროინდელი ზრდის მონაცემებს იმ ათი ქვეყნისთვის, რომელთაც 2016 წელს ყველაზე მაღალი და დაბალი EFW რეიტინგი ჰქონდათ. ყველაზე მაღალი შეფასების მქონე ქვეყნები გასაკვირი არ არის, საქართველოსა და მავრიკიის გარდა, სადაც ბოლო ხნის ეკონომიკური რეფორმების შედეგი აშკარად იკვეთება. რეიტინგის ბოლოში არის ვენესუელა. ჩავესის/მადუროს მთავრობის დროს, სამხრეთ ამერიკის ერთ დროს ყველაზე წარმატებული ქვეყანა კომუნისტური/სოციალისტური ეკონომიკური დაგეგმვის სავალალო მარცხის მაგალითი გახდა. იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე მეტი ეკონომიკური თავისუფლებაა, საშუალო შემოსავალი 2017 წელს ერთ სულ მოსახლეზე 56 749 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც თითქმის შვიდჯერ აღემატება ნაკლებად თავისუფალი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს.
ასევე მე-12 ილუსტრაციაში შეგვიძლია დავინახოთ, რომ ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებს ზრდის პოზიტიური ტემპები აქვთ. ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყნები ზრდის მაჩვენებლებში მრავალფეროვნებას ავლენენ. ზოგი, სტაბილურობის პერიოდში დაბალი ზრდის ტემპებით იწყებენ და ძლიერად იზრდებიან, ხოლო სხვების მაჩვენებლები განსაკუთრებით ცუდი პოლიტიკის პირობებში დროთა განმავლობაში იკლებს. ზედა ჯგუფის საშუალო წლიური ზრდის ტემპი იყო 3,7 პროცენტი ქვედა ჯგუფის -0,4 პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით.
ილუსტრაცია 12: ეკონომიკური თავისუფლება, შემოსავალი და ეკონომიკური ზრდა
ეკონომიკური თავისუფლების | ქვეყანა | 2017 წლის მშპ ერთ სულ მოსახლეზე | 2013-2017 წლიური ზრდის ტემპი |
ტოპ ათეული, 2016 წ. | |||
1 | ჰონგ-კონგი | $61,540 | 2.8% |
2 | სინგაპური | $93,905 | 3.5% |
3 | ახალი ზელანდია | $40,917 | 3.3% |
4 | შვეიცარია | $65,006 | 1.8% |
5 | ირლანდია | $76,305 | 9.4% |
6 | შეერთებული შტატები | $59,532 | 2.2% |
7 | საქართველო | $10,689 | 3.7% |
8 | მავრიკი | $22,279 | 3.7% |
9 | გაერთიანებული სამეფო | $43,887 | 2.2% |
10 | ავსტრალია | $47,047 | 2.4% |
10 | კანადა | $46,378 | 2.2% |
საშუალო მაჩვენებელი | $56,749 | 3.7% | |
ქვედა ათეული, 2016 წ. | |||
153 | სუდანი | $4,904 | 2.8% |
154 | გვინეა-ბისაუ | $1,700 | 4.5% |
155 | ანგოლა | $6,389 | 1.1% |
156 | ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა | $726 | -4.4% |
157 | სირია | $2,900 | არ შეესაბამება |
157 | კონგოს რესპუბლიკა | $887 | 6.1% |
159 | ალჟირი | $15,275 | 3% |
160 | არგენტინა | $20,787 | 0.7% |
161 | ლიბია | $19,631 | -9.2% |
162 | ვენესუელა | არ შეესაბამება | -7.8% |
საშუალო მაჩვენებელი | $8,133 | -0.4% |
წყარო: მსოფლიო ბანკის მონაცემები.
შენიშვნა: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, მსყიდველობითი უნარის პარიტეტი (PPP).
როდესაც დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები კარგ ინსტიტუტებს და პოლიტიკას ქმნიან, მათ შეუძლიათ მიაღწიონ ზრდის ძალიან მაღალ ტემპებს და შეამცირონ მაღალშემოსავლიან ინდუსტრიულ ქვეყნებთან შემოსავლის სხვაობა. 1980 წელს ორი ყველაზე დასახლებული ქვეყანა, ჩინეთი და ინდოეთი, ასევე მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ეკონომიკის ქვეყნებს შორის იყვნენ. გასული საუკუნის 80-იან და 90-იან წლებში მათ გაატარეს პოლიტიკა, რომელიც მეტად შეესაბამებოდა ეკონომიკურ თავისუფლებას და ახლა ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავ ტემპებს, წელიწადში 6% ან მეტს აჩვენებენ.
მიუხედავად იმისა, რომ უფრო თავისუფალი ქვეყნების მეტი ეკონომიკური წარმატება შეიძლება ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან დავასკვნათ, ყოველთვის არსებობს ქვეყნები, რომლებიც არ შეესაბამება ამ სქემას. კავშირი უფრო ნათელი გახდება, თუ ქვეყნებს დავაჯგუფებთ. ილუსტრაცია 13 ქვეყნებს ოთხ ჯგუფად ყოფს (ე. წ. კვანტილი), სადაც თითოეული ჯგუფი შეიცავს ქვეყნების 25 პროცენტს, რომლებიც დაბალიდან მაღლისაკენ არიან განლაგებული მათი EFW რეიტინგის შესაბამისად და აჩვენებს მათი საშუალო შემოსავლის დონეს უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. რადგან მიმდინარე შემოსავალი ასახავს ზრდის გავლენას ათწლეულების ან მეტი დროის განმავლობაში, განსხვავება თვალსაჩინოა. თუ დავუშვებთ, რომ (რასაც უფრო ღრმა ანალიზიც უჭერს მხარს) ამჟამად თავისუფალი ქვეყნები უფრო მეტი დროის განმავლობაში იყვნენ თავისუფლები, ცხადი ხდება რომ თავისუფალმა ეკონომიკებმა (1995 წლიდან 2016 წლამდე ორი ათწლეულის საშუალო ქულების მიხედვით) ბევრად უფრო მაღალი შემოსავლის დონეს მიაღწიეს. ყველაზე თავისუფალ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე 2016 წელს საშუალო შემოსავალი 40 376 აშშ დოლარი იყო, რაც შვიდჯერ აღემატება ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყნების მაჩვენებელს.
ილუსტრაცია 13: ეკონომიკური თავისუფლება და შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე
ქვეყნებს, რომელთაც მეტი ეკონომიკური თავისუფლება აქვთ, მნიშვნელოვნად მაღალი შემოსავლები აქვთ ერთ სულ მოსახლეზე.
შენიშვნა: შემოსავალი = მშპ ერთ სულ მოსახლეზე, (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი, მუდმივი აშშ დოლარი), 2016 წ.
წყაროები: ეკონომიკური თავისუფლების საშუალო ქულა, 1995-2016 წ.წ.; მსოფლიო ბანკი, 2017 წ., მსოფლიო განვითარების მაჩვენებლები.
ამ ნაწილში დიაგრამები აღებულია ჯეიმს გვარტნის და სხვათა ავტორობით მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება: 2018 წლის წლიური ანგარიში:https://www.fraserinstitute.org/studies/economic-freedom.
საერთო ჯამში უფრო თავისუფალი ქვეყნები არა მხოლოდ უფრო წარმატებულნი არიან, არამედ უფრო თავისუფალი ეკონომიკის სარგებელი ღარიბ შინამეურნეობებზეც გავრცელდა. ილუსტრაცია 14 გვიჩვენებს თითოეულ ქვეყანაში მოსახლეობის ყველაზე ღარიბი მეათედის საშუალო შემოსავალს ერთ სულზე მოსახლეზე მათი ეკონომიკური თავისუფლების დონის მიხედვით. თვით თავისუფლების სარგებლიანობის გათვალისწინების გარეშეც, არჩევანის გაკეთებისას, ღარიბი ოჯახები აშკარად აირჩევენ თავისუფალ საზოგადოებებში ცხოვრებას. ეს აშკარა განსხვავება ბევრს მეტყველებს მიგრაციულ წნეხებზე, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში საჯარო პოლიტიკის განხილვის საგანია.
ილუსტრაცია 14: ეკონომიკური თავისუფლება და უღარიბესი 10%-ის მიერ მიღებული შემოსავალი
მოსახლეობის უღარიბესი 10% -ის მიერ მიღებული შემოსავლის წილი გაცილებით მეტია უფრო მაღალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებში.
შენიშვნა: წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე, უღარიბესი 10% (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი, მუდმივი აშშ დოლარი), 2016 წ.
წყაროები: ეკონომიკური თავისუფლების საშუალო ქულა, 1995-2016 წ.წ.; მსოფლიო ბანკი, 2017 წ., მსოფლიო განვითარების მაჩვენებლები.
რა თქმა უნდა, სიღარიბის გასაზომად ყველაზე დაბალშემოსავლიანი 10%-ის გამოყენებამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. უღარიბესი 10% შეიძლება საკმაოდ კარგად ცხოვრობდეს მდიდარ ქვეყანაში, მაგრამ ნამდვილად იტანჯებოდეს ღარიბ ქვეყანაში. მოდით განვიხილოთ ილუსტრაცია 15, რომელიც ასახავს მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრულ „უკიდურეს“ ან „ზომიერ“ სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. უკიდურესი სიღარიბე ნიშნავს დღეში 1,90 აშშ დოლარად ცხოვრებას, ხოლო ზომიერი სიღარიბე ნიშნავს 3,20 დოლარზე ნაკლებს დღეში (აშშ დოლარი შეცვლილია ფასების სხვაობებისთვის).(52) ადვილია იმის დანახვა, თუ რა უპირატესობა აქვს იმ ქვეყანაში ცხოვრებას, რომელსაც მაღალი ეკონომიკური თავისუფლება აქვს - ასეთი ქვეყნების მოქალაქეები, სავარაუდოდ, ღარიბები არ არიან. გლობალურად, მსოფლიომ სიღარიბის აღმოფხვრის საქმეში დიდ წინსვლას მიაღწია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1981 წელს ადამიანთა 42% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. 2016 წლისთვის ეს ნაწილი 10%-ზე ნაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანის (1981–1989 წ.წ.) და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის (1979–1990 წ.წ.) საბაზრო ეკონომიკაზე ფოკუსირება ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ამ პროგრესის მიღწევაში.
ილუსტრაცია 15: ეკონომიკური თავისუფლება და უკიდურესი და საშუალო სიღარიბის მაჩვენებლები
უკიდურესი და ზომიერი სიღარიბე უფრო დაბალია იმ ქვეყნებში, სადაც მეტი ეკონომიკური თავისუფლებაა.
შენიშვნა: უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი არის ქვეყნის მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში 1,90 აშშ დოლარით ცხოვრობს; ზომიერი სიღარიბის მაჩვენებელი არის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც ცხოვრობს 3,20 აშშ დოლარად დღეში, 2011 წელს მუდმივი მსყიდველობითი უნარის პარიტეტით კორექტირებული დოლარი.
წყაროები: ეკონომიკური თავისუფლების საშუალო ქულა, 1995-2016 წ.წ.; მსოფლიო ბანკი, 2017 წ., მსოფლიო განვითარების მაჩვენებლები; დეტალებისთვის იხ. Connors, 2011 წ.
რა თქმა უნდა, ფული არ არის მსოფლიოში კეთილდღეობის ზრდის გაზომვის ერთადერთი გზა. ეკონომიკურად თავისუფალი ქვეყნები ის საცხოვრებელი ადგილია, რომელიც უნდა აირჩიოთ თუ სხვა შედეგებზე ზრუნავთ. ახალშობილთა სიკვდილიანობა (ილუსტრაცია 16) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კარგი მაჩვენებელია.
ილუსტრაცია 16: ეკონომიკური თავისუფლება და ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი
ყველაზე ნაკლები ეკონომიკური თავისუფლების მქონე მეოთხედში მყოფი ქვეყნების ჩვილთა სიკვდილიანობის დონე თითქმის შვიდჯერ აღემატება უმაღლესი მეოთხედი ქვეყნების მაჩვენებლებს.
წყაროები: ეკონომიკური თავისუფლების საშუალო ქულა, 1995-2016 წ.წ.; მსოფლიო ბანკი, 2017 წ., მსოფლიო განვითარების მაჩვენებლები.
დაბოლოს, გვაქვს თავად ბედნიერება. ეკონომისტებისთვის უხერხულია შეეკითხონ ადამიანებს: „რამდენად ბედნიერნი ხართ?“, მაგრამ ილუსტრაცია 17 ცხადყოფს, რომ აშკარა კავშირი არსებობს ამ კითხვაზე მათ პასუხებსა და მათი ეკონომიკური თავისუფლების ხარისხთან.
ილუსტრაცია 17: ეკონომიკური თავისუფლება და გაეროს მსოფლიო ბედნიერების ინდექსი
მეტი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებში ადამიანები უფრო ბედნიერები არიან თავიანთი ცხოვრებით.
შენიშვნა: „რანჟირება ეყრდნობა ცხოვრების შეფასების მთავარ კითხვაზე გაცემულ პასუხებს... ამას კანტრილის კიბე ეწოდება: ის რესპონდენტებს სთხოვს იფიქრონ კიბეზე, სადაც მათთვის საუკეთესო ცხოვრება უდრის 10-ს, ხოლო ყველაზე ცუდი ცხოვრება უტოლდება 0-ს. შემდეგ მათ სთხოვენ შეაფასონ საკუთარი ამჟამინდელი ცხოვრება 0-დან 10-მდე სკალაზე.“ მონაცემები 2015 წლისთვისაა.
წყაროები: ეკონომიკური თავისუფლების საშუალო ქულა, 1995-2016 წ.წ.; გაერო, 2016 წ., მსოფლიო ბედნიერების ანგარიში 2016 წ. განახლებული ვარიანტი..
ახლახან, ფრეიზერის ინსტიტუტმა და მისმა პარტნიორებმა ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი შეავსეს მეორე საზომით, რომელიც „პირადი თავისუფლების“ გაზომვას ისახავდა მიზნად. ეს საზომი ყურადღებას ამახვილებს კანონის უზენაესობაზე, უსაფრთხოებასა და დაცულობაზე, გადაადგილების, რელიგიის, შეკრების, გამოხატვისა და იდენტობის თავისუფლებაზე. როგორც ეს მე-18 ილუსტრაციაში ჩანს, მჭიდრო ურთიერთკავშირია პიროვნულ თავისუფლებასა და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის. თავისუფალი საზოგადოებები არა მხოლოდ მდიდარნი არიან, არამედ ისინი უფრო მეტ პატივისცემას გამოხატავენ ადამიანის უფლებების მიმართ.
ილუსტრაცია 18: კავშირი პირად და ეკონომიკურ თავისუფლებას შორის, 2016 წ.
წყარო: იან ვასკესი და ტანჯა პორჩნიკი, ადამიანის თავისუფლების ინდექსი 2018 წ.: პირადი, სამოქალაქო და ეკონომიკური თავისუფლების გლობალური შეფასება. გამომცემლები: ქეითოს ინსტიტუტი, ფრეიზერის ინსტიტუტი და ფრიდრიხ ნაუმანის თავისუფლების ფონდი.
როგორც ეკონომიკური თეორია, ასევე ემპირიული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ქვეყნები უფრო სწრაფად იზრდებიან, მიაღწევენ შემოსავლის უფრო მაღალ დონეს და მეტად დაძლევენ სიღარიბეს, როდესაც ისინი ამ ნაწილში აღწერილ პოლიტიკას იღებენ და ინარჩუნებენ. ეკონომიკური პროგრესის გასაღებია ჯანსაღი ინსტიტუტების შექმნა და თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება, როგორც ეკონომიკური, ასევე პირადი თავისუფლებების გასაძლიერებლად. რაც უფრო მალე მიხვდებიან მთელი მსოფლიოს მოქალაქეები და პოლიტიკური ლიდერები ამ საჭიროებას და დაიწყებენ საკუთარ ქვეყნებში უფრო მეტი ეკონომიკური თავისუფლების დანერგვას, მით უფრო აყვავებული იქნება მსოფლიო.
ნაწილი 3: ხელისუფლების როლის შესახებ ეკონომიკური აზროვნების ათი მნიშვნელოვანი ელემენტი

ელემენტები:
- მთავრობა ეკონომიკურ პროგრესს უწყობს ხელს ადამიანების უფლებების დაცვის და ისეთი საქონლისა და მომსახურების შეთავაზების გზით, რომელთა უზრუნველყოფაც ბაზრებს უჭირთ.
- როდესაც არსებობს მონოპოლია და ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები, ბაზრები იდეალურ ეფექტურობას ვერ უზრუნველყოფს.
- საზოგადოებრივი საქონელი და გარე ეფექტები ქმნიან სტიმულებს, რომლებმაც შესაძლოა უბიძგოს საკუთარი ინტერესების მაძიებელ ადამიანებს იმოქმედონ ეკონომიკური ეფექტურობისთვის შეუსაბამო ფორმით.
- გადანაწილება პოლიტიკური კენჭისყრის გზით აბსოლუტურად განხვავდება საბაზრო გადანაწილებისგან.
- თუ ამას არ კრძალავს კონსტიტუცია ან სხვა მკაცრი წესები, სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფები დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს გამოიყენებენ სახელმწიფოსგან პრივილეგიების მისაღებად, სხვების ხარჯზე.
- თუ კანონმდებლებს კონსტიტუციური ან სხვა მკაცრი სამართლებრივი ნორმებით არ შევზღუდავთ, ისინი ჭარბად გახარჯავენ ბიუჯეტს და შექმნიან დეფიციტს.
- როდესაც მთავრობები მნიშვნელოვნად ერევიან და გარკვეული პირებისთვის სხვების ხარჯზე ხელსაყრელ გარემოს ქმნიან, შედეგად მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესებს შორის ვითარდება არაეფექტიანი, არასათანადო და არაეთიკური ურთიერთობები.
- ტრანსფერის მიმღებთა წმინდა მოგება არსებითად უფრო ნაკლებია ტრანსფერის თანხაზე.
- ეკონომიკა მეტისმეტად რთულია იმისათვის, რომ იგი ცენტრალიზებულად დაიგეგმოს და ამის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს არაეფექტურობას და კრონიციზმს.
- კონკურენცია ისევე მნიშვნელოვანია მთავრობაში, როგორც ბაზრებზე.
შესავალი
ეკონომიკის ფუნქციონირების შესაფასებლად ეკონომისტები ეკონომიკური ეფექტიანობის სტანდარტს იყენებენ. რესურსების ეფექტურად გამოყენებისას განხორციელდება მხოლოდ ის მოქმედებები, რომლებიც ხარჯზე მეტ სარგებელს წარმოქმნიან. არ შესრულდება არცერთი მოქმედება, რომელიც ამგვარი ქმედების ღირებულებაზე მეტი ხარჯის გაწევას საჭიროებს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეკონომიკური ეფექტიანობა ნიშნავს მაქსიმალური ღირებულების მიღებას ხელმისაწვდომი რესურსებიდან. ეკონომიკურ კურსებზე ზოგადად ხსნიან რატომ ვერ შესძლებს ბაზარი იდეალური ეფექტურობის მიღწევას საქმიანობის კონკრეტული კატეგორიებისთვის და ასევე განმარტავენ რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას ვითარების გასაუმჯობესებლად. ჩვენ განვიხილავთ იდეალური პოლიტიკური მოქმედების პოტენციალს, მაგრამ ასევე ვიყენებთ ეკონომიკურ ხელსაწყოებს პოლიტიკური პროცესის ფუნქციონირებისთვის.
დღეს სახელმწიფო დანახარჯები შეერთებულ შტატებში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში ეროვნული შემოსავლის 40 ან მეტ პროცენტს შეადგენს. მისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ მუშაობს პოლიტიკური გადანაწილება. განვლილი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ეს საკითხი ეკონომიკის განუყოფელ ნაწილად იქცა. კვლევის ამ სფეროზე საუბრისას ეკონომისტები იყენებენ ტერმინს „საზოგადოების არჩევანი“.(53) ეს ანალიზი მე-3 ნაწილის თემაა.
ხელისუფლება ხშირად იყენებს გადასახადებს და ნასესხებ სახსრებს იმისათვის, რომ ზოგიერთი ადამიანი და საწარმო უზრუნველყოს ტრანსფერებით, სუბსიდიებით და ფავორიტიზმის სხვა ფორმებით. ჩვენ შევაფასებთ ამ პროცესს და განვმარტავთ, რატომ აქვს ამ პროგრამებს განსხვავებული და ხშირად არსებითად განსხვავებული გავლენა, ვიდრე უმეტესობას ჰგონია. მე-3 ნაწილში ასევე აღწერილია ის არსებითი წესები, რომლებსაც შეუძლიათ მთავრობის საქმიანობის და მისი პოტენციალის გაუმჯობესება, ჩვენი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მიდგომა მოტივაციას მოგცემთ იმისათვის, რომ უფრო მეტად სერიოზულად დაფიქრდეთ პოლიტიკური პროცესის შესაძლებლობებზე და მის შეზღუდვებზე.
ელემენტი 3.1: უფლებების დაცვა და შეზღუდული რაოდენობით საქონლისა და მომსახურებების წარმოება
მთავრობა ეკონომიკურ პროგრესს უწყობს ხელს ადამიანების უფლებების დაცვის და იმ მცირე რაოდენობით საქონლისა და მომსახურების მიწოდების გზით, რომელთა შოვნაც ბაზარზე რთულია.
ჭკვიანი და ეკონომიკური მთავრობა ის არის, რომელიც ადამიანებს იცავს ერთმანეთის მიმართ ზიანის მიყენებისგან და ამავდროულად უტოვებს არჩევანს თავად აირჩიონ საქმიანობა და განვითარების გზა, და მუშაკს არ ართმევს გამომუშავებულ ლუკმა პურს. სწორედ ამას ნიშნავს კარგი მთავრობა და სწორედ ეს არის აუცილებელი ჩვენი კეთილდღეობისთვის.
ხელისუფლება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ფუნქციას ასრულებს. ხელისუფლებას შეუძლია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივ თანამშრომლობას და მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას ორი მთავარი ფუნქციის შესრულების გზით: (1) დაცვის ფუნქცია, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების დაცვას და (2) ეკონომიკური ფუნქცია, რომელიც ისეთი უჩვეულო მახასიათებლების მქონე მცირე რაოდენობით საქონლის წარმოებას უზრუნველყოფს, რომელთა წარმოებაც ბაზრების მიერ გართულებულია.
დაცვის ფუნქცია მოიცავს ხელისუფლების მიერ უსაფრთხოებისა და წესრიგის დამცველი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფას, მათ შორის ქურდობის, თაღლითობისა და ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი წესების აღსრულებას. მთავრობა ფლობს მონოპოლიას მოქალაქეების ერთმანეთისა და გარე საფრთხეებისგან დაცვისთვის ძალის გამოყენებაზე. ამგვარად „დამცავი სახელმწიფო“ ცდილობს დაიცვას ადამიანები ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებისგან და ქმნის წესების წყობა, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთგაგებით და ჰარმონიულად ურთიერთობის საშუალებას აძლევს. სამართლებრივი სისტემა, რომელიც მოქალაქეებს და მათ ქონებას იცავს აგრესორებისგან, უზრუნველყოფს ხელშეკრულებების მიუკერძოებლად შესრულებას და ახორციელებს კანონის (იხილეთ მე-2 ნაწილის 1-ლი ელემენტი) ფარგლებში თანაბარი დამოკიდებულების პრინციპს.
დაცვის ფუნქცია უაღრესად მნიშვნელოვანია ბაზრების უხარვეზოდ ფუნქციონირებისთვის. როდესაც მთავრობას გარკვევით ექნება განსაზღვრული და ამოქმედებული საკუთრების უფლებები, რესურსების საბაზრო ფასებში გათვალისწინდება ალტერნატიული ხარჯები და მწარმოებლებს ექნებათ ისეთი საქონლისა და მომსახურებების გამოშვების მოტივაცია, რომლებსაც მომხმარებლები მათ თვითღირებულებაზე მეტად აფასებენ. გარდა ამისა, თუ ხელშეკრულებები ეფექტურად შესრულდება ყოველგვარი ფავორიტიზმის გარეშე, ტრანზაქციის ხარჯები დაბალი იქნება, ხოლო გაყიდვების მოცულობა გაიზრდება. ამის სანაცვლოდ, სტიმულების სტრუქტურა წაახალისებს ხალხს რესურსების განვითარებაზე, ურთიერთ ხელსაყრელ ვაჭრობაში ჩართულობაზე და წარმატებული პროექტების განხორციელებაზე.
რთულია მთავრობის დაცვის ფუნქციის მნიშვნელობის გადაფასება. თუ ეს ფუნქცია კარგად სრულდება, მოქალაქეებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ მათ არ მოატყუებენ და რომ მათ არ წაართმევენ მათ მიერ შექმნილ სიმდიდრეს - არავითარი ხარბი ბოროტმოქმედი და არც თავად ხელისუფლება. ამგვარი დაცვა მოქალაქეებს აძლევს ერთგვარ გარანტიას, რომ ისინი მიიღებენ საკუთარი შრომის ნაყოფს. თუ ამგვარი პირობები შეიქმნება, ადამიანები ყველაფერს იღონებენ იმისათვის, რომ მეტი იშრომონ და მიიღონ თავისი შრომის შედეგი, რაც ეკონომიკურ პროგრესზე აისახება.
და პირიქით, სუსტი დაცვითი ფუნქცია პრობლემებს წარმოქმნის. ჩნდება ტყუილის, თაღლითობის, ქურდობისა და პოლიტიკური ფავორიტიზმის, და არა ვაჭრობისა და წარმოების გზით წარმატების მიღწევის შესაძლებლობები. შემოსავალი და სიმდიდრე დაცული არ იქნება, ხოლო საბაზრო ფასები ვერ შესძლებენ საქონლისა და მომსახურებების რეალური ღირებულების ასახვას. რესურსების გასავითარებელი სტიმულები ძალიან შესუსტდება, ხოლო ეკონომიკური ზრდა სტაგნაციის მდგომარეობაში იქნება. საუბედუროდ, სწორედ ასეთი ვითარებაა მრავალ ღარიბ, ნაკლებად-განვითარებულ ქვეყნებში.
ხელისუფლების მეორე უპირატესი, ეკონომიკური ფუნქცია ისეთი საქმიანობების განხორციელებას გულისხმობს, რომლებსაც ბაზრები ვერ ართმევენ თავს. ეს ფუნქცია როგორც ირიბი, ისე - პირდაპირი კომპონენტებისგან შედგება. ირიბი კომპონენტი მოიცავს ბაზრების ეფექტური ფუნქციონირებისთვის გარემოს შექმნას. როგორც აღვნიშნეთ, სამართლებრივი სტრუქტურა, რომელიც საკუთრების უფლებას იცავს და ხელშეკრულებების შესრულებას უზრუნველყოფს, ხელს უწყობს ვაჭრობიდან მიღებული ამონაგების და ბაზრის ეფექტურობის ზრდას. ანალოგიურად, ფულად-საკრედიტო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსახლეობის წვდომას ფულზე სტაბილური მსყიდველუნარიანობით, ამცირებენ გაურკვევლობას და ამარტივებენ სავაჭრო გარიგებიდან ამონაგების მიღებას. სტაბილური ფულად-საკრედიტო და ფასების გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნქციაა. როგორც მე-2 თავის მე-5 ელემენტში ვისაუბრეთ, როდესაც მთავრობა ამ ფუნქციას კარგად ასრულებს, ადამიანები მეტის ინვესტირებას განახორციელებენ, მეტად სრულყოფილად ითანამშრომლებენ სავაჭრო გარიგებაში და მიაღწევენ შემოსავლის უფრო მაღალ დონეს.
ზოგჯერ სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქცია მეტწილად პირდაპირია. არსებობს საქონელი, რომლითაც სარგებლობა რთულად ორგანიზებადია ისეთი ფორმით, რომ ის მიიღონ მხოლოდ იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც გადაიხადეს მისი ღირებულება. მაგალითად, ეროვნული უშიშროებით ერთობლივად სარგებლობს ქვეყნის მთელი მოსახლეობა. თითქმის შეუძლებელი იქნებოდა რამდენიმე ადამიანის დაცვა უცხო ქვეყნის აგრესიისგან, ისე, რომ ამგვარი დაცვა ყველაზე არ გავრცელდეს. ბაზრები როგორც წესი ძალიან ცოტა საქონელს აწარმოებენ ამგვარი მახასიათებლებით. შედეგად, ეკონომიკური პირობები შესაძლოა გაუმჯობესდეს, თუ სახელმწიფო ამგვარ დახმარებას გასწევს. ეს საკითხი მეტად დეტალურად მე-3 ელემენტშია განხილული ქვემოთ.
სხვა შემთხვევებში შესაძლოა ძალიან ხარჯიანი იყოს გამოყენების გაკონტროლება და გადახდების პირდაპირ მომხმარებლებისგან მიღება. ამ დროს შესაძლოა არაეფექტური იყოს ამგვარი საქონლის ბაზარზე გატანა. ამის კარგი მაგალითია გზები, განსაკუთრებით ქალაქებში. უშუალოდ გზით მოსარგებლეებისგან მოსაკრებლის მიღების ხარჯი ძალიან მაღალი იქნებოდა. ამიტომ, ჩვეულებრივ მეტად ეფექტურია გზების უმეტესობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და მათი დაფინანსება გადასახადებით მოხდეს.
როგორც ყოველთვის აღვნიშნავთ, ჩვენი რესურსებიდან მაქსიმალურის მიღება საჭიროებს ღონისძიებების გატარებას მხოლოდ მაშინ, როდესაც სარგებელი მათ თვითღირებულებას აღემატება. ეს პრინციპი სახელმწიფოსაც და ბაზარსაც ეხება. სამწუხაროდ, როდესაც მთავრობის მოქმედება მოიცავს გადასახადებით ან ნასესხები სახსრებით დაფინანსებულ პროექტებს, ძნელია სარგებლის და ხარჯების შეფასება. ბაზარზე მყიდველების და გამყიდველების არჩევანი იძლევა ინფორმაციას სარგებლისა და დანახარჯების შესახებ. მომხმარებლები არ შეიძენენ საქონელს, სანამ მათთვის ამგვარი საქონლის ღირებულება მის ფასზე მეტი არ იქნება. იგივენაირად, მწარმოებლები არ განაგრძობენ საქონლის მიწოდებას, სანამ ისინი თავის ხარჯებს არ დაფარავენ. თუმცა, მომხმარებლებისა და მწარმოებლების მიერ გაკეთებული არჩევანიდან მიღებული ინფორმაცია იკარგება, როდესაც ხელისუფლება ატარებს ზომებს და მას გადასახადებით ფარავს. ზოგადად არ არსებობენ მყიდველები, რომლებიც საკუთარ ფულს ხარჯავენ და ამგვარად გამოავლენენ რა სახის სარგებელს ნახულობენ ისინი. გარდა ამისა, მიმწოდებლების მიერ მიღებული ამონაგების წყაროს წარმოადგენენ სავალდებულო გადასახადები და შესაბამისად არ არსებობს გარანტია იმისა, რომ პროექტი მის თვითღირებულებაზე მეტად ღირებულია.
სახელმწიფო დამგეგმავმა უწყებებმა შესაძლოა სცადონ სარგებლის და ხარჯის შეფასება, თუმცა მათი შეფასება დიდწილად დაეფუძნება ვარაუდებს, რადგან ისინი არ ფლობენ სანდო ინფორმაციას მყიდველებისა და გამყიდველების მიერ გაკეთებული არჩევნის შესახებ. გარდა ამისა, რეალურ სამყაროში, სარგებლისა და ხარჯების ამგვარად დაანგარიშებაზე იმოქმედებს პოლიტიკური მოსაზრებები.
როგორც თომას ჯეფერსონის ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან ჩანს, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების მიერ ერთმანეთისთვის ზიანის მიყენების აღკვეთა (მთავრობის დამცავი ფუნქცია). ქვეყნების ეკონომიკებში ასევე არსებობს მითითება იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ისეთი საქონელი, რომლის მიწოდება რთულია ბაზრების გამოყენებით (მთავრობის ეკონომიკური ფუნქცია). თუმცა, როდესაც მთავრობა სცდება ამ საქმიანობების საზღვრებს, მისი ფუნქციების გაფართოება უფრო ნაკლებად მიზანშეწონილად მოიაზრება. მთავრობის ეკონომიკური ფუნქციის უკეთესად შეფასებისთვის მნიშვნელოვანია უფრო ღრმად გავიაზროთ ბაზრებზე არსებული ნაკლოვანებები და გამოვიყენოთ პოლიტიკური პროცესის შესაფასებელი ეკონომიკური ინსტრუმენტები.
ელემენტი 3.2: მონოპოლიების რეგულირება
როდესაც არსებობს მონოპოლია და ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები, ბაზრები იდეალურ ეფექტურობას ვერ მიაღწევს.
ერთ სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს, დროის ერთად გასატარებლად ან გასართობად, მაგრამ ამგვარი ურთიერთობა სრულდება კონსპირაციული შეთანხმებით საზოგადოების წინააღმდეგ, ან ფასის გაზრდაზე მოლაპარაკებით.
თუ საზოგადოებას თავისი რესურსებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება სურს, მან რესურსები ეფექტურად უნდა გამოიყენოს. რესურსების ეფექტურად გამოყენების მამოძრავებელი ძალა კონკურენციაა. როგორც ადრე აღვნიშნეთ, კონკურენტულ გარემოში მოქმედ საწარმოებს აქვთ სტიმული იზრუნონ მომხმარებლების ინტერესებზე და ეკონომიურად აწარმოონ პროდუქტები და მომსახურებები. თუ საწარმოები მომხმარებლებს ხელსაყრელ ფასად არ შესთავაზებენ საქონელს და მომსახურებას, ისინი ფულს სხვაგან დახარჯავენ.
მონოპოლია არსებობს იქ, სადაც მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს ისეთ საქონელს ან მომსახურებას, რომლისთვისაც არ არსებობს კარგი შემცვლელები. ასეთ შემთხვევაში კომპანიას ექნება სტიმული შეამციროს პროდუქცია და გაზარდოს ფასები. წარმოების მოცულობის შემცირებით და მაღალი ფასებით კომპანია შეძლებს მეტი მოგების მიღებას, ვიდრე რესურსების მეტად პროდუქტიულად გამოყენებისას - პროდუქციის დიდი რაოდენობით და უფრო დაბალ ფასად წარმოებით. არაეფექტურობას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას არ შეუძლია ისეთი საქონლის ან მომსახურების წარმოება, რომელსაც მომხმარებელი იმაზე მეტად აფასებს, ვიდრე მათი წარმოების დანახარჯები.
მონოპოლიის ორი მთავარი წყარო არსებობს: მასშტაბის ეკონომია და პრივილეგიების მინიჭება. მასშტაბის ეკონომიას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც დიდი კომპანიებისთვის პროდუქტის ერთი ერთეულის თვითღირებულება, მისი უფრო პატარა კონკურენტების მიერ წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაზე ნაკლებია. თუ მასშტაბის ეკონომია გაგრძელდება და მწარმოებელი ბაზრის სულ უფრო და უფრო დიდ წილს დაიკავებს, ერთი ფირმა დაიწყებს დომინირებას და მონოპოლიად გადაიქცევა. ელექტროენერგიის წარმოება ამის კარგი მაგალითია. ელექტროსადგურების ზრდასთან ერთად, გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთეულის თვითღირებულება იკლებს. შედეგად, გაჩნდება ტენდენცია იმისა, რომ ამ ბაზარზე წამყვან პოზიციებს დაიკავებს ერთი მსხვილი კომპანია. სწორედ ამიტომ სახელმწიფო ჩვეულებრივ არეგულირებს ელექტროენერგიის კომპანიების მიერ დარიცხული ფასების რეგულირებას და, რიგ შემთხვევაში, ელექტროსადგურებს თავად ფლობს და მართავს.
თუ მონოპოლია არ განვითარდება, ზოგიერთ ინდუსტრიაში შესაძლოა ცოტაოდენი დომინანტი კომპანია არსებობდეს, ჩვეულებრივ იმიტომ, რომ ბაზარზე შესვლა ხარჯიანია. ამას უწოდებენ „ოლიგოპოლიას“, რაც „ცოტა გამყიდველს“ ნიშნავს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტერმინი „ოლიგარქიას“ ანუ „რამდენიმე მონაწილის მართვას“ ჰგავს. ერთეულ პროდუქტზე დაბალი ხარჯის და სრული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, კომპანიას შესაძლოა მოუწიოს ინდუსტრიაში პროდუქციის დიდი წილის, მაგალითად, 20 ან 25 პროცენტის წარმოება. ასეთ შემთხვევაში ბაზარზე შესაძლოა შევიდეს მხოლოდ ოთხი ან ხუთი კომპანია ერთეულ საქონელზე დაბალი დანახარჯებით. ამგვარი ბაზრები დომინირებენ მცირე რაოდენობის კომპანიები, რომლებსაც აქვთ სტიმული ითანამშრომლონ, გაზარდონ ფასი საქონელზე და იმოქმედონ მონოპოლისტების მსგავსად. ისეთი სამეწარმეო ინდუსტრიები, როგორიც არის ავტომობილები, ტელევიზორები და კომპიუტერის საოპერაციო სისტემების წარმოება, შედარებით მცირე რაოდენობით ფირმების მქონე დომინანტი ბაზრების მაგალითია. დიდი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში ხშირად იწვევდა ბაზარზე ოლიგარქების კონცენტრაციას, რომლებიც სარგებელს ნახულობდნენ ინსაიდერული გარიგებებიდან, ხელისუფლებაში მყოფი პირებისგან მხარდაჭერის სანაცვლოდ.
თუმცა ხელისუფლება ზოგჯერ თავად არის მონოპოლიის წყარო. ლიცენზირება, გადასახადები, რომლებიც ერთ ჯგუფს მეორესთან შედარებით პრივილეგიას ანიჭებს, ტარიფები, კვოტები და სხვა პრივილეგირებული გრანტები ბაზრების კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ზოგიერთი ეს პოლიტიკა შესაძლოა კეთილ განზრახვებს ემსახურებოდეს. ისინი იცავენ არსებულ კომპანიებს და მეტად ართულებენ პოტენციური კონკურენტების ბაზარზე შესვლას, შესაბამისად წაახალისებენ მონოპოლიებს და დომინანტურ პოზიციაში მყოფ ფირმებს.
რისი გაკეთება შეუძლია ხელისუფლებას ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად? პირველი პრინციპი შეგვიძლია მედიცინის სფეროდან ავიღოთ: არ დააზიანო. სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს ვითარების გაუარესება ლიცენზირების მოთხოვნებისა და დისკრიმინაციული გადასახადებით. ბაზრების უმრავლესობაში, გამყიდველებს გაუჭირდებათ ან შეუძლებლადაც მიიჩნევენ კონკურენტული კომპანიების (მათ შორის სხვა ქვეყნებიდან კონკურენტი მწარმოებლების) ბაზარზე შესვლის შეზღუდვას. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმწოდებლები ვერ შეძლებენ შეზღუდონ კონკურენცია, თუ სახელმწიფო არ დანერგავს ბაზარზე შესვლის შეზღუდვებს ან არ შექმნის წესებს და რეგულაციებს, რომლებიც კომპანიებს უპირატესობას მიანიჭებს კონკურენტებთან შედარებით.
კონკურენციის ხელშესაწყობად, მთავრობას ასევე შეუძლია აკრძალოს ანტიკონკურენტული მოქმედებები, როგორიც არის ფარული გარიგება, მრეწველობაში დომინანტი კომპანიების შერწყმა და კომპანიების ქონების გაერთიანება. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის კონკურენციის კანონი ხელს უწყობს ევროპულ ერთიან ბაზარზე კონკურენციის განვითარებას, კომპანიებისთვის გაერთიანების ან ბაზრის მონოპოლიზაციის უკანონოდ აღიარების გზით.
თუმცა ამ სფეროში სახელმწიფოს მცდელობა არაერთგვაროვან შედეგს იძლევა. ერთის მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკებმა შეამცირეს ფარული გარიგების და კონკურენციის შემზღუდველი სხვადასხვა პრაქტიკების შემთხვევები. მაგრამ ზოგიერთ კანონმდებლობას თითქმის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს; ისინი კრძალავენ ბაზრებზე შესვლას, იცავენ არსებულ მწარმოებლებს კონკურენტებისგან და ზღუდავენ ფასებით კონკურენციას. მაშინ, როდესაც ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები და კონკურენციის არარსებობა მთავრობას აძლევს პოტენციალს გააუმჯობესოს ბაზრის მაჩვენებლები, ზოგიერთმა პოლიტიკამ ფაქტიურად მონოპოლიური ძალაუფლების წარმოქმნა გამოიწვია. შემდეგ თავებში, უფრო დეტალურად განვიხილავთ იმ მიზეზებს, რომლებიც ამ მოვლენას უდევს საფუძვლად.
ელემენტი 3.3: ბაზრის ჩავარდნით გამოწვეული შედეგების შემსუბუქება
საზოგადოებრივი საქონელი და გარე ეფექტები ქმნიან სტიმულებს, რომლებმაც შესაძლოა წაახალისოს საკუთარი ინტერესების მაძიებელი ადამიანები იმოქმედონ ეკონომიკური ეფექტიანობისთვის შეუსაბამო ფორმით.
როგორც აღვნიშნეთ, იმისათვის, რომ ბაზრებმა ეფექტიანად გადაანაწილონ რესურსები, საკუთრების უფლება კარგად უნდა იყოს განსაზღვრული და მწარმოებლებს უნდა შეეძლოთ მათი პროდუქტიული საქმიანობიდან სარგებლის მიღება. თუმცა ზოგიერთი საქონლის თვისებები ამას ართულებს. ამ ელემენტში განვიხილავთ ეკონომიკური საქმიანობის ორ ელემენტს, რომლებიც სერიოზულ გამოწვევებს უქმნიან ბაზრის გავლით რესურსების ეფექტიან განაწილებას. ეს არის საზოგადოებრივი საქონელი და გარე ეფექტები.
საზოგადოებრივი საქონელი
ზოგიერთი საქონლის თვისებები ართულებენ მწარმოებლების მიერ მათი წარმოებიდან სარგებლის მიღებას. ამგვარი საქონლის კატეგორიას ეკონომისტები საზოგადოებრივ საქონელს უწოდებენ. საზოგადოებრივ საქონელს ორი მახასიათებელი აქვს: (1) ერთობლიობა მოხმარებაში - ერთი მხარისათვის საქონელის მიწოდება, მაშინათვე ხელმისაწვდომს ხდის მას სხვისთვისაც; და (2) გამორიცხვის შეუძლებლობა - რთული, ან პრაქტიკულად შეუძლებელია ისეთი მომხმარებლების გამორიცხვა, ვინც ამ საქონელში საფასურს არ იხდის. მაგალითად, წყალდიდობასთან ბრძოლა პირველ კატეგორიას განეკუთვნება, რადგან მასთან გამკლავებით სარგებლობს რაიონის ყველა მაცხოვრებელი; ის ასევე მეორე კატეგორიასაც შეესაბამება, რადგან ვერ გამოვრიცხავთ იმ ხალხს, რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ წყალდიდობასთან ბრძოლის კამპანიაში. შესაბამისად, იმის გამო, რომ პოტენციურ მომწოდებლებს არ შეუძლიათ ერთგვაროვანი დამოკიდებულების უზრუნველყოფა საზოგადოებრივი საქონლის ღირებულების ანაზღაურებასა და მის მოხმარებას შორის, ამგვარი საქონლის ბაზარზე მიწოდება რთული იქნება.
მომხმარებლებს ექნებათ სტიმული მუქთამჭამლები გახდნენ - ანუ საქონლით ისარგებლონ, მისი ღირებულების გადახდაში წვლილის შეტანის გარეშე. და როდესაც დიდი რაოდენობით ადამიანები ხდებიან მუქთამჭამლები, საქონელი შესაძლოა საერთოდ არ აწარმოონ (ან ცოტა რაოდენობით აწარმოონ), მაშინაც კი, თუ მოხმარებიდან გამომდინარე მათი ღირებულება საქონლის წარმოების თვითღირებულებას აღემატება. ასეთ შემთხვევაში, ბაზრები ხშირად ვერ აწარმოებენ ეკონომიკური ეფექტიანობის შესაბამისი რაოდენობით საზოგადოებრივ საქონელს. წყალდიდობასთან ბრძოლასთან ერთად, საზოგადოებრივი საქონლის მაგალითებია ეროვნული უშიშროება, მუნიციპალური პოლიცია და კოღოებთან ბრძოლაც კი. იმის გამო, რომ ამ საქონლის მიწოდება ბაზარზე რთულია, მათ ხშირად სახელმწიფო უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ სწორედ საქონელი, და არა ის სექტორი, რომელშიც ის იწარმოება, განსაზღვრავს ის საზოგადოებრივ საქონელს წარმოადგენს თუ არა. არსებობს ტენდენცია, რომ თუ საქონელი სახელმწიფოს მიერ არის მოწოდებული, ეს საზოგადოებრივი საქონელია. ეს ასე არ არის. სახელმწიფოს მიერ მოწოდებულ მრავალ საქონელს აშკარად არ აქვს საზოგადოებრივი საქონლის მახასიათებლები. გაგახსენებთ სამედიცინო მომსახურებას, განათლებას, ფოსტას, ნაგვის გატანას და ელექტროენერგიას. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონელს უმეტესად სახელმწიფო უზრუნველყოფს, არაგადამხდელი მომხმარებლები მარტივად გამოირიცხებიან ამ საქონლის მომხმარებლების რიგებიდან და ერთი ადამიანისთვის შეთავაზება, მათ სხვებისთვის ხელმისაწვდომს არ ხდის. პარკიც კი არ არის საზოგადოებრივი საქონელი, რადგან არაგადამხდელი პირები შესაძლოა, სურვილის შემთხვევაში, პარკში არ შეუშვან - მაგალითად პარიზის დისნეილენდში. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად სახელმწიფო უზრუნველყოფს, ისინი არ წარმოდგენენ საზოგადოებრივ საქონელს.
არსებობს ძალიან ცოტა საზოგადოებრივი საქონელი და მომსახურება. უმეტეს შემთხვევაში მარტივია კავშირის დადგენა საქონლის ან მომსახურების ღირებულების გადახდასა და მათ მიღებას შორის. თუ თქვენ არ გადაიხდით ნაყინის, ავტომობილის, ტელევიზორის, სმარტფონის, ჯინსის და ათასობით სხვა ნივთის ღირებულებას, მიმწოდებლები არ მოგაწვდიან მათ და თქვენ თავისუფლად ვერ ისარგებლებთ სხვა პირების მიერ ნაყიდი საქონლით. კერძო საქონლის შემთხვევაში, მომხმარებლები სავარაუდოდ ვერ ისარგებლებენ საქონლით, თუ მას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს.
გარე ეფექტები
ზოგჯერ ადამიანის ან ჯგუფის ქმედებები „გადმოიღვრება“ და გავლენას იქონიებენ სხვებზე; ეს ქმედებები იმოქმედებენ ამ ადამიანების კეთილდღეობაზე მათი თანხმობის გარეშე. ამგვარი გადმოღვრის ეფექტს „გარე ეფექტები“ ეწოდება. მაგალითად, თუ თქვენ ცდილობთ იმეცადინოთ და სხვა ადამიანები თქვენს ბინაში ან საერთო შენობაში ხელს გიშლიან ხმამაღალი მუსიკით, თქვენზე ვრცელდება მათი გარე ეფექტები. თქვენ ხართ გარეშე პირი, ანუ ადამიანი, რომელიც პირდაპირ არ არის ჩართული ოპერაციაში, აქტივობაში ან სავაჭრო გარიგებაში, თუმცა ის თქვენზე მოქმედებს , ამ შემთხვევაში ნეგატიურად.
გადმოღვრის ეფექტებმა შესაძლოა გარე პირებისთვის შექმნან ხარჯი ან სარგებელი. როდესაც გადმოღვრის ეფექტი სხვებისთვის საზიანოა, მათ გარე დანახარჯები ეწოდება. იმის გამო, რომ ხარჯს გასწევს ისეთი ადამიანი, რომელსაც ამაზე თანხმობა არ განუცხადებია, საქონლის საწარმოებლად შესაძლოა გამოყენებულ იქნას რესურსები, რომლებიც ნაკლებად ფასდება, ვიდრე მათი წარმოების ხარჯები. ეს ეკონომიკურ არაეფექტურობას იწვევს.
განვიხილოთ ქაღალდის წარმოება. ბაზარზე არსებული კომპანიები ყიდულობენ ხეებს, მუშა ძალას და სხვა რესურსებს, პირველ რიგში, ცელულოზას და შემდეგ - ქაღალდის საწარმოებლად. წარმოების პროცესში შესაძლოა ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებები გაიფრქვას, რაც ქარხნის ირგვლივ მცხოვრებ ხალხს ხარჯის გაწევას აიძულებს - გოგირდის სუნი, ორგანული ნაერთები, რომლებიც წარმოქმნიან ნისლს და ისეთი დამაბინძურებლები, რომლებიც იწვევენ შენობის საღებავის განადგურებას. ამგვარი დამაბინძურებელი ნივთიერებების გამო ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს სუნთქვის პრობლემები ან შეუქმნას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სახის საფრთხეები.
თუ ცელულოზას დამამზადებელ ქარხანასთან მცხოვრები ადამიანები შესძლებენ დაამტკიცონ, რომ მათ ზიანი ადგებათ, მათ შეუძლიათ უჩივლონ ქარხანას და მოსთხოვონ ქაღალდის მწარმოებლებს ამგვარი ზიანის მიყენების შედეგად განცდილი ხარჯების ანაზღაურება. თუმცა ხშირად ძალიან რთული იქნება დაამტკიცოთ, რომ მიღებული ზიანი ცელულოზას ქარხნის ბრალია. ასეთ შემთხვევაში, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ აისახება ბაზარზე და, შესაბამისად ქაღალდის წარმოების შედეგად მიღებული შესაძლო ზიანი არასაკმარისად იქნება გათვალისწინებული. არაეფექტურობა წარმოიქმნება, მაშინ, როდესაც ისეთი ქაღალდი იწარმოება, რომლის ღირებულება მის წარმოების ხარჯზე ნაკლები იქნება, გარე დანახარჯების ჩათვლით.
გარე დანახარჯები, დიდწილად ასახავენ სრულად განსაზღვრული და ძალაში მყოფი საკუთრების უფლების ნაკლებობას. იმის გამო, რომ საკუთრების უფლება რესურსზე - მაგალითად, სუფთა ჰაერზე - ცუდად არის უზრუნველყოფილი, მწარმოებელი არ იხდის ამგვარი რესურსით სარგებლობის მთლიან ღირებულებას. შესაბამისად, ამგვარი რესურსების გამოყენებით წარმოებული საქონლის და მომსახურების ხარჯი დაიწევს.
ზოგჯერ გადმოღვრის ეფექტები სარგებელს სხვებისთვის წარმოქმნიან. როდესაც გადმოღვრის ეფექტი სხვების კეთილდღეობას უწყობს ხელს, მათ გარე სარგებელი ეწოდება. გარე სარგებელმა შესაძლოა პრობლემები შეუქმნან ბაზარსაც. როდესაც გარე სარგებლის წარმომქმნელი ადამიანები ან კომპანიები არ იღებენ კომპენსაციას, მათ შესაძლოა ვერ აწარმოონ კონკრეტული ერთეულები, მაშინაც კი, თუ მათი ღირებულება საწარმოო დანახარჯებზე მაღალი იქნება.
მაგალითად, დავუშვათ, რომ ფარმაცევტული კომპანია გამოიგონებს ვაქცინას მომაკვდინებელი ვირუსის წინააღდეგ. ვაქცინა მარტივად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის, რომლებიც მისი გამოყენებით პირდაპირ სარგებელს ნახავენ. თუმცა, ვირუსული ინფექციების გავრცელების თავისებური ხასიათის გამო, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ვაქცინას, მით ნაკლები იქნება შანსი იმისა, რომ ის პირები, ვისაც არ შეუძენიათ მედიკამენტი, ვირუსით დაინფიცირდნენ. ამასთან, ფარმაკოლოგიური კომპანიებისთვის ძალიან რთული იქნება სარგებლის მიღება იმ პირებისგან, ვინც არ მოიხმარენ ვაქცინას. შედეგად, მათ შეიძლება ძალიან მცირე რაოდენობით ვაქცინა აწარმოონ. შესაბამისად, გარე სარგებლის არსებობისას, საბაზრო ძალებმა შესაძლოა ნაკლები რაოდენობის პროდუქციის მიწოდება განახორციელონ, უფრო მაღალი ეკონომიკური ეფექტიანობის მისაღებად.
შესაძლოა მთავრობას მოუწიოს გარკვეული ღონისძიებების გატარება. გარე დანახარჯების შემთხვევაში, ისეთ საქმიანობებზე დარიცხულმა გადასახადმა, რომელიც გარე ხარჯების გენერირებას ახდენს, შესაძლოა ადამიანი ან კომპანია აიძულოს შეამციროს საქმიანობის მასშტაბი და პროდუქცია ისეთი დონით უზრუნველყოს, რომელიც მეტად შეესაბამება ეკონომიკურ ეფექტიანობას. ამის მსგავსად, გარე სარგებლის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიებს შეუძლიათ წარმოების ხელშეწყობა, რაც გამოშვების მეტად ეფექტურ დონეს გამოიწვევს.
გარე ეფექტების პოტენციური ნეგატიური შედეგები რიგ შემთხვევაში შესაძლოა იმართებოდნენ ხელისუფლების გარეშე. გარე სარგებლის შემთხვევაში, მეწარმეებს ეძლევათ სტიმული გამონახონ სხვებისთვის წარმოქმნილი სარგებლის მეტად შემოსავლიანი სარგებლიანი გამოყენების გზა. ამ აზრის გამოსახვა შესაძლებელია გოლფის მოედნის მაგალითზე. გოლფის მოედნების სილამაზის და სივრცის გამო, მრავალი ადამიანი ცდილობს მასთან ახლოს დასახლებას. შესაბამისად, გოლფის მოედნის მშენებლობა ჩვეულებრივ ახდენს გარე სარგებლის გენერირებას - ახლომახლო მდებარე უძრავი ქონების ღირებულების გაზრდით. ბოლო წლებში, გოლფის მოედნების დამპროექტებლებმა ამ სარგებლის მიღების გზები განსაზღვრეს. მოედნის აშენებამდე ისინი, როგორც წესი, ყიდულობენ დიდ მიწის ნაკვეთს, მოედნის მშენებლობის დაგეგმილი ტერიტორიის ირგვლივ. ეს მათ გოლფის მოედნის აშენების შემდეგ ამ მიწის უფრო მაღალ ფასად გადაყიდვის შესაძლებლობას აძლევს, რომლის ფასიც გოლფის მოედნის მშენებლობით გაიზრდება. მათი საქმიანობის მასშტაბების გაფართოებით და გოლფის მოედანთან ერთად სხვა უძრავი ქონების მშენებლობის გზით, დეველოპერს შეეძლება შემოსავალი მიიღოს იმ წყაროდან, რაც სხვა შემთხვევაში გარე სარგებელი იქნებოდა.
რაც შეეხება გარე დანახარჯებს, მათ კონტროლში მარტივი წესები დაგვეხმარება. მაგალითად, მეზობლებისგან მომავალი ხმაურის აღკვეთის საკითხის მოსაგვარებლად, ბინის მფლობელები ხშირად აწესებენ შეზღუდვებს, რომლითაც იკრძალება გვიან საღამოს ხმამაღალი მუსიკის მოსმენა და ამ წესების დაცვას უზრუნველყოფენ იმით, რომ დამრღვევებს სახლიდან, ან უბნიდან ასახლებენ. ჩვევებმა და საზოგადოებრივმა ნორმებმაც შესაძლოა გარკვეული როლი შეასრულონ. თუ თქვენმა ოთახის მეზობლებმა იციან, რომ ტელევიზორის ხმა სწავლაში გიშლით ხელს, მოწყობილობის გათიშვა მისი მხრიდან ზრდილობის მაჩვენებელია. მთლიანობაში, დროთა განმავლობაში კომპანიებისთვის „სოციალურად მიუღებელი“ გახდა წარმოებისას ადამიანებისთვის საზიანო და გარემოს დამაბინძურებელი ნივთიერებების გამოშვება. წარმოებებზე მუდმივად იზრდება ზეწოლა, რომელიც მათ აიძულებს იყვნენ კეთილსინდისიერი მოქალაქეები და შეუსაბამო ქცევის შემთხვევაში, ეკოლოგიური ჯგუფების მსგავსი კერძო მაკონტროლირებელი ორგანიზაციები ასაჯაროვებენ მათ მოქმედებებს.
ჩვენი ანალიზი უჩვენებს, რომ საზოგადოებრივმა საქონელმა და გარე ეფექტებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ ბაზრის ეფექტურად ფუნქციონირებას. ეკონომისტები იყენებენ ტერმინს „ბაზრის ჩავარდნა“ ისეთი ვითარების აღწერისთვის, როდესაც სტიმულების არსებული სტრუქტურა კონფლიქტს წარმოშობს პერსონალურ ინტერესსა და ხელმისაწვდომი რესურსებიდან მაქსიმალური ამონაგების მიღებას შორის. ბაზრის ჩავარდნა კერძო ინტერესების მქონე ადამიანებს წაახალისებს ჩაერთონ პროდუქტიული საქმიანობის ნაცვლად, კონტრპროდუქტიულ საქმიანობაში.
ბაზრის ჩავარდნა ქმნის ეკონომიკური ეფექტურობის ამაღლების მიზნით სახელმწიფოს ჩარევის წინაპირობებს. თუმცა პოლიტიკური პროცესი მხოლოდ ეკონომიკური სისტემის ორგანიზაციის ალტერნატიული ფორმაა. მეტი უნდა ვიცოდეთ ორგანიზაციის ამგვარი ფორმის ფუნქციონირების შესახებ, რათა შევძლოთ მისი საბაზრო მექანიზმებთან რეალური შედარება.(54) ახლა ამ საკითხს მივუბრუნდეთ.
ელემენტი 3.4: პოლიტიკური წნეხის გაგება
გადანაწილება პოლიტიკური კენჭისყრის გზით აბსოლუტურად განხვავდება საბაზრო გადანაწილებისგან.
ეკონომიკის პირველი გაკვეთილი შეზღუდული რესურსებია. ისინი არასოდეს არის საკმარისი რაოდენობის, მომხმარებლების სრულად დასაკმაყოფილებლად. პოლიტიკის პირველი გაკვეთილია ეკონომიკის პირველი გაკვეთილის უგულვებელყოფა.(55)
პოლიტიკური პროცესი ეკონომიკური სისტემის ორგანიზაციის ალტერნატიული ფორმაა. ეს არ არის მაკორექტირებელი ინსტრუმენტი, რომელსაც დავეყრდნობით წარმოქმნილი პრობლემების მოსაგვარებლად. მაშინაც კი, თუ მას აკონტროლებენ არჩევნების გზით არჩეული პოლიტიკოსები (ავტოკრატული რეჟიმის საწინააღმდეგო შემთხვევაში), არ არსებობს გარანტია იმისა, რომ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები პროდუქტიული იქნება. ეს საკითხი განაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ერთვება მწირი რესურსების პრივილეგირებულ სექტორებზე, საწარმოებსა და სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფებზე გადანაწილების საქმეში. როგორც მე-3 ნაწილის შესავალში ვისაუბრეთ, გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში შემუშავებულ საზოგადოების არჩევნის ანალიზს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იმის გააზრებაში, თუ როგორ ფუნქციონირებს გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული პროცედურა.
აშკარაა, რომ უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური კურსები ყოველთვის არ აუმჯობესებენ საზოგადოების კეთილდღეობას. ჩავატაროთ გონებრივი ექსპერიმენტი: წარმოვიდგინოთ მარტივი ეკონომიკა ხუთი ამომრჩევლით. დავუშვათ, რომ სამ ამომრჩეველს მოსწონს პროექტი, რომელიც თითოეულს აძლევს წმინდა სარგებელს 2 ევროს ოდენობით, ასევე ხუთი ევროს ოდენობით ხარჯს თითოეული დარჩენილი 2 ამომრჩევლისგან. ხარჯის მთლიანი თანხა ამ პროექტზე 10 ევროს შეადგენს, ხოლო წმინდა სარგებელი - მხოლოდ ექვსს. ეს კონტრპროდუქტიულია და ხუთი ადამიანისგან შემდგარი საზოგადოების მდგომარეობას გააუარესებს. მაგრამ თუ პროექტი მაჟორიტარულ სისტემაში გავა, იგი დამტკიცდება თუ მას 3 ადამიანიდან 2 მხარს დაუჭერს. თუ გავზრდით ამომრჩევლების რაოდენობას ხუთიდან ხუთ მილიონამდე ან 200 მილიონამდე, ეს ზოგად შედეგს არ შეცვლის. ეს მარტივი მაგალითი უჩვენებს, რომ ხმების უმრავლესობამ შესაძლოა გამოიწვიოს არაპროდუქტიული პროექტების მიღება.
რეკომენდებულია ეკონომიკური ორგანიზაციის მთავარი ალტერნატიული ფორმის, დემოკრატიული პოლიტიკური გადანაწილების მქონე ბაზრების შედარება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი ოთხი საკითხის გათვალისწინება.
პირველი, დემოკრატიულ საზოგადოებაში, მთავრობის მოქმედების საფუძველი უმრავლესობის წესს ეფუძნება. რაც შეეხება საბაზრო ეკონომიკას, ის ურთიერთშეთანხმებასა და ნებაყოფლობით სავაჭრო გარიგებაზეა დაფუძნებული. დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც უმრავლესობა პირდაპირ ან მათ მიერ არჩეული წარმომადგენლების ჩართულობით იღებს კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, უმცირესობა იძულებულია მონაწილეობა მიიღოს დაფინანსებაში მაშინაც კი, თუ ამგვარი უმცირესობა ამას კატეგორიულად არ ეთანხმება. მაგალითად, თუ უმრავლესობა მხარს დაუჭერს ფეხბურთის ახალი სტადიონის მშენებლობას, საბინაო სექტორის სუბსიდირების პროგრამას ან ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის დოტაციას, ამომრჩეველთა უმცირესობა იძულებული იქნება მხარი დაუჭიროს ამგვარ პროექტებს და გადაიხადოს შესაბამისი გადასახადები. იმის მიუხედავად, გადასახადის გადახდით სარგებელს მიიღებენ, თუ დაზარალდებიან, მათ მაინც უწევთ უფრო მაღალი გადასახადების გადახდა, შემოსავლის დაკარგვა და სხვა სახის ზარალის განცდა.
გადასახადის დაკისრების და რეგულირების უფლებამოსილებით, უმრავლესობა უმცირესობას კარნახობს თავის წესებს. ამგვარი იძულების უფლებამოსილებები არ არსებობს, როდესაც რესურსების გადანაწილება კონკურენტული ბაზრების მიერ ხდება. საბაზრო გარიგებები არ წარმოიქმნება ყველა მხარის თანხმობის გარეშე. კერძო კომპანიებმა შესაძლოა მაღალი ფასი დააწესონ საქონელზე, თუმცა ისინი ვერავის აიძულებენ მათი პროდუქტის შეძენას. მომხმარებლების მოსაზიდად, კერძო კომპანიებმა ისეთი სარგებელი უნდა მიიღონ, რომელიც გადააჭარბებს დადგენილ ღირებულებას.
მეორე, ამომრჩევლებს არ აქვთ სტიმული იმისა, რომ კარგად იყვნენ კანდიდატის ან იმ საკითხების შესახებ ინფორმირებულები, რომელთა მოგვარებასაც პირდება მათ კანდიდატი. ინდივიდუალური ამომრჩევლის ხმა, ფაქტიურად არასოდეს განსაზღვრავს არჩევნების შედეგებს. უფრო მეტი შანსია იმის, რომ ამომრჩეველს თავზე მეხი დაეცემა საარჩევნო უბანზე მიმავალ გზაზე, ვიდრე მისი ხმა გადამწყვეტი იქნება მუნიციპალური, რეგიონალური ან ეროვნული არჩევნების დროს!
როდესაც ამას ითავისებენ, ამომრჩევლების უმრავლესობა ნაკლებ დროს და ენერგიას (თუკი საერთოდ აქვთ დრო და ენერგია) ხარჯავს იმაში, რომ დეტალურად შეისწავლოს კანდიდატების პროგრამები და ბიოგრაფია, კარგად ნაფიქრი გადაწყვეტილების მისაღებად. უმეტესობა უბრალოდ გადაწყვეტილებას იღებს სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (ტელევიზორის ყურებისას, სოციალურ მედიაში მეგობრებთან ურთიერთობისას ან სამსახურში განხილვებისას). ამ სტიმულების გათვალისწინებით, ამომრჩეველთა უმრავლესობას აქვს ცოტა წარმოდგენა ან საერთოდ არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, ვინ არის კანდიდატი და როგორ ზემოქმედებს სახელმწიფოს მოქმედებები (მაგალითად სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები და სავაჭრო შეზღუდვები) ეკონომიკაზე. ეკონომისტები ამას „რაციონალური უმეცრების ეფექტს“ უწოდებენ. ეს ფაქტი ვლინდება მაშინ, როდესაც ამომრჩევლებს არასრული ინფორმაცია აქვთ, თუმცა ეს ნაკლებობა საკმაოდ რაციონალურია, რადგან ერთი ადამიანის ხმა ძალიან იშვიათადაა გადამწყვეტი.
ამომრჩევლების სუსტი მოტივაცია იმისა, რომ არჩევანი გააკეთონ სრულად ინფორმირებულობის საფუძველზე მნიშვნელოვნად განსხვავდება ბაზარზე მომხმარებლების მოქმედებებისგან. მომხმარებლები ინდივიდუალურად გადაწყვეტენ როგორ დახარჯონ ფული და შემდეგ თავად იმკიან მათ მიერ გაკეთებული არჩევნის შედეგს. ეს ფაქტი მათ თავისი ფულის ჭკვიანურად დახარჯვის მოტივაციას აძლევს. როდესაც მომხმარებლები ავტომობილის, პერსონალური კომპიუტერის, სპორტ-დარბაზის წევრობის ან მსგავსი ერთეულების ყიდვაზე ფიქრობენ, მათ აქვთ ძლიერი სტიმული მიიღონ ინფორმაცია და გააკეთონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები.
მესამე, პოლიტიკური პროცესები, როგორც წესი, ყველაზე ერთნაირად მოქმედებს, ბაზარი კი სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ გადანაწილება იწვევს „ერთი ზომა ყველას ერგება“ შედეგებს, ბაზარი კი სხვადასხვა ადამიანს და ჯგუფს სასურველი ნივთისთვის „ხმის მიცემის“ და მისი მიღების შესაძლებლობას აძლევს. ეს კარგად ჩანს სასკოლო განათლების მაგალითზე. როდესაც სასკოლო განათლება გადანაწილდება ბაზარზე (კერძო სკოლებით ან სახლში სწავლით), და არ არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მიერ, ზოგიერთი მშობელი ირჩევს სკოლას, რომელშიც რელიგიურ ფასეულობებს მეტ ყურადღებას აქცევენ, სხვები არჩევანს აჩერებენ ისეთ სასწავლო დაწესებულებაზე, რომელიც ძირითადი უნარების განვითარებაზე, კულტურულ მრავალფეროვნებასა თუ პროფესიონალურ სწავლებაზეა ორიენტირებული. ინდივიდუალურ მყიდველებს (ან ჯგუფის წევრებს), რომლებსაც ფასის გადახდა სურთ, შეუძლიათ შეარჩიონ სასურველი სწავლების ვარიანტი და მიიღონ განათლება. ბაზრები პროპორციული წარმომადგენლობის სისტემას ქმნიან და ეს უფრო მეტი ადამიანისთვის ხდის შესაძლებელს მათ პრეფერენციებთან მეტად შესაფერისი საქონელი და მომსახურება მიიღონ. გარდა ამისა, ბაზრები ასევე კონფლიქტების თავიდან არიდებაში გვეხმარებიან, რომლებიც გარდაუვლად წარმოიქმნებიან მაშინ, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები თავის ნებას სხვადასხვა უმცირესობას ახვევენ თავს.
მეოთხე, ბაზარს და პოლიტიკოსებს განსხვავებული სტიმულები ამოძრავებთ. როგორც ადრე განვიხილეთ, საბაზრო ეკონომიკის მოგება-წაგების მექანიზმი რესურსებს წარმართავს პროდუქტიული პროექტების მიმართულებით, კონტრპროდუქტიულობისგან შორს. თუმცა პილიტიკურ პროცესს არ გააჩნია მსგავსი მექანიზმი, რომელსაც რესურსები პროდუქტიულ საქმიანობებში შეუძლია წარმართოს. იგივე ხდება არჩევნების მექანიზმის დახმარებით განხორციელებული კონტროლის შემთხვევაშიც. კონსტიტუციური შეზღუდვებისგან თავისუფალი არჩეული პოლიტიკოსები ცდილობენ ხმების მოზიდვას, მოსახლეობის ერთი ჯგუფისთვის მეორეს ხარჯზე პრივილეგიის მინიჭების გზით. როგორც ამბობენ, თუ შენ პეტრეს ართმევ და პავლეს აძლევ, როგორც წესი, პავლეს დახმარების იმედი უნდა გქონდეს.
თანამედროვე პოლიტიკური პროცესი დიდწილად განვიხილოთ, როგორც „გადაცვლების“ სერიები კოალიციასა და პოლიტიკოსებს შორის. კონცეტრირებული სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფები მომავალში უზრუნველყოფენ ხმებს, დაფინანსებას, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და მხარდაჭერის სხვა ფორმებს სუბსიდიების, ფინანსური პროგრამების და მარეგულირებელი პრივილეგიების სანაცვლოდ, რაც ხშირად გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ხორციელდება. რაციონალური უმეცრების ეფექტი - როდესაც ამომრჩევლები წყვეტენ არ დახარჯონ დრო იმაში, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ - ამარტივებს ამ პროცესს, რადგან საკანონმდებლო დაწესებულებებში ბევრი რამ ხდება, რასაც ამომრჩევლები ვერ იგებენ. შესაბამისად, რესურსები ლობირების და სხვა პრივილეგირებული საქმიანობებისკენ მიემართება, წარმოებისა და უკეთესი პროდუქტების განვითარებისგან შორს.
როგორც წინა ორ ელემენტში განვიხილეთ, ეკონომიკური ანალიზი უჩვენებს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ბაზრები ვერ შეძლებენ რესურსების ეფექტურად გადანაწილებას. თუმცა ეს ასევე ეხება პოლიტიკურ პროცესსაც. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არსებობს სამთავრობო ჩავარდნაც და ბაზრის ჩავარდნაც. სამთავრობო ჩავარდნას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც პოლიტიკური ძალების მხრიდან წინააღმდეგობა წარმოქმნის კონტრპროდუქტიულობას და არ უწყობს ხელს რესურსების პროდუქტიულ გამოყენებას. ბაზრის ჩავარდნის მსგავსად, სამთავრობო ჩავარდნა ასახავს ვითარებას, როდესაც არსებობს კონფლიქტი გადაწყვეტილების მიმღები ინდივიდუალური პირისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი შედეგებისა და რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას შორის.
საქართველოში ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან დონეზე ლიბერალიზაციის შემდეგ, ვარდების რევოლუციის ორგანიზატორებმა იცოდნენ, რომ დემოკრატიულ და ლიბერალიზმზე ორიენტირებულ მთავრობასაც მოუწევდა კონტრპროდუქტიული, არაეფექტური ღონისძიებების გატარება. ამგვარად, 2010 წელს, კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც იზღუდებოდა ხელისუფლების როლი ეკონომიკაში. 94-ე მუხლი განსაზღვრავდა რა სახის გადასახადები იყო დასაშვები (გადასახადების რაოდენობა და მათი განაკვეთები) და გადასახადის განაკვეთის ცვლილების ან ახალი გადასახადების დაწესების უფლებამოსილებას ანიჭებდა ხალხს, რაც რეფერენდუმის გზით უნდა განხორციელებულიყო. გარდა ამისა, ორგანული კანონით სახელწოდებით „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი“ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი არ უნდა ყოფილიყო მშპ-ის 3%-ზე მეტი, ხოლო ვალი - მშპ-ის 60 პროცენტზე მეტი. თუმცა, დროთა განმავლობაში და მთავრობების ცვლილებასთან ერთად, პარლამენტში წარმოდგენილმა უმრავლესობამ ცვლილებები მიიღო, რომლებიც ორიენტირებული იყო შეზღუდვების მოხსნასა და ახალი გადასახადებისა და/ან არსებული განაკვეთების ცვლილების უფლებამოსილების აღდგენაზე. შემდგომში უფრო დეტალურად განვიხილავთ დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობას, იმ ცვლილებებთან ერთად, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარება ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების უზრუნველყოფაში.
ელემენტი 3.5: სამართლებრივი ნორმების მიღება სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფების გავლენის შესაზღუდად
თუ ამას არ კრძალავს კონსტიტუცია ან სხვა მკაცრი წესები, სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფები დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესს გამოიყენებენ სარგებლის მისაღებად, გადასახადის გადამხდელების და მომხმარებლების ხარჯზე.

„ძვირფასო, ვერასოდეს მიხვდები რა გადამხდა! სამსახურიდან სახლში მომავალს მომისყიდა რამდენიმე ნაკლებ ცნობილმა, მაგრამ გავლენიანმა სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფმა!“
დემოკრატიული გზით არჩეული პოლიტიკოსები ხშირად იღებენ სარგებელს ისეთი პოლიტიკების მხარდაჭერით, რომლებიც სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფებს აძლევენ პრივილეგიებს ფართო საზოგადოების ხარჯზე. მოდით, განვიხილოთ პოლიტიკა, რომელსაც არსებითად პერსონალური სარგებელი მოაქვს კარგად ორგანიზებული ჯგუფის წევრებისთვის (მაგალითად, ბიზნეს-ინტერესების წარმომადგენელი ასოციაცია, პროფკავშირის წევრები ან აგრარული ჯგუფი), უფრო ფართო ინტერესების მქონე გადამხდელებისა თუ მომხმარებლების ხარჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ინტერესების ორგანიზებულ ჯგუფს უფრო ნაკლები წევრი ჰყავს, ვიდრე გადასახადების გადამხდელების ან მომხმარებლების მთლიანი რაოდენობა, ყველა წევრი დიდ პერსონალურ სარგებელს მიიღებს ძალაში შესული კანონმდებლობიდან. საწინააღმდეგო ვითარებაა, როდესაც მრავალი გადასახადის გადახმდელი და მომხმარებელი ზიანდება, თითოეულზე დაკისრებული ხარჯი მცირეა და ხშირად რთულია ამგვარი ხარჯების წყაროს იდენტიფიცირება.
იმის გამო, რომ გავლენიანი ჯგუფების პირადი ინტერესი საკმაოდ მნიშვნელოვანია, მათ ძლიერი სტიმული აქვთ ალიანსებში გაერთიანდნენ და კანდიდატებს და კანონმდებლებს შეატყობინონ, რაოდენ აწუხებთ მათ კონკრეტული საკითხები. სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფის მრავალი წევრი თავად გადაწყვეტს ვის მისცეს ხმა და ვის დაუჭიროს მხარი ფინანსურად, თითქმის ექსკლუზიურად იმ პოლიტიკოსს, რომელიც მხარს უჭერს მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხებს. და პირიქით, როგორც რაციონალური უმეცრების ეფექტი გვიჩვენებს, ამომრჩევლების უმრავლესობა ზოგადად არ იქნება ინფორმირებული და მას არ ადარდებს სპეციალური ინტერესის საკითხები, რადგან ისინი უმნიშვნელოდ მოქმედებენ მათ პირად კეთილდღეობაზე.
თქვენ რომ იყოთ პოლიტიკოსი, რომელსაც ამომრჩევლების ხმების მოპოვება გჭირდებათ, რას გააკეთებდით? აშკარაა, თუ თქვენს კამპანიაში ღიად დაუჭერდით მხარს არაინფორმირებული და არაორგანიზებული უმრავლესობის ინტერესებს, დიდ მხარდაჭერას ვერ მიიღებდით. თუმცა შეგიძლიათ მიიღოთ აქტიური მხარდამჭერები, კამპანიის თანამშრომლები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კამპანიის დაფინანსება სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფებისთვის საინტერესო პოზიციის მხარდაჭერაში. მედია-პოლიტიკის ეპოქაში, პოლიტიკოსები ძლიერი წნეხის ქვეშ იმყოფებიან: იმისათვის, რომ მას-მედიით დადებითი კანდიდატის იმიჯი შეიქმნან, მათ კამპანიის დაფინანსება სჭირდებათ, რისი მიღებაც შესაძლებელია სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფების მხარდაჭერით. პოლიტიკოსები, რომლებიც უარს აცხადებენ თამაშის ამგვარ წესებზე - ვისაც არ სურთ გამოიყენონ სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრები კარგად ორგანიზებული ინტერეს-ჯგუფების მხარდაჭერის მისაღებად პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ - ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებიან. ამ სტიმულების გათვალისწინებით, პოლიტიკოსები იმართებიან ერთგვარი „უხილავი ხელით“ სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფების შეხედულებების გამოსახატავად, თუმცა, ხშირად ამას მივყავართ ისეთ პოლიტიკურ კურსთან, რომლის შედეგად მთლიანობაში მიიღება ყველა ამომრჩევლისთვის რესურსების გახარჯვა და ჩვენი ცხოვრების სტანდარტების შემცირება. ეკონომისტები პოლიტიკური პროცესის ამ საფუძველს სპეციალური ინტერესის ეფექტს უწოდებენ.
განსაკუთრებული ინტერესების ძალა კიდევ უფრო ძლიერდება ლოგროლინგით და „ქერის ორმოს კანონმდებლობით“. ლოგროლინგი არის ხმებით ვაჭრობის პრაქტიკა პოლიტიკოსებს შორის, სასურველი კანონმდებლობის დამტკიცებისთვის საჭირო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. „ქერის ორმოს კანონმდებლობა“ ნიშნავს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და სხვადასხვა ჯგუფებისთვის სარგებლის მომტანი პროექტების ერთ კანონმდებლობაში გაერთიანებას. როგორც ლოგროლინგი, ისე - „ქერის ორმოს კანონმდებლობა“ ხშირად შესაძლებელს ხდიან არაეფექტური პროექტების მხარდაჭერას, რაც ვიწრო წრისთვის არის ხელსაყრელი.
მე-19 გამოსახულებაში ნაჩვენებია როგორ აძლიერებენ „ქერის ორმო“ და ხმებით ვაჭრობა სპეციალური ინტერესის ეფექტს და იწვევენ კონტრპროდუქტიული პროექტების მიღებას. ამ მარტივ მაგალითში, ხუთწევრიანი საკანონმდებლო ორგანო სამ პროექტს განიხილავს: (1) სპორტული სტადიონი A რაიონში; (2) დახურული ტროპიკული ტყის მშენებლობა B რაიონში და (3) ეთანოლის წარმოების სუბსიდირება, რომელიც ხელსაყრელ პირობებს შეუქმნის C რაიონში მცხოვრებ სიმინდის მომყვან ფერმერებს. თითოეული რაიონის მაცხოვრებლისთვის, ნაჩვენებია წმინდა სარგებელი ან ხარჯი - ეს არის რაიონის მაცხოვრებლების სარგებელი, რასაც აკლდება მათზე დაკისრებული საგადასახადო ხარჯი. შენიშვნა: თითოეული პროექტიდან წმინდა სარგებლის ოდენობა უარყოფითია. იმის გამო, რომ ყველა ამომრჩევლის მთლიანი ხარჯი სარგებელს 20 ევროთი აღემატება, თითოეული პროექტი კონტრპროდუქტიული, ანუ - არაეფექტურია.
თუ ამ არაეფექტურ პროექტებს ცალკე უყრიდნენ კენჭს, თითოეული დაკარგავდა 4-დან 1 ხმამდე, რადგან მხოლოდ ერთი რაიონი გაიმარჯვებდა, ხოლო დანარჩენი ოთხი წააგებდა. თუმცა, როდესაც პროექტები გაერთიანდებოდა ლოგროლინგის (A, B და C რაიონების წარმომადგენლები შესაძლოა შეთანხმდნენ ხმებით ვაჭრობაზე) ან „ქერის ორმოს კანონმდებლობის“ (სამივე პროგრამა ერთ კანონპროექტში გაერთიანდება) გამოყენებით, მათ შეუძლიათ სამივე გაიყვანონ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროექტი არაეფექტურია. ამის დანახვა შესაძლებელია იქედან, რომ მთლიანი კომბინირებული წმინდა სარგებელი დადებითია A, B და C რაიონების წარმომადგენლებისთვის. ამომრჩევლების მხრიდან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული სუსტი სტიმულის გამო „ქერის ორმოს კანონმდებლობით“ და სხვა სპეციალური ინტერესის პოლიტიკებით დაზარალებულებს სავარაუდოდ არაფერი ეცოდინებათ მათ შესახებ. ამგვარად, სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფების, მათ შორის არაეფექტური პროექტების მხარდაჭერის სტიმული იმაზე ძლიერია, ვიდრე ჩანს მე-19 გამოსახულებაში მოცემული მარტივი რიცხვობრივი მაგალითიდან.
გამოსახულება 19: ხმებით ვაჭრობა და არაეფექტური კანონმდებლობების მიღება
წმინდა სარგებელი (+) ან ხარჯი (-) ამომრჩევლებისთვის თანაბარი რაოდენობით მოსახლეობის მქონე ოლქებისთვის | ||||
ოლქების ხმები | სპორტული სტადიონი | დახურული ტროპიკული ტყის პროექტი | ეთანოლის წარმოების სუბსიდია | სულ |
A | €100 | -€30 | -€30 | €40 |
B | -€30 | €100 | -€30 | €40 |
C | -€30 | -€30 | €100 | €40 |
D | -€30 | -€30 | -€30 | -€90 |
E | -€30 | -€30 | -€30 | -€90 |
სულ | -€20 | -€20 | -€20 | -€60 |
ბაზარზე გადაცვლა - ეს არის ურთიერთმომგებიანი გარიგება. სავაჭრო გარიგების ორივე წევრი მოელის სარგებელს, ან გადაცვლა არ შედგება. ამის საპირისპიროდ, „პოლიტიკური გარიგება“ შესაძლოა იყოს ზოგისთვის მოგების, ზოგისთვის კი - წაგების მომტანი. ნეგატიურთანხიანი საქმიანობა, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობა იგებს, უმცირესობა - მეტს აგებს. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ გამარჯვებულების სარგებელი გადააჭარბებს მეორე ჯგუფის მიერ განცდილ ზარალს.
კარგად ორგანიზებული ჯგუფების მხარდასაჭერად უკონტროლო პოლიტიკური პროცესის ტენდენცია გვეხმარება იმის ახსნაში, რომ ეკონომიკური ნამცხვრის ზომის შესამცირებელი მრავალი პროგრამა არსებობს. მაგალითად, განვიხილოთ შაქრის 20 000 ამერიკელი მწარმოებელი. მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელი მომხმარებლების მიერ გადახდილი შაქრის ღირებულება 50%-დან 100%-მდე აღემატებოდა საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ფასს, ფედერალური ხელისუფლების ფასების მხარდაჭერის პროგრამის და შაქრის იმპორტზე დაწესებული მკაცრი კვოტების გამო. ამ პროგრამების შედეგად, შაქრის მწარმოებლებმა მიიღეს დაახლოებით 1.7 მილიარდი, ე.ი. მიახლოებით 85 000 აშშ დოლარი ერთ მეწარმეზე. ამ სარგებლის უმრავლესობა მიიღეს მსხვილმა მწარმოებლებმა, რომელთა მფლობელებს აქვთ საშუალო შემოსავლის დონეზე მაღალი შემოსავალი. მეორეს მხრივ, შაქრის მომხმარებლები 2,9 მილიარდიდან 3,5 მილიარდ აშშ დოლარამდე იხდიან, ანუ ერთი ოჯახი იხდის დაახლოებით 25 დოლარს შაქარზე მაღალი ფასების პირობებში,(56) შედეგად, ამერიკელები წაგებაში აღმოჩნდნენ, რადგან მათი რესურსები იხარჯებოდა ისეთი პროდუქციის გამოშვებაში, რომლის წარმოებაც მათთვის წამგებიანი იყო. ამგვარი პროდუქციის მიღება შესაძლებელი იყო მნიშვნელოვნად დაბალ ფასად ვაჭრობის შედეგად.
და მაინც, კონგრესი განაგრძობს შაქრის წარმოების პროგრამის მხარდაჭერას. ამის მიზეზი მარტივად დასანახია. ამგვარი პროგრამების მათ პერსონალურ კეთილდღეობაზე დიდი გავლენის გამო, შაქრის მწარმოებლებისთვის, განსაკუთრებით მსხვილი მეწარმეებისთვის, მომგებიანია მათი სიმდიდრის და პოლიტიკური გავლენის სარგებლიანად გამოყენება ისეთი პოლიტიკოსების მხარდასაჭერად, რომლებიც მათ ინტერესებს ემსახურებიან. სწორედ ამას აკეთებენ ისინი. ბოლო ოთხწლიანი საარჩევნო ციკლის განმავლობაში, შაქრის ბიზნესის ლობისტებმა 16 მილიონ დოლარზე მეტი გამოჰყვეს კანდიდატების და პოლიტიკური მოქმედებების კომიტეტების მხარდასაჭერად. მხოლოდ ერთმა ფირმამ, „American Crystal Sugar Company“, კონგრესის 221 წევრს 1,3 მილიონი დოლარი მისცა საარჩევნო ციკლის განმავლობაში და კიდევ 1,4 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა კონგრესის ლობირებაში. საშუალო ამომრჩევლთან კი პირიქით ხდება. მისთვის არარაციონალური იქნებოდა ამ საკითხის გამოკვლევა ან მისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს იმის თაობაზე ვის მისცეს ხმა. ფაქტიურად, ამომრჩევლების უმრავლესობამ არ იცის, რომ ეს პროგრამა მათ ფული უჯდებათ. შესაბამისად, პოლიტიკოსები სარგებელს ნახულობენ შაქრის წარმოების ინდუსტრიის სუბსიდირების გაგრძელებაში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა რესურსებს ხარჯავს და ამცირებს ერის სიმდიდრეს.
ვინმემ შეიძლება თქვას, რომ თანამედროვე პოლიტიკის უპირატესი საქმეა რესურსების მიღება ფართო საზოგადოებიდან იმისათვის, რომ კარგად ორგანიზებული ამომრჩევლების ბლოკები უზრუნველყონ ხელსაყრელი პირობებით კენჭისყრაში უმრავლესობის შესაქმნელად. ამის უამრავი მაგალითია. გადასახადის გადამხდელები და მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან საკუთარ სახსრებს ხარჯავენ თავის ქვეყნებში კონკრეტული სექტორების და, შესაბამისად, სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფების მხარდასაჭერად. სასაცილოა, რომ სუბსიდირების პროგრამები, რომლებიც ხშირად ხორციელდება თანასწორობისა და სამართლიანობის ლოზუნგის ქვეშ, თითქმის ვერასოდეს აღწევენ მიზანს და ხშირად აბსოლუტურად საწინააღმდეგო ეფექტი აქვთ. 2014 წელს, ეგვიპტის სასურსათო სუბსიდიების 20%-ზე ნაკლებით ღარიბმა ხალხმა ისარგებლა. საწვავის სუბსიდირებით სარგებელს ძირითადად საშუალო კლასის წარმომადგენლები ნახულობენ, მაშინ როდესაც ღარიბები ფეხით დადიან ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. ინდოეთში, სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიების 0,1 პროცენტზე ნაკლები თხევადი ნავთობის გაზისთვის უღარიბეს კვანტილზე მოდის, ხოლო 52,6 პროცენტი - მდიდრებზე. მსოფლიოს მასშტაბით, 20 პროცენტზე ნაკლები წიაღისეული საწვავის სუბსიდიები მოსახლეობის უღარიბესი ნაწილის 20%-ს აძლევს სარგებელს.(57) მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს პროგრამა მხოლოდ მცირე ტვირთს აკისრებს ჩვენს ეკონომიკებს, ერთად ისინი ზრდიან სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტს, ხარჯავენ რესურსებს და მნიშვნელოვნად ამცირებენ ჩვენი ცხოვრების სტანდარტს. სპეციალური ინტერესების პოლიტიკური ძალაუფლება პირდაპირ სუბსიდიებს, ტარიფებს ან კვოტებს ხსნის კონკრეტულ პროდუქტებზე და პოლიტიკების ყველა სახეობა პოლიტიკურად მოტივირებულია, სპეციალური ინტერესის ეფექტის და არა მთლიანი მოსახლეობის წმინდა სარგებლის მოტივირებისთვის.
სპეციალური ინტერესის ეფექტმა შესაძლოა ასევე შეაკავოს ინოვაციები და კონკურენტული პროცესი. ძველ, მეტად დაფუძნებულ საწარმოებს შეუძლიათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების დაფინანსება, უკეთ იციან ლობირების მეთოდები და უფრო მჭიდრო ურთიერთობები აქვთ ძალაუფლების მქონე პოლიტიკურ მოღვაწეებთან. როგორც მოსალოდნელი იყო, რაც უფრო შემდგარია კომპანია, მით მეტი პოლიტიკური გავლენა აქვს, ვიდრე ახლად შექმნილ საწარმოებს, და ისინი ისარგებლებენ ამგვარი გავლენით ახალი ინოვაციური მოთამაშეების ბაზარზე გამოჩენის შეკავებისთვის.
განვიხილოთ კომპანიის „Uber“ გამოცდილება, რომელიც იყენებს ტექნოლოგიას დაინტერესებული სახმელეთო ტრანსპორტის მძღოლების თავის პოტენციურ მგზავრებთან დასაკავშირებლად. მომხმარებლები, რომლებიც სახმელეთო ტრანსპორტს ეძებენ, უკვეთავენ ავტომანქანას სმარტფონებიდან და „Uber“-ის აპლიკაცია სასწრაფოდ უჩვენებს მათ ლოდინის დროს. „Uber“ ასევე პოტენციურ მგზავრებს აძლევს ინფორმაციას მძღოლების შესახებ, და პირიქით. ეს ტექნოლოგია ამცირებს ტრანზაქციის ხარჯს და პროცესი უფრო სწრაფი და იაფი ხდება, ვიდრე ტრადიციული ტაქსის მომსახურების სერვისები. იმის გამო, რომ კომპანია „Uber“ ცდილობს მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქის ბაზრებზე შესვლას, ტაქსით მომსახურების ტრადიციული ინდუსტრია იბრძვის და ხშირად ხელს უწყობს ისეთი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც კრძალავს „Uber“-ის და ბაზარზე შესვლის მსურველი მსგავსი კომპანიების მიერ გამოყენებული ტექნოლოგიებით სარგებლობას.(58) შედეგად ნელდება ინოვაციური ტექნოლოგიიდან შემოსულობის მიღების და ვაჭრობის მოცულობის გაზრდის პროცესები.
ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის „Tesla“ გამოცდილება კიდევ ერთი მაგალითია იმ ორგანიზაციისა, რომელიც ბაზარზე ახალი მოთამაშეების შესვლის შეკავებისთვის პოლიტიკურ პროცესს იყენებს. „Tesla“-ს ბიზნეს-მოდელი მისი ავტომობილების პირდაპირ მომხმარებლებზე მიყიდვას ეფუძნებოდა. თუმცა, კარგად ორგანიზებულმა ინტერეს-ჯგუფმა, რომელშიც უკვე შემდგარი ავტო-დილერები შედიოდნენ, ლობირება გაუწია სახელმწიფო საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებიც ითხოვდნენ მწარმოებლების მიერ ავტომობილების პირდაპირ მომხმარებლებზე მიყიდვის ამკრძალველი კანონების მიღებას. შტატების თითქმის ნახევარმა მიიღო ამგვარი პირდაპირი მიყიდვის აკრძალვა. ამ კანონებმა ბევრად გაართულა „Tesla“-ს შესვლა ავტომობილების წარმოების ბაზარზე.
საინტერესოა, რომ თავად „Tesla“-ს განვითარება სახელმწიფოს მხრიდან ფავორიტიზმს ეფუძნებოდა. „Tesla“-მ მიიღო ასობით მილიონი დოლარი სუბსიდირების სახით (გრანტები, სახელმწიფოს გარანტირებული სესხები და საგადასახადო შეღავათები) ფედერალური ხელისუფლების მხრიდან, მისი „S“ მოდელის ძვირადღირებული ავტომობილის განვითარებისა და წარმოებისთვის, რომელიც 100 000 აშშ დოლარზე მეტი ღირს. 2014 წელს, ნევადის შტატმა „Tesla“-ს სუბსიდიების პაკეტი გამოუყო, შეფასებული ღირებულებით 1,3 მილიარდი აშშ დოლარი, რენოსთან ახლოს აკუმულატორების მწარმოებელი ობიექტის ასაშენებლად. „Tesla“ განთავისუფლდა სახელფასო და ქონების გადასახადებისგან ათი წლის ვადით და გაყიდვებიდან გადასახადებისგან - ოცი წლის ვადით. კომპანია მიიღებს 195 მილიონ აშშ დოლარს „გარდამავალი საგადასახადო შეღავათის“ სახით, რომელიც შესაძლოა გაიყიდოს სხვა კომპანიაზე, ნევადაში საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით.(59) შესაძლოა, სწორედ ეს არის გაკვეთილი: „კრონი“ ბიზნესები, რომლებიც მთავრობის ფავორიტიზმის ხარჯზე ცხოვრობენ, ზოგჯერ გადაიკვეთებიან ხშირად მეტი პოლიტიკური გავლენის მქონე სხვა „კრონი“ ბიზნესებთან.
შეერთებული შტატების კონსტიტუციის შემქმნელებმა კარგად იცოდნენ სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფების ძალაუფლებით წარმოქმნილი პრობლემები. ისინი ინტერეს-ჯგუფებს „ფრაქციებს“ უწოდებდნენ. კონსტიტუციის შემქმნელები ცდილობდნენ ფრაქციების მხრიდან ზეწოლის შეზღუდვას 1-ლი მუხლის მე-8 ნაწილში, რომელშიც განსაზღვრულია, რომ კონგრესმა უნდა მიიღოს მხოლოდ ერთიანი გადასახადები, ისეთი პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს უწყობენ ეროვნულ უშიშროებას და საერთო კეთილდღეობას. ეს მუხლი შეიმუშავეს საერთო საგადასახადო შემოსავლების მოსახლეობის ქვეჯგუფებისთვის სასარგებლოდ გამოყენების გამორიცხვის მიზნით. თუმცა, წლების განმავლობაში სასამართლო გადაწყვეტილებებმა და საკანონმდებლო აქტებმა მისი მნიშვნელობა შეცვალეს. შესაბამისად, დღევანდელი ინტერპრეტაციით, კონსტიტუცია აღარ ზღუდავს კარგად ორგანიზებული სპეციალური ინტერესების მქონე ჯგუფების პოლიტიკურ ძალაუფლებას.
ელემენტი 3.6: მოერიდეთ ზედმეტ ხარჯვას და საბიუჯეტო დეფიციტს
თუ კანონმდებლებს კონსტიტუციური ან სხვა მკაცრი სამართლებრივი ნორმებით არ შევზღუდავთ, ისინი ჭარბად გახარჯავენ ბიუჯეტს და შექმნიან დეფიციტს.
აშკარაა, არჩეული პოლიტიკოსებისთვის ხარჯების სესხის გაცემით დაფინანსების მიმზიდველობა. სესხის აღება ისეთი ხარჯების განხორციელების საშუალებას იძლევა, რომლებიც მყისიერ პოლიტიკურ სარგებელს მოიტანს, დაუყოვნებლივი პოლიტიკური ხარჯების გაწევის გარეშე.(60)
როდესაც მთავრობის ხარჯები მის შემოსავლებს აღემატება, შედეგად ვიღებთ საბიუჯეტო დეფიციტს. მთავრობები, როგორც წესი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად საპროცენტო ობლიგაციებს გამოსცემენ. ეს ობლიგაციები სახელმწიფო ვალის ნაწილია. წლიური საბიუჯეტო დეფიციტი სახელმწიფო ვალის ზომას დეფიციტის ოდენობით ზრდის. ამის საპირისპიროდ, როდესაც მთავრობის შემოსავლები ხარჯებს აჭარბებს, წარმოიქმნება საბიუჯეტო პროფიციტი. ეს საშუალებას აძლევს მთავრობას გაისტუმროს ობლიგაციების მფლობელები და ამით შეამციროს თავისი მიმდინარე დავალიანების ზომა. პრინციპში, სახელმწიფო ვალი ყველა წინა საბიუჯეტო დეფიციტისა და პროფიციტის ერთობლიობის ეფექტს წარმოადგენს.
1960 წლამდე ეკონომისტებს შორის არსებობდა კონსენსუსი: მიუხედავად იმისა, რომ ომის დროს სახელმწიფო ვალები ჩვეულებრივ იზრდებოდა, მთავრობებს ევალებოდათ ბიუჯეტის პროფიციტის წარმოება ვალების რაც შეიძლება სწრაფად დასაფარად. დიდ ბრიტანეთში ნაპოლეონის ომების შემდგომ საუკუნეში, საფრანგეთში ფრანკო-პრუსიული ომის შემდეგ და შეერთებულ შტატებში ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ ვალების მნიშვნელოვანი შემცირება ხდებოდა.
კეინზიანურმა რევოლუციამ ეს ყველაფერი შეცვალა. ინგლისელმა ეკონომისტმა ჯონ მეინარდ კეინზმა შეიმუშავა თეორია, რომელიც განმარტავდა დიდი დეპრესიის ხანგრძლივობასა და სიმძაფრეს და მომავალში ამგვარი მოვლენების პრევენციის საშუალებას. გასული საუკუნის 1940-იან და 1950-იან წლებში კეინზიანურმა შეხედულებებმა ეკონომიკის პროფესია მოიცვა და მალე ინტელექტუალურ და პოლიტიკურ ლიდერთა შორისაც გავრცელდა. კეინზიანური ანალიზის თანახმად, მთავრობის ხარჯები და ბიუჯეტის დეფიციტი შეიძლება გამოყენებულ იქნას უფრო სტაბილური ეკონომიკის ხელშესაწყობად. კეინზიანელები ამტკიცებდნენ, რომ ბიუჯეტის დაბალანსების ნაცვლად, მთავრობამ ბიუჯეტის დეფიციტი რეცესიის პერიოდში უნდა აწარმოოს და ბიუჯეტის პროფიციტზე გადავიდეს ინფლაციის დადგომის შემთხვევაში.
მიუხედავად იმისა, რომ კეინზიანური ფისკალური პოლიტიკის ეფექტურობა სადავოა, მისი გავლენა უმეტესი ქვეყნების ბიუჯეტზე ნათელია. დაბალანსებული საბიუჯეტო შეზღუდვებისგან გათავისუფლებული პოლიტიკოსები გამუდმებით იმაზე მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე გადასახადებით მოკრეფა შეეძლოთ. 22 წლის განმავლობაში, 1995 წლიდან, საბერძნეთის მთავრობამ ოცი საბიუჯეტო დეფიციტითა და ორი პროფიციტით იმუშავა. 20-ე ილუსტრაცია გვიჩვენებს საბერძნეთის საბიუჯეტო დეფიციტს, რომელიც იზომება, როგორც მშპ-ის წილი მოცემული პერიოდისთვის. დეფიციტი უფრო დიდი იყო რეცესიის დროს, განსაკუთრებით 2008–2009 წლების ფინანსური კრიზისის დროს. ფინანსურ კრიზისამდე საბიუჯეტო დეფიციტი საშუალოდ მშპ-ის 6,5 პროცენტს შეადგენდა, ხოლო დეფიციტის კონტროლის ეპოქა უაღრესად ხანმოკლე იყო. საბერძნეთმა მხოლოდ 2016 და 2017 წლებში მოახერხა საბიუჯეტო პროფიციტზე გადასვლა.
დეფიციტმა სახელმწიფო ვალის აღმასვლა გამოიწვია. მშპ-ის წილის მიხედვით, საბერძნეთში მთლიანი სახელმწიფო ვალი გაიზარდა 1995 წელს 97 პროცენტიდან 2009 წელს 134 პროცენტამდე და 2015 წელს 183 პროცენტამდე. საბერძნეთის სახელმწიფო ვალს მშპ-ის ყველაზე მაღალი წილი აქვს მთელს ევროკავშირში. საბერძნეთის გარდა, ევროპაში კიდევ ოთხი ქვეყანაა, სადაც ვალები აჭარბებს წლიური ეკონომიკური გამოშვების 100%-ს (ბელგია, კვიპროსი, პორტუგალია და იტალია).(61)
დაბეგვრის ნაცვლად ვალების საშუალებით დაფინანსებული ხარჯების პოლიტიკური მიმზიდველობა გასაკვირი არაა. ეს ასახავს იმას, რასაც ეკონომისტები ხანმოკლე განჭვრეტის ეფექტს უწოდებენ: არჩეული პოლიტიკური თანამდებობის პირების ტენდენცია მხარი დაუჭირონ პროექტებს, რომელთაც მყისიერი, ძალზე თვალსაჩინო სარგებელი მოაქვს ხარჯების ხარჯზე, რომელთა მომავალში გადანაწილება შესაძლებელია და ამოცნობა რთულია. კანონმდებლებს ფულის იმ პროგრამებზე დახარჯვის სტიმული აქვთ, რომლებიც სარგებელს მოუტანს მათი რაიონის ამომრჩეველს და სპეციალური ინტერესის მქონე ჯგუფებს, რომლებიც მათ ხელახლა არჩევაში დაეხმარებიან. მათ არ მოსწონთ გადასახადების დაკისრება, რადგან გადასახადები ამომრჩეველს თვალსაჩინო ხარჯებს უწესებს. ვალი არის მიმდინარე გადასახადების ალტერნატივა; ამით მთავრობის ხილული ხარჯი მომავალში გადადის. ბიუჯეტის დეფიციტი და ვალის აღება საშუალებას აძლევს პოლიტიკოსებს ამომრჩეველს მყისიერი სარგებელი მიაწოდონ უფრო მაღალი გადასახადების დაწესების გარეშე. ამრიგად, დეფიციტი არის დემოკრატიული პოლიტიკის ბუნებრივი წანაზარდი, რომელიც არ იზღუდება დაბალანსებული ბიუჯეტის ვალდებულებით.
ილუსტრაცია 20: საბერძნეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის/პროფიციტის წილი მშპ-ში, 1995-2017 წ.წ.
შეუზღუდავი პოლიტიკური პროცესი კარგად ორგანიზებული ინტერესთა ჯგუფების წიქვილზე ასხამს წყალს და უბიძგებს პოლიტიკოსებს გაზარდონ ხარჯები, რათა ერთეულებმა მიიღონ სარგებელი ბევრის ხარჯზე. მაგალითად, საკანონმდებლო ორგანოს თითოეულ წევრს აქვს ძლიერი სტიმული, იბრძოლოს მისი ამომრჩევლისთვის სასარგებლო ხარჯების მისაღებად. ამის საპირისპიროდ, კანონმდებელს მცირე სტიმული აქვს იყოს ხარჯვის მაკონტროლებელი ორი მიზეზით. პირველი, ასეთი კონტროლი კოლეგების რისხვას გამოიწვევს, რადგან ხარჯების შეზღუდვა მათთვის გაართულებს მათი რაიონისთვის სპეციალური პროგრამების უზრუნველყოფას. ისინი სამაგიეროს გადაუხდიდნენ მაკონტოლებლის რაიონში ხარჯვის ნაკლებად მხარდაჭერით. მეორე და რაც მთავარია, ხარჯების და დეფიციტის შემცირების სარგებელი, რომლის მიღწევასაც მაკონტროლებელი ცდილობს (მაგალითად, დაბალი გადასახადები), თანაბრად დაერიცხება სხვა ოლქების ამომრჩეველს. ამრიგად, მაშინაც კი, თუ მაკონტროლებელი წარმატებას მიაღწევს, მისი რაიონის ამომრჩეველები სარგებელის მხოლოდ მცირე ნაწილს მიიღებენ.
ალბათ შემდეგი ილუსტრაცია დაგვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომაა ყველა ქვეყნის პარლამენტისთვის ასე რთული სამთავრობო ხარჯების და ბიუჯეტის დეფიციტის კონტროლი. უკრაინის უმაღლეს რადას (უკრაინის პარლამენტი) 450 დეპუტატი ჰყავს. დავუშვათ, რომ ეს 450 ადამიანი სადილობს და იცის, რომ სადილის შემდეგ თითოეული ხარჯის მხოლოდ 1/450-ს გაწევს. არავის სურს შეუკვეთოს ნაკლები, რადგან თავშეკავება მცირე გავლენას მოახდენს მთლიან ხარჯზე. რატომაც არ უნდა შეუკვეთოს ხამანწკების აპეტაიზერი, სტეიკი და კიბორჩხალა მთავარ კერძად და დიდი ნაჭერი ჩიზქეიქი დესერტად? საბოლოო ჯამში დამატებითი ხარჯები თითოეული ადამიანის წილს მთლიან ხარჯში მხოლოდ რამდენიმე გროშით გაზრდის. მაგალითად, თუ წვეულების ერთი წევრი ძვირადღირებულ კერძებს შეუკვეთავს, რომლებიც მთლიან ანგარიშს 45 ევროთი გაზრდის, მისი წილი საერთო ხარჯის 10 ცენტზე ნაკლებს შეადგენს (45 ევროს 1/450). რა სახარბიელო გარიგებაა! რა თქმა უნდა, მას მოუწევს დამატებითი თანხის გადახდა დანარჩენი 449 ადამიანის ექსტრავაგანტული შეკვეთებისთვის. მაგრამ ეს ასე იქნება მიუხედავად იმისა, თუ რას შეუკვეთავს თავად ის. შედეგად ყველა ექსტრავაგანტულ შეკვეთას გააკეთებს და მეტს გადაიხდის დამატებითი შეკვეთისთვის, რომელსაც ხარჯთან შედარებით მცირე ღირებულება აქვს.(62)
აქ აღწერილი სტიმულების სტრუქტურა განმარტავს, თუ რატომ არის დეფიციტური დაფინანსება პოლიტიკურად მიმზიდველი. შვიდწლიანი პერიოდის განმავლობაში, 2008–2015 წლებში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა დეფიციტმა ევროკავშირის ვალი მშპ-ის წილის 30 პროცენტულ პუნქტამდე გაზარდა. უფრო მეტიც, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში ხანდაზმული მოქალაქეებისთვის დაპირებული შეღავათები გაცილებით აღემატება საშემოსავლო გადასახადს, რომელიც მათ დაფინანსებას უზრუნველყოფს. ეს ვალდებულებები, რომელთაც დაფინანსების წყარო არ გააჩნიათ, ვალის კიდევ ერთი ფორმაა. 2016 წელს, სოციალური უზრუნველყოფა სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენდა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში (ყველაზე დიდი იყო ფინეთში - მშპ-ის 25,6 პროცენტი).(63) დასაქმებული მოსახლეობის წილის შემცირებასა და პენსიონერთა რიცხვის ზრდასთან ერთად(64) ხარჯები სოციალურ უზრუნველყოფაზე მის დაფინანსებისთვის მიღებულ შემოსავლებს გადააჭარბებს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ფედერალური მთავრობის სასესხო ვალდებულებას.
რა მოხდება, თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები თავიანთ ფინანსებს კონტროლზე არ აიყვანენ? მისი ეკონომიკის ზომასთან შედარებით სახელმწიფო ვალის სულ უფრო მეტად ზრდა საკრედიტო ბაზრებზე სავალალო შედეგებს იქონიებს. სარისკოა ვალის გახანგრძლივება იმ სახელმწიფოსთვის, რომლის ვალის მშპ-სთან თანაფარდობა მაღალია. შედეგად, მაღალი დავალიანების მქონე მთავრობას უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა მოუწევს. თავის მხრივ, მაღალი საპროცენტო ხარჯები კიდევ უფრო გაართულებს მთავრობისთვის ბიუჯეტის ფარგლებში მოქმედებას და გადასახადების გონივრულ დონეზე შენარჩუნებას.
თუ დავალიანება შემოსავლებთან შედარებით იზრდება, ინვესტორები უფრო მეტად მოერიდებიან ქვეყნის ხაზინის მიერ გამოშვებული ობლიგაციების შეძენას. საბოლოოდ, შედეგად მივიღებთ ფინანსურ კრიზისს - მთავრობის მიერ პირდაპირ დეფოლტის გამოცხადებას, ან სესხის დაფინანსებას ფულის შექმნით და ინფლაციით. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას დამანგრეველი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. ეს სხვა ქვეყნებში, მაგალითად, საბერძნეთში მოხდა, ვინც ვერ შეძლეს მთავრობის ფინანსების კონტროლი. არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული ეკონომიკის კანონების ზემოქმედებისგან.
ყველა მთავრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათი ხარჯებისა და სესხების მომდევნო წლებში გაკონტროლება. სავარაუდოდ, ეს არ მოხდება პოლიტიკური წესების შეცვლის გარეშე, რითაც პოლიტიკოსებისთვის გართულდება დახარჯონ იმაზე მეტი, ვიდრე მზად არიან დაბეგრონ. ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს. კონსტიტუციაში შეიძლება შეიტანონ ცვლილებები, რომლითაც მთავრობა ვალდებული იქნება დააბალანსოს ბიუჯეტი, როგორც ამას საქართველოს მთავრობა აკეთებს. ან მიმდინარე წლის ხარჯები შეიძლება შემოიფარგლოს შარშანდელი შემოსავლების დონით. ამგვარი საკონსტიტუციო ცვლილებები კანონმდებლებისთვის გაართულებდა დახარჯვას, თუ ისინი არ აპირებენ გადასახადების დაკისრებას ან ფასიანი სახელმწიფო სერვისების შემოღებას.
ელემენტი 3.7: მოერიდეთ სუბსიდიებს, რომლებიც არ არის დაფუძნებული ეკონომიკურ ლოგიკაზე
როდესაც მთავრობები მნიშვნელოვნად ერევიან და გარკვეული პირებისთვის სხვების ხარჯზე ხელსაყრელ გარემოს ქმნიან, შედეგად მთავრობის წარმომადგენლებსა და ბიზნესებს შორის ვითარდება არაეფექტიანი, არასათანადო და არაეთიკური ურთიერთობები.
პოლიტიკის ინსტრუმენტია (რომელიც ხშირად მისი ამოცანა ხდება) გადასახადის გადამხდელისგან რესურსების მოპოვება მისი წყენის გარეშე და თანხის უამრავ მთხოვნელთა შორის ისე განაწილება, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს საარჩევნო უბნებზე მხარდაჭერა. პოლიტიკა, როდესაც საქმე მხარდაჭერის მობილიზებას ეხება, წარმოადგენს გათვლილი თაღლითობის ხელოვნებას, ან უფრო სწორად, როგორ ითაღლითოთ გამოჭერის გარეშე.(65)
ადამიანს სიმდიდრის მოპოვების ორი გზა გააჩნია: წარმოება და ძარცვა ხალხს შეუძლია ეკონომიურად წინ წაიწიოს ღირებული საქონლის ან მომსახურების წარმოების საშუალებით შემოსავლის მიღებით. შემოსავლის მიღების ეს ურთიერთსასარგებლო მეთოდი ეხმარება სავაჭრო პარტნიორებს და ზრდის საზოგადოების სიმდიდრეს. მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ცდილობენ ძარცვით გამდიდრებას, თანხმობის გარეშე სხვებისგან წართმევას. რა თქმა უნდა, ძარცვის მსხვერპლი დაკარგავს იმას, რასაც მძარცველი შეიძენს. გარდა ამისა, ძარცვის შიშით პოტენციური მსხვერპლი დახარჯავს რესურსებს, რომ მისგან თავი დაიცვას. ისეთ საზოგადოებაში, სადაც ქურდობა ხშირია, მაგალითად, ხალხი მეტ საკეტს შეიძენს, მეტად ისარგებლებს დაცვის სამსახურით, მოითხოვს პოლიციის გაზრდას და სახლებს ისე ააშენებს, რომ ხელი შეუშალოს ქურდობას. მოქალაქეებზე დაკისრებული ხარჯები უფრო მეტი იქნება, ვიდრე მძარცველთა მიერ მიღებული მოგება. ურთიერთსასარგებლო გაცვლისგან განსხვავებით, ძარცვა არის საქმიანობა, რომელიც ამცირებს საზოგადოებრივ სიმდიდრეს. ამით არა მხოლოდ დამატებითი შე